შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რეფლექსიის სტრატეგიები  გეოგრაფიის გაკვეთილზე

რეფლექსია ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების (ღირებულებების, ინტერესების, მოტივების, ემოციების, საქციელის) ცოდნისა და მდგომარეობის გაცნობიერება,  თვითანალიზია. ის დიდ როლს ასრულებს სასწავლო პროცესში. თვითანალიზი, ერთი მხრივ, ხორციელდება სასწავლო საქმიანობის შედეგების, საკუთარი ქცევის, მიღწეული შედეგების თანაკლასელების შედეგებთან შედარების ანალიზით, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა ადამიანების დამოკიდებულებების გააზრებით, მათი მხრიდან ჩვენი  პიროვნული ცალკეული თვისებების, ქცევების, საქმიანობის შეფასებით. თვითანალიზი ასევე გამყარებულია საკუთრი მდგომარეობის, აზრებისა და გრძნობების თვითდაკვირვებით.

რეფლექსია  მოსწავლეებს მიღებული შედეგების ფორმულირებაში, შემდგომი საქმიანობის მიზნების განსაზღვრაში, საკუთარი საგანმანათლებლო გზის კორექტირებაში ეხმარება.  რეფლექსია ადამიანის სამი უმთავრესი  თვისების – დამოუკიდებლობის, მეწარმოებითი ნიჭისა და კონკურენტუნარიანობის  განვითარებას უწყობს ხელს.

რეფლექსია შესაძლებელია განხორციელდეს არა მხოლოდ გაკვეთილის ბოლოს, არამედ მის ნებისმიერ ეტაპზე და მიმართულია განვლილი გზის გააზრებისკენ. მისი მიზანია, მოსწავლე გაკვეთილიდან წავიდეს, არა მხოლოდ დაფიქსირებული შედეგით, არამედ ააგოს აზრობრივი ჯაჭვი, შეადაროს თავისი საქმიანობა სხვებისას. საკუთარი განათლების მიმართ გააზრებული მიდგომა მოსწავლეს ეხმარება სწორად დაალაგოს პრიორიტეტები,  მოძებნოს და გამოავლინოს საკუთარი თავის ძლიერი და სუსტი მხარეები და, რაც მთავარია, აამაღლოს სწავლების ხარისხი. რეფლექსია შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს, მოახდინოს ახალი და წინარე ცოდნის ინტეგრაცია, გაიაზროს რა გაიგო ახალი და თავისი სიტყვებით გადმოსცეს აზრები და დამოკიდებულებები.

რეფლექსიის ამა თუ იმ სახის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გაკვეთილის მიზანი,  სასწავლო მასალის შინაარსი და სირთულეები, სწავლების მეთოდები და სტრატეგიები, მოსწავლეთა ასაკობრივი და ფსიქოლოგიური თავისებურებები.

არსებობს რეფლექსიის  ბევრი სტრატეგია.  განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი, რომელთა გამოყენებაც გეოგრაფიის გაკვეთილზეა შესაძლებელი.

სტრატეგია  „კუნძული”

ფორმატის ფურცელზე  მასწავლებელი ხატავს  რუკას „კუნძულების” ემოციური გამოსახულებით ან დასახელებებით. მაგ: კ. სიხარული, კ. სევდა, კ. გაურკვევლობა, კ. შფოთვა, კ. მოლოდინი, კ. აღმაფრენა, კ. კმაყოფილება, კ. აღფრთოვანება, კ. გასხივოსნება, ბერმუდის სამკუთხედი და სხვ.  და აკრავს  კედელზე. თითოეული მოსწავლე მიდის რუკასთან და მარკერით ხატავს თავის გემს რუკის იმ  სეგმენტში, რომელიც  მის სულიერ, ემოციურ- მგრძნობელობით მდგომარეობას გამოხატავს გაკვეთილის ბოლოს. მაგ;  „მე  კმაყოფილი ვარ  ჩემი საქმიანობით  და მაქვს დადებითი ემოციები, ამიტომ ჩემს გემს დავხატავ  მოდრეიფეს კმაყოფილებისა და სიხარულის კუნძულებს შორის”.  იმ შემთხვევაში თუ უკვე არსებული კუნძულები არ  შეესაბამება მის მდგომარეობას, თითოეულ მოსწავლეს შეუძლია რუკაზე დახატოს ახალი კუნძული და დაარქვას სახელი.  რუკის შევსების შემდეგ ხდება მისი გაანალიზება.  ეს სტრატეგია შესაძლებელია მასწავლებელმა მთელი კვირის განმავლობაში გამოიყენოს, ხოლო კვირის ბოლოს  მოახდინოს მათი შედარება და გაარკვიოს, როგორ შეიცვალა  მოსწავლეთა მდგომარეობა.

სტრატეგია „მთა”

ფორმატის ფურცელზე  დახატულია მთა და მთამსვლელები სხვადასხვა პოზიციაში: ერთი მთის ძირშია, მეორე ციცაბო ფერდობზე ადის, მესამე დამრეცზე, მეოთხე  მთის მწვერვალზეა, მეხუთეს მწვერვალამდე  ასასვლელად ცოტაღა უკლია, მეექვსე  მთისკენ ზურგშქცევით დგას და სხვ. მოსწავლეები საქმიანობის თვითანალიზისა და თავიანთი სასწავლო მიღწევების  შეფასების შესაბამისად იმ ადამიანებს  შემოხაზავენ, რომლებიც ყველაზე ახლოსაა მათ მდგომარეობასთან მოცემულ გაკვეთილზე.  რეფლექსიური საქმიანობის ალგორითმი შემდეგშია:  ინდივიდუალური შეფასება, ჯგუფში მოსაზრებების გაცვლა,  მასწავლებლის მიერ  სიტუაციის  გაანალიზება და განზოგადება საერთო სურათის მისაღებად.

სტარტეგია „ტვიტერ-შაბლონი”

როგორც სოციალური ქსელი  „ტვიტერი” გვთავაზობს, გამოვხატოთ ჩვენი აზრები 140 სიმბოლოს საშუალებით, ასევე ჩვენ მოსწავლეებს ვაძლევთ ლაკონურ კითხვებს. მათ, ტვიტერ-შაბლონის მსგავსად, განსაზღვრული რაოდენობის სიმბოლოების გამოყენებით უნდა გასცენ მოკლე პასუხი. ეს კითხვები შესაძლებელია მოსწავლეებს დაფაზე ან ფურცლებზე დაუწეროთ და დაურიგოთ. ასევე შეგიძლიათ თქვენს მოსწავლეებთან ერთად სოციალურ ქსელში შექმნათ დახურული ჯგუფი და მათ იქ შეავსონ ანკეტა ამ კითხვებით.  შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ გუგლ-დრაივის სერვისი, სადაც მოსწავლეები ანკეტებს ონლაინრეჟიმში ავსებენ.  გავეცნოთ 8 კითხვას, რომელიც მოსწავლეს დააფიქრებს სასწავლო პროცესზე:

  1. რამ გაგაოცა დღეს გაკვეთილზე და რატომ?
  2. შენი აზრით, დღეს ნასწავლი მასალიდან რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?
  3. რომელი საკითხის შესახებ გინდა კიდევ მეტის გაგება და რატომ?
  4. რომელი დავალების შესრულების დროს გამოიყენე ყველაზე მეტად შემოქმედებითი და კრიტიკული მიდგომები? რატომ ფიქრობ ასე?
  5. რამ გააღვიძა შენში ინტერესი, ცნობისმოყვარეობა? როგორ შეიცვალა შენი ყურადღება გაკვეთილზე, როცა შენში  ინტერსმა,  ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა?
  6. გაკვეთილის რომელ ეტაპზე შესძელი საკუთარი შესაძლებლობების ყველაზე  კარგად გამოყენება?
  7. ხვალინდელი დღიდან შესაძლებლობა რომ გქონდეს თავად აირჩიო რა საკითხები და რა თანმიმდევრობით უნდა ისწავლებოდეს, რას აირჩევდი?
  8. როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას?

სტარტეგია „დაამთავრე ფრაზა”

მოსწავლეებს ვაძლევთ ფრაზას და ვთხოვთ მის დამთავრებას. მაგ; გაკვეთილზე მე ვისწავლე, ვიგრძენი, გავიაზრე, გავაცნობიერე, მივხვდი, როგორ გამოვიყენო და სხვ; თამაშმა მაიძულა დავფიქრებულიყავი ….;  გაკვეთილზე განსაკუთრებით მომეწონა ….;  ბუნებასთან დამოკიდებულება ჩემთვის არის ….;  ამ გაკვეთილმა დამაფიქრა …; ამ გაკვეთილმა დამანახა, რომ  …;

სტრატეგია  „სამიზნე”

ფორმატის  ფურცელზე დახატულია სამიზნე, რომელიც დაყოფილია ოთხ (შესაძლებელია უფრო მეტ ან ნაკლებ) სექტორად. თითოეულ სექტორში იწერება პარამეტრები – რეფლექსიის კითხვები.  მაგ;  1-ელ სექტორში  შინაარსის შეფასება; მე-2-ში  –  გამოყენებული მეთოდების შეფასება; მე-3-ში – მასწავლებლის საქმიანობის შეფასება, ხოლო მე-4-ში – საკუთარი საქმიანობის შეფასება. თითოეული მოსწავლე ფლომასტერს, ფანქარს ან კალამს 4-ჯერ (თითოჯერ თითო სექტორში) „ესვრის”  სამიზნეს და სროლის ადგილას აღნიშნავს წერტილს, +  ნიშანს და ა.შ.  ეს აღნიშვნა შეესაბამება მისი შედეგების შეფასებას. თუ მოსწავლე  დაბალ დონეზე აფასებს თავის შედეგებს, მაშინ სამიზნეზე წერტილი ახლოს უნდა იყოს 0-თან, ხოლო თუ ცოტა მეტად – მაშინ 5-თან. იმ შემთხვევაში, თუ უფრო მაღალ დონეზე აფასებს მაშინ  –  ციფრ 10-იანთან ახლოს. მას შემდეგ, რაც თითოეული მოსწავლე ისვრის მიზანში და 4 წერტილს აღნიშნავს მასზე, რეფლექსიურ სამიზნეზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით  მასწავლებელი ახდენს მის მოკლე ანალიზს.

სტრატეგია  „ჩემოდანი,  ნაგვის კალათა, ხორცის საკეპი მანქანა”

ამ სტრატეგიისთვის საჭიროა ფორმატის 3 ფურცელი, რომელთაგან ერთზე  ხატია უზარმაზარი ჩემოდანი, მეორეზე – ნაგვის კალათა (ყუთი), ხოლო მესამეზე – ხორცის საკეპი მანქანა”.  მოსწავლეებს ურიგდებათ ყვითელი, ლურჯი ან ცისფერი და ნაცრისფერი  წებოვანა ფურცლები, რომლებიც შევსების შემდეგ ფორმატებს უნდა მიაკრან. ყვითელ ფურცელზე, რომელიც მოსწავლემ  „ჩემოდნიან” ფორმატს  უნდა მიაკრას, იგი წერს გაკვეთილის მანძილზე რა იყო მისთვის ყველაზე  მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის წაღებაც მას თან სურს  და რომლის გამოყენებასაც აპირებს. ლურჯ ფურცელზე, რომელსაც შემდეგ  „ნაგვის კალათიან” ფორმატს აკრავს, წერს იმ საკითხებს, რაც, მისი აზრით, არ სჭირდება, უსარგებლოა და  ნაგვის ყუთში უნდა გადაყაროს.
ნაცრისფერ სტიკერზე, რომელსაც  მესამე  – „ხორცის საკეპი მანქანის” – ფორმატზე აკრავს, იწერება ის საკითხები, რომლებიც მისთვის საინტერესოა, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, დასაზუსტებელია,  მეტი ინფორმაცია სჭირდება. ფურცლები მოსწავლეებმა შეიძლება ანონიმურადაც შეავსონ.

სტრატეგია გასასვლელი ბილეთი

ეს სტრატეგია შესაძლებელია გამოვიყენოთ, როგორც ყოველი გაკვეთილის ბოლოს, ასევე  სემესტრის ან წლის ბოლოსაც.  მოსწავლეებს ვურიგებთ გასასვლელ ბილეთებს და ვთხოვთ, მათ შევსებას.  მაგ; წლის ან სემესტრის ბოლოს გასასვლელ ბილეთში მათ პასუხი შემდეგ კითხვებზე ექნებათ გასაცემი:

ა) რა მოგწონს ყველაზე მეტად გეოგრაფიის გაკვეთილზე?

ბ) რა არ მოგწონს ყველაზე მეტად გეოგრაფიის გაკვეთილზე?

გ) როგორია შენი მიღწევები გეოგრაფიის გაკვეთილზე სემსტრის, წლის განმავლობაში?

დ) როგორ ფიქრობ, რა არის შენი წარუმატებლობის მიზეზები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)?

ე) გეოგრაფიის რომელი გაკვეთილი იყო შენთვის ყველაზე საინტერესო და რატომ?

ვ) შენი რომელი პიროვნული თვისებების განვითარებას შეუწყო ხელი გეოგრაფიის სწავლებამ?

ზ) რა წინადადებები, რეკომენდაციები ან სურვილები გაქვს გეოგრაფიის მასწავლებლის მისამართით?

ამრიგად, რეფლექსიური სწავლების გამოყენება  ისეთი  ამოცანების გადაწყვეტას უწყობს ხელს, როგორიცაა: მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების განვითარება,  ცოდნის დამოუკიდებლად აგების,  კონსტრუირების უნარი, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი