ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მონიტორინგი თვითსწავლებაში

მონიტორინგი დროის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, განსაკუთრებით – საწყის ეტაპებზე. მაგრამ მისი ამოცანაა, მოსწავლეებს დამოუკიდებელი მონიტორინგის ჩვევები განუვითაროს.

მონიტორინგის ჩატარება შესაძლებელია როგორც გაკვეთილის განმავლობაში, ისე ინდივიდუალური კონსულტაციების ფარგლებში. ის შეიძლება იყოს პირდაპირიც და დისტანციურიც. კონკრეტული ვარიანტი ჯგუფის თავისებურების მიხედვით შეირჩევა. დასაწყისისთვის შეგვიძლია თავიც დავიზღვიოთ.

შეიძლება თვითმონიტორინგის სტიმულირებაც მოსწავლეებისთვის თემასთან დაკავშირებული „სამოქმედო გეგმის“ მიწოდების გზით. უკვე შესრულებული დავალებები და ათვისებული ცნებები გეგმაში უნდა მოინიშნოს. ასევე შეგიძლიათ მოსთხოვოთ მოსწავლეებს სამუშაო გეგმის წარმოდგენა, სანამ დავალების შესრულებას შეუდგებიან.

საკუთარი საგანმანათლებლო შედეგების გაუმჯობესების უნარის ქონა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეგიძლიათ, სუსტ მოსწავლეებს თავად დაუსახოთ ან მათთან შეთანხმებით შეურჩიოთ ამოცანა. როცა მოსწავლეებს თქვენ აწვდით „სამოქმედო გეგმას“, რომელშიც უნდა მონიშნონ სამუშაოს შესრულებული ეტაპები, პერიოდულად უნდა შეამოწმოთ კიდეც. ჩემი გამოცდილებით, ზარმაც მოსწავლეებს შედეგების გაყალბებაც ეზარებათ, ამიტომ ასეთი გეგმები კარგად ასახავს ვითარებას.

მოსწავლეებს კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ ასეთი დავალებების მიზანი დამოუკიდებლად სწავლის უნარის განვითარებაა. საუკეთესო შემთხვევაში მონიტორინგის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს თითოეული მოსწავლისთვის. ეცადეთ, არ გძლიოთ დახმარების ცდუნებამ (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოსწავლე გამოუვალ მდგომარეობაშია). წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლეებს მუდამ ექნებათ თქვენი დახმარების მოლოდინი და დამოუკიდებელნი ვერ გახდებიან.

შეატყობინეთ მოსწავლეებს, რომ დავალების ნახევრის შესრულების შემდეგ შეამოწმებთ სამუშაოს მსვლელობას და შეაფასებთ პროგრესს. შეფასება არ დაუწეროთ, უბრალოდ გადახედეთ ნამუშევარს დაინტერესებული გამომეტყველებით.

გარდა ამისა, შეგიძლიათ მოითხოვოთ სამუშაოს შავი ვარიანტების შემოწმება, თუმცა მაინც აჯობებს, მოსწავლეებმა დამოუკიდებლად აწარმოონ სამუშაოს მონიტორინგი თვითშეფასების ან თქვენი მიცემული, მოგვიანებით კი მათ მიერვე შედგენილი ანკეტების საშუალებით.

 

თვითსწავლებისთვის მიცემული დავალების შესრულებისთანავე უნდა მოხდეს მისი შეფასება ყოველი ჯგუფის თავისებურებათა გათვალისწინებით. ზოგიერთ მოსწავლეს შეიძლება დამატებითი დრო ან ტესტის განმეორებით ჩაბარების საშუალება მივცეთ (შეიძლება დავალებიდან ზოგიერთი ელემენტის ამოღებაც). გაითვალისწინეთ დაგეგმილზე ერთი-ორი კვირით მეტი დრო, რათა ჩამორჩენილი მოსწავლეებიც დაეწიონ კლასს.

 

თვითსწავლების „რეგულატორი“

არაერთხელ გავუსვი ხაზი დავალების „გამართვის“, ჯგუფის თავისებურებათა შესაბამისად მისი მონიტორინგისა და შეფასების პროცედურის მნიშვნელობას. უნდა გვახსოვდეს, რომ მოსწავლეს თვითსწავლების უნარი მხოლოდ იმ შემთხვევაში განუვითარდება, თუ მასწავლებელი უფრო და უფრო ნაკლებად ჩაერევა მის მუშაობაში და ნაკლებ დახმარებას გაუწევს.

„რეგულატორი“ დავალებების გამართვაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, გააძლიეროთ მონიტორინგი ან დავალებაზე აქცენტი, შეამციროთ რესურსების მოძიებაში საკუთარი მონაწილეობა. მოსწავლეთა შედეგიანობა თქვენი გიდია, მიზანი კი – თვითსწავლების უნარის განვითარება. ნუ დაიხევთ უკან, თუ მოსწავლეებმა პირველ ხანებში წარმატებას ვერ მიაღწიეს. დასკვნა მარტივია: მათ ისევ და ისევ უნდა სცადონ!

 

თვითსწავლების უნარების განვითარება

მოსწავლეებისთვის თვითსწავლების უნარის განვითარება აუცილებელია, რადგან თავისთავად ის ვერ ექნებათ. ამაში დაგეხმარებათ კოლბის სწავლების ციკლი.

თვითსწავლებისათვის მიცემული დავალების შესრულებისა და მისი შეფასების შემდეგ შესთავაზეთ მოსწავლეებს სამუშაო პროცესის გაანალიზება. თვითშეფასების პროცესის სტრუქტურული დაწყობა კომპეტენციების ან ანკეტების ჩამონათვალის ანალიზით შეიძლება: „მოიძიეთ თუ არა შესაფერისი რესურსები?“; „რა გზას მიმართავდით, როცა რომელიმე დავალების შესრულებისას სირთულეს აწყდებოდით?“; „ისწავლეთ თუ არა ინფორმაციული დისკებით მუშაობა?“

თვითშეფასების შემდეგ მოსწავლეები დამოუკიდებლად სახავენ ამოცანებს მუშაობის გასაუმჯობესებლად ან განიხილავენ მასწავლებელთან ერთად. მაგალითად: „დაგეგმილი მაქვს: გამოვიყენო არა ერთი, როგორც ადრე, არამედ რამდენიმე წიგნი თემის უკეთ შესასწავლად; უფრო მეტად მივმართო მეგობრებს დახმარებისათვის; ვისწავლო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში საკვანძო სიტყვების გამოყენებით…“

შეგვიძლია, ეს ამოცანები თვითსწავლების მომდევნო დავალების შესასრულებელ სამოქმედო გეგმად ვაქციოთ. ამრიგად, ისინი ახალი დავალების ნაწილი გახდება.

 

 

თვითსწავლებისთვის განკუთვნილი თემის ახსნა არ გიწევთ, მაგრამ დამოუკიდებლად ათვისებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები უნდა ასწავლოთ. ეს შეიძლება მოხდეს როგორ ინდივიდუალური კონსულტაციის დროს, ისე პატარა ჯგუფებშიც. როცა მოსწავლეები ისწავლიან დამოუკიდებლად სწავლას, დაწვრილებით სწავლების აუცილებლობა აღარ იქნება.

 

რა საჭიროა თვითსწავლება

თვითსწავლებას შესანიშნავი შედეგები აქვს. უწინარეს ყოვლისა, ეს გვაზოგვინებს დროს, რომელიც შეგვიძლია მონიტორინგსა და დავალების შესრულებისას მოსწავლეების დახმარებაზე დავხარჯოთ.

ვიმედოვნებ, ქვემოთ მოყვანილი შედეგები დაგამშვიდებთ, თუ ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინეთ, რომ მოსწავლეებს თქვენს სწავლებაზე მეტად თვითსწავლების პროცესი მოსწონთ:

  • თვითსწავლება პედაგოგს რთულ მასალაზე ნელა მუშაობის და მოსწავლეზე აქცენტირებული მეთოდებისთვის მეტი დროის დათმობის საშუალებას აძლევს.
  • თვითსწავლება მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს. მხარდაჭერა მოსწავლეებს სტიმულს აძლევს, საკუთარ თავზე აიღონ სწავლაზე პასუხისმგებლობა.
  • მოსწავლეები ივითარებენ დამოუკიდებლად სწავლის ჩვევებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლის შედეგიანობისათვის მომდევნო ეტაპებზე, როცა უკვე პროფესიულ და უმაღლეს განათლებამდე მივა საქმე და ბოლოს – პროფესიული საქმიანობის სამყაროშიც.
  • მოსწავლეებს შეუძლიათ, იმ ტემპით და სტილით იმუშაონ, რომელიც მათთვისაა ხელსაყრელი.
  • თვითსწავლება – ეს სამუშაოს ტიპის ცვლილებაა, რაც მოსწავლეებს უყვართ, ამიტომ ხშირად ეს მეთოდი მათთვის სწავლის საყვარელ ფორმად იქცევა.
  • თვითსწავლება ხელს უწყობს „სიღრმისეულ“ და არა „ზედაპირულ“ სწავლას. გრემ გიბსი გამოყოფს 9 ფაქტორს, რომლებიც ხელს უწყობს „სიღრმისეული“ სწავლის პროცესს. ამ ფაქტორებს შორისაა შერჩეული თემის დამოუკიდებლად ათვისება, ჯგუფებში დამოუკიდებელი მუშაობა, ზოგადი სასწავლო უნარების განვითარება, ანალიზის უნარი და სხვა.
  • მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ მასწავლებლის გარეშე შეუძლიათ სწავლა.

 

მენეჯმენტის თეორეტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ თანამშრომლებისთვის მათ სამუშაოზე კონტროლის დელეგირება მნიშვნელოვნად ამაღლებს პასუხისმგებლობის გრძნობას, მოტივაციასა და ეფექტურობას. გასაკვირი არ არის, რომ მოსწავლეებისთვის მათივე სწავლების პროცესზე მაკონტროლებელი ბერკეტების მიცემა იმავე შედეგს გვაძლევს.

დამოუკიდებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია სწავლების მეთოდების შემუშავებისას. ის თანხვდება ადამიანის სიღრმისეულ მოთხოვნილებას – თავისუფლებას. თავისუფლების მოთხოვნილებას განსაკუთრებით მძაფრად განიცდიან მოზარდები, ზრდასრულ ასაკში კი ის თვითგანვითარებისა და თვითსრულყოფის გზების ძიებაში გადაიზრდება.

აშკარაა, რომ ჯობს, დავეყრდნოთ ამ მოთხოვნილებას, ვიდრე წინააღმდეგობა გავუწიოთ მას, განსაკუთრებით მაშინ, როცა თვითსწავლება ასეთ შთამბეჭდავ შედეგებს გვაძლევს.

 

წყარო:

  1. Geoff Petty.Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press.2009, p. 413-418.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი