შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ცხოვრება დემოკრატიულ სახელმწიფოში (ტესტის ნიმუში)

 

ინსტრუქცია

 

უპირველეს ყოვლისა, აუხსენით მოსწავლეებს, რომ ამ ტესტის მიზანია არა მათი ცოდნის შემოწმება, არამედ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უკეთ შესწავლა და გაცნობიერება.

შეგიძლიათ, კლასი ჯგუფებად დაყოთ. სასურველია მცირე ჯგუფებად ან წყვილებად დაყოფა. თითოეულ ჯგუფს/წყვილს გადაეცით ფურცელზე ამობეჭდილი ან დაწერილი რამდენიმე კითხვა, რომელთაგან თითოეულს სამი პასუხი ექნება. მოსწავლეები აირჩევენ პასუხს, რომელიც სწორად მიაჩნიათ. უნდა ითქვას, რომ ზოგ შემთხვევაში სწორი პასუხი ერთზე მეტია, რადგან ადამიანის უფლებები და თავისუფლებები დინამიკური კონცეფციაა, მუდმივად ვითარდება და ინტერპრეტაციის საშუალებას ტოვებს.

 

კარგი იქნება, თუ ტესტის საფუძველზე დისკუსიას გამართავთ. სთხოვეთ მოსწავლეს, დაასაბუთოს თავისი თვალსაზრისი. ასე ტესტი არ დარჩება მშრალ კითხვა–პასუხად. მნიშვნელოვანია, თავადაც მოემზადოთ ამ დისკუსიისთვის.

 

ტესტის ამ ნაწილს შეიძლება დავარქვათ „ცხოვრება დემოკრატიულ სახელმწიფოში“.

ტესტი:

 

  1. 17 წლამდე ასაკის ბავშვის შრომა:

 

ა) ყოველთვის ბავშვის უფლებების დარღვევაა;

ბ) ბავშვის უფლების დარღვევაა, თუ სამუშაო მავნებელია;

გ) მისაღებია, თუ სახელმწიფო განსაზღვრავს ბავშვის მინიმალურ ასაკს 17 წლის ქვემოთ.

 

სწორი პასუხია „გ“. ბავშვთა უფლებების კონვენცია კრძალავს ბავშვის შრომას, თუ ეს საშიშია ან წარმოადგენს ექსპლუატაციის ფორმას, მაგრამ კონვენცია სახელწიფოს უფლებას ანიჭებს, დაადგინოს მინიმალური ასაკი.

 

  1. სიკვდილით დასჯა:

 

ა) აკრძალულია მთელ მსოფლიოში;

ბ) გაუქმებულია კანონმდებლობით ან პრაქტიკით სახელმწიფოთა 50%-ში;

გ) დაუშვებელია 18 წლამდე.

 

 

სწორი პასუხებია „ბ“ და „გ“. სიკვდილით დასჯა არ არის გაუქმებული ყველა სახელმწიფოში.

 

 

  1. ეკონომიკური და სოციალური უფლებები:

 

ა) არ არის ადამიანის უფლებები;

ბ) ამ უფლებათა დაუყოვნებლივ აღსრულება არ მოეთხოვება სახელმწიფოებს;

გ) ამ უფლებებით სარგებლობა შეუძლია ევროპის კავშირის ყველა მოქალაქეს.

 

 

სწორი პასუხია „ბ“. ეკონომიკური და სოციალური უფლებები ადამიანის უფლებებია, თუმცაღა მათი აღიარება სახელმწიფოების მიერ შედარებით „სუსტია“, ვიდრე პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებებისა. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კონვენცია სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, ხელი შეუწყონ ეკონომიკური და სოციალური უფლებების სრულ დანერგვას.

 

  1. განათლების უფლების მიხედვით:

 

ა) ყველა ინდივიდს ან ჯგუფს აქვს უფლება, დააფუძნოს სკოლა, თუ მინიმალური საკანონმდებლო მოთხოვნები შესრულებულია;

ბ) არ არსებობს ვალდებულება, რომელიც განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსს;

გ) მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს სავალდებულო განათლება 18 წლამდე ასაკის პირებისთვის.

 

სწორი პასუხია „ა“. საერთაშორისო ხელშეკრულებებში, მაგალითად, ბავშვთა უფლებების კონვენციაში, აღნიშნულია, რომ ბავშვმა უნდა მიიღოს ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ. სავალდებულო ზოგადი განათლების მიღება კი არ შეიძლება შეზღუდული იყოს ასაკით.

 

  1. არჩევნებში მონაწილეობის უფლება

 

ა) ყველა მოქალაქე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, მაშინაც კი, თუ მან დაკარგა სამოქალაქო უფლებები კრიმინალური ქმედების გამო;

ბ) თუ პირი დამსაქმებელია, მას აქვს არა ერთი, არამედ ორი ხმის უფლება;

გ) ხმის მიცემა უნდა წარიმართოს ფარული კენჭისყრით.

 

სწორი პასუხია „გ“. პირს, რომელმაც დაკარგა სამოქალაქო უფლებები, სახელმწიფომ შეიძლება აუკრძალოს არჩევნებში მონაწილეობა. ამასთან, საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ ყველა პირს აქვს თანაბარი უფლებები არჩევნებში მონაწილეობის დროს.

 

  1. ბავშვის დასჯა სკოლაში:

 

ა) არ არის ნებადართული;

ბ) არ არის აკრძალული, თუ დასჯა გულისხმობს მხოლოდ ფსიქოლოგიურ დასჯას და არა ფიზიკურს;

გ) შეიძლება მხოლოდ მშობლების თანხმობით.

 

 

სწორი პასუხია „ა“. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ბავშვის დასჯა მიჩნეულია ადამიანის უფლების დარღვევად. „ბ“ პასუხი არასწორია, რადგან აკრძალვა ეხება ყოველგვარ დასჯას, მათ შორის ფსიქოლოგიურსაც. „გ“ პასუხიც არასწორია, ვინაიდან მშობელიც არ არის უფლებამოსილი, განაცხადოს თანხმობა ბავშვის დასჯაზე ან თვითონ დასაჯოს.

 

  1. წამება:

 

ა) ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ წამების მიზანია ტერორისტული აქტის თავიდან აცილება;

ბ) შეიძლება მხოლოდ მოსამართლის თანხმობით;

გ) დაუშვებელია.

 

სწორი პასუხია ,,გ”.

 

  1. სკოლაში:

ა) არ არის სავალდებულო, ყურადღება მიექცეს გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს;

ბ) ბავშვებს უნდა ასწავლონ მშობლის პატივისცემა;

გ) ბავშვებს უნდა ასწავლონ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

 

სწორი პასუხებია „ბ“ და „გ“.

 

  1. სიცოცხლის უფლება დარღვეულია, თუ:

 

ა) ადამიანი შემთხვევით დაიღუპა, როდესაც პოლიცია ახორციელებდა სხვა ადამიანებზე თავდასხმის პრევენციას;

ბ) ადამიანი დაიღუპა ომის დროს;

გ) ადამიანი დაიღუპა პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების შედეგად.

 

სწორი პასუხია „გ“. „ა“ სწორი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია გამოიყენებდა „აბსოლუტურად საჭიროზე“ მეტ ძალას.

 

  1. შრომის უფლება:

 

ა) სახელმწიფოს ავალდებულებს, შექმნას სამუშაო ადგილები ყველა მოქალაქისთვის;

ბ) ნიშნავს, რომ არავის გათავისუფლება არ შეიძლება თვითნებურად;

გ) არ გულისხმობს, რომ სახელმწიფომ სრულ დასაქმებაზე უნდა იზრუნოს.

 

სწორი პასუხია „ბ“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი