პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

       გაზაფხულის გაკვეთილები

„ეს გაზაფხული

მე მოგიყვანე…“

ბესიკ ხარანაული

 

 

რაც გინდათ დაარქვით _ ეგოიზმი, გულაჩუყება, თუნდაც რამე უფრო მკაცრი და გაბრაზებული _ მაინც სხვანაირი გაზაფხულები მახსოვს მე და, იყო ეს გაზაფხულები ჩვენს ქალაქში, სოფლებში, ქვეყანაში და, ალბათ მთელ დედამიწაზე, იყო, ისევე როგორც ჩვენ ვიყავით იმ წარსულში და, გაზაფხულები კი, სწორედ იმ წარსულის წიგნში, საკუთარ თავს გვამახსოვრებინებდა.

ჩემი ბავშვობის გაზაფხულები _ სკოლის ფანჯრიდან, სახლის ფანჯრიდან,  აივნიდან დანახული და შესუნთქული!

დიდი, ლურჯი თვალებით შემოდიოდა, ზამთარგამოვლილი ხეების მკლავებით და ყინვისგან დამზრალი მიწის ნაფეხურებით, ყველგან ჰქონდა ადგილი _ მიწაზეც, ბალახზეც, ხეზეც, ცაშიც _ ყველგან მას უთმობდნენ ადგილს მის ფრთებს დანატრებული ადამიანები, მარტო ზამთარ- კი არა, _ ომგამოვლილი, უღელტეხილებგამოვლილი, სიკვდილგამოვლილი ადამიანები!

ჩემი სკოლის წინ, ზუსტად ჩემი საკლასო ოთახის ფანჯრების გასწვრივ  (9 წელი ამ ოთახში გავატარე, ერთ მერხთან, ადგილ და მეზობელ-მოუცვლელად), ალვების მწკრივი იყო, ალვების უკან _ დაქანებულ ფერდობზე, ნაძვები და მესამე რიგში კი ნუშები და ალუბლები ჩაეყარა თავის დროზე ვიღაცას, ვისაც ბუნების დღესასწაულის ცქერა ალბათ ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა და რატომღაც ასე გადაწყვიტა, ამ თანმიმდევრობით შეექმნა პატარა ბაღი, წელიწადის ოთხი სეზონის და ზედაც კიდევ მარადისობის ფერებით სავსე.

სწორედ ამ დამრეცი ბაღიდან ამოყოფდა ხოლმე თავს ჩვენი გაზაფხული, საკლასო ოთახის ფანჯრებზე ცხვირმიჭყლეტილები პირველად იმ ბაღის ნუშებს წავასწრებდით ახალგაფეთქილ კვირტებს, მერე ატმები მიყვებოდა, მერე ალაგ-ალაგ სამეზობლო სივცეებში – ტყემლები და ალუჩები (იყო ეს ხეები ჩვენს ქალაქში, ნამდვილად იყო!), ავტეხდით ერთ დავიდარაბას, ვინმე ძალიან სულაკაწკაწებული რტოსაც წაატეხდა ხოლმე რომელიმე აყვავებულ ხეს, შეყვარებულისთვის ან ვინმესთვის მისართმევად, ან, უბრალოდ, მუჭში დიდხანს გასაჩერებლად, რათა დაუღალავად ჩაეყნოსა და ჩაეყნოსა იმ კვირტების ბუტკოების თაფლი და ბადაგი.

მახოვს, პატარა მიწის ნაკვეთიც გვქონდა იმ ბაღის გადმოსწვრივ, სკოლის მეორე მხარეს, ტირიფების წკირებით კოხტად შემოსალტული დაბალი ღობე ერტყა გარშემო (ერთმა მასწავლებელმა თავის ხელით გააკეთა ის ღობე და ზოგიერთ მოსწავლეს ტირიფის ტოტებით მსგავსი სილამაზეების დაწვნაც ასწავლა); ჰოდა, ჩაგვიყვანდა ხოლმე შრომის მასწავლებელი იმ ნაკვეთში, გადაგვიშლიდა გაზაფხულისგან თავის კანში ვერდატეულ მიწას, როგორც კარგ წიგნს, გადაგვიფურცლავდა ნიჩბის პირით და, შევესეოდით ამ თბილორთქლიან, მაყვლისფერ წიგნის ფურცლებს და ვავლებდით ოხრახუშის, კამის, პიტნის წვრილ ხნულებს და ვწერდით მასში ჩვენს სიცოცხლისხელა ოცნებებს და ვდებდით მასში ჩვენს გულებს _ ახალთახალი გაზაფხულისგან, სიყვარულისგან, სულ ახალ-ახალი შეგრძნებებისგან აზანზარებულს და სიხარულის ცრემლებით სველს…

იყო დიდი ამბავიც, როცა მიწის ბელტის ქვეშ ნეშომპალით ნაკვებ ვარდისფრად დატიკნულ ჭიაყელებს ამოვატრიალებდით,  უცებ გაჩნდებოდა უწყინარი ლეგენდა იმაზე, რომ სადღაც, ამ ჭიაყელების, მატლების და ხოჭოების ქვეშ უფრო დიდი და საშიში არსებები ცხოვრობენ, რომ უფრო ღრმად თუ ამოვთხრით, შეიძლება ისეთ სანგრებსაც მივაგნოთ, ისეთ მღვიმეებს და სარკოფაგებს!.. და, მზეზე აფართხალებული, თითის სიგრძე ჭიაყელების ისტორიიდან იქმნებოდა ჩვენი პირადი მითოლოგია, თავის განუმეორებელი გმირებით და ანტიგმირებით, მითის კანონის თანახმად, ყოველივეს ეძლეოდა თავისი სახელი და, ამ თამაშებშიც იყო რაღაც სახიფათოც და გულუბრყვილოც, მტკივნეულიც და ბედნიერიც!..

ამასობაში ფრჩხილები მიწით გვევსებოდა, ყველაზე ნაზს და ფაქიზს ჩვენს შორის _ რომელიმე გოგოს ბებერებიც უჩნდებოდა თითის და ხელისგულის შესაყარზე, მუხლისთავებიც გვესვრებოდა, რადგან ახალი ბაღის გაშენება ჩვენგან დაჩოქებასაც ითხოვდა, მიწის შეხებას, მაგრამ, აბა ვინ ჩიოდა ამას _ წინასწარ თავბრუ გვეხვეოდა ჩვენი ნაჯაფის შედეგების წარმოდგენით _ როგორ ამოიზრდებოდა სულ ცოტა ხანში ამ მიწიდან ჩვენი დათესილი მცენარეები, როგორ მოვუვლიდით, კიდევ უფრო გავზრდიდით, მერე დავკრეფდით, მოვიწევდით, მერე…

იმ მცენარეებივით, იმ მიწის ნაგლეჯზე ჩვენც გვზრდიდით მაშინ, გაზაფხულის გაკვეთილებო!..

ახლა კი… ბევრი უნდა იარო, ქუსლები უნდა გადაიტყავო, ამ ქალაქში აყვავებულ ხეებს რომ შეეფეთო, გაზაფხულის მახარობლებს რომ შეხვდე! აღარც ის მხიარული მიწის ნაგლეჯებია სკოლის ეზოებში, აღარც დამრეცი ან სწორფერდა ბაღები, ზეცისკენ აწვდილი დედამიწის სიხარულები…

ან იქნებ, არის სადმე ისევ, იქნებ ისევ ტარდება რომელიმე სკოლის ეზოში შრომის, მიწის, გაზაფხულის გაკვეთილები? იქნებ ისევ ბაღებიდან მოდის პირველი შეტყობინება, მისი აღმატებულება _ გაზაფხულის მობრძანების შესახებ, ბაღებიდან და არა, ვთქვათ, ინტერნეტიდან? იქნებ ისევ ეთხვრებათ ახალთახალ მზის გულზე ატკარცალებულ გოგო-ბიჭებს ხელისგულები და მუხლისთავები, როცა თავიანთი მიწის ნაგლეჯებზე რგავენ, თესავენ, ისარგაყრილ გულებს დებენ და მოსამკელის მოლოდინით ინუსხებიან?

თუ ასეა, მაშ ნუ დაიზარებთ, გადაუღეთ ფოტოები ასეთ ბაღებს, ასეთ ნაკვეთებს, თქვენი ხელით გადაშლილ მიწის წიგნებს, ოხშივარიან ფურცლებს, თქვენი ხელით დარგულ და დათესილ სიცოცხლეებს და გამომიგზავნეთ, მე გაზაფხულებს ვაგროვებ, ვინ იცის, რისთვის გამოგვადგეს!..

ჩემი მისამართია _ ninia80@gmail.com

გაზაფხულის გაკვეთილების კურსდამთავრებული, ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური მოლოდინის მაგისტრი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი