შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ყველაზე მწვანე სკოლები

აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში ყველაზე „მწვანე სკოლები“ გამოარჩიეს

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ნახევარფინალური რეგიონალური ტურები აჭარითა და სამეგრელოთი დაიწყო და კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ კეცხოველის სახელობის კონკურსი სრულიად ახალ ფაზაში შევიდა და გამორჩეულად დიდ მასშტაბებზეც გავიდა.

18 თებერვალს ქალაქ ბათუმში გამართულ რეგიონალური ტურში აჭარისა და გურიის სკოლები შეეჯიბრნენ ერთმანეთს და ნახევარფინალური ვნებათაღელვაც სწორედ ჩვენი ქვეყნის ზღვისპირეთიდან დაიწყო.

ეს სკოლები, როგორც უკვე იცით, მთელი წლის მანძილზე ატარებდნენ სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებებს, ასუფთავებდნენ და ნარჩენებისგან წმენდნენ საკუთარ სოფლებსა თუ ქალაქებს, ატარებდნენ გამწვანების აქციებს, აქტიურად რთავდნენ აქტივობებში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას, იპყრობდნენ მედიის ყურადღებას და, რაც მთავარია, ამას აკეთებდნენ დიდი ცოდნითა და სიყვარულით, რაც საბოლოო შედეგებშიც გამოიხატა.

მხოლოდ აჭარა-გურიის ტერიტორიაზე ბავშვებმა 500-ზე მეტი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს და ეს, ვფიქრობთ, მართლაც შთამბეჭდავი ციფრია!

რეგიონული ტურის წინ ბავშვებს უკვე ჰქონდათ აქტივობებით დაგროვილი ქულები და სწორედ ეს ქულები იყო მათი წინასწარი შედეგები, რაც განსაზღვრავდა გუნდების სასტარტო პირობებს. რეგიონული ტურების დროს ეკოსპიკერის ფორმატში სკოლის გუნდებმა 1 წუთის მანძილზე წარმოადგინეს მათი ხედვა და ვერბალური მოწოდება გარემოსდაცვით პრობლემებთან დაკავშირებით. მათი ეს აქტივობა პროფესიონალური ჟიურის მიერ წინასწარ განსაზღვრული, 12-შკალიანი ქულათა სისტემით ჯამდებოდა.

საბოლოო ჯამში, ეკოსპიკერის ქულებს დაემატა გუნდების მიერ წინასწარ დაგროვილი ქულები და ამ ორი მაჩვენებლის დაჯამებით დაგროვილი ქულებით, ბათუმის რეგიონული ტურის დასკვნით ეტაპზე 6 გუნდი გავიდა, რომლებმაც ჟიურის პრეზენტაციების სახით მათ მიერ განხორციელებული გარმეოსდაცვითი ღონისძიებები ბევრად უფრო ვრცლად წარმოუდგინეს და ჟიურის საშუალება მიეცა სკოლათა აქტივობების განხორციელების მასშტაბის გაზრდა გუნდების რეზენტატიულობითაც შეეფასებინა.

საბოლოო ჯამში, აჭარა-გურიის რეგიონული ნახევარფინალიდან გამარჯვებულები გახდნენ და 21 მარტს თბილისში კონკურსის ფინალურ, ეროვნული მასშტაბის ტურში წარმოადგენენ:

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის სკოლა;

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 სკოლა;

ხელვაჩაურის N1 სკოლა.

აჭარის რეგიონულ ტურს დიდი ვნებათაღელვა და ემოციებიც ახლდა თან, რადგან შედეგები ნაწილობრივ მოულოდნელი და დამაინტრიგებელი გახლდათ. ჟიურის გადაწყვეტილებით ფინალში ვერ გავიდა და ძალიან ცოტა დააკლდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის სკოლის გუნდს, რომელშიც არამხოლოდ აჭარის რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბავშვები არიან გაერთიანებული და გასული წლის მანძილზე მათ მრავალი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობაც განახორციელეს.

რეგიონალური ტურების შედეგებით, თბილისის ფინალურ (დასკვნით) ტურში სულ 20 სკოლა გადის, თუმცა, კონკურსის ორგანიზატორები რეგიონალური ტურების დასრულების შემდეგ იტოვებენ უფლებას, რომ საკუთარი პრივატული გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დამატებით კიდევ 3 გუნდი გაიყვანონ ფინალში და როგორც ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ორგანიზაცია CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების კორდინატორი, რეზო გეთიაშვილი აცხადებს, სოფელ ალამბრის სკოლას დიდი შანსი აქვს, რომ ამ „იღბლიან სამეულს“ შორის მოხვდეს.

ვნებათაღელვა და დიდი ემოციები ახლდა თან 19 თებერვალს ქალაქ ზუგდიდში გამართულ რეგიონულ ტურს, სადაც ფინალის საგზურები სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის სკოლებმა გაითამაშეს. წინასწარ დაგროვილი ქულების მიხედვით შერჩეული 31 სკოლიდან უმეტესობა თავიდანვე იმსახურებდა დასკვნით ეტაპზე გასვლას, მაგრამ, წესების მიხედვით, ამ რეგიონიდან ფინალში მხოლოდ 4 გუნდი გადიოდა და კონკურენცია განსაკუთრებით დიდი და თვალსაჩინიო გახლდათ.

ზუგდიდის N1 სკოლაში გამართულ ამ რეგიონულ ტურში სხვა სკოლებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთის სკოლები და მათ შორის ის სკოლებიც, რომლებიც ენგურის ხიდსიქითა საქართველოში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე  მდებარეობენ. ამ ბავშვებს ნიკო კეცხოველის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საოკუპაციო ზოლიდან ზუგდიდში ჩუმად გადმოპარვა მოუწიათ.

ტურის მშვენება იყო სვანეთის სამი შესანიშნავი სკოლის გუნდი მესტიის მუნიციპალიტეტიდან. სვანეთის სოფლების: მულახის, მაზერისა და ფარის სკოლებმა სამეგრელოს სუპერ-აქტიურ სკოლებს ისეთი ღირსეული და მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, რომ მათი ეს გამორჩეულობა და მონდომება არც ჟიურის დარჩენია ყურადღების მიღმა.

ამ რეგიონული ტურის შედეგები საბოლოოდ დიდი ვნებათაღელვის, სიხარულისა და ცრემლების მიზეზი გახდა, რადგან მაღალი კონკურენციის გამო ბუნებრივია ფინალს მიღმა ისეთი სკოლებიც დარჩნენ, რომლებიც ნამდვილად იმსახურებდნენ ამ წარმატებას და რაც მნიშვნელოვანია, ამ გუნდებს ფინალამდე ქულათა უკიდურესი მინიმუმი დააკლდათ. თუმცა, დამარცხებული გუნდებიც აღიარებდნენ, რომ ჟიურიმ ნამდვილად ღირსეული და დამსახურებული გუნდები შეარჩია.

აქვე გეტყვით, რომ კონკურსის ორგანიზატორებმა დამატებით გადასაყვან სამ სავარუდო სკოლის გუნდების კანდიდატებს შორის სამეგრელოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუს სკოლის გუნდიც შეიყვანეს და საკმაოდ დიდი შანსია, რომ „ბედნიერ სამეულს“ შორის ორულუს სკოლაც იყოს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ტურის გამარჯვებული გახდა ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის, სოფელ თაგილონის სკოლა. გამარჯვებით გახარებულმა გალელმა ბავშვებმა სიხარული და მადლიერება აფხაზური ნაციონალური ცეკვით გამოხატეს და ზუგდიდში ემოციების ცეცხლი დაანთეს. ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსის ორგანიზატორებს დიდი იმედი აქვთ, რომ თაგილონის სკოლა 21 მარტს თბილისშიც ღირსეულად წარმოაჩენს თავს და დაამტკიცებს, რომ აფხაზეთის სკოლების მოსწავლეების მაღალ შესაძლებლობებს წინა ვერანაირი ოკუპაცია ვერ დაუდგება!

თაგილონის სკოლის გარდა, 21 მარტს ფინალში ასევე ვიხილავთ სვანეთის სოფელ მულახის გუნდს, რომელმაც ყველას დიდი სიმპათია და სიყვარული დაიმსახურა, სოფელ ეწერის ლეგენდარულ სკოლის გუნდს, რომელმაც გასულ წელს იმდენი ერთმანეთზე საუკეთესო გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელა, რომ მათ მიერ წარმოდგენილ 5-წუთიან პრეზენტაციაში ამ ყველაფრის მხოლოდ მცირე ნაწილი ჩატიეს და სოფელ ხეთის სკოლა, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, კოლხური ბზის ცნობილი დამცველი – სანდრო ნარსია თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე შემდგარი გარემოს დამცველია.

რეგიონული ტურები 5 მარტს, თელავში, კახეთში დასრულდა. 21 მარტს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქ თბილისში, ტყის საერთაშორისო დღეს, კონკურსის დასკვნითი, ფინალური ტური გაიმართება, სადაც მონაწილეობას მთელი საქართველოდან შერჩეული 23 საუკეთესო სკოლა მიიღებს.

კონკურსის ორგანიზატორები არიან: CENN, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ინიციატივ ხორციელდება პროექტის, ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

ლევან სებისკვერაძე

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი