პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მსოფლიოს ჩანჩქერები

ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩანჩქერი ერთ-ერთი ულამაზესი ბუნებრივი მოვლენაა. დედამიწაზე ბევრი ჩანჩქერია, რომლებიც ერთმანეთისგან სიმაღლით, სიგანით, მდებარეობითა თუ სხვა მაჩვენებლით განსხვავდება.
ჩვენი პლანეტის ჩანჩქერებს შორის ჩანჩქერი ვიქტორია თავისი სილამაზით გამოირჩევა. იგი აფრიკის სიგრძით მეოთხე მდინარე ზამბეზზე მდებარეობს, რომელიც ამავე დროს ბუნებრივი საზღვარს წარმოადგენს ზამბიასაა და ზიმბაბვეს შორის.

ჩანჩქერის სიგანე 1800 მ-ია და 120 მ. სიმაღლიდან ვარდება 30 მ. სიგანის ბატოკის ხეობაში. ვიქტორია ერთადერთი ჩანჩქერია დედამიწაზე, რომლის სიმაღლე 100 მეტრზე, ხოლო სიგანე – 1 კმ-ზე მეტია. წყლის ვარდნისას წარმოქმნილი ხმაური თითქმის 40 კმ-ის მანძილზე ისმის. წყალდიდობის დროს წყლის ნაკადის სიმძლავრე ნახევარ მილიონ ლიტრ წყალს აღწევს წუთში, ხოლო წყლის დონე ჩანჩქერის ხეობაში აპრილში მაქსიმალურ და ოქტომბერში მინიმალურ ნაკადებს შორის 20 მ-ით იცვლება.

ჩანჩქერი ერთდროულად აფრიკის ორი ეროვნული პარკის – ”ხმაურიანი კვამლი” («Mosi-oa-Tunya») ზამბიასა და ”ჩანჩქერი ვიქტორია” (Victoria Falls) ზიმბაბვეში მდებარეობს. ჩანჩქერის ხეობაზე გადის თაღის ფორმის საავტომობილო ხიდი, რომლის სიგრძე 250 მ-ია ხოლო სიმაღლე 125 მ.
ჩანჩქერი შოტლანდიელმა მისიონერმა და აფრიკის გამოჩენილმა მკვლევარმა დევიდ ლივინგსტონმა (1813-1873 წ.) აღმოაჩინეს და სახელი ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას საპატივსაცემოდ უწოდეს. ადგილობრივი მცხოვრებლები ჩანჩქერს მოზი-ოა-ტუნიას უწოდებენ, რაც ნიშნავს ”კვამლი, რომელიც ხმაურობს”.

მოგზაური ჩანჩქერის შესახებ წერდა: ”ვერავინ ნახავს ამნაირ სილამაზეს ინგლისში. ეს მშვენიერება არცერთ ევროპელს არასდროს უნახავს. ამ ულამაზეს ადგილებს, ალბათ მხოლოდ ანგელოზები ხედავდნენ ფრენისას”. ჩანჩქერი ასევე აღწერილი აქვთ პორტუგალიელ სერპა პინტუს, ჩეხ ემილ გოლუბს, ბრიტანელ მხატვარს ფომა ბენს. 1905 წელს ამ რეგიონში რკინიგზა იქნა გაყვანილი და ჩანჩქერის მნახველთა მსურველმა ევროპელებმაც იმატეს. დღეს ჩანჩქერი ვიქტორია სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობაა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული.

ნიაგარას ჩანჩქერი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ღირშესანიშნაობაა. იგი ერისა და ონტარიოს ტბების დამაკავშირებელ მდინარე ნიაგარაზე მდებარეობს ქ. ბუფალოდან 30 კმ-ის დაშორებით. ნიაგარას სიგანე 670 მ-ია და იგი 53 მ. სიმაღლიდან ვარდება. ჩანჩქერის სახელი აქ მცხოვრები ინდიელების – იროკეზების ენიდან მომდინარეობს და ”მგვრგვინავ წყალს” ნიშნავს. ნიაგარა რამდენიმე ათასი წლის წინ წარმოიქმნა.

ნიაგარა ჩანჩქერების კომპლექსია, რომელთა საერთო სიგანე ჯამში 1 კმ-ზე მეტია. ჰოუტის კუნძული მდინარეს ორ ტოტად ჰყოფს და, შესაბამისად, ჩანჩქერიც ამერიკულ და კანადურ ნაწილებად იყოფა. მდინარის ორივე – ამერიკულ და კანადურ ნაპირას კი ერთი და იმავე – ნიგარა-ფოლის – სახელწოდების ქალაქები მდებარეობს.
პირველი ელექტროსადგური ნიაგარაზე ჯერ კიდევ 1881 წელს აშენდა. მან რამდენჯერმე განიცადა მოდერნიზაცია, 1951 წლამდე წარმატებით ფუნქციონირებდა და მეწყერის შედეგად გამოვიდა მწყობრიდან. 1961 წლიდან კი მუშაობა ახალმა ჰესმა დაიწყო.

ნიაგარას ჩანჩქერს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. მათ განკარგულებაშია საბაგირო გზა, გასაჩერებელი მოედნები და კოშკები, გზები და გალერეები ქვეითად მოსიარულეებისთვის, ექსკურსიები ვერტმფრენით და საჰაერო ბუშტითაც კი. ზაფხულში ღამღამობით ნიაგარას სხვადასხვა ფერის პროჟექტორებით ანათებენ და ულამაზესი სანახაობა იქმნება.

ნიაგარას ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიას დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს და იგი ნიუ-იორკის შტატის ყველაზე ძველი ნაკრძალია, რომელიც 1885 წელს შეიქმნა.

ნიაგარაზე ორჯერ მაღალი და განიერია ჩანჩქერი იგუასუ, რომელიც არგენტინა- ბრაზილიის საზღვარზე, მდინარე იგუასუზე მდებარეობს. იგი ცხენის ნალის ფორმის მსგავსი 275 კასკადისგან შედგება. წვიმების სეზონზე – ნოემბერ-მარტში მდინარეში წყლის ნაკადი წამში 13 000 კუბ. მ-ს აღწევს და ჩანჩქერის სიდიადეც ნათლად ჩანს. 269 ფუნტის სიმაღლიდან ვარდნილი წყალი, ირგვლივ მდებარე ტროპიკული ტყეები და ხელშეუხებელი ბუნება – ასეთია იგუასუ, და ამიტომაც ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ჩანჩქერად.
ჩანჩქერის სახელი გუარანების ენიდან მომდინარეობს და ”დიდ წყალს” ნიშნავს. იგუასუ პირველად 1541 წელს ესპანელმა მოგზაურმა ალვარ ნუნიეზ კაბეზა დე ვაკამ იხილა.
იგუასუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული.
მართალია, ჩანჩქერი ანხელი ისეთი თვალწარმტაცი არაა, როგორც ვიქტორია, იგუასუ ან ნიაგარა, სამაგიეროდ იგი ყველაზე მაღალია მსოფლიოში: მისი წყლის ნაკადი თითქმის 979 მ სიმაღლიდან ვარდება.
ანხელის ჩანჩქერი (Angel Falls), ანუ ანხელის სალტო (Salto Angel) ვენესუელის ტროპიკულ ტყეებში, კანაიმას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. წყალი მწვერვალ აუიანტეპუიდან (ქართულად ”ეშმაკის მთა”) ვარდება მდინარე კერეპში.

ჩანჩქერი პირველად 1910 წელს ესპანელმა მოგზაურმა ერნესტო სანჩეს ლა კრუსმა აღმოაჩინა, თუმცა მთელი მსოფლიოსთვის ოფიციალურად ცნობილი ამერიკელი პილოტისა და ოქროს მაძიებლის ჯეიმს კროფორდ ენჯელის აღმოჩენის შემდეგ გახდა. სწორედ მის სახელი ეწოდა ჩანჩქერს.

ჩანჩქერამდე მისასვლელი გზა საკმაოდ რთულია: ტროპიკული გაუვალი ტყეები, ვარდნილი წყლის ჭავლისგან წარმოქმნილი და რამდენიმე კმ-ზე გავრცელებული ნისლი, ასევე უგზოობა მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორებია. ანხელამდე მიღწევა მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით ან მდინარის საშუალებითაა შესაძლებელი, თუმცა, როგორც ამბობენ, ამ სილამაზის ნახვა ნადვილად ღირს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი