პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მწარე და ძვირფასი

რაც არ უნდა ვეცადოთ, წინა საუკუნის 90-იანი წლები ჩვენი ცხოვრებიდან არასოდეს გაქრება, რადგან გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ყველანი 90-იანელები ვართ და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჩვენი მაშინდელი ცხოვრება ისეთი იყო, როგორიც იყო. წარსულს ვერც შეცვლი და ვერც დააბრუნებ…

ამ წლებს თავისი ესთეტიკა აქვს, უცნაურობებითა და მრავალმხრივობით გაჯერებული.

გაიხსენეთ ფრაზა: „ხვალ აუცილებლად გაჩვენებთ ფეხბურთს, თუკი სინათლე იქნება”, „მაგას რა უჭირს, სახლში „დვიჟოკი” აქვს და მთელი პრემიერლიგა გაგდებული აქვს. ჩვენ ვიკითხოთ თორემ…”.

კედლებზე გაკრული მარადონასი და კანიჯას პლაკატები, თურქული კოკა-კოლა ბოთლებში და თურქულივე ჯინსები. „ადიბასის” სპორტულები, თბილისში შეკერილი საშინლად უხარისხო ბურთები, რომლებიც ორი-სამი თამაშის მერე აუცილებლად სკდებოდა, მავთულით დაჭერილი საფეხბურთო რეპორტაჟები, გაზეთების გამყიდველისგან სპორტული გაზეთის თხოვება და სხვანი მრავალნი…

იმ დროს, თბილისელი ბოშები რომ რაღაც უცნაურ დანადგარს ყიდდნენ, სახელად „სათამაშო“ ერქვა. ეს „დანადგარი” ნახერხით სავსე პატარა მრგვალი სფერო იყო, რეზინაზე ეკიდა და ბრჭყვიალა ქაღალდში იყო გახვეული. ბოშები ყიდდნენ მამალოებს, საღეჭ რეზინა „ტურბოსა” და „პადბომს” და მთელი ქართველი ერი გია სურამელაშვილის უცნობილეს ჰიტს მღეროდა: „ნაცნობ სიმღერას ვღიღინებ, შენს საყვარელ სიმღერას ვღიღინებ, შენ კი სამუდამოდ წახვედი”.

ფაქტობრივად, ლეგენდად დარჩა საღეჭ რეზინებში ამოსული ქაღალდების, იგივე „ნაკლეინკებისა” და „კინდერის” სათამაშოების გროვების ბუმი. მერე იმ სათამაშოებს თითქოს გააგზავნიდი სადღაც და რაღაც საჩუქარი მოგივიდოდა. ყველამ იცოდა, რომ სათამაშოების თუ „ნაკლეინკების” განსაზღვრულ რაოდენობას ვერ მოაგროვებდა, მაგრამ იმედი ხომ ჰქონდა…

ჩვენ ვიცოდით, რომ „რ” ასო არ არსებობდა სიტყვა „ევრო 96-ის” შესაგროვებლად, კოკა-კოლას ბოთლების თავსახურავების ქვეშ, მაგრამ მაინც გავეშებულნი დავეძებდით ამ მითიურ „რ”-ს, რომელიც ესოდენ ნანატრი ევროპის ჩემპიონატზე დასწრების საშუალებას მოგვცემდა.

90-იან წლებში, 10 მანეთად ბოშები „ფირმა” შოკოლადებსაც ყიდდნენ. კანფეტებს. პირდაპირ ნიფხავიდან იღებდნენ და გაწვდიდნენ.

ნაკრებში ქეცბაია, შოთა და ქინქლაძე, ეროვნული მოძრაობა, კომკავშირის ბილეთების წვა, ქართული სიმღერის შემოძახება დერეფნებში და მასწავლებლების ცრემლიანი თვალები, გაყინული სპორტული დარბაზები და ლეგენდად ქცეული კახი კახიაშვილი, რომელმაც საქართველოდან გაასწრო. მერე გაუტანლობა, შური, მტრობა, დაკარგული წლები, ილუზიების მსხვრევა და ედიკა.

და ყველაფრის გამოვლისა და ნახვის მიუხედავად, ჩვენ 90-იანელები გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხალხი ვართ და დიდი იმედი მაქვს, რომ მუდამ ასეთებად დავრჩებით.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი