ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

თანატოლი თანატოსი

დიდი და პატარა კლასელები

მამაჩემმა და მისმა მეგობარმა ამასწინათ ერთი კლასელი გაიხსენეს, მესამე თუ მეოთხეკლასელი ბიჭი, რომელსაც მამის თოფი გაუვარდა და მძიმედ დაჭრილი ვერ გადაარჩინეს. სევდიანი ამბავი იყო: ორმოცდაათს გადაცილებული კაცები როგორ იგონებდნენ ღრმა ბავშვობაში დაღუპულ ადამიანს, ვისაც, წესით, ბედი რომ ჰქონოდა, მათ წლოვანებამდე მაინც უნდა მოეყარა და მათსავით ცოლ-შვილიც შეიძლებოდა ჰყოლოდა. ბევრი აღმართი უნდა დაეძლია და ბევრ თავდაღმართზე დაშვებულიყო, ის კი პირველივე ხიფათს ზედ შეადნა სანთელივით. ისეთმა ხიფათმა მოძებნა, უფრო დიდი ასაკის ხალხს რომ აეკიდება ხოლმე. ცოდვილების საძებრად გამოსული გზააბნეულ ბალღს წააწყდა და გაიყოლა.

 

უნახავი შვილთაშვილი

მინდოდა ბაბუაჩემს ჩემი შვილი ენახა – თავისი პირველი შვილთაშვილი, რომლის დაბადებასაც მოესწრო, მაგრამ ვერ შევძელი მისთვის ეს სიხარული პირადად გამეცნო, ნიკო სოფელში წამეყვანა. რამდენიმე თვით დავიგვიანე. მძიმე განცდაა, როცა შენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები ვერასდროს შეხვდებიან ერთმანეთს.

 

საფლავში მიმაქვს…

რომ ამბობენ, რაც გაქვს, წუთისოფელში დახარჯე, იმქვეყნად რას წაიღებო, არაა მთლად მართალი. მჯერა და ვერავინ გადამარწმუნებს, რომ არიანე ჭანტურიამ მთელი თავისი ნიჭი, უნიკალური მეხსიერება და გამოცდილება საფლავში წაიღო, იმიტომ კი არა, რომ აქ ღირსეული მემკვიდრე არ დარჩა. არა! სულ რომ ბეჯითი სტუდენტების არმია ჰყოლოდა, ვერ წარმომიდგენია მისი შეცვლა, მისი გამეორება ვინმეს შეძლებოდა. განუმეორებელიო, რომ იტყვიან, კი გაცვდა ეს სიტყვა, მაგრამ არიანე ჭანტურიასთვის ზედმიწევნით მისადაგებული იყო.

 

ფოტო ფოიეში

ნაცნობისგან გამიგია: ავარიაში დაიღუპა უნიჭიერესი და ძალიან წესიერი ბიჭი – მასწავლებლებსაც რომ უყვართ, ბეჯით კლასელებსაც და ისეთებსაც, მაინცდამაინც სწავლისთვის რომ არ იდებენ თავს. ყველას დასწყდა გული და ამ მწუხარების გამოსახატად მოსწავლეებმა გადაწყვიტეს სკოლის შესასვლელში დაღუპულის ფოტო გამოეკრათ.

მათ გადასარწმუნებლად დირექტორის ვერც ერთმა არგუმენტმა ვერ გაჭრა. ცხელ კვალზე ტრაგედიას შეუძლია იოლად დაჯაბნოს საღი აზრი და რაციონალური მსჯელობა. მოსწავლეები (განსაკუთრებით გარდაცვლილის კლასელები) აგრესიულად მოითხოვდნენ ფოტოს გამოქვეყნებას.

კონფლიქტი ქართულის მასწავლებლის ერთმა ჯადოსნურმა ფრაზამ განმუხტა, რომელიც მან ამბოხებულ მოსწავლეებს უთხრა, – ვიცი, ბრაზობთ, სურათის ჩამოკიდების უფლებას რომ არ გაძლევენ, მაგრამ მერწმუნეთ, დრო რომ გავა, იმ ფოტოს ჩამოხსნა მოგვიწევს და გული მაშინ უფრო მეტად დაგვწყდებაო.

 

ერთ ასაკში

ის კია ბებერი, ძველი და შებერტყილი, მაგრამ ჩემთან რომ მოვა, მინდა ჩემი ასაკის იყოს, და ისეთი მიმზიდველი, როგორც ნინო კირთაძეა, სიკვდილის როლს რომ თამაშობს „მეტეოიდიოტში“ (ნანა ჯორჯაძის ფილმი).

ჩემი ასაკის ხალხთან არასდროს მიჭირდა საერთო ენის გამონახვა, და თუ ძალიან მოვინდომებ, იქნებ ჩემი ასაკის სიკვდილთანაც ერთი-ორი სიტყვის გაცვლა შევძლო. საინტერესოა, მას რა ეხსომება ან მე რით გავაკვირვებ; იდუმალ რაღაცებზე ვკითხავ, თუ აქეთ ჩამეძიება, ამხელა კაცმა მანქანის ტარება რატომ არ იციო; ეჭვი მაქვს, ბოლომდე ვერც ის ამიხსნის, რატომ ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე, რადგან ფილოლოგიურზე რატომ არ ჩავაბარე, მე თვითონაც კარგად ვიცი; იმასაც გავახსენებ, იქამდე რომ ბევრჯერ შევხვედრივართ და ერთი განსაკუთრებით მახსოვს – ენაარეულმა და ხელ-ფეხმოწყვეტილმა ოპერაციის წინ ჩემს ძმას რომ ვუჩურჩულე, – თუ ასეთი დავბრუნდი, ევთანაზია გამიჩალიჩე-მეთქი; და ბოლოს იქნებ სექსითაც დავკავდეთ მე და ჩემიტოლა სიკვდილი, როგორც დათო (მერაბ ნინიძე) შვრება იმავე „მეტეოიდიოტში“…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი