პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

დუალური განათლების ისტორიული წინაპირობები ნაწილი მეორე

გერმანიის დუალური განათლების ძლიერ მხარეებს შორის, როგორც წესი, განიხილავენ კურიკულუმის დაბალანსებას თეორიული და პრაქტიკული ელემენტებით და ბიზნესის აქტიურ თანამონაწილეობას პროფესიული განათლების სისტემის ყოველ საფეხურზე – ახალი პროფესიების იდენტიფიცირებაში, საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავებასა თუ კურიკულუმების განვითარებაში, პრაქტიკულ სწავლასა და მისი შედეგების მონიტორინგში. ბიზნესი აქ პროფესიული განათლებისა და წვრთნის სფეროს ერთ-ერთი მთავარი აქტორია სახელმწიფოსთან და სხვა სოციალურ პარტნიორებთან (პროფესიული ასოციაციები, გაერთიანებები, პროფკავშირები) ერთად.

პროფესიულ სასწავლებელსა და საწარმოს თავიანთი სასწავლო გეგმები აქვთ, რომლებიც, თავის მხრივ, ორ ოფიციალურ დოკუმენტს ეფუძნება. საწარმოს ჩარჩო კურიკულუმს შეიმუშავებს გერმანიის პროფესიული განათლებისა და წვრთნის ფედერალური ინსტიტუტის (BIBB) სპეციალური კომისია, რომლის ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ რგოლს წარმოადგენს კერძო სექტორი. პროფესიული სასწავლებლებისთვის კი სტანდარტს ადგენს ფედერალური მხარეების განათლებისა და კულტურის საქმეთა მინისტრების მუდმივი კონფერენცია (KMK).

როგორც აღინიშნა, პროფესიული სასწავლებლის სტანდარტს სახელმწიფო ადგენს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მოწყვეტილია ბიზნესის პრაქტიკულ მოთხოვნებს. რეალურად სტანდარტში აისახება როგორც შრომითი ბაზრის, ასევე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა არაერთი რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა, როგორც საგანმანათლებლო საჭიროებების განსაზღვრის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. ამიტომ კურიკულუმის დიზაინი შეესაბამება არა მხოლოდ დარგობრივი ცოდნის, არამედ ბიზნესის ლოგიკას.

ბოლო წლებში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელშეწყობით საქართველოში შრომითი ბაზრის მოთხოვნებისა და დამსაქმებელთა განწყობების არაერთი კვლევა ჩატარდა. გარდა ამისა, სხვადასხვა სტანდარტებში (პროფესიული სტანდარტი, DACUM), დარგობრივი ექსპერტების რეკომენდაციების გარდა, სამუშაო ადგილზე ჩატარებული კვლევის შედეგებიც აისახა. სახელმწიფო გამოხატავს პროფესიული განათლების განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის, ანუ ბიზნესთან კოლაბორაციის მზაობას. რაც შეეხება პრაქტიკას, აქ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ პოლიტიკამ ყოველდღიურ სასწავლო გამოცდილებებში პოვოს რეალიზება, ანუ ჰოლისტურ ცოდნაზე დამყარებული სასწავლო მასალები და თეორიული გაკვეთილები პრაქტიკულ სასწავლო ველებად, სიტუაციებად და საბოლოოდ – კომპეტენციებად გარდაიქმნას.

„სუფთა ფურცლიდან“ თუ დაკარგული მეხსიერების ძიებაში. როდესაც ვსაუბრობთ კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობაზე პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, დგება საკითხი – არსებობს კი, ასეთი პარტნიორობის ისტორიული გამოცდილება საქართველოში, თუ ეს თანამშრომლობა „სუფთა ფურცლიდან“ უნდა დავიწყოთ.

ინსტიტუციური სოციალური პარტნიორობის ადგილობრივი გამოცდილების შესახებ საკითხის დასმა ბევრმა შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს, თუმცა ისტორიული წყაროები ადასტურებს, რომ ეს გამოცდილება საქართველოში არსებობს. ბუნებრივია, საბჭოთა რეჟიმის პირობებში ის თითქმის, მოიშალა და დავიწყებას მიეცა. სტერეოტიპს საქართველოში კოოპერაციული მუშაობისა და სოციალური პარტნიორობის კულტურის არარსებობის შესახებ არღვევს სათემო განვითარების ცენტრის ფუნდამენტური კვლევა და ორტომეული გამოცემა „ინიციატივა ცვლილებისათვის. თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე“. წინამდებარე პუბლიკაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება მეწარმეთა ამხანაგობებისა და საზოგადოებების საგანმანათლებლო ინიციატივები, სწორედ აღნიშნულ გამოცემებს ეყრდნობა. ეს მაგალითები საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში ბიზნესის თანამონაწილეობის საწყისებად და თანამედროვე გამოცდილებაში მისი როლის გააქტიურების რესურსად შეიძლება მოვიაზროთ.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და წვრთნის სხვადასხვა ინსტრუმენტი ყალიბდებოდა – ეს იყო როგორც ფორმალური განათლების პროგრამები სამეურნეო სკოლებსა და ტექნიკურ სასწავლებლებში, ისე – მოკლევადიანი არაფორმალური კურსები, პრაქტიკული წვრთნები, საჩვენებელი გაკვეთილები და სხვ. არაფორმალური განათლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი საშუალება იყო, ასევე, დარგობრივი ლიტერატურა და ჟურნალ-გაზეთები.

ორსავე – ფორმალური და არაფორმალური განათლების – შემთხვევაში ყველაზე ბევრი და ყველაზე უნარიანი ინიციატივა, სწორედ, მეწარმეებიდან მოდიოდა. როგორც ჩანს, მე-19 საუკუნეში ისინი აცნობიერებდნენ ხარისხიანი პროდუქციის წარმოების საქმეში მაღალკვალიფიციური პერსონალის საჭიროებას და მნიშველოვან რესურსებს უთმობდნენ თავიანთ დარგში ზოგადი ცოდნის დონის ამაღლებას. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 70-იანი წლების ბოლოს, როდესაც საქართველოში პირველი რკინიგზა გაიყვანეს და ადგილობრივი პროდუქცია ექსპორტზე გავიდა.

არაფორმალური განათლება – სამეურნეო ჟურნალ-გაზეთები და დარგობრივი ლიტერატურა. სოფლის მეურნეობა მსოფლიოსა და საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. აგროქიმიკატების მოხმარების პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების სახეობათა რიცხვი, ახალი გამოწვევები კი ახალ ცოდნას საჭიროებდა. მეურნე „შიშველი ხელებით“, სპეციალური ცოდნის გარეშე ვეღარ უმკლავდებოდა მოზღვავებულ სირთულეებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ, შეიძლება ითქვას, ფატალურადაც იწვნია საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგმა. ვაზი, რომელიც ყველაზე გავრცელებული და მაღალი ეკონომიკური ღირებულების კულტურა იყო საქართველოში, ჯერ სოკოვანმა დაავადებებმა, შემდეგ კი ფილოქსერამ ისე დააზიანა, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ვენახების ფართობი შვიდჯერ შემცირდა. დარგი დაუყოვნებლივ საჭიროებდა შესაძლებლობების (capacity) რეორგანიზაციას ახალი ცოდნით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიკვეთა მეურნეთა შორის საჭირო ინფორმაციის მასობრივად და მოქნილად გავრცელების საჭიროება. სამეურნეო პერიოდიკა, შეიძლება ითქვას, მაშინდელი არაფორმალური განათლების ერთ-ერთი მთავარი, ყველაზე ხელმისაწვდომი რესურსი გახდა. სპეციალიზებული ჟურნალ-გაზეთები სწორედ კერძო სექტორის ინიციატივით იქმნებოდა და მათივე ფინანსური კონტრიბუციით საზრდოობდა.

ჟურნალი „ვაზი და ღვინო“ 1920 წელს გამოვიდა სწორედ ზემოხსენებული ცოდნის გავრცელების მიზნით, სრულიად საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა კონგრესის გადაწყვეტილების საფუძველზე. გამოცემა მეღვინეთა ამხანაგობების შემოწირულობებით ფუნქციონირებდა – „კავშირთ კავშირმა“ მას 15 000 მანეთი შესწირა, „კახეთმა“ – 10 000, „ძმობამ“ და „კახურმა ღვინომ“ კი 1000-1000 მანეთი.

ამ პერიოდში უკვე მოქმედებდა სხვა სპეციალური სამეურნეო გამოცემებიც – „გუთნისდედა“, „მოსავალი“, „სასოფლო გაზეთი“, „კოოპერაცია“ და „მეურნე“. აღნიშნული ჟურნალ-გაზეთებიდან მეურნეები ეცნობოდნენ იმ პერიოდის რუსეთისა და ევროპის ქვეყნების სამეურნეო გამოცდილებებს, აგრეთვე სხვადსხვა დარგის მიხედვით, პრაქტიკულ ინსტრუქციებს. ხშირად ამგვარი რუბრიკები კითხვა-პასუხის ფორმატით იყო წარმოდგენილი, რაც მეტყველებს გამოცემის პოლიტიკაზე – როგორც შინაარსობრივად, ისე – ფორმობრივად ახლო ყოფილიყო სამიზნე აუდიტორიასთან.

გარდა სპეციალიზებული ჟურნალ-გაზეთებისა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით სწავლული მეურნეები თანამშრომლობდნენ საზოგადოებრივ პერიოდიკასთანაც. მაგალითად, ერმილე ნაკაშიძე საკუთარ საცდელ მეურნეობაში ჩატარებული ემპირიების შედეგებს მუდმივად აქვეყნებდა საზოგადოებრივ პრესაში და მეურნეებს უზიარებდა  საკუთარ მიგნებებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რომელი ბუნებრივი სასუქი ჯობდა სხვადასხვა ტიპის ნიადაგისთვის, იყო თუ არა ღომის ჩალა გამოსადეგი პირუტყვის გამოსაკვებად და სხვ.

საგამომცემლო საქმიანობასა და, ზოგადად, არაფორმალური განათლების განვითარებაში მეოცე საუკუნის ათიან წლებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულმა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებამ, რომელმაც 1914 წელს შეიძინა ჟურნალ „მოსავლის“ ბეჭდვითი უფლებები, 1916 წელს კი ვ. ახოშვილის ავტორობით  გამოსცა მცირე სახელმძღვანელო „ხეხილის დარგვა“.

დარგობრივი ლიტერატურის გავრცელებაზე მუშობდა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებაც. როგორც მაშინდელი მკვლევრები, სამეურნეო დარგის მუშაკები აღნიშნავდნენ,  საგამომცემლო საქმიანობას საზოგადოება მეტ-ნაკლებად შედეგიანად ართმევდა თავს. სხვა მხრივ კი სახელმწიფო ორგანიზაცია არ ყოფილა მაინცდამაინც მიყურადებული მეურნეობის მაჯისცემაზე – მის მოქნილობას საგრძნობლად აფერხებდა ბიუროკრატია.

ამ მხრივ გაცილებით უნარიანი გამოდგა პრაქტიკოსი მეურნეებით დაკომპლექტებული ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება და მევენახეთა ამხანაგობა „კავშირთ კავშირი“. მათი  საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიაც დარგობრივი ლიტერატურის გამოცემა და გავრცელება იყო. ორივე ორგანიზაცია ამას საკუთარი რესურსებით ახერხებდა.

ამხანაგობები და საზოგადოებები ხშირად მიავლენდნენ ხოლმე სოფლად სწავლულ აგრონომებს, რომელთა მისია მეურნეთა საჭიროებების, მათ შორის, საგანმანათლებლო საჭიროებების კვლევა გახლდათ. მაგალითად, ქართულმა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებამ 1912 წელს ქართლსა და კახეთში კვლევითი მიზნით სპეციალისტები გაგზავნა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მათი ანგარიშების შედეგად მომზადდა საზოგადოების სამოქმედო და სასწავლო გეგმები.

ის ფაქტი, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოში მარტო სოფლის მეურნეობაში მოქმედებდა 6 პერიოდული გამოცემა, რომელთა არსებობა მეურნეთა საზოგადოებებისა და ამხანაგობების დამსახურებაა, მიუთითებს მათი მხრიდან პროფესიული განათლების მნიშვნელობის სათანადოდ შეფასებაზე და აქტიურ თანამონაწილეობაზე საგანმანათლებლო საქმიანობაში.

არაფორმალური განათლება – საჯარო ლექციები, კურსები, პრაქტიკული მეცადინეობები.  როგორც აღვნიშნეთ, მოკლევადიანი საგანმანათლებლო აქტივობები, რომლებსაც მეურნეთა ამხანაგობები ან საზოგადოებები უძღვებოდნენ, მორგებული იყო კონკრეტულ სამეურნეო საჭიროებებზე. ამ მიმართულებით მუშაობდა ზემოხსენებული „კავშირთ კავშირი“, რომელიც კახეთში ორგანიზებას უწევდა საჯარო ლექციებსა და თათბირებს ისეთი აქტუალური საკითხების გარშემო, როგორიც იყო სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებები, ამერიკული საძირეების შერჩევის მეთოდები და სხვ. სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურების მოყვანაზე, შინაური ცხოველებისა და ფრინველების მოვლაზე ცოდნას ავრცელებდა ქუთაისის ქალთა სამეურნეო საზოგადოება.

ცალკე აღნიშნვას იმსახურებს გურიის რეგიონში მოქმედი ამხანაგობების საქმიანობა. 1911 წელს ერმილე ნაკაშიძის მეთაურობით დაარსდა განსაკუთრებით წარმომადგენლობითი ორგანიზაცია – გურიის მებაღეთა საკრედიტო ამხანაგობა, რომელიც დაარსებიდან ორ წელიწადში  393 წევრს აერთიანებდა. კოოპერატივის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სწორედ, საჯარო ლექციების ჩატარება იყო. ათიან წლებში დაარსდა ლანჩხუთის სამეურნეო საზოგადოებაც, რომლის ინიციატივითაც ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების მიზნით ლანჩხუთის სოფლებში ჩამოჰყავდათ სწავლული აგრონომები. ორგანიზაციას პრაქტიკული სწავლისთვის საცდელი მეურნეობები ჰქონდა შეძენილი. გაკვეთილებს ატარებდნენ საზოგადოების წევრთა მამულებშიც.

1913 წელს იყალთოში, კონდოლსა და მუკუზანში სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის სანერგე მეურნეობები გააშენა ქართულმა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებამაც. ამ შემთხვევაშიც სწავლა მიმდინარეობდა არა მხოლოდ აღნიშნულ სანერგეებში, არამედ უშუალოდ სამუშაოზე – საზოგადოების წევრთა პირად მეურნეობებში. ორგანიზაცია, თავისი მასშტაბურობიდან და გავლენიდან გამომდინარე, აქტიურად წაახალისებდა და ხელს უწყობდა სხვადასხვა რეგიონში ამგვარი პრაქტიკული სკოლების დაარსებას. იმ შემთხვევაში კი, როცა საკუთარი რესურსებით დახმარებას ვერ ახერხებდა, სათავადაზნაურო ბანკთან დაფინანსების მოსაპოვებლად შუამდგომლობდა.

საზოგადოება მეურნეებს უზრუნველყოფდა არამხოლოდ დარგობრივი, არამედ მართვის ცოდნითაც. 1913 წელს მათი ორგანიზებით ათდღიანი უფასო კურსები ჩატარდა, რომელიც ეხებოდა კოოპერატივების მართვას და ფარავდა შემდეგ საკითხებს – ამხანაგობის ფორმები, მისი დაფუძნება, საქმისწარმოება, კრედიტის აღება და სხვ. კურსები დღეში რამდენიმე საათის მანძილზე მიმდინარეობდა და მას მეურნეობების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

1914 წლის მარტში კავკასიისა და ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებების თაოსნობით მეურნეთა საერთო თათბირი გაიმართა, რომელსაც 200-ზე მეტი გლეხი ესწრებოდა.  თათბირზე სიტყვით გამოვიდა არაერთი სწავლული მეურნე, მათ შორის ვასილ რცხილაძე, მოხსენებით – „სწავლის მნიშვნელობა სოფლის ცხოვრების გაუმჯობესების საკითხში“. თათბირი, თავისი ფორმატითა და დატვირთვით მოგვაგონებს თანამედროვე ექსტენციის პროგრამებს: ინფორმაციის მიწოდება აგროსფეროს თანამედროვე მიღწევების შესახებ და უახლესი ტექნიკის გამოცდა. ამ მიზნით თათბირის შემდეგ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების მოხმარების საჩვენებელი გაკვეთილებიც ჩატარდა. თათბირის შემდეგ საზოგადოებამ სოფ. მარტყოფში სამეურნეო კომიტეტი გახსნა, რომლის დანიშნულება ასევე დარგობრივი ცოდნის გავრცელება იყო.

როგორც ჩანს, საჩვენებელმა გაკვეთილმა გაამართლა, რადგან მეურნეთა თათბირის გამართვიდან მოკლე დროში ქართულმა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებამ სოფ. ტყვიავში კიდევ ერთი პრაქტიკული მეცადინეობა ჩაატარა მეხილეთათვის. მეურნეობაში თავმოყრილი გლეხები პ.გ. მელიამ ჯერ სხლვის თეორიასა და ზოგად პრინციპებში გაარკვია, შემდეგ კი მათ თვალწინ დაამუშავა ოთხი წლის გაუსხლავი ხე. გაკვეთილი ინტერაქტიური იყო – გლეხებს სწავლული აგრონომისთვის შეკითხვების დასმის საშუალებაც ჰქონდათ.

არაფორმალური განათლების ის მაგალითები, რომლებიც წინამდებარე პუბლიკაციაში განვიხილეთ, თავის დროზე უმნიშვნელოვანეს რესურსს ქმნიდა თითოეული დარგის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ აკადემიური, თეორიულად სტრუქტურირებული ცოდნა საქართველოში აღნიშნულ პერიოდში მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამდა, ამ დისკურსმა ვერ „დაჩაგრა“ პრაქტიკულ ცოდნაზე მიმართული საგანმანათლებლო მცდელობები. მომდევნო პუბლიკაციაში შევჩერდებით ფორმალური განათლების მაგალითებზე – ტექნიკურ სასწავლებლებსა და სამეურნეო სკოლებზე, რომლებიც კერძო მეწარმეების / მეწარმეთა გაერთიანებების ინიციატივითა და ხელშეწყობით დაარსდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი