სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

დიდი გამოძინება

ჩემი სიმამრისგან გამიგია: გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოა, ვაკის პარკში ეროვნული მოძრაობა დიდ მიტინგს მართავს. ტრიბუნაზეა გურამ პეტრიაშვილი.

– ხალხო, იცით თქვენ რა არის დამოუკიდებლობა?! – მშვიდად, სვენებით ამბობს გამომსვლელი, მრავალათასიან მიტინგს გასცქერის და ხმას უმაღლებს, – თბილისის „დინამო“ კი არ იქნება ქვეყნის მთავარი გუნდი, ჩვენი ეროვნული ნაკრები გვეყოლება და მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებთ.

ხალხი ტაშითა და ოვაციით ხვდება, მაგრამ ბევრს უკვირს, ბევრსაც ეღიმება, ეტყობა ბოლომდე მაინც ვერ წარმოუდგენიათ, რომ დამოუკიდებლობას ასეთი შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

– უფრო მეტიც, – განაგრძობს გამომსვლელი, – დაინიშნება რეისი თბილისი-პარიზი. ჩავჯდები თვითმფრინავში, ჩავალ პარიზში და სასტუმროში კარგად გამოვიძინებ.

მოდით, იმას თავი გავანებოთ, რომ ამ მიტინგზე მყოფთა დიდი ნაწილისთვის (მიუხედავად მათი ეროვნული მოძრაობისადმი მხურვალე მხარდაჭერისა) აუხდენელ ამბად და გულუბრყვილო ოცნებად მოჩანდა რეისი თბილისი-პარიზი – მაშინ ხომ ყველა გზა მოსკოვზე და მოსკოვის ნებართვით გადიოდა.

ამ ამბავში თქვენი არ ვიცი და, მე პირადად ყველაზე მეტად ის „გამოძინება“ მომწონს. რატომ? ახლავე ავსხნი.

დამოუკიდებლობა ერთდროულად პროცესიც არის და შედეგიც. საიდანღაც იწყება ათვლის წერტილი. ჯერ მონობიდან თავისუფლებისკენ სვლის ძნელი გზაა, შემდეგ ერთმანეთს ემატება დიდი და პატარა შედეგები, სხვადასხვა თაობის წარმატება თუ მარცხი. ბრძოლაც არის და შრომაც. ბრძოლა იმიტომ, რომ შრომას დაედოს ფასი; შრომა იმიტომ, რომ მარტო ბრძოლამაც არ გადაგვიყოლოს.

მაგრამ ბრძოლაშიც და შრომაშიც იღლება ადამიანი. ყოველდღიურ ხეთქებაში, დაჭიმულობაში მყოფი ვერ იგებს, როგორ ეცლება ძალა, როგორ ითანგება – ფუჭდება ერთი სიტყვით. ვერ ხვდება, რა უნდა, რისი მაქნისია, საერთოდ რას წარმოადგენს.

მიღწევას შენარჩუნება უნდა, მაგრამ სანამ მიღწეულის შენარჩუნებას ეცდები, კარგად უნდა გამოიძინო. ძალების აღდგენა? – კი ბატონო! დაძაბულობისა და ემოციებისგან დაცლა? – ეგეც. სიმშვიდისა და საღი აზროვნების უნარის დაბრუნება? – ეგ მით უმეტეს. ყველაფერი ის, რასაც უქმეებზე აკეთებს მთელი კვირა აუტანელ რიტმში ჩაბმული სამყარო, რომ მოეშვას და განიტვირთოს.

გურამ პეტრიაშვილისთვის არასდროს მიკითხავს, თვითონ რას გულისხმობდა „გამოძინებაში“, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს – მათ თაობას, დამოუკიდებლობამოპოვებული ქვეყნის სათავეში მოსულ ხალხს მაინც არავინ დაანება დასვენება, გამოძინება, თავისუფალი ქვეყნით ტკბობა. ის ენერგია, რომელიც სახელმწიფოს შენებისთვის უნდა დახარჯულიყო, იარაღით ჩაახშვეს ან მოისყიდეს ანაც ემიგრაციული დეპრესიისთვის გასწირეს…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გმირი თუ დამნაშავე

ენა, რიტუალი, კერძი

 ესკიზები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი