ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

„ასლი დედანთან სწორია“…

ბოლო დროს პერიოდულად არქივში ვმუშაობ. მაინტერესებს უწინ რა ხდებოდა საქართველოს სკოლებში, ქიმიას რანაირად ასწავლიდნენ, ან როგორ სწავლობდნენ, პროგრამაში რა ჰქონდათ და ა.შ.

სანამ საქმეზე გადავალ, ვიტყვი, რომ არქივის შენობა უზარმაზარია, მაგრამ მკვლევართა დარბაზი, სადაც მასალების გაცნობა მიწევდა, ძალიან პატარაა. აქ ისტორიის მკვლევარები სხედან და მინდა გითხრათ, რომ ბევრნი არიან. თუ დროულად არ მიხვალ, შესაძლებელია დასაჯდომი ადგილიც ვერ მოიძიო. მუშაობის პრინციპი შემდეგია, საკვანძო სიტყვების მიხედვით   კატალოგში „ფონდებს“ პოულობ, უკვე გამოწერილ „ფონდში“  კი შენთვის საინტერესო დოკუმენტაციას ეძებ. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ  ვინმე მკვლევართან ერთად ერთი და იმავე „ფონდში“ ძიება დაგჭირდეს. მაშინ, ვინც პირველი გამოიწერს, „ფონდიც“ მისია.  ან შეთანხმების ამბავია და „ფონდის“  ნაწილებს ერთდროულად (ერთი „ფონდი“ შეიძლება 7-8 ტომისგანაც შედგებოდეს), თუმცა მორიგეობით ათვალიერებთ, მაგ. პირველ ტომს მე ვნახავ, მეორეს „ის მკვლევარი“, შემდეგ კი გავცვლით. ერთი ასეთი ძიების დროს, მე და ერთმა დროულმა ბატონმა მშვენიერი რამ მოვიფიქრეთ, უზარმაზარი „ფონდის“ ტომის ნახვისას, მე ყურადღებას „ქიმიის სწავლებასაც“ ვაქცევდი და გვარ „ვასაძესაც“. ასევე იქცეოდა ის ბატონიც იმავე „ფონდის“ სხვა ტომის თვალიერებისას, ანუ, „ქიმიასაც“ ეძებდა და „ვასაძესაც“. მიხვდით ალბათ, გვარზე მონაცემები მას სჭირდებოდა, მაგრამ რადგან ორივეს  ერთი „ფონდი“ გვაინტერესებდა, ასე თითქოს დრო დავზოგეთ.

„ფონდებში“ ისიც საინტერესო იყო (ჩემთვის), რომ ერთად ათასგვარი დოკუმენტისთვის მოეყარათ თავი. მაგალითად, საკვანძო სიტყვასთან- ქიმიის (ბუნებისმეტყველების) სწავლება მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში-  ერთად,  უამრავი დოკუმენტის შესახებ ნახავდით ჩანაწერს. აფთიაქების გახსნაზე, წყალგაყვანილობის შეკეთებაზე, მარილზე… ჰო, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მარილით მომარაგება კავკასიის რეგიონის და განსაკუთრებით „ტიფლის-ქუთაისისა“, ცუდი ყოფილა. ფასებიც მაღალი ქონიათ და „ოკრუგის“ ხელმძღვანელთან „დონოსი დონოსზე“ მიდიოდა თურმე.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს საგანი სახელად „ქიმია“ არსად  შემხვედრია. სამაგიეროდ, უამრავ ენას ასწავლიდნენ, ფიზიკა-მათემატიკასაც. ზოგიერთ გიმნაზიაში იყო „ბუნების ისტორია“ და მასწავლებლების პრობლემაც ყოფილა. ერთ-ერთ ანგარიშში ამოვიკითხე-ლათინურის მასწავლებელმა როდემდე ასწავლოს „ბუნების ისტორიაო?“, თავადაც დაიღალა და…  მთლად ასე  არ ეწერა, მაგრამ, სავარაუდოდ მოსწავლეებიც დაღალა. სხვათა შორის, სწორედ ამ საგანში საკონტროლო წერისას, თემა უწერიათ ლომონოსოვის შესახებ. თემა თავებად ყოფილა დაყოფილი და ერთ-ერთი ნაწილი სწორედ ლომონოსოვსა და ბუნებისმეტყველებაზე უნდა გაეშალათ .

მეოცე  საუკუნის დასაწყისში საქმე გამოსწორებულა და ზოგიერთ სასწავლებელში საგანი „ქიმია“ უკვე პროგრამაში შეუტანიათ. ის კი არა, თურმე ბორჯომში მასწავლებლებისთვის  საზაფხულო სკოლებსაც აწყობდნენ. ახლა, რომ ტრენინგებს ვეძახით, ალბათ ისეთს. ასეთ სკოლებში სამი საგანი ერთად ისწავლებოდა-ქიმია, ზოოლოგია-ბოტანიკა და გეოგრაფია. სამხარეო გუბერნიაში გასაგზავნ წერილებში საგანგებოდ ხაზი აქვს გასმული, რომ ქიმიის გაკვეთილები ლაბორატორიული მეცადინეობის გარეშე არ შეიძლება, რადგან ლაბორატორიაში მოსწავლე უკეთესად აღიქვამს იმას, რასაც თეორიულად ასწავლიან. ამიტომ, ასეთი მეცადინეობები ყველა სკოლაში სავალდებულო უნდა გახდესო  და რაც მთავარიაო, ყოველწლიური დაფინანსება უნდა გამოიძებნოს საჭირო რეაქტივების და ჭურჭლის შესაძენადო.

გორის  გიმნაზიის პედსაბჭოს ანგარიშში ლაბორატორიაში მუშაობის და უსაფრთხოების წესები იყო ჩამოწერილი. დასამტკიცებლად სამხარეო გუბერნიას ეგზავნებოდა. წავიკითხე წესები და… შუა საუკუნეების ალქიმიკოსის ალბერ მაგნუსის მიერ დაწერილ წესებს   გავდა საოცრად. უფრო მეტიც… ამას წინათ, ამერიკელების ჯგუფს შევხვდი. ჯგუფის ხელმძღვანელმა ბროშურა გადმომცა, სადაც ლაბორატორიაში მის მიერ შემუშავებული  უსაფრთხოების ქცევის წესები იყო გაწერილი. ჰოდა, ეს წესებიც მაგნუსის და მეოცე  საუკუნის გორის გიმნაზიის  წესების იდენტური იყო. წინადადებების წყობა იყო ოდნავ განსხვავებული.

იცით რა გამახსენდა? ადრე, ჩემს ბავშვობაში ერთ საოცრად ნიჭიერ და ენაკვიმატ კრიტიკოსს ქუთაისის ერთ-ერთ გაზეთში დაბეჭდილი სტატია წაუკითხავს. ტექსტი ნაცნობად მოსჩვენებია და  აღმოუჩენია, რომ სხვა ძველი გაზეთიდან პირწმინდად იყო გადაწერილი. ჰოდა, ეს კრიტიკოსი თავის კრიტიკულ წერილში სტატიის ავტორს  ასე მიმართავდა: „ასლი დედანთან სწორიაო“, ანუ, კარგად გადმოგიწერიაო. ჰოდა, სანამ მეც ვფიქრობდი, ლაბორატორიის უსაფრთხოების წესები ვინ ვისგან გადმოიწერა, გიმნაზიის ქიმიის მასწავლებელმა ალბერ დიდისგან, იმ ამერიკელმა „ამათგან“, თუ ალბერ დიდმა „იმათგან“, თვალში სხვა, საოცრად საინტერესო წერილი მომხვდა.

ფოთის გიმნაზიის ბიბლიოთეკა დამატებით საკითხავ წიგნებს იძენდა. წიგნების სიაში ათასგვარი ჩამონათვალი იყო. ათი წიგნი ჩვენს გარემოს ეხებოდა. წვიმის ბუნება, წყლის და მიწის ქიმია და ა.შ. წერილში ეწერა, ცოტა ბევრი წიგნი კი არისო, მაგრამ საჭიროა, რადგან ჩვენი გარემოს ქიმია უნდა ვიცოდეთო, ბოლოსდაბოლოს აქ ვცხოვრობთო. ჰმ… მომკალით და რომში „ლა საპიენსას“ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე ერთმა ქიმიკოსმაც  იგივე განაცხადა.

მოდით, მეც იმავეს გავიმეორებ  და   ჩვენს გარემოზე  გოგირდის დიოქსიდის ცირკულაციის გავლენაზე მოგითხრობთ (ჯერ ჯერობით ეს იყოს).

თან სარწმუნო წყაროდან გიყვებით-Ian Williams, Environmental Chemistry.

გოგირდის ბუნებრივი ციკლი ანთროპოგენური ფაქტორებით საკმაოდ დარღვეულია. SO2-ის ბუნებრივი ემისია ვულკანურ ამოფრქვევებს და ზღვის (ოკეანის) ზედაპირიდან ქარის მიერ მოტანილ აეროზოლებს გულისხმობს. თუმცა, ანთროპოგენური ფაქტორებით გამოწვეული ამავე ოქსიდის ემისია გაცილებით მომატებულია. ამ შემთხვევაში, ის გათბობის და ენერგიის საწარმოებელი წვის პროცესების შედეგად გამოთავისუფლდება. მოგეხსენებათ, ადამიანი საწვავად რასაც იყენებს: ზეთი, ნახშირი, ბუნებრივი გაზი, ტორფი, ხის მასალა და ორგანული საწვავი. ისინი გოგირდს შეიცავენ, წვის პროცესის დროს კი SO2 წარმოიქმნება.            S+ O2=SO2

აქვე უნდა ითქვას, რომ SO2-ის აღნაგობა ლავუაზიემ დაადგინა, შემადგენლობა გე-ლუსაკმა შეისწავლა, ხოლო მისი  ქიმიური  თვისებებით გეორგ შტალი ინტერესდებოდა.

გოგირდის ოქსიდის გამოთავისუფლების სხვა ანთროპოგენური წყარო  გოგირდშემცველი საბადოებიდან სპილენძის მოპოვების პროცესია.

მაგ: CuFeS2+5/2O2=Cu+FeO+2SO2

მსგავსი პროცესები მიმდინარეობს საბადოებიდან ტყვიის, თუთიის და ნიკელის მოპოვებისას.

გამოთავისუფლების შემდეგ, ოქსიდის მცირე ნაწილი SO3-ად იჟანგება. ეს უკანასკნელი ატმოსფეროში არსებულ წყლის ორთქლთან ურთიერთქმედებს და გოგირდმჟავას აეროზოლს წარმოქმნის. გოგირდშემცველი აეროზოლების კონცენტრაცია ინდუსტრიული საქმიანობის შედეგადაც იზრდება და სათბურის ეფექტის  ფორმირებაშიც მონაწილეობს.

ორმოცდაათიანი წლების ლონდონური სმოგის და მჟავა წვიმების შემდეგ,  70-ან წლებში ევროპაში პირველი რეგულაციები დაწესდა, რომელთა მიხედვითაც:  წესდებოდა კონტროლი SO2-ის ემისიაზე;  ენერგიის გამომამუშავებელ სადგურებს უსაფრთხოების დამატებითი  წესები ეკისრებოდათ.  ასევე, უნდა გამოყენებულიყო საწვავი, გოგირდის ნაკლები შემცველობით და ა.შ.

საზოგადოებაში მომატებულ ბრონქიალურ ასთმასთან, ალერგიულ რეაქციებთან და სხვა დაავადებებთან ერთად, ისიც ნათელი გახდა, რომ SO2-ის მომატებული ემისია მცენარეებზეც ცუდად მოქმედებდა.

სხვათა შორის, გაკვეთილზე ერთი საინტერესო  ცდის გაკეთება შეიძლება. აიღეთ კოლბა და შიგნით ვარდის (ან სხვა ფერადი ყვავილის) რამდენიმე ფურცელი და ფოთლები მოათავსეთ. გოგირდის ფხვნილი რკინის გრძელტარიანი კოვზით სპირტქურაზე გააცხელეთ და კოლბაში ისე ჩაუშვით, რომ საცობი მოერგოს. ცოტა ხანში დაინახავთ, რომ გამოყოფილი SO2 ფოთლებს და ვარდის ფურცლებს გააუფერულებს.  თუ გსურთ, ცდას სწრაფი ეფექტი ჰქონდეს, მაშინ მცენარის ფურცლები წინასწარ მცირე ხნით ეთერში ჩაუშვით. ასე, ფურცლების ზედაპირზე არსებულ ბუნებრივი ლიპიდების საფარს დაშლით და გაზით გაუფერულებაც სწრაფად მოხდება. გაუფერულება იმის ხარჯზე ხდება, რომ გოგირდის ოქსიდსა და ფურცლებში შემავალი პიგმენტის ურთიერთქმედებით უფერო ნივთიერება წარმოიქმნება (ცდა ქიმიის მასწავლებელთან ერთად უნდა გაკეთდეს).

დღეს თუ გამოიყენება გოგირდი?

რა თქმა უნდა, თანაც  მისი გამოყენების ვრცელი სია შეგვიძლია დავწეროთ, თითოეულმა მწარმოებელმა გამოყოფილი თანაური პროდუქტების ემისიის ნორმები მკაცრად უნდა დაიცვას. თუმცა, თუ ამის შესრულებას  მთავრობამაც  არ მიადევნა თვალი, მწარმოებელი არც არაფერზე იზრუნებს. ხომ იცით, ადამიანების უმრავლესობა ასე ფიქრობს: ჩემი წარმოებით გამოშვებული გოგირდის ოქსიდი აი, იმას ავნებს, მე არაო.

ჰოდა, უსაფრთხოებაზე თვალის მიდევნება და კონტროლია საჭირო, თორემ თავის დასამშვიდებლად უბრალოდ შეგვიძლია, უკვე არსებული რეგულაციები გადმოვწეროთ, ოღონდ, იქვე მინაწერის გაკეთებაც არ დავივიწყოთ, რომ „ასლი დედანთან სწორია“…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი