ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დაუნის სინდრომი ფოტოებში

ვფიქრობ, ფოტოებით ამბავს გაცილებით ადვილად ვყვები, რადგან ისინი აადვილებს ისეთი საკითხების აღქმას, რაც ერთი შეხედვით რთულად გვეჩვენება. სწორად შერჩეული კადრი სათქმელის ნათელი ილუსტრირება რომაა, აუტიზმის თემაზე რამდენიმე თვის წინ გაკეთებულმა ფოტოპროექტმაც დაადასტურა – მას ინტერნეტგაზეთ „მასწავლებლის“ ძალიან ბევრი მკითხველი გამოეხმაურა. (https://mastsavlebeli.ge/?p=11615)

დაუნის სინდრომთან და იმ პირებთან შეხება, რომელთაც ერთით მეტი ქრომოსომა აქვთ, აუტიზმის მქონე შვილთან ერთად მომიხდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ, ალბათ ვერ გავექცევი ამ ორი მდგომარეობის შედარებას. ჩვენი საზოგადოების ნაწილი ხომ დღემდე ვერ ასხვავებს აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ერთმანეთისგან. მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ ვეცდები ფოტოების საშუალებით გაგაცნოთ და უფრო ახლოდან დაგანახოთ ეს სამყარო.

დაუნის სინდრომის შესახებ ბევრი მითი არსებობს. ერთ-ერთი არასწორი შეხედულებაა, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირები სულ კარგ ხასიათზე არიან. არადა მათაც ისევე სწყინთ, როგორც ყველას. გაბრაზებაც სჩვევიათ. მაგალითად ბავშვი სერიოზულ გამომეტყველებას იღებს უცხო ადამიანთან, მას თავიდანვე ახლობლურად სულაც არ ეგებება.

თუ აუტიზმის მქონე ბავშვი იშვიათად უყურებს თვალებში ოთახში მყოფ ადამიანს, დაუნის სინდრომის მქონეს საოცარი მზერითი კონტაქტი აქვს და კამერებთან პოზირებაც მოსწონს.

 

ამბობენ, დაუნის სინდრომის მქონე პირებს უმეტესად სწორი თმა აქვთო, მაგრამ ხვეულთმიანი ბიჭუნაც ხომ უკვე გავიცანით?

 

ხშირ შემთხვევაში ისინი კომუნიკაბელურები არიან. კონტაქტს ვერბალურად თუ არა, ჟესტებით მაინც ამყარებენ გარშემომყოფებთან.

 

ადვილად ერთვებიან ჯგუფურ თამაშებში, ინტერესიანები არიან.

ამ მხრივ მკვეთრად განსხვავდებიან აუტიზმის მქონე ბავშვებისგან, რომლებსაც განმარტოვება ურჩევნიათ და ზოგჯერ უცნაური ინტერესებიც აქვთ. ვფიქრობ ფოტოდანაც კარგად ჩანს, რომ აუტიზმის მქონე სათვალიან ბიჭს საგნები (ამ შემთხვევაში – სათამაშო) უფრო აინტერესებს, დაუნის სინდრომის მქონე გოგონას კი – ადამიანები.

 

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები შედარებით გვიან იწყებენ სიარულს, მსხვილი მოტორული უნარების განვითარებაც ნელა ხდება. გაცილებით ნაკლებია პრობლემა ნატიფი მოტორიკის მხრივ – მაგალითად არ უჭირთ ფანქრის ხელში ჭერა.

 

ჩვენ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების რამდენიმე საერთო მახასიათებელზე შევჩერდით, თუმცა რა თქმა უნდა თითოეული მათგანი საკუთარი ინდივიუალური თვისებებით, ნიჭითა თუ განსაკუთრებული ხასიათით გამოირჩევა – საკმარისია პორტრეტებს დააკვირდეთ.

 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი