ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

პოეზიის აფთიაქი: როგორ შევავსოთ სიცარიელე?

პოეზიის აფთიაქს  საგაზაფხულოდ ბევრმა მოაკითხა უცნაური ჩივილებით…. ანამნეზების განხილვისა და ანალიზის შემდეგ ეს დაავადება აღიწერება, როგორც თავსდატეხილი სიცარიელის გრძნობა. ალბათ ყველას გეცნობათ ეს სიმპტომები: გაგიცვდათ გრძნობები, აზრები, შეგრძნებები, დაცარიელდა ყველა სიტყვა და მათ დაკარგეს მნიშვნელობები… ლექსიკონებში თუ ჩახედავთ, იქ „მნიშვნელობათა სასაფლაოზე“ მათ გასწვრივ ყველაფერი წერია, მაგრამ ეს არაფერს არ შველის. სწორედ ამ დროს აცნობიერებს ენის მომხმარებელი, რამდენად განსხვავებულია ენის სიცოცხლე სხვადასხვა ადამიანის ხელში… (ხელში, გულში, ცხოვრებაში…) გამოდის, რომ რამდენი ადამიანიცაა, იმდენი სამყაროა და ენაც იმდენია. სწორედ ამიტომ ენა გაუგებრობის წყარო ხშირად გამხდარა. ისეც ხდება, რომ ადამიანები ერთსა და იმავე აზრს განსხვავებულად გამოთქვამენ, მაგრამ ერთსა და იმავეს გულისხმობენ, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებენ და იწყებენ კამათს.

მოკლედ, დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს სამყაროსავით ძველ და გაზაფხულზე გაღვიძებულ დაავადებას: სიცარიელის მძაფრ შეგრძნებას. სწორედ ახლა წავიკითხე ერთი სტატუსი ფეისბუკზე: სტუდენტი გოგონა ჩიოდა: რომ დაცარიელდა, გარეთ გასვლაც არ უნდა, მოწყენილია, სევდაც შემოაწვა… მოკლედ, ვერაფერს გრძნობს… გავიხედე და ამ სტატუსზე მოწონებებმა თვალდახელშუა დაიწყო მატება და კომენტარებში: -ვაიმე, მეც ეგრე ვარ…. – მეც…მეც… – იმედია, მალე გაივლის, – ალბათ გაზაფხულის ბრალია და ასე შემდეგ.

პირევლი რჩევა, რაც ამ დროს შეიძლება მისცე ადამიანს, ის არის, რომ ის მარტო არ არის… ეს უკვე გაიგო, მაგრამ ეს ნამდვილად ვერაფერს უშველის… მეორე ნუგეშად შევარჩიე ახალგაზრდა პოეტის, გიორგი შონიას ლექსი უნუგეშო სიცარიელეზე. ეს ლექსი რას გიშველით…? მე ხომ არ მითქვამს, რომ გიშველით… უფრო პირიქით, კიდევ უფრო გაგიმძაფრებთ სიცარიელის შეგრძნებას და დაიწყებთ ფიქრს: საიდან მოდის თქვენი სიცარიელე? წინსწრებულად გეტყვით, რომ ყველა სიცარიელე ეგზისტენციალურია, თქვენ რაღაც ამოწურეთ და აღარ შეგიძლიათ იმ ღირებულებებით გააგრძელოთ ცხოვრება, რომლებიც აქამდე გქონდათ… რაღაც უნდა შეიცვალოს, სწორედ ამიტომ გაჩნდა დიდი სიცარიელე, როგორც ნაპრალი… ის ან გშთანთქავთ და ჩაგიყოლებთ (ვერ დაგიმალავთ), ან კიდევ…. მიჰყევით რჩევებს.

გიორგი შონიას ლექსი კი ასე ჟღერს:

მე ვწერ ცარიელი თავით,

ცარიელია ყველა ჩემი სიტყვა,

ცარიელია ჩემი გრძნობები,

ამიტომ გატყუებ, როცა გეუბნები,

რომ მიყვარხარ.

რადგან ვგრძნობ, რომ სრულიად ცარიელი ვარ.

ეს ლექსიც ცარიელია,

ეს ლექსის ფიტულია,

რომელიც ტივტივებს ყოველდღიური

იმედგაცრუებების თავზე.

ზეცაც ცარიელია

და მასში ღმერთის ძიება უშედეგოა,

ახლა ღმერთიც ცარიელია

და, რა თქმა უნდა,

მისადმი აღვლენილი ყველა ლოცვაც ცარიელია….

ამდენი სიცარიელის შემდეგ ავტორი ფრიად საყურადღებო და მეტაფორულ აბს გთავაზობთ.:

და მე გეუბნები შენ,

სიცარიელე შევავსოთ, როგორც კროსვორდი.

გესმით? კითხვა: თუ როგორ უნდა შეავსოთ კროსვორდი, არ მიიღება.  მე არ ვიცი, თქვენ როგორი კროსვორდის შევსება გიყვართ და არც ის, შეგივსიათ თუ არა ოდესმე კროსვორდი, მაგრამ მეტაფორისთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ ერთი საღამო უნდა მიუძღვნათ ფიქრს: როგორ უნდა შეავსოთ სიცარიელე, როგორც კროსვორდი. ამაში ვერავინ დაგეხმარებათ… თითოეულის პასუხი უნიკალურია და მეორეზე არ მოქმედებს. ამ ლექსის გაგრძელებაც შეგიძლიათ წაიკითხოთ და გაიგოთ, თავად გიორგი შონია როგორ ავსებს ამ კროსვორდს, მაგრამ არ გირჩევთ, მაინც არ გამოგადგებათ…

არსებობს სიცარიელის სხვა, განსაკუთრებული შემთხვევაც, როცა შეყვარებული ხარ და ისეთი შეყვარებული ხარ, არ გყოფნის არც საკუთარი თავი, არც შეყვარებული და არც სამყარო… რაღაც სამყაროს გაფართოებასავით დაგემართა, თითქოს უცებ სინგულარობა დაკარგე… ამას ისიც ემატება, რომ შეყვარებული წავიდა შენგან და მისი სიცარიელეც შენთან დარჩა… ზიხარ და ფიქრობ ზუსატად ისე, როგორც პოეტი დათო ყანჩაშვილი:

ის კი არ მიყვარს – შენში რაც არის,

ის მიყვარს შენში, რაც არ არის,

რაც უნდა იყოს,

შენში – ეს ჩემთვის განკუთვნილი სიცარიელე,

შესავსებად რომ დამიტოვე….

ამ სტრიქონებშიც ავტორი გრძნობს სიცარიელის შევსების აუცილებლობას და უფრო მიზანსწარფულიც არის, რადგან თუმცა მტკივნეულია, მაგრამ მაინც  უყვარს ახალი სიცარიელეები, დაცლილი სულის ხელახალი ავსება, გაფართოება….

ამ ლექსის აბის მიღების შემდეგ თქვენც უკვე რწმენით აღივსებით რაღაც ძალიან სასიამოვნოსა და დიადის მოლოდინში, რადგან, როგორც ჩანს, პოეტმა დათო ყანჩაშვილმა კარგად იცის ეს პროცესი და ახალ ლეველზეა გადასული  სიცარიელეების ათვისებაში. თქვენ კი მხოლოდ თქვენს სიცრიელეზე წუწუნებთ…

სინამდვილეში რაც ხდება ამ დროს თქვენს ცნობიერებაში, ფიზიკის ენით აგიხსნით, რადგან ფიზიკის კანონებიც ისე ვრცელდება ლინგვისტიკაზე და თქვენს სამყაროზე, როგორც თავად ლინგვისტიკის კანონები და ისინი, ზოგ შემთხვევაში, იდენტურიცაა. მაგალითად, დაძველდა და გამოიფიტა სამყარო, ამოწურა თავისი შესაძლებლობები და რა ემართება ასეთ სამყაროს? იშლება, ინგრევა, ნადგურდება… მეტაფორულად ხომ ხშირად ამბობთ: ჩემი სამყარო, შენი სამყარო, მისი სამყარო…? ანუ არსებობს განსხვავებული შინაგანი და ფიზიკური სამყაროებიც და მათ ერთნაირი თავგადასავალი აქვთ. ენაც ცალკე სამყაროა, თქვენს სამყაროზე მორგებული… და როცა ენა ვეღარ გამოგხატავთ, რადგან გაცვდნენ და დაძველდნენ სიტყვები, ამოაშრეს ყველა ლექსიკონის ყველა შესაძლებლობა და თქვენ მიერ მინიჭებული შესაძლებლობებიც, მაშინ ერთადერთი გამოსავალია, რომ ყველაფერი ჩამოიშალოს და დაინგრეს…. ცნობიერებეში ამ ნგრევის შემდეგ დაისდგურებს სიცარიელე, რომელიც ჯერ შეიკუმშება და ისე მოხდება, რომ ყველა სიტყვა ჩაიტვირთება მხოლოდ ერთ სიტყვაში, როგორც დაიწყო თავიდან… პირველად როცა სიტყვა იყო (კი, მხოლოდ ერთი სიტყვა, ერთი იდეა იყო), მერე დაიწყება ახალი სამყაროს შექმნა, როდესაც ეს სიტყვა დაიწყებს გაფართოებას და დაიშლება მრავალ სიტყვად… მანამდე კი აგერ პოეტ პაატა შამუგიას პოემიდან „დაუჯდომელი“ ერთ ფრამენტს შემოგთავაზებთ:

„და როცა რომელიმე სიტყვა მიაღწევს გამოხატვის მაქსიმალურ სიღრმეს,

მაშინ სამყარო დაიცლება მნიშვნელობებისგან

და იქნება დიდი სიცარიელე,

სადაც მხოლოდ ერთი სიტყვა ილივლივებს,

რომლითაც ყველაფერი აღინიშნება, განიმარტება და გაისხიპება,

დავარქვათ მას ღმერთი.

ცა იქნება ღმერთი,

მზე იქნება ღმერთი,

დრო იქნება ღმერთი,

„მე შენ მიყვარხარ“ იქნება ღმერთი….

პაატა შამუგიას პოეზიის აბი გასწავლით, როგორ და რატომ იშლება და როგორ იქმნება ახალი სამყარო, როგორ იქცევა ათასი ერთად და ერთი – ათასად…

ფიზიკოსები და ლირიკოსები თვლიან, რომ სიცარიელე, ვაკუუმი – არასდროს არ არის აბსოლუტური სიცარიელე. ამგვარი სიცარიელე არის შესაძლებლობების ველი, რადგან მასში ჯერ კიდევ არ არის ნაწილაკები, მატერიალიზებული მოვლენები, თუმცა კვანტური განუსაზღვრელობის პრინციპის მიხედვით, მასში უამრავი შესაძლებლობის ვირტუალური ანალოგია. სიცარიელის შევსება, ანუ ახალი სამყაროს დაბადება სიცარიელისგან ანუ არაფრისგან, შემოქმედის აქტია და შემოქმედებითი ფაქტია. და რას მოჰყავს მოძრაობაში ქაოსი, რომლითაც სიცარიელეა გაჯერებული? რა თქმა უნდა, შემოქმედის ძლიერ რწმენას და ნებას… და როცა ჩამოყალიბდებით, როგორი ახალი სამყაროს დაბადება გსურთ თქვენს სიცარიელეში, მაშინ მე გეტყვით: იყოს ნება თქვენი…!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი