ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სახალისო გეოგრაფიული დეტექტივები (მე-2 ნაწილი)

კატასტროფა ალასკაზე

ერთხელ გეორგ გრაფი და მისი ცოლი ქეითი ერთ-ერთ საღამოზე ლეო გრასის შეხვდნენ. გრასი და გრაფი კლასელები იყვნენ. მართალია, გრასს ძალიან უყვარდა ტრაბახი, მაგრამ ამასთან, იგი საუკეთესო ორატორი იყო და მის მიერ მოყოლილი ისტორიები ბევრ მსმენელს მოსწონდა. ამჯერად ლეომ ალასკაზე თავისი მუშაობის შესახებ დაიწყო საუბარი.

-ჩვენი კომპანია მდინარე კოიუკუკის რაიონში, სრულიად ველურ და უკაცრიელ ადგილას ნავთობს ეძებდა. ამ რაიონში ესკიმოსების მხოლოდ რამდენიმე პატარა დასახლება და უსასრულო ტუნდრაა. აგვისტოს დასაწყისში მე ბრუკსის ქედის მთისწინეთში უნდა გავფრენილიყავი, სადაც ერთ-ერთი ჩვენი ჭაბურღილი იდგა. ნორმალურად ავფრინდით, მაგრამ უკვე ნახევარი საათის შემდეგ ვერტალიოტის ძრავა გაფუჭდა და საფრენი აპარატი მწყობრიდან საბოლოოდ გამოვიდა. პილოტს ვუბრძანე, რომ დაშვებულიყო. სულ რაღაც 10 მეტრიღა გვაკლდა მიწამდე, როცა ძრავა საბოლოოდ ჩაქრა და ჩვენ პირდაპირ ჭაობში ჩავვარდით, რამაც გადაგვარჩინა კიდეც. ვერტალიოტი ჭაობში ნახევარი მეტრით ჩაეფლო, რამაც დარტყმის ძალა შეამცირა. მაგრამ, თურმე უფრო მეტი საშინელება წინ გველოდა: ვერტალიოტის რაცია და სანავიგაციო ხელსაწყოები ჩამოვარდნის გამო მწყობრიდან გამოვიდა. ამიტომ ვერავის გავაგებინებდით ჩვენს ადგილსამყოფელს და ვერც დახმარებას მოვითხოვდით. საბედნიეროდ, ხელთ რუკა და კომპასი გვქონდა. პილოტთან ერთად გადავწყვიტეთ სამხრეთისკენ აგვეღო გეზი, რათა იუკონის ხეობიდან გავსულიყავით. ჩვენ დაახლოებით 100 მილი უნდა გვევლო ტუნდრაში საკვებისა და იარაღის გარეშე. გარდა ამისა, უტყეო ტუნდრაში ვერ ვახერხებდით კოცონის დანთებას. საბედნიეროდ, ზაფხულში ალასკაზე პოლარული დღეა და ეს ჩვენ ღამით გაყინვისგან გვიცავდა. მე კომპასი ავიღე. ისრის სამხრეთი ბოლო ჩვენ წინ მდებარე მაღალი ბორცვისკენ იყო მიმართული. კომპასი ჯიბეში შევინახე და პირდაპირ ბორცვის მიმართულებით წავედი. პილოტი უკან გამომყვა…

რაფს მოსწყინდა ლეოს საუბარი და მსმენელების ჯგუფს გაერიდა. მალე მას მეუღლეც შეუერთდა.

_ ქეთი, შენც მოგბეზრდა ლეოს ”ზღაპრები” თუ უკვე დაამთავრა ლაპარაკი?

-არა, ჯერ არ დაუმთავრებია , თუმცა უკვე იუკონს უახლოვდება. მაგრამ ისე გაუტია, რომ მეც კი შევნიშნე მისი ტყუილები.

იპოვეთ ლეოს მონათხრობში შეცდომები.

პასუხი:
ლეომ თავის მონათხრობში სულ მცირე 4 შეცდომა დაუშვა. პირველი, ალასკის შიდა რაიონებში ცხოვრობენ არა ესკიმოსები, არამედ ინდიელები.

მეორე – ბრუკსის ქედის სამხრეთით მდებარეობს არა ტუნდრა, არამედ ტყეტუნდრა, უფრო მეტიც მდინარეთა ხეობებში გავრცელებულია ტყეები.

მესამე – პოლარულ დღეზე დაკვირვება მდინარე კოიუკუკის რაიონში შესაძლებელია ივნისის ბოლოს და არა აგვისტოს დასაწყისში.

და მეოთხე – კომპასის მაგნიტური ისარი ალასკაზე უჩვენებს ჩრდილოეთის, და არა აღმოსავლეთის მიმართულებას. სწორედ მანდ მდებარეობს ალასკასთან მიმართებაში ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსი. შესაბამისად, იუკონის ხეობამდე მისვლას ლეო გრასი ვერ შეძლებდა.

დამწვარი წერილი

დილით ადრე პოლიციის უფროსმა ინსპექტორი გეორგ რაფი გამოიძახა.

– როგორც იქნა ნარკომაფიის მოკავშირე დავაკავეთ. მართალია, დაკავებისას ის წერილის დაწვას ცდილობდა, მაგრამ ჩვენმა ექსპერტებმა შეძლეს დამწვარი ფურცლიდან ნაწილობრივ აღედგინათ ტექსტი. აი ისიც.

პოლიციის უფროსმა რაფს ქაღალდი მიაწოდა.

” … 24 ივნისს იახტა უნდა გავიდეს ლოს-ანჯელესის პორტიდან … და … პაკეტებში 500 გრამი… დრეიკის სრუტის გავლით… თქვენი მეორე გაჩერება კეიპტაუნშია… შტორმის შემთხვევაში… პერტში შეხვდებით ჩვენს რეზიდენტს….”

-სულ ესაა?

-კი. დღეს უკვე 20 ივნისია. იახტა პორტშია. გაემგზავრეთ და იპოვეთ ის. თქვენთან ერთად სერჟანტი რეიც წამოვა.

უკვე ერთი საათის შემდეგ გეორგ რაფი ნავსადგურის კომენდატის კაბინეტში იმყოფებოდა.

-24 ივნისს ჩვენი პორტიდან 6 იახტა გადის – წარმოსთქვა კომენდანტმა.

-შეგიძლიათ მითხრათ თითოეული ამ იახტის მარშრუტი და დანიშნულების ადგილი?

-არა, სერ. კაპიტნები ვალდებულები არიან მხოლოდ დანიშნულების ადგილი გვაცნობონ. ასე რომ, მე მხოლოდ თქვენს ერთ შეკითხვას შემიძლია გავცე პასუხი – სად? მაგრამ არ ვიცი, რა მარშრუტით მოგზაურობენ.
-კარგით, ეს ინფორმაცია მომეცით.
კომენდანტმა მაგიდიდან ფურცელი აიღო და სიიდან იმ დღეს გამავალი ხუთი იახტის საბოლოო დანიშნულების ადგილი წაიკითხა: ”რესიფი, დაკარი, ოდესა, ბომბეი, შანხაი”.

-კი მაგრამ, თქვენ ხომ თქვით, რომ 6 იახტა გადიოდა?

-მეექვსე იახტა სპორტულია. იგი დედამიწის გარშემო მოგზაურობს. ყველა იახტას გაჩხრეკთ?
-არა, ვფიქრობ ერთიც საკმარისია.

რომელი იახტის გაჩხრეკას აპირებდა გრაფი?

პასუხი:
სპორტული იახტის. წერილის თანახმად იახტას სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის გვერდით უნდა გაევლო, რომ ავსტრალიამდე მიეღწია. თუმცა ავსტრალიის ნავსადგურ პერტამდე მისვლა უფრო ადვილია წყნარი ოკეანის გავლით. შესაბამისად, იახტა, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა, დედამიწის გარშემო მოგზაურობდა.

დაზღვევის საქმე
ერთხელ რაფს მისი ძველი მეგობარი ლიმეტი ესტუმრა. სწორედ ლიმეტისთან ერთად ოდესღაც რაფმა თავისი კარიერა დაიწყო პოლიციაში, მაგრამ მერე მათი გზები გაიყო. ლიმეტმა მსხვილ სადაზღვევო კომპანიაში საგამოძიებო განყოფილებაში დაიწყო მუშაობა და პოლიციიდან წავიდა. თუმცა ხანდახან ის რაფს დახმარებას სთხოვდა ხოლმე და, სავარაუდოდ, ამ დღესაც ამ მიზნით იყო მოსული.

-რაფ! შეგიძლია ერთ საქმეში დახმარება გამიწიო? – პატარა შესავლის შემდეგ იკითხა ლიმეტმა.
-მიდი, დაიწყე. ამჯერად რაშია საქმე.
-ნახევარი წლის წინ ჩვენს კომპანიაში ახალი კლიენტი – ბარი ჰოპკინსი მოვიდა. მან საკმაოდ მსხვილ თანხად დააზღვია თავისი ცოლი, სახლი და იახტა. ერთი თვის შემდეგ მის სახლს მეხი დაეცა და დაიწვა. ხოლო დაახლოებით ორი თვის წინ მისი იახტა ჩაიძირა და ცოლი დაიღუპა. მე ასეთი დამთხვევების არ მჯერა, მაგრამ ხელმოსაკიდიც არაფერი მაქვს, სამწუხაროდ.

-აქამდე რატომ არ მოხვედი?
-ჰოპკინსმა დაზღვევის თანხის მისაღებად განცხადება მხოლოდ 6 დღის წინ შემოიტანა.
-საინტერსოა. აბა უფრო დაწვრილებით მომიყევი.

-ჰოპკინსი საკმაოდ მდიდარი კაცია, ბირჟაზე თამაშობს. საკმაოდ ძვირად ღირებული იახტა ყავდა. დაახლოებით 2 თვის წინ ჰოპკინსი ცოლთან ერთად ჰავაის კუნძულებზე გაემგზავრა. როგორც წესი, ასეთი კრუიზის დროს, მას თან ორი მეზღვაური და სტიუარდი მიჰყავდა თან, მაგრამ ამჯერად მათ გარეშე გადაწყვიტა გამგზავრება. 28 მაისს ისინი ჰონოლულუდან ჩრდილოეთით 200 მილის დაშორებით იმყოფებოდნენ, როცა წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში მიწისძვრა მოხდა და შესაბამისად გიგანტური ტალღა – ცუნამი წარმოიქმნა.

-მე ვიცი, რა არის ცუნამი, ამიტომ შეგიძლია არ ამიხსნა. იმედი მაქვს, არ აპირებ ჰოპკინსის დადანაშაულებას იმაში, რომ ცუნამის გამოწვევა სურვილის მიხედვით შეუძლია?

-რა თქმა უნდა, არა. ეს უბრალოდ დამთხვევაა. თუ გახსოვს მაისში ტელევიზიით თითქმის მთელი კვირა გადმოსცემდნენ ცნობებს და აჩვენებდნენ სიუჟეტებს იმის შესახებ, თუ რა ზარალი მოჰყვა ამ ტალღას იაპონიასა და ჰავაის კუნძულებზე.

-ჰო, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, მსხვერპლი არ ყოფილა.

-მართალია, მოსახლეობა წინასწარ იყო გაფრთხილებული და ამიტომ მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ ჰოპკინსი ამტკიცებს, რომ ცუნამის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან რადიოს არ უსმენდა. ის და მისი ცოლი მშვიდად ირუჯებოდნენ იახტის ბორტზე, როცა იახტა მოულოდნელად მაღლა ავარდა, მერე კი მკვეთრად გადაიხარა. ჰოპკინსის ცოლი ოკეანეში გადავარდა, თვითონ კი სახელურს მოეჭიდა. ტალღის დარტყმის გამო იახტა გაიბზარა და წყალმა დაიწყო დინება. თუმცა ჰოპკინსმა მოასწრო ავარიული ნავის გადაგდება, თავადაც გადახტა, იახტა კი წყალში ჩაიძირა. მისი ცოლი არსად ჩანდა. განსაკუთრებული შემთხვევისთვის ნავი საჭმლითა და რაციით იყო მომარაგებული. ჰოპკინსმა SOS სიგნალების გაშვება დაიწყო. მეორე დღეს იგი სატვირთო გემმა აიყვანა, რომელიც კანადიდან ჰონგკოკში მიემგზავრებოდა. ჰოპკინსი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. თითქმის 1 კვირა მან გემის ლაზარეთში გაატარა და კიდევ 1 კვირა – ჰონგკოკის საავადმყოფოში. ამის შემდეგ იგი ჰონოლულუში გაფრინდა და ცოლის საძიებო სამუშაოების ორგანიზება დაიწყო იმის იმედად, რომ შეიძლება მან გადარჩენა მოახერხა.

ლოს-ანჯელესში მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა, როცა დარწმუნდა რომ ძიებას აზრი აღარ ჰქონდა.

-მაშინ გასაგებია, თუ რატომ მოგაკითხათ მან ასე დაგვიანებით.

-კი, მართლაც. ყველაფერი ლოგიკურად გამოიყურება და ვერაფერში შეედავები, მაგრამ რატომღაც მე მაინც არ მჯერა.

-სწორედაც იქცევი. მე უკვე ვიცი სად ჩაიწვა.

თქვენ თუ შეამჩნიეთ, სად დაუშვა ჰოპკინსმა შეცდომა?

პასუხი:

იმ ადამიანსაც კი არ გაუჭირდება ჰოპკინსის შეცდომის დანახვა, რომელიც ძალიან სუსტად ერკვევა გეოგრაფიაში. რა თქმა უნდა, ცუნამი მის იახტას ვერაფერს დააკლებდა, რადგან ამ ტალღას დამანგრეველი ეფექტი მხოლოდ სანაპიროსთან ახლო ტერიტორიებზე აქვს და არა ღია ოკეანეში, სადაც ის შეუმჩნეველია და არა სახიფათოა.
უიღბლო მეთევზე

ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ქუჩაზე პატარა მაღაზია გაძარცვეს. ეჭვმიტანილად ვინმე რონი კლარკი ცნეს, რომელიც უკვე ორჯერ იყო შემჩნეული მსგავს საქმიანობაში. საქმის გამოძიება გეორგ გრაფს მიანდეს.

-უარყოფა არ გამოგივა, რონი, ორი მოწმე გვყავს, რომლებმაც დაინახეს, როგორ ტრიალებდით თქვენ გუშინ მაღაზიასთან.

-ისინი ცდებიან, ინსპექტორო. გარწმუნებთ, რომ მთელი გუშინდელი დღე მე ზღვაზე გავატარე.
-ვის შეუძლია ამის დადასტურება? თქვენ ვინმემ გნახათ?
-არა. სამწუხაროდ, მე არავის შევხვედრივარ.
-ეს არასერიოზულია, რონი. როგორ შეიძლება მთელი დღის განმავლობაში პლაჟზე არავინ შეგხვედროდათ?
-მოიცათ, ინსპექტორო, ახლავე აგიხსნით ყველაფერს. მე პლაჟზე უთენია გავედი, რათა მეთევზავა. ამ დროს კი იქ კაციშვილი არ იყო. მოტორიანი ნავი ავიღე, ნაპირს ნახევარი მილით დავშორდი და ღუზა ჩავაგდე. თევზაობამ იმედი არ გამიმართლა: თევზი არ მოდიოდა და უკვე შუადღისთვის უკან დასაბრუნებლად მზადება დავიწყე. აი, სწორედ ამ დროს დაიწყო ყველაფერი: ნავის მოტორი ვერაფრით ავამუშავე. მასში ალბათ ან წყალი მოხვდა, ან არ ვიცი კიდევ რა. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა: მე თან ნიჩბებიც კი არ მქონდა, ნაპირამდე ხმამაღალი ყვირილითაც ვერავის გავაგებინებდი. რომ არა ტალღები, მე ახლაც ოკეანეში ვიქნებოდი. ჩემდა საბედნიეროდ, ტალღებმა ნაპირზე გამომრიყეს, თუმცა ამას დარჩენილი მთელი ნახევარი დღე დასჭირდა და მხოლოდ ღამე მივაღწიე ნაპირს. ამიტომაც ვერავინ მნახა.

-ეს მართალი არაა, რონი. თქვენი ნაამბობი სიცრუეა.
რატომ არ დაიჯერა გეორგ რაფმა რონის ვერსია?

პასუხი:
ტალღები ვერ გამოიყვანდა რონი კლარკის ნავს ნაპირთან, რადგან ტალღებში წყლის მოძრაობა ვერტიკალურია, და არა ჰორიზონტალური.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი