პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

გურული დღიურების ფონდი

ჩემს დიდ სიხარულზე მოგიყვებით. ცოტა შორიდან. ოთხმოცდაათიანები წლები იდგა. გვიჭირდა, მართლა გვიჭირდა. არ ვიცი, რატომ მაგრამ მე ლექსების წერა დავიწყე. სანამ შუქი მოვიდოდა, ვწერდი გაუთავებლად. მერე მეზობელთან ტელევიზორის საყურებლად გადავდიოდი. ჩვენ არ გვქონდა – მინდოდა კი. ერთ დღესაც ამბავი მოვიდა, პრეზიდენტის სტიპენდია გამოცხადდა ახალგაზრდებისთვო. პედაგოგთა კაშირმა აიღო და წარმადგინა. დედაჩემმა რკინის ქალამანი ჩაიცვა და წავიდა ჩემი ლექსებით თბილისში – რეკომენდაციები იყო საჭირო. ანა კალანდაძემ დამიწერა. სხვებმაც. და ასე, სრულიად მოულოდნელად, მომანიჭეს ეს სტიპენდია.

ცოტა ფული როდი იყო – თვეში 100 ლარი. ცოტა დააგვიანა და 900 ლარი ჩაირიცხა. წავედით მე და მამაჩემი ოზურგეთიდან ლილოში და ტელევიზორი ჩამოვიტანეთ. არ არსებობს ამ ტელევიზორზე ძვირფასი ნივთი – ყველა გადაცემა, ყველაზე მოსაწყენიც კი, რაც იქ მინახავს, ჯადოსნურია. ჯადოსნური და წარმატების ფერებით სავსე.

მაშინ, მერვე კლასელი ბიჭი ძნელად წარმოვიდგენდი, დღეს ოზურგეთში ჩემი დაწერილი წიგნის სახელობის სტიპენდიას გავცემდი. ვწერ, ვხვდები, ამაოდ – ვერ მოგიყევით. ამ სამი ბავშვის სიხარულზე დიდია ჩემი სიხარული. ორი მათგან, ლია და ნია გეგიაძე – პატარები – დროებით სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არიან, ერთიც, ცოტა უფროსი, წარჩინებული მოსწავლე ქეთი ქობულაძე. მადლობა გურული დღიურების ფონდში ჩემს თანამოაზრეებს, მადლობა ყველა შემომწირველს და მადლობა შენ, მკითხველო! რომ არა შენ – არაფერი გამოვიდოდა. ამ სამი ბავშვის სიხარულის ძალა.მომყვება

მეორე დღეს კიდევ სხვა ამბავიც შევიტყვე: იმ პატარა დებს, გურული დღიურების სტიპენდია რომ დავუნიშნეთ, მშობლები არ ჰყავთ. მამიდა ახლდა დაჯილდოებაზე და რა გასაკვირია, ტიროდა მამიდა.

ჰოდა, ხომ ემოციური ამბებია, მაგრამ მგონია რომ რაციონალურიც. გურული დღიურების ფონდი მისმა დამფუძნებლებმა (ქეთი გოგავა, თამარ კონტირძე, მანანა სურგულაძე) ერთი მხრივ საქველმოქმედო განხრით შევქმენით, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენი ფიქრი გულისხმობდა ერთ აზრს: ამ ბავშვმა კარგად უნდა ისწავლონ, ისე კარგად, რომ მომავალში თვითონ შეძლონ იგივეს საქმეების კეთება და გაცილებით უკეთესის.

ეს ფონდი არ იგულსხმებს სტიპენდიებს მხოლოდ გურიის რეგიონში, უბრალოდ სიმბოლურად დავიწყეთ ოზურგეთიდან. მეტიც: მეოთხე სტიპენდიატი ქართული ენის მცოდნე აზერბაიჯანელი მოსწავლე იქნება. სახელმწიფოებრივი აზრით ეს მიმართულება უმნიშვნელოვანესი მგონია. კონკურსის წესებს და პირობებს მალე გამოვაქვეყნებთ.

ჩვენ განათლებული მომავალი გვსურს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი