შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ნუ ვაქცევთ შეფასებას სასჯელად

ერთხელ მეექვსეკლასელ გიოსთან ჩემი შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და საყურადღებო დიალოგში გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მიერ მიწოდებულ ყველა დავალებას გიო დიდი წარმატებით ართმევდა თავს, მთელი შეხვედრის განმავლობაში ის საკუთარ თავში დაურწმუნებლობას ამჟღავნებდა, მიღწეულ წარმატებებს საკმაოდ არაადეკვატურად ხვდებოდა და მიმტკიცებდა, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითი იყო. იმის გასარკვევად უკავშირდებოდა თუ არა ბავშვის დაქვეითებული თვითშეფასება და საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობა სასწავლო წარუმატებლობებს, ასეთი შეკითხვა დავუსვი: „გიო, როგორ სწავლობ სკოლაში?“ „ისე რა!“ – მოკლედ და უხალისოდ მიპასუხა მან. „ისე რა, რას ნიშნავს? რა ნიშნებს იღებ ხოლმე?“ – არ ვეშვებოდი გიოს. „ათიანებს, ხანდახან ცხრიანებს და იშვიათად რვიანებსაც“, – დამიზუსტა პასუხი ბავშვმა. „კი, მაგრამ ათიანები, ცხრიანები და რვიანები ისე რა არის?!“ – ვერ დავმალე ჩემი გაოცება. „ეჰ, მე კი ვიცი, რომ არ არის, მაგრამ, აბა დედაჩემს ჰკითხეთ?! ათიანის გარდა, მისთვის სხვა ნიშანი არ არსებობს“, – სინანულით მიპასუხა ბავშვმა. როგორც ჩანს, დედის მუდმივმა უკმაყოფილებამ თავისებური გავლენა მოახდინა გიოს თვითშეფასებაზე. ბავშვი საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს უყენებდა საკუთარ თავს და სულ მცირე მარცხის შემთხვევაშიც კი კარგავდა საკუთარი ძალების რწმენას. ყოველივე აღნიშნული გიოს პიროვნების ფორმირების პროცესს არცთუ ისე სასურველი მიმართულებით წარმართავდა.

ბევრი პედაგოგისგან მსმენია, რომ ძალიან უჭირს ამა თუ იმ ბავშვისთვის დაბალი ნიშნის დაწერა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არასასურველი ნიშნის მიღების შემთხვევაში დედა მას სასტიკად სჯის. რამდენიმე დღის წინ მეხუთეკლასელი ნინი პანიკაში იყო ჩავარდნილი მათემატიკაში მიღებული 7 ქულის გამო. ის საშინლად წუხდა, ტიროდა და ნერვიულობდა იმის გამო, რომ დედა  დასჯიდა. მსგავსი შემთხვევები, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, არცთუ ისე იშვიათია. ხშირად, მშობელთა გაზრდილი მოთხოვნები და საკუთარი შვილის შესაძლებლობების  გაუთვალისწინებლობა სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება პედაგოგისთვის მოსწავლის სასწავლო მიღწევების შეფასების პროცესში.

ვფიქრობ, საკამათო არ უნდა იყოს, რომ სასწავლო პროცესი შეფასების გარეშე წარმოუდგენელია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის, როგორი ტიპის საგანმანათლებლო სისტემასთან გვექნება საქმე, შეფასებას სასწავლო პროცესში ვერავინ აუვლის გვერდს. ასე იყო წარსულში, ასეა დღეს და, დიდი ალბათობით,  ასე იქნება მომავალშიც. აღნიშნული გარემოება ნამდვილად არ არის შემთხვევითი, ვინაიდან შეფასებას სასწავლო პროცესში სრულიად განსაკუთრებული დანიშნულება აქვს არა მხოლოდ მოსწავლისთვის, არამედ მასწავლებლისა და მშობლისთვისაც.

მასწავლებლისგან მიღებული შეფასებები მოსწავლეს აძლევს ინფორმაციას საკუთარი მიღწევების შესახებ, ასევე იმის შესახებ, თუ რაზე უნდა გაამახვილოს მომავალში ყურადღება, რა არის მისი ძლიერი და სუსტი მხარე. შეფასებები მოსწავლეს თვითშეფასების ჩამოყალიბებაში ეხმარება. ძალიან ხშირად, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, მასწავლებლის მიერ ამა თუ იმ ბავშვის მიმართ გამოყენებული შეფასებები  პირდაპირ ახდენს გავლენას თანატოლთა წრეში ბავშვის სოციალურ სტატუსზე, ჯგუფში მის მდგომარეობაზე. პედაგოგის მხრიდან მიღებულმა შეფასებებმა შეიძლება ძალიან პოპულარული გახადოს ბავშვი თანატოლთა შორის, ან პირიქით – ხელი შეუწყოს მის არაპოპულარობასა და ჯგუფიდან გარიყვას. მსგავს გავლენას განიცდის ბავშვის თვითშეფასებაც მისი სასწავლო შედეგების შეფასების დროს. შეფასებითი ურთიერთობის პროცესში მოზარდს შეიძლება ჩამოუყალიბდეს მისი შესაძლებლობების ადეკვატური თვითშეფასება, ან პირიქით – სრულიად არაადეკვატური თვითშეფასება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლის სასწავლო მიღწევების შეფასება არა მხოლოდ სასწავლო პროცესის ეფექტიანად  წარმართვისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ სერიოზულ გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბების პროცესსა და ჯგუფში დამკვიდრებულ  ფსიქოლოგიურ კლიმატზე.

სასწავლო პროცესში გამოყენებული შეფასებები არანაკლებ მნიშვნელოვანია პედაგოგებისთვისაც. მოსწავლეთა მიღწევების შეფასება მასწავლებელს ეხმარება, ზუსტად განსაზღვროს ათვლის წერტილი და საჭიროებები სასწავლო პროცესში. აქედან გამომდინარე კი სწორად დაგეგმოს თავისი საქმიანობა და საგაკვეთილო პროცესიც უფრო ეფექტიანად და საინტერესოდ წარმართოს, რაც, თავის მხრივ, სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევის კარგი საშუალებაა პედაგოგისთვის. სასწავლო პროცესში გამოყენებულმა შეფასებებმა შეიძლება გარკვეული გავლენა მასწავლებლის თვითშეფასებასა და მოსწავლეებთან მის ურთიერთობაზეც იქონიოს. თუ პედაგოგს, მოზარდთა დაბალი მიღწევების გამო, ხშირად უწევს უარყოფითი შეფასებების გამოყენება, მას ან საკუთარი ძალების რწმენა და აქედან გამომდინარე, თვითშეფასებაც დაუქვეითდება, ან ის მოზარდთა დაბალ სასწავლო მოტივაციაზე დაიწყებს ლაპარაკს და შეეცდება ამით ახსნას საკუთარი მოსწავლეების დაბალი მიღწევები. ორივე შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობა გართულდეს, რაც, თავის მხრივ, სასიკეთოს არაფერს მოუტანს სკოლასა და სასწავლო პროცესს.

არანაკლები მნიშვნელობისაა მოსწავლეთა მიღწევების შეფასება მშობლებისთვის. მათ შეფასებები, ერთი მხრივ, იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით საჭიროებს დახმარებას მათი შვილი და რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მომავალში; მეორე მხრივ, მასწავლებელზე და  მის შესაძლებლობებზეც ქმნის გარკვეულ წარმოდგენას.

იმისათვის, რომ სასწავლო პროცესში გამოყენებულმა შეფასებამ თავისი როლი შეასრულოს და დადებითი შედეგები მოიტანოს, როგორც მოსწავლისათვის, ასევე პედაგოგისა და მშობლისთვისაც, აუცილებელია ყველა პედაგოგისთვის უკვე კარგად ცნობილი შეფასების პრინციპების (ობიექტურობა, სანდოობა, ვალიდურობა, გამჭვირვალობა) დაცვა. თუმცა, არის შემთხვევები, როცა აღნიშნული პრინციპების დაცვა არასაკმარისი აღმოჩნდება ხოლმე შეფასებით გამოწვეული სირთულეების თავიდან ასაცილებლად. ამაზე კარგად მეტყველებს სტატიის დასაწყისში  აღწერილი გიოს და ნინის შემთხვევა. აღნიშნული სიტუაციების ანალიზი მიგვანიშნებს, რომ მშობლებთან თანამშრომლობის გარეშე სასწავლო პროცესში შეფასების ეფექტურობაზე ვერ ვისაუბრებთ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ შეფასება მოსწავლისთვის სასჯელად, პედაგოგისთვის სატანჯველად, მშობლისთვის კი, სკოლასა და მასწავლებელზე შურისძიების იარაღად არ იქცეს, აუცილებელია, ერთი მხრივ, პედაგოგის მიერ შეფასების პრინციპების განუხრელი დაცვა და, მეორე მხრივ, მშობელთა ინფორმირება შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

ქეთევან ოსიაშვილი

19.03.2017.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი