შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ფეხბურთი კონფლიქტის ზონაში

შუაში პატარა ხევია, სადაც ზაფხულობით წყალი შრება ხოლმე და უწყლოდ დარჩენილი ბაყაყების ყიყინი აყრუებს მიდამოს. ხევის იქით მავთულხლართებია გაბმული. მავთულხლართებთან სულ ახლოს კი რუსების საგუშაგოა მოწყობილი. საგუშაგოზე დღეც და ღამეც ანთია უზარმაზარი პროჟექტორი, რომელიც ბინდისას ისეა გაკაშკაშებული, თითქოს ამით გეუბნებიან, მოგვიახლოვდები და…

ხევის აქეთ ყანებია. უფრო სწორად ნაყანებები, რადგან რუსების შიშით ბოლო რამდენიმე წელია გლეხები ამ ადგილებში ხორბლის დათესვას ერიდებიან. ამით ყველაზე კარგად სოფლელმა ბიჭებმა იხეირეს, რომლებსაც ერთ-ერთ ნაყანებში, ზედ რუსების საგუშაგოს პირდაპირ სწორ, ვაკე ადგილას ფეხბურთის სტადიონი მოიწყვეს და ყოველ საღამოს აგორებენ ბურთს. ძელებად თავიდან დიდი ქვები ჰქონდათ დაწყობილი, მერე მობეზრდათ იმაზე ჩხუბი, დარტყმული ბურთები გადიოდა თუ არა კარში და ჭალაში მოჭრილი გრძელი სარებით საფეხბურთო კარებების მსგავსი აჯღაბუჯღები შეაკოწიწეს. ომის მერე ნაპოვნი ტანკის შესანიღბი შალითა დაჭრეს და კარს უკან “ბადეებიც” გააკეთეს და აბა მეტი რაღა უნდა უნდოდეს ბიჭს, რომელიც დღისით ბაღსა და ვენახში ეხმარება მამას, საღამოს კი მისი ერთადერთი გასართობი ფეხბურთის თამაშია…

თავიდან მშობლები ბიჭებს ძალიან უშლიდნენ რუსების საგუშაგოსთან ასე ახლოს ფეხბურთის თამაშს. ზოგიერთებს სახლიდან არც კი უშვებდნენ მიტოვებული ყანებისაკენ, მაგრამ ბავშვი იმის ბავშვია, რომ ხან გაიპარება, ხან შეგეხვეწება, ხან გაძვრება და მაინც იმას გააკეთებს, რაც მოუწადინებია. ცელქობის გამო ბავშვის მიტყეპვა მაინცდამაინც კარგი საქციელი რომ არაა – ეს თქვენც კარგად იცით.

ყველაზე ცუდი ამბავი მაშინ ხდებოდა, თუკი თამაშის დროს ცუდად დარტყმული ბურთი ხევში ჩაუვარდებოდათ. ხევის წყალი დამშრალიც რომ ყოფილიყო, ეს პატარა კანიონი ეკლებითა და ძეძვიანი ბუჩქებით იყო სავსე და იქიდან ბურთის ამოტანა მინიმუმ გასისხლიანებულ ფეხებად ფასობდა. ამიტომ ბურთი მას მოჰქონდა, ვინც გადააგდებდა და იყო ერთი ხვეწნა-მუდარა თუ დაძალება – არა შენ ჩადი არა შენო.

ამ ყველაფერს რუსი ჯარისკაცები თითქმის ყოველდღე უყურებდნენ, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას არასოდეს აქცევდნენ. ერთი-ორჯერ კი დაუძახეს ბიჭებს – ხმამაღლა ნუ ყვირით, “გლავნი აფიცერი” ისვენებსო. ეს იყო და ეს.

ერთ საღამოს კი, როდესაც სოფლის ბავშვები ფეხბურთის სათამაშოდ ხევის პირას იკრიბებოდნენ, აღმოაჩინეს, რომ მათ სტადიონზე რუსების „ბეტეერები” იდგა და ირგვლივ მავთულხლართის გაბმით გართული ჯარისკაცები დაფუთფუთებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი მშობლებისაგან მკაცრად იყო გაფრთხილებული – რუსებთან კონტაქტს მოერიდეთო – მაინც ვერ მოითმინეს და მათში ერთ-ერთი, რომელსაც ბელორუსი დედა ჰყავდა და შესაბამისად რუსული ყველაზე კარგად იცოდა, ჯარისკაცებს მიუახლოვდა და ჰკითხა, ჩვენს სტადიონზე რა გინდათო.

ჯარისკაცების პასუხი იყო სწორედ ისეთი, როგორსაც შეიძლება მათგან მოელოდე. მისულ ბიჭს გვარიანი ჭიტლაყი უთავაზეს და უდრტვინველად გააგრძელეს მავთულხლართების ხევის გადმოღმა გაბმა. ბიჭები დაფრთხნენ და არეულად გაიქცნენ უკან, სოფლისაკენ. სოფელში ამ დროს ბაღებიდან და ყანებიდან დაბრუნებული მათი მშობლები ისვენებდნენ, ნახირიდან მოსულ ძროხებს აბინავებდნენ და ბიჭების წუწუნის მოსასმენად არავის ეცალა. მათთვის ის ნაყანები ადგილები უკვე ისედაც დაკარგული იყო და ბიჭების სათამაშო მოედნის „იქითა მხარეს” მოქცევა აბა რა ისეთი უბედურება იყო სხვა უფრო დიდი და საზარელი უბედურებების ფონზე.

იმ ღამეს სოფელში არც ერთ ბიჭს არ დასძინებია. სტადიონის დაკარგვაზე მეტად იმაზე ჯავრობდნენ, მათ მშობლებს განსაკუთრებულად გულთან რომ არ მიუტანიათ ეს ამბავი. უბედურებასთან შეგუება ალბათ ყველაზე საშინელი რამაა ქვეყანაზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი