შაბათი, მარტი 25, 2023
25 მარტი, შაბათი, 2023

სწავლა-სწავლება კლასკომპლექტში

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებ კლას-კომპლექტების თავისებურებებზე – ჩემი მუშაობის სამწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, აღვნიშნავ თუ რა სირთულეები და უპირატესობები ახასიათებს კლას-კომპლექტში სწავლებას. ასევე, კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის გეგმების ნიმუშებს, რომლებიც დახმარებას გაუწევს კლას-კომპლექტში მომუშავე მასწავლებლებს.

  1. რა არის კლასკომპლექტი?

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, მცირეკონტინგენტიან სკოლებში დასაშვებია კლას-კომპლექტების  შექმნა. თავისებურება გახლავთ ის, რომ კლას-კომპლექტში, სულ მცირე, ორი სხვადასხვა კლასის სხვადასხვა სასწავლო შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები ერთ საკლასო სივრცეში სწავლობენ და ინტელექტუალურ, აკადემიურ და სოციალურ უნარებს ავლენენ. ასეთი სასწავლო გარემოს შექმნის ერთ-ერთ მთავარ პირობას, როგორც წესი, რესურსების სიმწირე და გეოგრაფიული მდებარეობა ქმნის. არსებობს კლას-კომპლექტების განსხვავებული კომბინაციები. გავრცელებულია შემდეგი კომპინაციები:

  • ერთად პირველი და მესამე, მეორე და მეოთხე კლასები;
  • პირველი და მეორე, მესამე და მეოთხე კლასები;
  • პირველი – მეოთხე; მეორე და  მესამე კლასები.

 

  1. რა უნდა გაითვალისწინოს კლას-კომპლექტში მომუშავე მასწავლებელმა?

იმის მიუხედავად, თუ რა მიზეზით არის კლას-კომპლექტი ფორმირებული, ბუნებრივია,  რომ მნიშვნელოვანია ზრუნვა სწავლის ხარისხზე, რაც სწავლების მეთოდებისა და კლასის ორგანიზების ფორმების სწორი შერჩევით  არის  შესაძლებელი. გარდა ამისა, კლას-კომპლექტში მომუშავე მასწავლებლებს განსაკუთებით მოეთხოვებათ ბავშვის განვითარების ეტაპების კარგად ცოდნა. შესაბამისად, სწავლების სტრატეგიები, რომლებსაც მასწავლებელი საკლასო სივრცეში გამოიყენებს, უნდა შეესაბამებოდეს ასაკობრივ თავისებურებებს. კლას-კომპლექტში სწავლებისას მასწავლებელს უნდა შეეძლოს წარმართოს პოზიტიური ინტერაქცია ჯგუფში და გამოიყენოს მოსწავლეების სოციალური უნარები სწავლის პროცესის ხელშესაწყობად. მან უნდა შექმნას მრავალფეროვანი სასწავლო გარემო, რომელიც ეფექტური და კომფორტული იქნება სხვადასხვა დონის მოსწავლეებისათვის.  კერძოდ, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სხვადასხვა აქტივობა სხვადასხვა დონის ხმაურს იწვევს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სივრცე, სადაც მოსწავლეებს ინდივიდუალურად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ, საკლასო ოთახის ერთ კუთხეში იყოს – მერხები ერთმანეთისგან მოშორებით უნდა იდგეს, რათა მოსწავლეებმა ინდივიდუალური მუშაობისას ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს. ჯგუფური სამუშაოსთვის განკუთვნილი კი მეორე კუთხეში უნდა იყოს, სადაც მერხები , პირიქით, ერთმანეთთან ახლოს უნდა იდგეს, რათა მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, ერთი მაგიდის გარშემო იმსჯელონ და იმუშაონ.

 

კლას-კომპლექტებში სწავლებისას პედაგოგს უხდება:

  • ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით  ცხრილის  შედგენა;
  • ორივე ასაკობრივი ჯგუფისა და საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით გაკვეთილის გეგმების შედგენა;
  • ეფექტური მეთოდების შერჩევა;
  • კლასზე მორგებული ორგანიზების ფორმების შემუშავება;
  • სწორი ფასილიტაცია არსებულ ჯგუფებს შორის;
  • მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება;
  • მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაზე ზრუნვა.

კლას-კომპლექტებში მოსწავლე:

  • ცდილობს მოახდინოს  კონცენტრაცია საკუთარ დავალებაზე ან მასალაზე;
  • ნაკლებად გადაერთვება სხვა კლასის გაკვეთილზე, როცა ეს საჭირო არ არის;
  • ცვლის იოლად აქტივობის ტიპს;
  • მუშაობს დამოუკიდებლად;
  • ეხმარება უმცროსებს.

 

  1. საგაკვეთილო პროცესის ორგანიზება

კლას-კომპლექტების დროს ადგილი აქვს დამოუკიდებელ მუშაობას, წყვილებში ან ჯგუფებში მუშაობას, პედაგოგთან ან მოსწავლესთან ერთად მუშაობას.

მასწავლებლის უშუალო მონაწილეობით ადგილი აქვს შემდეგ აქტივობებს:

  • ახალი მასალის ახსნა;
  • ინსტრუქტაჟი;
  • მასალის განმტკიცება;
  • დიაგნოსტიკა და შეფასება;
  • სწავლის პროცესის კონტროლი და კორექცია;
  • კოგნიტური სტრატეგიების სწავლება.

კლას-კომპლექტების დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ზრუნვა მოსწავლეთა დამოუკიდებლად მუშაობისა და სხვათა დახმარების უნარების განვითარებაზე. დამოუკიდებლი მუშაობა შეიძლება გამოვიყენოთ: ცოდნის შემოწმების, ახალი მასალისთვის მომზადების  ან მისი განმტკიცების მიზნით. დაწყებითი კლასების  მოსწავლეებს შეუძლიათ  შემდეგი ტიპის დამოუკიდებელი სამუშაოების შესრულება:

  • მოსამზადებელი დავალებები, რომლებიც სრულდება ახალი მასალის შესწავლამდე (გამეორება სახელმძღვანელოდან-ტიპური, უკვე ნასწავლი მასალიდან – დავალებების შესრულება), ;
  • ახალი ტიპის დავალებების შესრულება, მკაფიო საერთო ინსტრუქციის თანხლებით.

დამოუკიდებელი მუშაობის გარდა კლას-კომპლექტებში მნიშვნელოვანია თანამშრომლობითი სწავლება, რომელიც შემდეგი ფორმით შეიძლება ხორციელდებოდეს: ურთიერთსწავლებით, ჰეტეროგენური და ჰომოგენური ჯგუფების ფორმირებით, მასწავლებლის ,,დამხმარეებით“.

ჯგუფების გაერთიანება იოლია, როდესაც თემა ემთხვევა ერთმანეთს: მაშინ უფროსი მოსწავლეების რესურსი იოლად გამოსაყენებელია. მაგრამ, თუ ხდება, რომ გადაკვეთის პუნქტები ნაკლებია, შეიძლება, რომ მასწავლებელმა დასვას საკითხი, პრობლემა, რომელთანაც დაკავშირებით ორივე ჯგუფს უკვე გარკვეული ცოდნა ექნება.

წარმოგიდგენთ დამოუკიდებელი მუშაობისა და თანამშრომლობით სწავლებაზე მორგებულ გაკვეთილის გეგმის ნიმუშებს.

  • პირველი გაკვეთილის გეგმის ნიმუში ბუნებისმეტყველებაში:

თემა:  კლასი l – წყლის ბინადრები

კლასი ll – ვულკანები

მიზანი:

კლასი l

  • მოსწავლეებმა შეძლონ წყლის ბინადარი ზოგიერთი ცხოველის ამოცნობა და დასახელება;
  • მოსწავლეებმა შეძლონ მარტივი კვლევის საფუძველზე დასკვნების გამოტანა (ქერცლების მნიშვნელობის დადგენა);
  • მოსწავლეებში ხელი შეეწყოს დაკვირვების უნარის განვითარებას.

კლასი ll

  • მოსწავლეებმა შეძლონ იმის გაცნობიერება, რომ ვულკანი არის დედამიწის წიაღიდან გავარვარებული მასის ამოფრქვევა;
  • მოსწავლეებში ხელი შეეწყოს ცდაზე დაფუძნებული კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას.

 

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები და ინდიკატორები:

კლასი l:

ბუნ.I.2.მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით. 

  • აჯგუფებს ორგანიზმებს მცენარეებად და ცხოველებად და აღწერს მათ განმასხვავებელ ნიშნებს;

 

ბუნ.I.6.მოსწავლეს შეუძლია ლოკალური გარემოს აღწერა.

 

  • აკვირდება და აღწერს მის გარშემო არსებულ ობიექტებს;
  • დაკვირვების საფუძველზე აღწერს ლოკალურ გარემოს.

 

კლასი ll:

ბუნ.II.8. მოსწავლეს შეუძლია უსაფრთხო ქცევის ძირითადი  წესების დაცვა.

  • ასახელებს ადგილებს, სადაც საგანგებო ვითარებისას (მაგ., ვულკანის ამოფრქვევა, მიწისძვრა, წყალდიდობა) დაცული იქნება.

 

აქტივობები:

კლასი l კლასი ll

 

#1. შესავალი საუბარი:

 

მასწავლებელი მოსწავლეებს ეუბნება, რომ ამ გაკვეთილზე ვისაუბრებთ ცხოველების შესახებ, ოღონდ ამჯერად წყალში მობინადრე ცხოველებზე.

 

სახელმძღვანელოს შესაბამის გვერდზე (გვ.93) ხატია წყალში მცურავი თევზები, მედუზა, დელფინი და ვეშაპი, ფსკერზე ჩანან მოლუსკები. აქვე წერია სიტყვები: თევზი, მედუზა, მოლუსკი, დელფინი, ვეშაპი თავიანთი პირობითი ნიშნებით.

 

დავალება ასეთია: მასწავლებელი კითხულობს მოკლე ტექსტებს, ბავშვები უსმენენ და ამოიცნობენ დახასიათებულ ცხოველს, შემდეგ ნახატზე პირობით ნიშანს მიუხატავენ შესაბამის ცხოველს.

 

1.      წყლის ამ ცხოველის მოგრძო სხეულის კანი ქერცლით არის დაფარული, თვალები მუდამ გახელილი აქვს, ვინაიდან ქუთუთოები არ აქვს. მისი წვრილი კვერცხებიდან – ქვირითიდან – პაწაწინა ნაშიერები, ლიფსიტები იჩეკებიან. ისინი მაშინვე სწრაფად იწყებენ ცურვას. (თევზი)

2.      ეს მოზრდილი ცხოველი თევზს წააგავს, მაგრამ თევზი არ არის. ის თავის ნაშიერებს ცოცხლად შობს და რძით კვებავს. ის ადამიანისთვის უხიფათო ცხოველია და ადვილად იწვრთნება. (დელფინი)

3.      ეს კი დედამიწის უდიდესი ცხოველია. ის სპილოზე ბევრად დიდია. ნახატებზე მას ხშირად შადრევნით გამოსახავენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ამოსუნთქვისას ეს ვეებერთელა წყლის ცხოველი ჰაერთან ერთად წყლის შხეფებსაც ამოისვრის ხოლმე.  (ვეშაპი)

4.      ეს პატარა რბილტანიანი ცხოველები ნიჟარებში ცხოვრობენ. ნიჟარა მათ მტრებისგან იცავს. ისინი ფსკერზე ან კლდეზე წვანან და ძალიან ნელა გადაადგილდებიან.  (მოლუსკი)

5.      ამ უცნაურ ცხოველს არც ძვალი აქვს, არც თვალები, არც პირი…. იგი რბილია და თითქმის მთლიანად წყლისაგან შედგება. მისი სხეული ქოლგას წააგავს. ადამიანები მას ხშირად ხვდებიან ზღვაში, ნაპირთან ახლოს. (მედუზა)

 

10 წთ

მეთოდი: წიგნზე მუშაობა

 

#1. წყვილში სამუშაო:

 

მოსწავლეებს ვავალებთ ბუკებში დააკვირდნენ ვულკანის მოქმედებას და წერილობით უპასუხონ შემდეგ კითხვებს:

1.      აღწერეთ, რასაც ხედავთ ამ სურათზე.

2.      თქვენი აზრით, რატომ არის ირგვლივ არემარე ჩამობნელებული?

3.      რა ამოდის მთიდან?

 

10 წთ

მეთოდი: დაკვირვება

 

#2.  პრაქტიკული სამუშაო:

 

სახელმძღვანელოს შესაბამის გვერდზე ხატია თევზის კონტური ქერცლების გარეშე. ამავე გვერდის ქვედა ნაწილში მოცემულია ფერადი ქერცლები. მოსწავლეებმა უნდა გამოჭრან ეს ფერადი ქერცლები და კუდიდან უნდა დაიწყონ თევზის კონტურზე მათი დაწებება.

 

15 წთ

მეთოდი: სწავლა კეთებით

 

#2. მასწავლებელი მოსწავლეთა პასუხებს განიხილავს კლასის წინაშე და სვამს კითხვას:

 

v  რა იცით ვულკანის შესახებ?

 

მოსწავლეთა პასუხების შემდეგ, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გადაშალონ სახელმძღვანელო 52-ე გვერდზე და წაიკითხონ მოცემული ტექსტი.

 

ტექსტის დამუშავება მიმდინარეობს შემდეგნაირად: ერთი ან ორი მოსწავლე წაიკითხავს ტექსტს, სხვა მოსწავლე კი უნდა შეეცადოს ახსნას, რა გაიგო ვულკანის შესახებ წაკითხული ტექსტისა და სურათის მიხედვით.

 

15 წთ

მეთოდი: წიგნზე მუშაობა

#3. შედეგის აღწერა:

 

სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი მიმართავს ბავშვებს:

 

v  გაუსვით ხელი თევზს თავიდან კუდამდე და პირიქით;

v  რა განსხვავება იგრძენით?

v  როგორ ფიქრობთ, რატომ მისრიალებს თევზი წყალში თავისუფლად?

 

5 წთ

მეთოდი: კითხვა-პასუხი

#3. მუშაობა ჯგუფში:

 

მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს დამოუკიდებლად გაეცნონ სახელმძღვანელოში აღწერილ ცდას. დაიმახსოვრონ ცდის ჩატარების თანმიმდევრობა და მოემზადონ მსგავსი ცდის ჩასატარებლად.

 

5 წთ

მეთოდი: დამოუკიდებელი სამუშაო

 

 

 

 

 

 

 

#4. გაკვეთილის შეჯამება:

 

მასწავლებელი მოკლედ მიმოიხილავს ჩატარებულ აქტივობებს და შეაჯამებს გაკვეთილს.

 

დასვამს დამატებით კითხვასაც:

Ø  რით იკვებებიან თევზები?

 

5 წთ

მეთოდი: დიალოგი

 

#4. „ჩვენც შევქმნათ ვულკანი“

 

მასწავლებელი ერთ-ერთ მოსწავლეს ავალებს ჯგუფს დაურიგოს ცდისთვის საჭირო ყველა მასალა.

სანამ ბავშვები ძმარს გამოიყენებენ, უნდა უპასუხონ კითხვას:

ü  როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, სანამ ძმარს ჩაასხამთ?

პასუხები ჩამოიწერება დაფაზე, რათა მოსწავლეებს შემდგომ მიეცეთ საშუალება ცდის შედეგი შეადარონ პროგნოზს.

 

10 წთ

მეთოდი: პრაქტიკული სამუშაო

 

#5. მოსწავლეებს დაურიგდებათ სურათები, რომლებზეც გამოსახულია წყალქვეშა სამყაროს პეიზაჟი. მათ ევალებათ გაფერადება.

 

10 წთ

მეთოდი: დამოუკიდებელი სამუშაო

#5. გაკვეთილის შეჯამება:

 

ცდის დასრულების შემდეგ ჯგუფი გამოთქვამს საკუთარ  მოსაზრებებს და გააკეთებს დასკვნას.

 

მასწავლებელი მოკლედ შეაჯამებს გაკვეთილს.

 

5 წთ

მეთოდი: დიალოგი

 

 

სასწავლო რესურსები: სახელმძღვანელო, მაკრატელი, ფერადი ფანქრები, წებო, თაბახის ფურცლები, პოლიეთილენის პარკები, ღვინის ძმარი, საჭმელი სოდა, სუფრის კოვზი, ჭიქა, ხელსახოცები, წყალი.

კლასის ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალურად, წყვილში, ჯგუფში, კლასთან.

შეფასება:

კლასი l – განმავითარებელი, კერძოდ, ზეპირი კომენტარი

კლასი ll – ცდის შეფასების რუბრიკა

 

                                      კრიტერიუმები

 

დიახ არა
ატარებს ცდას

 

გამოთქვამს შედეგის ვარაუდს

 

აღწერს კვლევის მიმდინარეობას

 

მსჯელობს ცდის შედეგზე, აკეთებს დასკვნას

 

მისაღწევი შედეგები:

კლასი l

  • მოსწავლეებს შეუძლიათ წყლის ბინადარი ზოგიერთი ცხოველის ამოცნობა და დასახელება;
  • მოსწავლეებს შეუძლიათ მარტივი კვლევის საფუძველზე დასკვნების გამოტანა (ქერცლების მნიშვნელობის დადგენა);
  • მოსწავლეებში ხელი შეეწყო დაკვირვების უნარის განვითარებას.

კლასი ll

  • მოსწავლეებს შეუძლიათ იმის გაცნობიერება, რომ ვულკანი არის დედამიწის წიაღიდან გავარვარებული მასის ამოფრქვევა;
  • მოსწავლეებში ხელი შეეწყო ცდაზე დაფუძნებული კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას.

 

4.2     მეორე გაკვეთილის გეგმის ნიმუში ბუნებისმეტყველებაში:

კლასი/კლასები ll-lllკლასი (კლასკომპლექტი)
გაკვეთილის თემა ll კლასი – „ეს ნაკვალევი რისია?“

lll კლასი – „ტბები და წყალსაცავები“

კლასის დახასიათება კლასში 3 მოსწავლეა და კლასკომპლექტია. შესაბამისად, გამოვიყენებ დიფერენცირებულ სწავლებას. მოსწავლეებს კარგად აქვთ განვითარებული კითხვის ტექნიკა. შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა.

 

სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მიზანი:

ll კლასი

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ

Ø  წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების გარჩევა და დასახელება;

Ø  ხის სახელის მიხედვით ტყის სახელის წარმოება;

Ø  ტყის ნადირის საცხოვრებელი გარემოს გაცნობიერება;

Ø  ზოგიერთი ნადირის ნაკვალევის ერთმანეთისგან გარჩევა;

lll კლასი

 

მოსწავლეებმა შეძლონ ტბებისა და წყალსაცავების, როგორც გეოგრაფიული ობიექტების ამოცნობა და მარტივად დახასიათება.

 

ესგ-ს მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:

ll კლასი:

ბუნ.II.1. მოსწავლეს შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერა.

·         თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს და ასახელებს ორგანიზმის ძირითად ნაწილებს, გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის შესახებ.

ბუნ.II.2. მოსწავლეს შუძლია განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის თვისება.

·         ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელი პირობების (მაგ., წყალი, საკვები, საბინადრო გარემო) გამოსავლენად სვამს კითხვებს (მაგ., რა დაემართება ქოთნის მცენარეს თუ იშვიათად მოვრწყავთ? რა დაემართება ზაზუნას თუ შევუმცირებთ საკვებს?) და ეძებს პასუხებს.

·         ადარებს ერთმანეთს ზრდასრულ ცხოველებს და მათ ნაშიერებს, აღწერს ზრდის პროცესში მომხდარ ცვლილებებს (მაგ., ზომის, ფერის ან საფარველის ცვლილებას).

lll კლასი:

 

ბუნ.III.7. მოსწავლეს შეუძლია ლოკალურ გარემოში ორიენტირება და ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის ერთმანეთისგან განსხვავება.

·         ასახელებს წყლისა (მაგ., ტბა, მდინარე) და ხმელეთის (მაგ., მთა, ვაკე) ობიექტების მაგალითებს და განასხვავებს მათ.

·         მასწავლებლის დახმარებით იკვლევს ლოკალურ გარემოს, იყენებს გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელ ტერმინებს.

 

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი  

კლასი ll კლასი lll

 

აქტივობა #1.

შესავალი საუბარი:

მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს შეკითხვით:

ü  გაიხსენეთ, რა ჰქვია ისეთ ადგილს, სადაც ბევრი ხე ერთად იზრდება?

ü  რომელი ყოფილხართ ტყეში?

ü  სასიამოვნოა ტყეში სეირნობა? რატომ?

ü  ხეების გარდა, კიდევ რა იზრდება ტყეში? (ბუჩქები, ბალახები, სოკოები).

ზოგიერთ ტყეში მხოლოდ წიწვიანი ხეები იზრდება, ზოგშიც-მხოლოდ ფოთლოვანი. ისეთი ტყეებიც გვხვდება, სადაც წიწვიანი ხეებიც არის და  ფოთლოვანიც. ამ ტყეებს სახელებიც განსხვავებული აქვთ. სახელმძღვანელოში სამივე ტყის სურათია მოცემული. მოსწავლეებს ევალებათ დაადგინონ რომელ სურათზეა ფოთლოვანი ტყე, რომელზე-წიწვოვანი და დაასახელონ. ბოლო სურათის მიხედვით, უნდა ახსნან, რას ნიშნავს შერეული ტყე.

 

10 წთ

მეთოდი: წიგნზე მუშაობა

 

აქტივობა #1.

სახელმძღვანელოზე მუშაობა:

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გადაშალონ სახელმძღვანელოები მე-40 გვერდზე და დააკვირდნენ მოცემულ სურათებს. წაიკითხონ თანდართული ტექსტი.

 

ტექსტის დამუშავება ხდება ჩვენთვის უკვე ნაცნობი მეთოდით – ერთი მოსწავლე ხმამაღლა კითხულობს ტექსტს, სხვები წიგნებში თვალს აყოლებენ. შემდეგ მოყვებიან ტექსტის შინაარსს.

 

 

10 წთ

მეთოდი: წიგნზე მუშაობა

 

აქტივობა #2.

ტყის შექმნა საკლასო ოთახში:

მასწავლებელი ბავშვებს ავალებს შექმნან კედლის შერეული ტყე.  ამისათვის ურიგებს თაბახის ფურცლებს, რომლებზეც მოსწავლეებმა უნდა დახატონ სხვადასხვა ხე, გააფერადონ და გამოჭრან. შემდეგ ამ ხეებს დააწებებენ კედელზე დამაგრებულ დიდ ფორმატზე.

ასე შეიქმნება ტყე  საკლასო ოთახში. მუშაობის დასასრულს მასწავლებელი მოსწავლეებს ეკითხება, თუ როგორი ტყე მიიღეს მათ? როგორი ჩრდილი ექნება ამ ტყეს?

 

 

 

10 წთ

მეთოდი: დამოუკიდებელი სამუშაო

 

აქტივობა #2.

ტექსტის გააზრება:

1.      როგორ ფიქრობთ, რატომ არ შრება ტბაში წყალი?  (მასში მუდმივად ჩაედინება მდინარეები, ნაკადულები და წვიმის წყალი).

2.      თქვენი აზრით, რატომ ჰქვია კასპიის ტბას კასპიის ზღვა-ტბა? (სიდიდის გამო).

3.      რით განსხვავდება წყალსაცავი ტბისგან? (წყალსაცავი ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი „ტბაა“).

4.      თქვენი აზრით, კიდევ რისთვის იყენებს ადამიანი ტბასა და წყალსაცავს?(ადამიანი წყალსაცავს იყენებს დასასვენებლად, ელექტროენერგიის მისაღებად და ა.შ. ტბას – დასასვენებლად, თევზის საჭერად და სხვა).

10 წთ

მეთოდი: შეკითხვებზე მუშაობა

აქტივობა #3.

ცხოველების ტყეში დაბინავება:

მასწავლებელი სვამს კითხვას: რა აკლია ამ ტყეს? – ტყეს აკლია ნადირი.

მოსწავლეებს ევალებათ გადაშალონ „მოსწავლის რვეული“ (გვ. 55, დანართი #8); ისინი მოძებნიან ტყის ბინადართა სურათებს. გამოჭრიან და დაამაგრებენ მათ მიერ შექმნილ ტყეში (კედელზე გაკრულ ფორმატზე).

სანამ ბავშვები იმუშავებენ, მასწავლებელი ფლომასტრით ტყესთან ახლოს დახატავს მდინარეს.

 

10 წთ

მეთოდი: დამოუკიდებელი სამუშაო

 

 

აქტივობა #3.

დამოუკიდებელი სამუშაო – ცხრილის შევსება:

მოსწავლეებს დაურიგდებათ თაბახის ფურცლებზე გამზადებული ცხრილი და უნდა შეავსონ. მათ ევალებათ საქართველოს რუკაზე (მოსწავლის წიგნი, დანართი #3, გვ. 157)  მოძებნონ ტბები და წყალსაცავები და შეავსონ ცხრილი.

 

10 წთ

მეთოდი: რუკაზე მუშაობა

 

აქტივობა 4.  წიგნზე მუშაობა:

შემდეგ მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს უპასუხონ კითხვას: რატომ ჩავხატე ჩვენს ტყეში მდინარე?

მასწავლებელი დაადასტურებს გამოთქმულ მოსაზრებას, რომ მდინარის წყლით ცხოველები წყურვილს იკლავენ. ზოგჯერ ტყიდან დიდი ნადირიც გამოდის და მდინარეს მიაშურებს ხოლმე. ამ დროს შველი და ირემი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა მტაცებელი ცხოველების საკბილო არ გახდნენ.

მოსწავლეები მასწავლებლის დავალებით კვლავ გადაშლიან წიგნებს  და აკვირდებიან მოცემულ ნახატს.

ü  რა მიგვანიშნებს, რომ ამ მდინარესთან უკვე ყოფილან ცხოველები?

ü  თქვენი აზრით რატომ გაჩნდა ეს ნაკვალევი?

ü  რომელი მიმართულებით მიდიოდა დათვი?

ü  ნელა მიდიოდა დათვი თუ ჩქარა? რატომ ფიქრობთ ასე?

ü  რომელი მიმართულებით მიდიოდა შველი? რატომ ფიქრობთ ასე?

ü  თქვენი აზრით, დათვი უფრო ადრე იყო მდინარეზე თუ შველი? რატომ ფიქრობთ ასე?

(ბავშვებმა დაკვირვების შედეგად სასურველია გამოიცნონ, რომ ნაფეხურები დარჩა სველ ქვიშაზე. დათვი მდინარეზე გადავიდა და წავიდა, მისი ნაფეხურები ერთმანეთთან ახლოსაა და თანაბრად დაშორებული – ე.ი. ნელა მიდიოდა. შვლის ნაკვალევი მოწმობს, რომ ის ფრთხილად მივიდა მდინარემდე, იქ მიბრუნდ-მობრუნდა – ალბათ საფრთხე იგრძნო და დიდი ნახტომებით, სწრაფად გავარდა უკან, ტყისკენ. როგორც ჩანს, შველმა წყალზე გადასული დათვის სუნი იგრძნო და გაიქცა. ე. ი. დათვი უფრო ადრე მისულა მდინარეზე).

10 წთ

მეთოდი: დისკუსია

 

აქტივობა 4. ვენის დიაგრამის შევსება:

მოსწავლეებს დაურიგდებათ თაბახის ფურცლებზე გამზადებული ვენის დიაგრამა. მათ ერთმანეთს უნდა შეადარონ ტბა და ზღვა, დაადგინონ მათ შორის მსგავსება-განსხვავება და შეავსონ სქემა.

 

10 წთ

მეთოდი: ვენის დიაგრამა

 

 

აქტივობა #5. გაკვეთილის შეჯამება და დავალების მიცემა:

მოსწავლეები გაკვეთილის შეჯამების მიზნით შეასრულებენ სახელმძღვანელოს 27-ე გვერდზე მოცემულ დავალებას – მოცემული სიტყვების გამოყენებით შეავსებენ წინადადებებს.

5 წთ

მეთოდი: საუბარი

აქტივობა #5. გაკვეთილის შეჯამება და დავალების მიცემა:

მოსწავლეები გაკვეთილის შეჯამების მიზნით შეასრულებენ მოსწავლის რვეულში 25-ე გვერდზე მოცემულ დავალებას – გადახაზავენ ზედმეტ სიტყვას.

 

5 წთ

მეთოდი: საუბარი

მოსალოდნელი პრობლემები და შესაძლო პრობლემის გადაჭრის გზები

 

მესამე კლასის მოსწავლეებს შესაძლოა გაუჭირდეთ რუკაზე დამოუკიდებლად მუშაობა–ტბებისა და წყალსაცავების მოძებნა. მასწავლებელი მათ განუმარტავს, რომ ტბები და წყალსაცავები რუკაზე აღნიშნულია ლურჯი ფერით და რამდენიმე მათგანს თვითონ მიანიშნებს.

 

სასწავლო რესურსები სახელმძღვანელო, მოსწავლის რვეული, თაბახის ფურცლები, თაბახის ფურცლებზე მომზადებული ვენის დიაგრამა, საქართველოს რუკა, ფანქრები, ფლომასტერები, მაკრატელი, წებო, ფორმატი, ცხოველთა ფოტოები.
შეფასება და თვითშეფასება ·         მასწავლებელი მეორე კლასის მოსწავლეებს შეაფასებს შეფასების სქემით; შეფასების საგანი იქნება დისკუსია.

·         მასწავლებელი მესამე კლასს შეაფასებს განმავითარებელი კომენტარით.

·         მასწავლებელი, გაკვეთილის დასრულების შემდეგ, საკუთარ თავს შეაფასებს თვითშეფასების სქემით.

 

 

დასკვნის სახით აღვნიშნავ, რომ კლას-კომპლექტში სწავლება შრომატევადი პროცესია. ის მასწავლებლისაგან განსაკუთრებულ პროფესიულ ოსტატობას, გაკვეთილის ზედმიწევნით დაგეგმვასა და დამატებით რესურსებს მოითხოვს. ამ ტიპის სწავლების პროცესის სირთულე მდგომარეობს შემდეგში:

  • მასწავლებელს სჭირდება ერთდროულად რამდენიმე გაორმაგებული გაკვეთილისთვის მომზადება და ყურადღების განაწილება მინიმუმ ორ კლასს შორის. კერძოდ, მან უნდა მოამზადოს გაკვეთილის გეგმა ორივე კლასისთვის გათვალისწინებულ 45 წუთიან დროზე.

 

  • გარდა ამისა, აუცილებლად აღსანიშნავია შემდეგი საკითხიც: საათობრივი ბადიდან გამომდინარე ერთ საგანს, კერძოდ, ქართულს დათმობილი აქვს კვირაში 6 საათი მესამე და მეოთხე კლასებისთვის ან 7 საათი პირველი და მეორე კლასებისთვის. ხოლო ბუნებისმეტყველებას 3 საათი მესამე კლასისთვის და 2 საათი პირველი, მეორე და მეოთხე კლასებისთვის. შესაბამისად, ხშირია შემთხვევა როდესაც ერთად ჯგუფდება განსხვავებული საგნები. კერძოდ, როდესაც, მაგალითად, პირველს აქვს ქართული, მესამეს კი –  ბუნება. ეს კი ნიშნავს, რომ გაკვეთილის გეგმა საკმაოდ მოქნილი უნდა იყოს.

 

  • ამასთან ერთად, როდესაც წყვილდება პირველი კლასი რომელიმესთან, გასათვალისწინებელია დროის ფაქტორიც. რადგანაც, პირველი კლასის გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთიანია. დარჩენილი 10 წუთის განმავლობაში უნდა დაკავდნენ არასტანდარტული აქტივობებით.

 

  • ასევე, სირთულეს იწვევს თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში მოსწავლეთა არათანაბარი რაოდენობაც. მაგალითად, მქონდა შემთხვევა, როცა პირველ კლასში იყო 1 მოსწავლე, მეორეში – 4; ან პირველში – 4, მესამეში  -1;  ანდა მეორეში  – 1, მესამეში – 3.  ამიტომაც, არ არსებობს ამგვარი კლასის მართვის, ორგანიზებისა თუ მეთოდების შერჩევის უნივერსალური ფორმა  და ის ყოველთვის ცვალებადია კონკრეტული კლასის  სტრუქტურიდან გამომდინარე.

 

თუმცა, მიუხედავად რიგი სირთულეებისა, კლას-კომპლექტს დადებითი მხარეებიც აქვს. რიგ სკოლებში კლას-კომპლექტების არსებობა მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენის და კეთილსაიმედო სასწავლო გარემოს შექმნის საშუალებას აძლევს. მაგალითად, მოსწავლეები უკეთ შეიმუშავებენ სწავლის გრაფიკსა და თავისებურებებს, ყალიბდებიან უფრო პასუხისმგებლობიან და დამოუკიდებელ მოსწავლეებად. ამასთანავე, კლას-კომპლექტში ნაკლებად ფორმალური და კეთილგანწყობილი გარემოა, ვიდრე ჩვეულებრივ საკლასო ოთახში. შესაბამისად, მოსწავლეები სწავლობენ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობას, უვითარდებათ ურთიერთდახმარებისა და ურთიერთსწავლების უნარები, რაც ჩვეულებრივ კლასებში რთულად მისაღწევი მიზანია. კლას-კომპლექტში სხვადასხვა ასაკის მოსწავლეების სწორი გადანაწილების შემთხვევაში, კლასით უფროსი მოსწავლეები ირგებენ მზრუნველი უფროსის, მასწავლებლის როლს, ხოლო დაბალი კლასის მოსწავლეებს საშუალება აქვთ, დააკვირდნენ უფროს თანაკლასელთა სამოდელო ქცევას.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
  2. http://mastsavlebeli.ge/uploads/resursebi/nino%20labartyava.pdf

 

 

ნინო დათუკიშვილი

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი