ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პიტერ გრეი: ბავშვობის კულტურა, რომელიც ჩვენ თითქმის გავანადგურეთ (ნაწილი პირველი)

ბავშვები ყველაზე ღირებულ გაკვეთილებს სხვა ბავშვებთან ერთად, მოზრდილებისგან მოშორებით, სწავლობენ.

გთავაზობთ ამერიკელი მეცნიერის, ბოსტონის კოლეჯის ფსიქოლოგიის პროფესორის, ევოლუციური განვითარებისა და განათლების ფსიქოლოგიის მკვლევრის, დოქტორ პიტერ გრეის ნარკვევს ბავშვობისა და ბავშვების სამყაროს შესახებ. დოქტორ გრეის კვლევა, ძირითადად, ბავშვების განათლებისა და განვითარების ბუნებრივი გზების შესწავლას ეხება.

დოქტორი პიტერ გრეი: „არ მინდა ბავშვების ცხოვრებაში მოზრდილების როლის გაუფასურება, მაგრამ თუ სიმართლის მხარეს დავდგებით, ჩვენ, ზრდასრული ადამიანები, უმეტესწილად ვაზვიადებთ ჩვენს როლს ბავშვების განვითარების პროცესში. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ხედვა და დამოკიდებულება ბავშვების გაზრდის, სოციალიზაციისა და განათლების შესახებ „ზრდასრულ-ცენტრისტულია“ (ინგლის. „adult-centric”), თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ვართ ბავშვების ცხოვრებაში. ბავშვებს ჩვენ ვჭირდებით. ჩვენ მათ ვკვებავთ, ვმოსავთ, ვუზრუნველყოფთ თავშესაფრით  და ვზრუნავთ მათზე. ჩვენ მათ ვუჩვენებთ მაგალითს (რომელიც ყოველთვის არ არის საუკეთესო), თუ რას ნიშნავს იყო ზრდასრული ადამიანი. ამავე დროს, ვფიქრობ რომ იმის თქმა, რომ ჩვენ მათ ვზრდით, ვაძლევთ განათლებას თუ საზოგადოებაში ცხოვრების წესებს ვასწავლით, გადაჭარბებულია. ამ ყველაფერს, რაც ჩამოვთვალე, ბავშვები თვითონვე ითვისებენ და სწავლობენ და ამ პროცესში ისინი ბევრად უფრო მეტს იღებენ და სწავლობენ სხვა ბავშვებისგან, ვიდრე ჩვენგან, დიდებისგან. თუ წარმოვიდგენთ, რომ „ბავშვთა ფსიქოლოგები“  მართლაც ბავშვი ფსიქოლოგები იქნებოდნენ, მაშინ თეორიები ბავშვების ფსიქოლოგიაზე უფრო თანატოლების შესახებ იქნებოდა, ვიდრე მშობლებზე.

ბავშვები ბიოლოგიურად არიან მომართულნი იმისთვის, რომ ბავშვების კულტურულ გარემოში გაიზარდონ.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რამდენად წააგავს თქვენი ბავშვების გემოვნება (ტანსაცმელში, მუსიკაში, მეტყველების მანერაში, ჰობიში და თითქმის ყველაფერ დანარჩენში) სხვა ბავშვებისას? თუ – დიახ, მიხვდებით რომ ამ მიდრეკილებებს და ღირებულებებს ცოტა რამ აქვთ საერთო იმასთან, რაც ჩვენ, მოზრდილებს მოგვწონს, ან რასაც ჩვენ ვაკეთებთ. როგორც ზემოთ გითხარით, ბავშვები ბიოლოგიურად არიან შექმნილნი ისე, რომ მეტი ყურადღება დაუთმონ სხვა ბავშვების ცხოვრებასა და საქციელს, რათა შეძლონ ამ სხვა ბავშვებთან ურთიერთობა და მათზე, ასე ვთქვათ, „მორგება“. მათ სურთ იმის კეთება, რასაც სხვა ბავშვები აკეთებენ, უნდათ იცოდნენ ის, რაც სხვებმა იციან. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ეს ყოველთვის იყო ის გზა, რომლის მეშვეობითაც ბავშვები სწავლობდნენ, მიუხედავად ჩვენი მცდარი მცდელობებისა, განათლების საქმე ზრდასრულ ადამიანებს დავავალოთ.

ყველგან, დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭულში, სადაც ანთროპოლოგებმა ტრადიციული კულტურები შეისწავლეს და სადაც მათი კვლევა ზრდასრულ ადამიანებთან ერთად, ბავშვებსაც ეხებოდა, მათ ნახეს, რომ აკვირდებოდნენ ორ კულტურას: მოზრდილების და ბავშვების კულტურებს. ეს ორი კულტურა, რა თქმა უნდა, სრულიად დამოუკიდებელია ერთმანეთისგან, მაგრამ ისინი ურთიერთქმედებენ და ერთმანეთზე გავლენას ახდენენ. ბავშვები, როდესაც ისინი ზრდასრულ ასაკს მიაღწევენ, თანდათან ტოვებენ თავიან ბავშვურ კულტურას და შედიან მოზრდილთა კულტურაში, მოწიფულთა სამყაროში. ბავშვების კულტურა, შეიძლება გაგებულ იქნას (ყოველ შემთხვევაში, ცოტათი მაინც) როგორც „ვარჯიშის“, „მომზადების“ ან „სწავლების“ კულტურა, რომელშიც ისინი სწავლობენ ყოფას, ცხოვრებას, ამ ცხოვრების თუ ქცევის ცვლილებას და „მოზრდილთა“ კულტურისთვის დამახასიათებელი უნარებისა და ღირებულებების შეთვისებას.

„ბავშვების კულტურის“ შესახებ სერიოზულად დავფიქრდი მაშინ, როდესაც დავინტერესდი მონადირე-შემგროვებელთა ერთობებით. იმ ანთროპოლოგების ნაშრომებისა და კვლევების შედეგების შესწავლისას, რომლებიც მონადირე-შემგროვებლებთან ერთად ცხოვრობდნენ, აღმოვაჩინე, რომ ამ საზოგადოებების ბავშვები – დაახლოებით ოთხიდან თორმეტი-ცამეტი წლის ასაკამდე – მთელ თავიან დროს (ძილის გარდა) თამაშში და მათი საცხოვრებელი გარემოს შესწავლა-გამოკვლევაში ატარებენ სხვა ბავშვებთან ერთად, ზრდასრული ადამიანების გარეშე (გრეი, 2012).

როგორც წესი, ბავშვები შერეული ასაკის ბავშვების ჯგუფებში თამაშობენ, რომლის დროსაც მცირე ასაკის პატარები ბაძავენ და სწავლობენ უფრო დიდი ბავშვებისგან. ეს დადასტურდა სხვა ანთროპოლოგების გამოკვლევებითაც, რომლებიც სხვა ტიპის ტრადიციულ კულტურებს სწავლობდნენ – იქაც, ბავშვებისთვის სოციალიზაციისა და განვითარების მთავარი საშუალება სხვა ბავშვებთან ერთად (სხვადასხვა ასაკის) ყოფნა და თამაში გახლდათ (Lancy et al, 2010; Eibl-Eibesfeldt, 1989).

ჯუდით ჰარისმა (1998), ასეთი კვლევის გარშემო გამართული დისკუსიის დროს, ძალიან კარგად თქვა: „ბავშვის გაზრდას მთელი სოფელი სჭირდება“ – ეს სრული სიმართლეა, თუ ამას არადასავლურ ინტერპრეტაციას მივცემთ. მისი სიტყვებით, „მთელი სოფელი სჭირდება“ იმას კი არ ნიშნავს, რომ სოფლის უხუცესები, თავიანთი მსჯელობის შემდეგ, ბავშვებს მცდარი გზიდან ჭეშმარიტ გზაზე  „აბრუნებენ“, არამედ იმას, რომ სოფელში ყოველთვის არის ბავშვების ის რაოდენობა, რომელიც საკმარისია სათამაშოდ საჭირო ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად“.

 

ეს დადასტურდა ჩემი პერსონალური ისტორიითაც, რომელიც ძალიან წააგავს ტრადიციული თემების გამოცდილებას – ჩემი ბავშვობისას, მინესოტაში და ვისკონსინში, მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, ჩვენ დავდიოდით სკოლაში (და მაშინ ეს ისეთი მნიშვნელოვანი ამბავი არ გახლდათ, როგორც ეს დღესაა), ვმღეროდით სასიმღერო გუნდში, ზოგიერთ ჩვენგანს დროებითი სამუშაოც კი ჰქონდა, მაგრამ, ჩვენი ბავშვობის დროის უდიდეს ნაწილს, ჩვენ სხვა ბავშვებთან ერთად ვატარებდით, მოზრდილებისგან მოშორებით.

ჩემი ოჯახი ხშირად გადადიოდა ერთი ადგილიდან მეორეზე და ყოველ ახალ სოფელსა თუ ქალაქში, რომელშიც ცხოვრება გვიწევდა, სხვადასხვა სახის, ერთმანეთისგან რაღაცით განსხვავებულ „საბავშვო კულტურას“ აღმოვაჩენდი ხოლმე. ეს განსხვავებები გამოიხატებოდა სხვა თამაშებში, სხვა ტრადიციებში, განსხვავებულ ღირებულებებში, დამეგობრების სხვანაირ წესებში. სადაც არ გადავსულვართ, ჩემი პირველი დიდი ამოცანა გახლდათ შემესწავლა ის კულტურა, რომელიც ჩემს ახალ მეგობრებს ჰქონდათ და ეს აუცილებელი იყო, რათა მეც იმ კულტურის ნაწილი გავმხდარიყავი.

მე, ბუნებით საკმაოდ მორცხვი ბავშვი ვიყავი, რაც (ახლა ასე მგონია) გარკვეულწილად უპირატესობა გახლდათ, რადგან ეს მიცავდა უხეში შეცდომებისგან და სულელად წარმოჩენისგან,  „ახალ“ ბავშვებთან ურთიერთობისას. მე ვაკვირდებოდი, ვსწავლობდი, ვავარჯიშებდი იმ ჩვევებსა და უნარებს, რომლებიც მნიშვნელოვნად მეჩვენა ჩემს ახალ მეგობრებთან ყოფნისას და მხოლოდ ამის შემდეგ, სიფრთხილით შევდიოდი მათ წრეში, თამაშებში და შემდეგ ვუმეგობრდებოდი მათ. მე-20 საუკუნის შუა პერიოდში ბევრმა მკვლევარმა გამოიკვლია და ჩაწერა „საბავშვო კულტურების“ თავისებურებები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში (Opie & Opie, 1969).

ბავშვები ცხოვრების უმთავრეს გაკვეთილებს თანატოლებისგან სწავლობენ და არა უფროსებისგან.

რატომ ხდება, რომ ბუნებრივი შერჩევის გზაზე ბავშვებს ასეთი დიდი მიზიდულობა აქვთ სხვა ბავშვებისადმი და რატომ სურთ მათთან ერთად დროის უდიდესი ნაწილის გატარება? მხოლოდ მცირედი რეფლექსიით, თავისუფლად არის შესაძლებელი ამ მიზეზების გააზრება. არსებობს უამრავი ღირებული გაკვეთილი, რომლებსაც ბავშვები თანატოლებთან ურთიერთქმედებით შეისწავლიან, მოზრდილების ჩარევისა თუ გავლენს გარეშე. თან, ეს ის გაკვეთილებია, რომელთა შესწავლას ისინი ვერ შეძლებენ ან თითქმის ვერ შეძლებენ ზრდასრული ადამიანებისგან.

 

ავთენტური, ჭეშმარიტი კომუნკაცია, პირობითობების გარეშე.

ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენად მართალია ეს ტრადიციული კულტურებისთვის, მაგრამ ჩვენს დასავლურ ცივილიზაციაში ზრდასრულ ადამიანებს ბავშვებისადმი აშკარად გამოხატული შემწყნარებლობა ახასიათებთ.

მოგიყვანთ ერთ მაგალითს: წარმოიდგინეთ, რომ ზრდასრული ადამიანი ოთხი წლის ბავშვს ეკითხება: „ეს რა ფერია?“ და თითით წითელ სათამაშო სახანძრო მანქანაზე მიუთითებს. ეს არ გახლავთ გულწრფელი შეკითხვა. იგი არაგულწრფელია, თუ ეს მოზრდილი ბრმა, ან დალტონიკი არ არის. შეკითხვისას, მოზრდილმა იცის, რა ფერზე ეკითხება ბავშვს. ბავშვი, ასეთ სულელურ შეკითხვას არასოდეს დასვამს. ნებისმიერი კითხვა, რომელსაც მასწავლებელი ბავშვებს უსვამს, არაგულწრფელია თავისი შინაარსით – მასწავლებელმა გადასარევად იცის პასუხი დასმულ შეკითხვაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შეკითხვა კი არა – ტესტია, ანუ მასწავლებელი ბავშვს გამოცდას უწყობს!

კიდევ ერთი მაგალითი: წარმოიდგინეთ ზრდასრული ადამიანი, რომელიც ამბობს შემდეგს: „ოჰ, რა ლამაზია! რა კარგი მხატვარი ხარ!“ და ამ დროს მოზრდილი უყურებს ბავშვის ფურცელზე ნაჯღაბნს. ბავშვები ერთმანეთს არასოდეს აქებენ ტყუილად. მაშინაც კი, როდესაც ბავშვები უკვე გაიზრდებიან, მოზრდილები ცდილობენ ჩაითრიონ ბავშვები ამგვარ საქციელში, რომელსაც ბავშვები ან მოზარდები ერთგვარ იდიოტებად გამოჰყავს. მათი საქციელი თუ კომენტარები, უფრო ხშირად იმისკენ არის მიმართული, რომ ბავშვებს თითქოს რაიმე შეასწავლონ, ან როგორმე აკონტროლონ ისინი და მათი პასუხები. ეს კი სრულიად გამორიცხავს ბავშვებთან გულწრფელ ურთიერთობას, იდეების გაზიარებას ან ბავშვის იდეის შინაარსის წვდომას.

ბავშვები ერთმანეთთან კავშირს უმეტესწილად თამაშის დროს ან თამაშის კონტექსტში ამყარებენ და ამ დროს, მათ შორის კომუნიკაციას რეალური, ნამდვილი მნიშვნელობა აქვს. ისინი თანხმდებიან, რა და როგორ ითამაშონ; განიხილავენ თამაშის წესებს; აწარმოებენ მოლაპარაკებებს დეტალებზე, მსგავსად ზრდასრული ადამიანებისა. ეს ბევრად უკეთესი პრაქტიკაა სამომავლო, ზრდასრული ცხოვრებისათვის, ვიდრე ის „საუბრები“ რომლებიც ბავშვებს ზრდასრულებთან აქვთ ხოლმე.

ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში (ე.წ. „თინეიჯერები“) ბავშვების ურთიერთობები და კომუნიკაცია უფრო მეტად იმ ემოციებსა და წინააღმდეგობებს შეეხება, რაც ამ ასაკისთვისაა დამახასიათებელი. ისინი შეიძლება გულწრფელი იყვნენ თანატოლებთან და მეგობრებთან, რადგან მეგობრები (მშობლებისგან განსხვავებით) ადეკვატურად მიიღებენ მათ ნათქვამს და არ შეეცდებიან მათ გაკონტროლებას, რაც სრულიად მოსალოდნელია ოჯახის ზრდასრული წევრებისგან.

მოზარდებს აინტერესებთ იმ თემებზე საუბარი, რომლებიც მნიშვნელოვანია მოცემულ ასაკში მათ ცხოვრებაში. მაგრამ მათ სრულიად არ სურთ ეს თემები ვინმემ მათი დამორჩილებისა თუ სუბორდინაციისთვის გამოიყენოს. ისინი გასაგები მიზეზების გამო ენდობიან მეგობრებს და არ ენდობიან მშობლებსა თუ მასწავლებლებს.

დამოუკიდებლობა და სიმამაცე

ბავშვობის მდგომარეობაში მოზარდი ადამიანის მთავარი მიზანია გათავისუფლდეს მშობლებზე დამოკიდებულებისგან და იპოვოს თავი, როგორც დამოუკიდებელმა პიროვნებამ. უკვე ორი წლის ასაკშიც კი – „საშინელი ორი წლის ასაკი“ – როდესაც ბავშვის საყვარელი სიტყვაა „არა“ – ბავშვები უკვე დამოუკიდებლობის გზას ადგანან. ჩვეულებრივ, დაახლოებით ოთხი წლის ასაკისათვის ან ოდნავ გვიან, ბავშვებს უკვე სურთ მშობლებისგან და სხვა მოზრდილებისგან მოცილება და დროის სხვა ბავშვებთან გატარება; სურთ იქ, სადაც მათ შეუძლიათ იყონ ისეთნი, როგორებიც მშობლებთან ან სხვა მოზრდილებთან, ვერ იქნებიან.

ბავშვების კულტურა, ხშირად ყალიბდება როგორც ოპოზიციური, „მოზრდილთა კულტურისადმი“ და ხშირად ეს წინასწარი განზრახვით და შესაბამისი ადაპტაციით ხდება. თვით მცირე ასაკის ბავშვებიც კი, იწყებენ უშვერი, „აკრძალული“ სიტყვების გამოყენებას, მოზრდილთა დიქტატის საწინააღმდეგოდ.

ბავშვებს მოსწონთ „დიდების” დამცინავად წარმოდგენა და მათთვის დადგენილი წესების დარღვევა. მაგალითად, როდესაც სკოლა კრძალავს სათამაშო იარაღის სკოლაში წაღებას, ბავშვები იწყებენ ასეთი სათამაშოების, პლასტმასის პისტოლეტების თუ  დანების გაკვეთილზე ტარებას, რათა უჩვენონ მეგობრებს, როგორ დაარღვიეს მოზრდილების გამოგონილი „უაზრო“ წესები (Corsaso & Eder, 1990).

ანთროპოლოგი კოლინ თურნბული (1982) აღნიშნავს, რომ ბავშვები მონადირე-შემგროვებლების კულტურებში, თვითონ აშენებენ სათამაშო ქოხებსა და სახლებს, საცხოვრებელი ბანაკისგან მოშორებით. ამ „სათამაშო“ სოფლებში ისინი უამრავ დროს ატარებენ, კომიკურად წარმოადგენენ მოზრდილებს, მათ შეცდომებსა და მოგონილ წესებს. ზრდასრულ ადამიანებთან ადაპტირებისთვის ბავშვებმა აუცილებელია მშობლებისგან და სხვა ზრდასრულებისგან ისწავლონ არა მხოლოდ კარგი, არამედ განსაჯონ და გადახარშონ დიდების ცუდიც. ამის კეთება კი მათ მოზრდილების თანდასწრებით შეზღუდული აქვთ.

მოზრდილებისგან  დამოუკიდებლობის „მოპოვების“ შემადგენელი ნაწილია სიმამაცეც – სიმამაცე, რომელიც ადამიანს სჭირდება პრობლემებთან, მოულოდნელობებთან და სხვა გამოწვევებთან გასამკლავებლად. ეს ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მოზრდილების თვალთახედვიდან მოშორებით, ბავშვების სათამაშო ჯგუფებში, ბავშვები ისეთ თამაშებში ერთვებიან, რომლებიც მოზრდილთა აზრით საშიში და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და რომლებიც შეიძლება ბავშვებს აუკრძალონ. ამ დროს ბავშვები თამაშობენ ბასრი დანებით, ცოცავენ ხეებზე და აგულიანებენ ერთმანეთს უფრო მაღლა ასასვლელად.

მცირე ასაკის ბავშვები, თავიანთ მოგონილ ფანტაზიურ თამაშებში თავებს წარმოიდგენენ ტროლების, ჯადოქრების, ურჩხულების, მგლებისა და სხვა მტაცებლებისა თუ მკვლელების სამყაროში. ყველა ასეთი თამაში, მიმართულია შიშის მართვის შესწავლისკენ, რომელიც კრიტიკული მნიშვნელობის უნარია ადამიანის ცხოვრებაში. უნარი, რომელიც ადამიანს ასწავლის, როგორ დარჩეს ცოცხალი და როგორ გადარჩეს გააზრებული, მოსალოდნელი და შესაძლებელი ხიფათის დროს.

ბავშვები ერთმანეთთან თამაშისას თვითონვე ქმნიან აქტივობებს და საკუთარი ძალებით წყვეტენ პრობლემებს, რომლებიც თამაშშია გათვალისწინებული. ნაცვლად იმისა, რომ ამ ბარიერებს თუ გამოწვევებს ვინმე სხვა, ძლიერი და მფარველი გადაუწყვეტთ. ეს, მოზრდილებისგან მოშორებით თამაშის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული დანიშნულებაა. ასეთი თამაშის დროს, ისინი მოქმედებენ როგორც მოზრდილები, რადგან იმ მომენტში იქ დიდები არ არიან.

ასეთი თამაში წარმოადგენს ბავშვების ვარჯიშს, მომზადებას ზრდასრულობისთვის. მოზრდილები კი, თუ ამ დროს ისინი თამაშში შემოიჭრებიან ან ჩაერევიან,  ჩვეულებრივ, აფუჭებენ თამაშს და მათი დახმარების მცდელობაც ფუჭია.

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

 

სტატია მოამზადა და თარგმნა ლევან ალფაიძემ

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი