პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ენერგიის ალტერნატიული წყაროები

დღესდღეობით მსოფლიოში ეკონომიკის სხვადასხვა დარგში უფრო და უფრო მეტად იყენებენ ენერგიის არატრადიციულ ანუ ალტერნატიულ წყაროებს. ენერგიის ალტერნატიული წყარო უნდა იყოს განახლებადი, ნაკლებად აბინძურებდეს გარემოს და, რაც მთავარია, აგვარებდეს საწვავის პრობლემას, ამიტომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა გარემოსდაცვითი და ამოწურვადი რესურსების შენარჩუნების მიზნით დიდ ყურადღებას აქცევს მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული ენერგიის გამოყენებას.
2012 წლის მონაცემებით, ალტერნატიული ენერგეტიკული ტექნოლოგიების მიხედვით შემდეგი ქვეყნები ლიდერობენ:
მზის ენერგიის გამოყენება პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში სცადეს. პირველი ჰელიოსადგურიც 1984 წელს აშენდა. დედამიწა 500-ჯერ მეტ ენერგიას იღებს მზისგან, ვიდრე მთელი მსოფლიოს ენერგოსისტემებში გამოიყენება.
მზის ელექტროენერგიისა და სითბოს ძირითადი უპირატესობებია: იმპორტირებულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება, ენერგომომარაგების ნაირსახეობის გაუმჯობესება, დეფიციტური ბუნებრივი რესურსების დაზოგვა, CO2-ის გამოყოფის შემცირება ძალზე დაბალი ხარჯის საფუძველზე, ურბანული დაბინძურების შემცირება, ენერგიის ულევი და მყისიერი წყაროს არსებობა, ასევე – ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და ეკონომიკის სტიმულირება.
საქართველოს უმეტეს რაიონებში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-დან 280 დღემდე მერყეობს. ქვეყნის ტერიტორიაზე მზის წლიური ჯამური ენერგია რეგიონების მიხედვით 1 კვ. მ ფართობზე 1250-1800 კვტ საათია, ხოლო საშუალო ენერგია იმავე 1 კვ. მ ფართობზე დღეში 4,2 კვტ საათს უტოლდება. ანუ, თეორიულად, ერთი საშუალო ოჯახისთვის საკმარის ენერგიას მზე დედამიწის 1,5-2,0 კვ. მ ფართობზე აფრქვევს.
მარტივი გათვლები ადასტურებს, რომ თუ აშენდა 140-150 კვ. კმ ფართობის ჰელიოსადგური (თბილისის ტერიტორია 350 კვ. კმ-ს შეადგენს), მიღებული ელექტროენერგია მთლიანად დააკმაყოფილებს ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნას. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთი საქართველო გაცილებით მზიანია, ვიდრე დასავლეთი. გასული საუკუნის მიწურულს საქართველოში ფართოდ გავრცელდა მზის ენერგიაზე მომუშავე თბომომარაგების სისტემები.
მზის ენერგია საქართველოში შესაძლებლობას იძლევა, მივიღოთ 40-500C ტემპერატურის წყალი. საქართველოს მთაგორიან ადგილებში მდებარე, ძნელად მისასვლელი და მცირედ დასახლებული სოფლების, გეოლოგიური პარტიების, მწყემსების სადგომების, სამთამადნო სამუშაოების, სამხედრო-საველე პირობების, კავშირგაბმულობის (სატელეკომუნიკაციო) სარეტრანსლაციო სადგურების, საავარიო სიტუაციების ენერგიით მომარაგების ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს მზის ენერგიის გარდამქმნელები.
ქარის ენერგიას მექანიკური ენერგიის მისაღებად კაცობრიობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთააღრიცხვამდე იყენებდა, ხოლო ელექტროენერგიის მისაღებად მისი გამოყენება XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო.
მსოფლიო ეკონომიკურად ეფექტური ქარის პოტენციალი 72000 გვტ-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება თანამედროვე მოთხოვნებს. ეკონომიკურად ეფექტურად ითვლება ქეს-ების (ქარის ელექტროსადგურები) გამოყენება, როდესაც ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 50 მ სიმაღლეზე 6,4 მ/წმ-ის ტოლია.
ქარის ენერგიის დადებითი მხარეები
* არის ენერგიის განახლებადი წყარო;
* არ აბინძურებს გარემოს სათბური აირებით;
* ამცირებს იმპორტირებულ ორგანულ სათბობზე დამოკიდებულებას;
* ამაღლებს ენერგოუსაფრთხოების დონეს;
* იაფია (უკუგების პერიოდის შემდეგ);
* ქმნის კონკურენციას ენერგოპროდუქტებზე.
თუმცა ქარის ენერგიას უარყოფითი მხარეებიც აქვს: ქეს-ი მოითხოვს დიდ ფართობს, საფრთხეს უქმნის გადამფრენ ფრინველებს, გამოსცემს ვიბრაციას და ხმაურს.
ქარის ენერგეტიკას ამჟამად აქვს ყველაზე კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ტექნოლოგია. მეცნიერთა შეფასებით, ქარის ელექტროსადგურების წილი მსოფლიო ენერგეტიკაში 2025 წლისთვის 10%-ს მიაღწევს.
საქართველოში ქარის სრული თეორიული ენერგოპოტენციალი შეადგენს 1300 მლრდ კვტ. საათს, მაშინ როდესაც საქართველოს მდინარეების სრული თეორიული ენერგოპოტენციალი 135 მლრდ კვტ. საათია. აღსანიშნავია, რომ ქარის ენერგიის უდიდესი წილი მოდის ზამთრის იმ თვეებზე, როდესაც ჰიდროელექტროსადგურები წყლის რესურსების დეფიციტს განიცდის.
ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით საქართველოს ტერიტორია ოთხ ზონადაა
დაყოფილი:
1. მაღალი სიჩქარეების ზონა – სამხრეთი საქართველოს მთიანეთი, კახაბერის ვაკე და კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილი; სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა – 5 000 საათზე მეტი წელიწადში;
2. ნაწილობრივ მაღალსიჩქარიანი და დაბალსიჩქარიანი ზონა – მტკვრის ხეობა მცხეთიდან რუსთავამდე, ჯავახეთის სამხრეთი ნაწილი, შავი ზღვის სანაპირო ზოლი ფოთიდან კახაბერის ვაკემდე; სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა – წელიწადში 4500-5000 საათი;
3. დაბალსიჩქარიანი ქედების ეფექტიანი ექსპლუატაციის ზონა – გაგრის ქედი, კოლხეთის დაბლობი და აღმოსავლეთი საქართველოს დაბლობები;
4. დაბალსიჩქარიანი ქედების შეზღუდული გამოყენების ზონა – იორის ზეგანი და სიონის წყალსაცავი.
საქართველოს ტერიტორიის დანარჩენი ნაწილის ქედები ქარის ელექტროსადგურების ექსპლუატაციისთვის არ გამოდგება.
კვლევამ გამოავლინა ქარის ეფექტური ელექტროსადგურების პერსპექტიული მშენებლობის რამდენიმე მოედანი, მათ შორის:
გეოთერმული ელექტროსადგურები ფუნქციობს ისლანდიაში, იტალიაში, ესპანეთში, ახალ ზელანდიაში, რუსეთსა და იაპონიაში.
პირველი მცირე სიმძლავრის გეოთერმული სადგური 1904 წელს აშენდა იტალიის პატარა ქალაქ ლარდერელოში.
ჩვენი ქვეყნის გეოთერმული წყლების საერთო რეზერვი დღეში 160 000 კუბურ მეტრს აღემატება. ამ რესურსების 8% ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, თუმცა გეოთერმული ველები სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშიც გვხვდება. ქვეყნის მასშტაბით 44 საბადოში არსებული გეოთერმული წყლის რესურსები 206 ჭისა და ოთხი წყაროს საშუალებით გამოედინება. მათი ტემპერატურა 30-დან 110 გრადუს ცელსიუსამდეა. ქვეყნის გეოთერმული რესურსები მაღალი ხარისხისაა, შეიცავს გახსნილი მარილების მინიმალურ რაოდენობას, რაც გამოყენების პროცესში ამცირებს სკალირებას. ამჟამად საქართველოში გეოთერმულ ენერგიას იყენებენ პირდაპირი გათბობისთვის, სათევზე გუბურის გათბობისთვის, სამრეწველო აპლიკაციებისა და სათბურების გასათბობად.
ალტერნატიულ წყაროდ შეიძლება ჩაითვალოს ბიოგაზი. ბიოენერგია ბიომასის ხრწნის შედეგად მიღებული ენერგიაა. ბიოენერგიის მიღება შეიძლება ტემპერატურის, წნევისა და მოცულობის მუდმივობის პირობებში.
მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობის, ტყეებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი კლიმატის წყალობით საქართველოს აქვს ბიომასური ენერგოსადგურების შექმნის უდიდესი პოტენციალი, განსაკუთრებით – გათბობისა და ცხელი წყლის მისაღებად. ბიომასა სოფლად ენერგომომარაგების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ მიიჩნევა და ძალზე პერსპექტიულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის მთელი ტერიტორიის 40% ტყეებითაა დაფარული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი