სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

პუბლიცისტიკა და ესეისტიკა სკოლაში და რამდენიმე წიგნი, რომელიც გამოგადგებათ

ალბათ დამეთანხმებით, რომ სწავლების ნებისმიერ საფეხურზე მნიშვნელოვანია აკადემიური წერის უნარების გამომუშავება, განსაკუთრებით, საბაზო სკოლაში.

ჩვენი პედაგოგიური მუშაობის მთავარი შედეგი სწორედ ეს უნდა იყოს. ხშირად ვაწყდებით შემთხვევას, როდესაც ჩვენს მოსწავლეებს არასწორად ესმით სხვადასხვა ტიპის ტექსტის დანიშნულება, აზრი, აგების პრინციპები და ტექნიკა. რა დაგვეხმარება? რასაკვირველია, ბევრი კითხვა –  წიგნები და ავტორები, რომელთა საშუალებით წერასაც ვისწავლით და აზროვნებასაც.

ყველა მასწავლებელს წერის სწავლების თავისი სტრატეგია, გეგმა და მეთოდი აქვს, მე კი, უბრალოდ  მინდა  რამდენიმე წიგნი თუ ავტორი, შემოგთავაზოთ, რომელიც აუცილებლად დაგაინტერესებთ.

 

  1. ჯემალ ქარჩხაძე, პუბლიცისტიკა

„წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის პუბლიცისტური წერილები, ესეები და ინტერვიუები, რომლებიც 1988–1998 წლებში ქართულ პრესაში გამოქვეყნდა. თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კონცეპტუალურ ნააზრევს ლიტერატურისა და, ზოგადად, შემოქმედებითი პროცესის შესახებ, ასევე ქართული საზოგადოების კვლევას, კერძოდ, 90-იანი წლების სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების თანადროულ ანალიზს“.

ჯემალ ქარჩხაძე  მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის საუკეთესო წარმომადგენელია, წიგნში მრავალ საინტერესო წერილს იპოვით საქართველოს უახლეს ისტორიაზე, ლიტერატურასა თუ კულტურაზე, აზროვნების თუ გამოხატვის კრიზისზე და მისი დაძლევის გზებზე.

 

  1. პოლ ოსტერი, . კუტზეე, „აქ და ახლა

თანამედროვეობის ორი მწერალი და მოაზროვნე –  პოლ ოსტერი და ჯონ მაქსველ კუტზეე ერთმანეთს მხოლოდ 2008 წელს შეხვდნენ. შეხვედრიდან ძალიან მალე კუტზეემ ოსტერს წერილი მისწერა, რომელშიც თანამშრომლობას სთავაზობდა. მისმა წინადადებამ ოსტერი დააინტერესა. საპასუხო წერილში მან კუტზეეს მათთვის საინტერესო თემებზე ხანგრძლივი დიალოგის წამოწყება შესთავაზა. ასე გაჩნდა ის მიმოწერა, რომელიც ამ წიგნშია წარმოდგენილი.

მეოცე საუკუნის ორი უმნიშვნელოვანესი ავტორი ამ მიმოწერაში სრულიად სხვა სახით წარმოგიდგებათ, თემატიკა მრავალფეროვანია –  ყოფითი და ყოველდღიური ამბები, გლობალური პოლიტიკა თუ ლიტერატურული პროცესი… კითხვის პროცესში წარმოიდგენთ, რომ სწორედ თქვენ ხართ ადრესატიც და ადრესანტიც…

 

  1. უმბერტო ეკომტრის ხატის შექმნა და სხვა ტექსტები

უმბერტო ეკო – უდიდესი მწერალი, ფილოსოფოსი, კულტუროლოგი, სემიოტიკოსი, წარმოუდგენელი ერუდიციისა და უსაზღვრო ცნობისმოყვარეობის მქონე მწერალი.

მის ტექსტებში ყველაფერია – კითხვები, პასუხები, განსჯა, ჩახლართული სიუჟეტი, სარკაზმი, იუმორი, თანაგრძნობა, ცოდნა, ოსტატობა, ინტრიგა, მსოფლიო შეთქმულება, თანამედროვეობა, ისტორია და სრულიად წარმოუდგენელი ლიტერატურული მასშტაბები…

ესეების ამ კრებულში შესულია ავტორის მიერ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში შექმნილი ტექსტები, მათგან ზოგიერთი – პერიოდიკაში გამოსაქვეყნებლად იყო გამიზნული, ზოგიც ზეპირ მოხსენებას წარმოადგენდა. ეს ერთგვარი, პრაგმატიკული მრავალფეროვნება წიგნს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის, ზეპირი მეტყველებისთვის დამახასიათებელი  იუმორი, სიმსუბუქე, თემათა მონაცვლეობა კი  ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ავტორი არა მხოლოდ შენთვის წერს, არამედ გესაუბრება კიდეც.

უმბერტო ეკოს ყველაფერი აინტერესებს, ერთგვარი ბავშვური ცნობისმოყვარეობით სვამს კითხვებს და ცდილობს ახალ-ახალი საინტერესო თემა აღმოაჩინოს, პასუხის გასაცემად თავის განსაკუთრებულ ინტუიციას, ცოდნას, კვლევისა და მსჯელობის თანმიმდევრულობას, ცოდნას იყენებს.

 

 

  1. კრებული, სახელწოდებით “XXI ქართული ესე ახლახან გამოიცა და თანამედროვე ქართველი ავტორების 21 ესეს აერთიანებს. კრებულის თემატიკა მრავალფეროვანია, ავტორებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სათქმელი თუ გამოხატვის ფორმა აქვთ, თქვენთვის საინტერესო და გამოსადეგ ტექსტს აუცილებლად იპოვით. ხოლო რამდენიმე ესე, ზუსტად ვიცი, რომ გაკვეთილებზეც გამოგადგებათ. ავტორებს არ ჩამოგითვლით, თუმცა მენდეთ, შთამბეჭდავი სიაა.

 

 

  1. აკაკი ბაქრაძე, „მეცხრამეტე საუკუნე“

როდესაც მოსწავლეებთან თერგდალეულებსა და ილია ჭავჭავაძეზე, მამათა და შვილთა თაობების დაპირისპირებაზე, უმნიშვნელოვანეს რეფორმებსა და საგანმანათლებლო პოლიტიკაზე ისაუბრებთ, ეს წერილი ძალიან გამოგადგებათ. შესანიშნავი მოაზროვნე და ფილოსოფოსი, აკაკი ბაქრაძე, როგორც ყოველთვის ზუსტ აქცენტებს სვამს: „მთელი მე-19 საუკუნის მანძილზე ქართულ აზროვნებაში ორი ნაკადი ებრძოდა ერთმანეთს – იმედი და ნიჰილიზმი. ყველაზე უფრო მტკივნეული ის იყო, რომ ნიჰილისტები არ ყოფილან ქართველი ხალხის მტრები. მათ უყვარდათ საქართველო, მაგრამ არ სწამდათ მისი ეროვნული ენერგია. ამიტომ სხვის იმედად ყოფნა ერჩიათ. ურწმუნოება კი გამოწვეული იყო ხანგრძლივი ეროვნული ჩაგვრით”.

 

როგორც ყოველთვის, სასიამოვნო და წარმატებულ სასწავლო პროცესს გისურვებთ!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გმირი თუ დამნაშავე

ენა, რიტუალი, კერძი

 ესკიზები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი