პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

აგრესიულობა ბავშვებში

ვფიქრობ, აგრესიულობა დღეს არავისთვის უცხო არ არის. თითქმის ყოველდღიურად და ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიძლება წავაწყდეთ ადამიანებში აგრესიულ ქცევით გამოვლინებებს. თითქოს ამაში არც არაფერია გასაკვირი, აგრესიულობა ხომ ადამიანური ბუნების ნაწილია, მაგრამ ბავშვების ასეთი ქცევა მშობლებს, როგორც წესი, პანიკაში აგდებს და ისინი ყველანაირად ცდილობენ, ჩაახშონ მათში ეს „სამარცხვინო“ ქცევითი მახასიათებელი. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ აგრესიული ქცევა შინაგანი პრობლემების გარე გამოვლენაა, ის ემოციური არაკეთილდღეობის ერთ-ერთი სიმპტომია. ამიტომ ქცევის კორექცია და აგრესიულობის დაძლევა აუცილებლად საჭიროებს მისი გამომწვევი მიზეზების გარკვევას.

ბავშვის აგრესიულობის მიზეზები:

  • მშობლების მიერ ბავშვის მიუღებლობა – აგრესიულობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მშობლების მიერ ბავშვის მიუღებლობაა. შემთხვევითი არ არის, რომ აგრესიულ გამოვლინებებს ძალიან ხშირად არასასურველ ბავშვებში ვხვდებით. არის შემთხვევები, როცა ქალი მზად არ არის დედობისთვის და არც სურვილი აქვს შვილის ყოლის, ან ორი შვილი უკვე ჰყავს და მესამე აღარ სურს. მუცლადმყოფი ბავშვის მოცილება კი, სამედიცინო თვალსაზრისით, შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს მის სიცოცხლეს. ამიტომ ის იძულებით აჩენს ბავშვს. მიუხედავად იმისა, რომ მომავალში შეიძლება მშობლებმა პირდაპირ არ უთხრან ბავშვს, რომ მისი დაბადება არ სურდათ, ის მაინც იღებს ინფორმაციას ამის შესახებ მათი ჟესტებიდან, ინტონაციიდან, მიმიკიდან. ასეთი ბავშვები ცდილობენ ნებისმიერი ხერხით დაამტკიცონ, რომ მათ აქვთ „არსებობის“ უფლება, რომ ისინი კარგები არიან, ცდილობენ მოიპოვონ მათთვის ასეთი აუცილებელი რამ – მშობლების სიყვარული. და, როგორც წესი, ისინი ამას საკმაოდ აგრესიულად აკეთებენ;
  • გულგრილობა, ან მტრული დამოკიდებულება მშობლების მხრიდან – ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ბავშვები, რომელთა მშობლები გულგრილნი არიან მათ მიმართ. ასეთ ბავშვებს უყალიბდებათ ისეთი წარმოდგენა, თითქოს გარემომცველი სამყარო მტრული და აგრესიულია მათ მიმართ. გარშემომყოფთა ქცევაზე მათი რეაქცია, როგორც წესი, აგრესიულ ხასიათს ატარებს;
  • ემოციური კავშირების რღვევა ოჯახში – ბავშვში მომატებული აგრესიულობის მიზეზი შეიძლება იყოს დადებითი ემოციური კავშირების რღვევა, როგორც მშობელსა და ბავშვს შორის, ასევე თვითონ მშობლებს შორის. როცა მეუღლეები მუდმივად კონფლიქტში არიან და ჩხუბობენ, ცხოვრება მათ ოჯახში მიძინებულ ვულკანზე ყოფნას წააგავს. ასეთი ოჯახი ბავშვისთვის სატანჯველად იქცევა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მშობლები შვილს ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად იყენებენ. ხშირად ასეთი ბავშვები ოჯახურ გარემოში დაგროვილ აგრესიას უცხო ადამიანებთან ავლენენ;
  • ბავშვის პიროვნების უპატივცემულობა – ბავშვის აგრესიულ რეაქციებს შეიძლება იწვევდეს მისი ქცევის არაკორექტული და უტაქტო კრიტიკა, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი შენიშვნები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ამას უცხო ადამიანების თანდასწრებით იღებს. გარდა იმისა, რომ უფროსების ასეთი დამოკიდებულება ბავშვში აგრესიულობის მიზეზი ხდება, მას შეიძლება გაუჩნდეს საკუთარ თავში და საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობის გრძნობა;
  • ზედმეტი კონტროლი ან სრული უკონტროლობა – ბავშვის ქცევის უზომო კონტროლი არანაკლებ საზიანოა, ვიდრე მისი სრული უკონტროლობა. გვხვდებიან მშობლები, რომლებიც ცდილობენ მართონ საკუთარი შვილი, დათრგუნონ მისი ნებელობა, არ დაუშვან მისი პირადი ინიციატივის გამოვლენა და არ მისცენ მას შესაძლებლობა იყოს ის, რაც არის. ისინი ბავშვებში სიყვარულზე მეტად შიშს იწვევენ. ასეთი აღზრდის შედეგი, როგორც წესი, არის გარშემომყოფებზე მიმართული „დაჩაგრული“ ბავშვის აგრესიული ქცევა. მისი აგრესია შენიღბული პროტესტია არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ, აკრძალვებთან დაკავშირებით მისი უკმაყოფილების გამოხატვაა. ბავშვი ცდილობს დაიცვას თავი, თავისი „მე“ და თავდაცვის ფორმად თავდასხმას ირჩევს. სამყაროს მიმართ მას უჩნდება უნდობლობა და თავს იცავს მაშინაც კი, როცა არავინ არც კი ფიქრობს მასზე თავდასხმას;
  • არასაკმარისი ყურადღება ან, პირიქით, ყურადღების სიჭარბე მშობლების მხრიდან – თუ ბავშვი ოჯახში საყოველთაო ყურადღების ობიექტად არის ქცეული და მის ყოველ მოთხოვნას უსიტყვოდ და უპრობლემოდ ასრულებენ, მას უჩნდება განცდა, რომ ის განსაკუთრებული და განუმეორებელი არსებაა, რომელსაც ყველა უნდა ემსახუროს. მაგრამ, თუ მოხდა სასწაული და მას რაიმე სურვილი ვერ შეუსრულეს, იწყება აგრესიული აფეთქება, რომლის ჩახშობა მშობლებს ძალიან უჭირთ. სრულიად საწინააღმდეგო ბუნება აქვს აგრესიის აღმოცენებას მუდმივად დაკავებული მშობლების შვილებში. მათი აგრესია არის მშობლების ყურადღების მიპყრობის საუკეთესო საშუალება. ისინი მოქმედებენ პრინციპით – „უკეთესია მლანძღონ, მისაყვედურონ, ვიდრე საერთოდ ვერ შემამჩნიონ“;
  • ფიზიკური აქტივობის აკრძალვა – ხშირად ბავშვის აგრესიული ქცევა უფროსების აკრძალვებით არის პროვოცირებული. თუ ბავშვმა მთელი დღის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი ემოციების ღიად გამოხატვა, ფიზიკური განმუხტვა, ის მას აუცილებლად აგრესიით გამოავლენს. მისი აგრესია განპირობებული იქნება დაგროვილი მოჭარბებული ენერგიით, რომელსაც უკვალოდ გაქრობა არ შეუძლია. თუ მშობელი სახლში დაღლილი ბრუნდება და ბავშვს განძრევის საშუალებას არ აძლევს იმ მოტივით, რომ მას დასვენება ესაჭიროება, ის არა მარტო აგრესიული გახდება, არამედ სრულიად უმართავიც და ყველაფერი არაკონტროლირებადი, ხანგრძლივი ისტერიკით დასრულდება. ბავშვის ქცევის ძირითადი კანონია ის, რომ მისმა ენერგიამ აუცილებლად უნდა იპოვოს გამოსავალი. ამიტომ, მას უნდა ჰქონდეს, როგორც თავისუფლად სირბილის, თამაშის, ფიზიკური ენერგიის დახარჯვის, ასევე ემოციების თავისუფლად გამოვლენის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აგრესიული ქცევა მისი მხრიდან, ადრე თუ გვიან, გარდაუვალი იქნება;
  • საფრთხის ქვეცნობიერი მოლოდინი – თუ დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, დაცულად ვერ გრძნობს თავს, მუდმივად შფოთავს და წუხს საკუთარი თავისა და შვილის გამო, მისი შეგრძნებები, როგორც წესი, გადაეცემა მუცლადმყოფ ბავშვს, რომელსაც დაბადების შემდეგ, დიდი ალბათობით, ქვეცნობიერად მუდმივად ექნება მოსალოდნელი საფრთხის შიში, თავდასხმის მოლოდინი, ყველაფერში დაინახავს პოტენციურ საფრთხეს და მისგან თავის დაცვას აგრესიული ქმედებებით შეეცდება;
  • ტელევიზორი, ფილმები ძალადობაზე, სისასტიკეზე, აგრესიის მატარებელი კომპიუტერული თამაშები ბავშვებში აგრესიის ხელშემწყობი სერიოზული მიზეზია. თუ ბავშვი მუდმივად დაკავებულია ისეთი მულტფილმების, ფილმების ყურებით,  სადაც ხედავს ბევრ სისხლს, ჩხუბს, მკვლელობას და ეს აღიქმება, როგორც ქცევის ნორმა, სერიოზულად მახინჯდება მისი ფსიქიკა. ის საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს „სუპერ-გმირთან“ და ბაძავს მას. ძალადობის მომცველი სატელევიზიო გადაცემების ყურებამ ასევე მნიშვნელოვნად გაზარდა აგრესიულობა ბავშვებში. ასეთი გადაცემები და ფილმები განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს სუსტი ნერვული სისტემის მქონე ბავშვებზე, რომლებიც ადვილად ექვემდებარებიან შთაგონებას.

       რეკომენდაციები ბავშვის აგრესიულობის დასაძლევად:

  • ბავშვის აგრესიაზე ჩვენი ქცევა არ უნდა იყოს ზედმეტად ემოციური. ამან შეიძლება მხოლოდ განამტკიცოს აგრესიული ქცევა;
  • ვერიდოთ მორალისა და ლექციების კითხვას. რაც უფრო რთულად და დიდხანს ავუხსნით ბავშვს, რომ ის არ არის მართალი, მით უფრო ნაკლები იქნება შანსი, რომ ის ნათქვამს გაიგებს. ასეთ დროს ის თავადაც შეშინებულია და ზედმეტი საუბრები მას კიდევ უფრო აშინებს;
  • ჩვენ მიერ მიწოდებული ინსტრუქციები და რჩევები უნდა იყოს მარტივი, ცხადი, ნათელი და ადვილად აღსაქმელი;
  • ნუ ვუპასუხებთ ბავშვის აგრესიას აგრესიით. წინააღმდეგ შემთხვევაში ის იფიქრებს, რომ მსგავს სიტუაციებში მთავარი ძალაა;
  • შევეცადოთ ვაკონტროლოთ საკუთარი ქცევა. თუ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში თავად ვავლენთ აგრესიას, ჩვენთან ურთიერთობაში მყოფ ბავშვს გაუჭირდება აგრესიულ ჩვევებზე უარის თქმა, რადგან ჩვენი ქმედებით მას ცუდი ქცევის მაგალითს ვაძლევთ;
  • განვავითაროთ აგრესიულ ბავშვებში ემპათიის გრძნობა, სხვების თანაგრძნობის, თანაგანცდის უნარი;
  • ვასწავლოთ ბავშვს თავის ქცევაზე პასუხისმგებლობის აღება, რათა სხვას არ გადააბრალოს დანაშაული;
  • ნუ ავუკრძალავთ ბავშვს უარყოფითი ემოციების გამოვლენას;
  • დავეხმაროთ ადეკვატურად შეაფასოს, როგორც საკუთარი ემოციური მდგომარეობა, ასევე თავისი „მსხვერპლის“ მდგომარეობაც;
  • მივიღოთ ბავშვი და გვიყვარდეს ის ისეთი, როგორიც არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვები საჭიროებენ აგრესიულობის კორექციას, რადგანაც ის ამახინჯებს მათ წარმოდგენას რეალობაზე, აიძულებს დაინახონ მხოლოდ მტრობა გარემომცველ სამყაროში. ბავშვის აგრესიულობისგან განთავისუფლების საუკეთესო გზას კი მისთვის თბილი, გულისხმიერი, სიყვარულით სავსე გარემო წარმოადგენს.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი