ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ცა ჩემი სოფლის თავზე

სამეგრელოში მხედრიონელები რომ შემოვიდნენ, პირველ კლასში ვიყავი. კარგად მახსოვს, გაკვეთილის დროს სროლის ხმა გავიგეთ, არ დამავიწყდება ჩემი მასწავლებლის თვალები, რომელიც ოთხზე იდგა და ჩვენც გვიყვიროდა დაწექითო. სანამ დავწვებოდი, თვალი მოვკარი სატვირთო მანქანის ძარაზე იდგნენ თავწაკრული კაცები და ჰაერში ისროდნენ ავტომატებს.

 

გზის პირზე მცხოვრებ ხალხს სახლებში უვარდებოდნენ, ძარცვავდნენ და აუპატიურებდნენ. ღამით თურმე,  გარეთ გასვლის ეშინოდათ და ქვაბებში ისაქმებდნენ. არ ვიცი,  ჯაბა იოსელიანს ასე რატომ უყვარდა ჭაღები, თურმე აგროვებდა. სადაც კარგ ჭაღს ნახავდნენ, ჩამოხსნიდნენ ხოლმე და სკოლა–ინტერნატში მიჰქონდათ, სადაც ჯაბას შტაბი ჰქონდა გახსნილი.

 

ერთ დღეს, ალბათ შემოდგომა იყო, რადგან დედაჩემი მოგროვებულ ფოთლებს წვავდა, ბავშვები ეზოში ვთამაშობდით. შორს ორი თვითმფრინავი გამოჩნდა, რომლებიდანაც ჭურვები ჩამოყარეს მდინარის ნაპირზე. არ ვიცი რატომ, ალბათ დასაშინებლად. დღემდე მაქვს დარჩენილი თვითმფრინავის შიში.

 

მახსოვს, ერთხელ ვიღაცამ თქვა, მოდიანო. დედაჩემმა რაც გვქონდა, ყველაფერი ჩაგვაცვა მე და ჩემს დას, ძლივს დავდიოდით, მერე სახლი აურია, რომ ეფიქრათ, აქ უკვე ყოფილან და ძვირფასეულობის ძებნას აზრი არ აქვსო. იმ ღამით მთელმა სოფელმა ერთ დიდ თხრილში, ცეცხლის პირას გავათენეთ, მეორე დღეს ნელ-ნელა დავბრუნდით სახლებში.

 

შეიძლება,  ბავშვური ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ მახსოვს გადამფრენი ჩიტებივით გუნდ–გუნდად დაფრინავდნენ თვითმფრინავები, საიდან ჰყავდათ ამდენი, არ ვიცი. შიშით გარეთ ვერ ვყოფდით ცხვირს. ერთ კაცს თურმე თოხი ჰქონდა მხარზე გადებული, თოფი ეგონათ და თვითმფრინავიდან მოკლეს.

 

სიტუაცია რომ დალაგდა, თვითმფრინავი როცა გამოჩნდებოდა, ბავშვები თავქუდმოგლეჯილი ვეძებდით დასამალ ადგილს, მარტო ჩემი პატარა ბიძაშვილი მისდევდა თვითმფრინავს ჯაბას დედის გინებით, სანამ თვალს არ მიეფარებოდა. ცხოვრებაში სულ  რამდენიმე  ადამიანი მძულს: მათ შორისაა,  ჯაბა იოსელიანი. ის ტელეინტერვიუ ყველას გექნებათ ნანახი, სადაც მეგრელებზე ამბობს, ეგენი უნდა ამოწყვიტო და მაგ ტერიტორიაზე სხვა დაასახლოო, რამ უნდა გაგამწაროს ისე, რომ შენი ქვეყნის მოქალაქეებზე ასე ილაპარაკო?! არც მწერლად და არც დრამატურგად ვარგოდა ეგ კაცი და ჩემთვის დიდი გამოცანაა,  რატომ მარხია იქ, სადაც მარხია. ადამიანი, რომლის ისტორიული სტატუსი გარკვეული არაა, რატომ უნდა დაასაფლავო მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, გაუგებარია. იმიტომ არ ვამბობ, რომ მეგრელი ვარ, საქართველოს ნებისმიერ კუთხეს რომ ისე მოქცეოდნენ, როგორც სამეგრელოს მოექცნენ, მაინც ამას ვიტყოდი, ცხადია. ალბათ ოდესმე გამოჩნდება ქეთევან ბარათელი, რომელიც ვარლამ არავიძესავით მიწაში არ გააჩერებს, ყოველ შემთხვევაში, უსამართლობა ნამდვილად არ იქნება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი