ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებლები წიგნებიდან – მეორე ნაწილი

თავერა და ის რექტორი გახსოვთ?

მეშვიდე თუ მერვე კლასში წავიკითხე „მზიანი ღამე“ და რა დავმალო? თავერა აღარ მახსოვდა. არადა, მთელი თავი უძღვნა ავტორმა.

შუაღამის სტუმარია ჩვენი თავერა, ტექსტში ჩნდება და მივიწყებულ ალუზიასავით გამიცოცხლდება. აჰა, ესერა თავერა მოვალს შუაღამესა. შინ არ შემოდის, თემოს გარეთ იხმობს. საშუალო სიმაღლის, თვალებზე კეპჩამოფხატული კაცია, რომელსაც ხელში პატარა ჩემოდანი უჭირავს. თემო  ჯერ ვერ  სცნობს, შემდეგ ღიმილზე აგონდება: მეცხრე კლასი, ვერა, უკანა მერხი, დასვენება, კოჭი, ჯილა, თავერას მტრედები, რამაზ კორსაველი, თავერა, თავერა… მას ბღავილით გადაეხვევა და მორიდებით თემოსთან რჩება. ჰყვება თავის ამბავს:  ექვსი წელი ეყო, კიდევ ოთხ წელიწადში სიცოცხლე მორჩება, არც მაგათი „პრავა“ უნდა, არც მაგათი „რამკები“, არც მაგათი კარგი ბიჭობა, ის ქურდი არაა… მორჩა, ან ახლა უნდა დაუჯერონ, ან უნდა მოკვდეს“… ახლა ციხიდან გამოპარულს,  დაეძებენ. იმიტომ არ გამოქცეულა, რომ ისევ დაბრუნდეს.  სწავლა უნდა და მუშაობა. ან უნდა დაუჯერონ, ან თავს მოიკლავს.

თემო თავერას დახმარებისთვის თავის ყურის მეზობელსა და ოჯახის „ახლობელს“, პოდპოლკივნიკ აბიბო თოდრიას  შუაღამეზე აწუხებს იმ მოტივით, რომ თავერა მასზე უკეთესია, რომ ფრიადოსანი იყო, რომ სახლში  ცხრა ქების სიგელი აქვს, ცხრა ქების სიგელი და თუ ერთხელ შეცდა, უნდა აპატიონ, უნდა დაუჯერონ. აბიბო ხვალის მოლოდინით თემურს გარეთ უშვებს.

მერე თემურ ბარამიძეს რექტორთან იბარებენ.  იგი პარტკომისა და ბატონი დავითის თანდასწრებით ეკითხება   შუაღამით ნასვამ მდგომარეობაში მეზობელთან მივარდნის მიზეზს.  თემო ყველაფერს გულწრფელად უხსნის და თავერას კვლავ დაჭერას აბიბოს უშიშრად აბრალებს. თანაც ჰყვება, რომ პატიებისთვის თავერამ ათასი განცხადება დაწერა, რომ ქურდობის ნაცვლად სწავლა და მუშაობა სურდა, მაგრამ არავინ წაიკითხა, არავინ დაუჯერა, არავინ ენდო, ამიტომაც გაიქცა და თემოსთან მივიდა. აბიბომ კი ისიც გაწირა და მგონი, თემოც. თემოს რექტორი თვალში თვალგაყრილი მიმართავს: – გჯერა თავერასი?  შემდეგ დამსწრეებს გამოჰკითხავს მეოთხე კურსის სტუდენტის ამბავს. თავერას არ ამართლებს. ამასობაში  ყურპარტყუნა გულუბრყვილო ვირის ქვემოთ თავერას ნამდვილ გვარ-სახელს ორჯერ ხაზავს და უცნობ ციფრებსაც მიაწერს: 2-33.

ეს ფურცელი, თავჩახრილი რექტორი და მოქომაგე ბატონი დავითი  თემოს მაშინ ახსენდება, როდესაც თავის კიბეზე თავერას კვლავ იხილავს, შეწყალებულს, თავისუფალს, მომღიმარს.

ცრემლი აქაც არის, მაგრამ სად ის და სად ბორდასისა მორიაკის „მაიმუნიდან“?!

 

„უმაღლესი პრინციპი“

ამ მოტხრობაში ჩეხი მწერალი იან დრდა  ოცი წლის გამოცდილების მქონე მასწავლებლის ამბავს გვიყვება. ულაზათოა, ნაყვავილარი პირისახით და მთრთოლვარე ხმით, ცუდად დაუთოვებული პროვინციული კოსტუმით და მაღალფარდოვანი საუბრით, სასაცილო გარეგნობით   და დამაფიქრებელი ქცევით. მისი სახელი არავის ახსოვს, მაგრამ უწყიან მეტსახელი, მისივე ფრაზებიდან ასე ხშირად რომ გაისმის: „უნდა იყოთ უმაღლესი ზნეობრივი პრინციპის მქონე!“ მეორე მსოფლიო ომის პერიოდია, 1942 წლის ივნისი, როცა ხშირია ცივი ჟრუანტელი, შიშის ოფლი და მუხლების კანკალი, და გადარჩენის სანაცვლოდ „სამარცხვინო საქციელის“ აღიარება.

„უმაღლესი პრინციპი“ მოთხრობაში მხოლოდ მასწავლებლისთვის ბავშვების მიერ შერქმეულ მეტსახელად როდი რჩება, ის იმ ქცევად განზოგადდება, რომლისთვისაც ღირს არსებობა, რომლის მიჯნის წინ გმირის გზაა და რომლის გადმოღმა – დამარცხებულის, მით უფრო, თუკი მასწავლებელი გინდა გეწოდოს. თუკი გინდა, რომ სიბნელეში მზემ გაგინათოს და მზინი ღამით გაუკვალო გზა შენს სამწყემსოს.

„მასწავლებლობა ჯადოქრობაა!“   – აქრობ ან აჩენ, აჩენ ან აქრობ. „უმაღლესი პრინციპიც“ გაჩენაა, გადარჩენა თუ მზიანი ღამე.

 

რაქელ ჯ. პალაციო  და  მასწავლებელი მაქსიმები

„ _ რატომ ვარ ასეთი მახინჯი, დე?..

  • არა, ჩემო პატარავ, არა…

– როგორ არა!“, – ამ დიალოგის უმცროსი მონაწილე  თავად გვიხსნის, რომ თერთმეტი წლის ავგუსტ პულმანია, ბიჭი სახეზე ჩამოშლილი და უკან დაწნული შავი თმებით, ირიბად ჩასმული, დაბლა ჩამოცურებული თვალებით, ჩაცვენილი ლოყებით,  დიდი ზომის ცხვირით, შეწეული ყურებით, კუსავით პირით, რომლიდანაც ჭამისას ნამცეცები სცვივა და ამ ყველაფრის გამო სხვადასხვა იარლიყებით, მაგალითად:, „სამსხვერპლო კრავი“, „პადავანი“, „ვაშლი“, „დაობებული ყველი“, „საოცრება“… – უწევს ცხოვრება.

ის თავად ფიქრობს ასე, არადა, სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი მეხუთეკლასელი ფაქიზი განცდებით, ფიქრებით, ემოციებით. მერე რა, რომ სკოლებში ამხანაგები ვერ აღიქვამენ ასე და მის გვერდზე მერხები ხშირად ცარიელია. ამ სიცარიელეს როგორღაც ავსებენ  მასწავლებლები გულწრფელი ღიმილით, საინტერესო შეკითხვებით, ბავშვის მზერით გამართლებული  ქცევით. მის პეტოზა ამ მზერაშია. თუმცა ავგუსტისთვის უფრო მნიშვნელოვანი ბატონი ბრაუნის წესები – „მაქსიმებია“ – როგორც დევიზები, როგორც აფორიზმები, როგორ ჩინურ „იღბლის ნამცხვარში“ ჩაყოლებული გამონათქვამები,  ის, რაც სწორ გზას გვიჩვენებს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას. „როცა ასარჩევად გვაქვს: სიმართლე თუ სიკეთე, სიკეთე აირჩიე!“– ეს მისტერ ბრაუნის სექტემბრის მაქსიმაა, რომლის რვეულში ჩაწერისას ავგუსტი ხვდება, რომ სკოლა თანდათან მოსწონს ყველაფრის მიუხედავად.  ოქტომბრის მაქსიმით კი უკვე სჯერა, რომ „საქმენი შენნი ძეგლია შენი“. ამიტომაც არის, რომ ამ მაქსიმას შესახებ დაწერილ აბზაცში იგი წერს:

„ეს მაქსიმა ნიშნავს, რომ ადამიანებს ჩვენი საქმეებით დავამახსოვრდებით. რასაც ვაკეთებთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანაზე: იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე რასაც ვამბობთ ან როგორი შესახედავი ვართ. ჩვენი ნამოქმედარი ჩვენ შემდეგაც ცოცხლობს. ჩვენი ნამოქმედარი ისეთივე ძეგლია, როგორსაც დღუპულ გმირებს უდგამდენენ, ისეთივე პირამიდებია, როგორსაც ეგვიპტელები უგებდნენ ფარაონებს, ოღონდ ქვისგან კი არა, იმ ხსოვნისგან იგება, რაც ადამიანებს შენზე დარჩებათ. ამიტომაცაა, რომ საქმენი შენნი ძეგლია შენი, ოღონდ არა ქვისა, არამედ – ხსოვნისა“.

ერთხელ გასაუბრებაზე რომელიღაც სკოლის დირექტორმა მკითხა, თქვენთვის ბავშვებთან მუშაობისას რაა ყველაზე მთავარიო. ჩემს პასუხს იგი არ დაეთანხმა და იქვე მომიგო, მე მაგ პრინციპით არ მიცხოვრია, როცა გაკვეთილებს ვატარებდი, ერთი სული მქონდა, ზარი როდის დაირეკებოდა, მაგრამ ახლა ხომ ხედავ, დირექტორი ვარო.  მაშინ ისევე გამაკვირვა მისმა ნათქვამმა, როგორც  რაქელ პალაციოს „საოცრების“ შესახებ აზრების ძიებისას თამარ თოდუას ბლოგმა გამახარა და, რადგან მასში ჩემი სათქმელიც იკითხებოდა, ეს ფრაზები ამოვიწერე:

ზოგადად, არ მიყვარსროცა ვიღაცას ვავალდებულებ და ვეუბნები, რა წაიკითხოს, მაგრამ, რა ვქნა, ახლა უსინდისოდ მოვიქცევი, ეს რომ არ ვთქვაეს წიგნი უნდა წაიკითხოს ყველამ, დიდმაც და პატარამაც. რატომ? იმიტომ, რომ აუცილებელია. იმიტომ, რომ თქვენ აქედან უნებურად ისწავლით. იმიტომ, რომ თქვენც ისეთი უცნაური შეგრძნება დაგეუფლებათ, როგორიც მე.

ეს შეგრძნება კი… არის ცვლილება. ეს არის ის სიკეთე, რომელიც ამ უბრალო, შავად  ნაბეჭდი სიტყვებით დაწერილმა ფურცლებმა გადმომცეს. მე ვგრძნობ, როგორ შედის  ეს ტკბილი სითხე სისხლში და ვგრძნობ, როგორ მყარად მიჯდება ტვინში. მე ვიცი, რომ ამის შემდეგ უკეთესად ვიცხოვრებ, ადამიანებს შიგნიდან შევაფასებ, დავეხმარები, გავიღიმებ და სიკეთეს ავირჩევ“.

როგორც ავგუსტუსს, ჩემმა ძვირფასმა პედაგოგებმა მეც ბავშვობაში მიმახვედრეს, რომ მასწავლებლობა სიკეთისათვის თავგანწირვაა! ეს არის ახლა ჩემი მაქსიმა, რომელიც ასე უნებურად წავაწერე თქვენთვის დაფაზე.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი