პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სხვა მარშრუტები ექსკუსიებისთვის

სასკოლო აქტივობებიდან ალბათ ერთადერთი, რაც უპირობოდ მომწონდა, ექსკურსიაზე წასვლა იყო. მიმართულების არჩევა, წასაღები საკვების დანაწილება, ჩანთის ჩალაგება და გამგზავრების წინა საღამოს მღელვარებები – მთელი ამბავია. როცა დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე, ექსკურსიები ლაშქრობებში გადაიზარდა, ლაშქრობები – ხანგრძლივ თავგადასავლებში და ახლა თუ ვინმე შემეკითხება, კმაყოფილი ვპასუხობ ხოლმე, რომ  საქართველოს უდიდესი ნაწილი ფეხით და ზურგჩანთით მაქვს მოვლილი.

გაზაფხული დგება და ვიცი, ჩემნაირი ადამიანები, უკვე ფიქრობენ, სად შეიძლება წავიდნენ წელს ექსკურსიაზე, რა შეიძლება ნახონ, რა იქნება შთამბეჭდავი.

თუკი სკოლაში გავლილ მარშრუტებს გავიხსენებ, მათი უმეტესობა,  ერთფეროვანია და ძირითადად ეკლესია-მონასტრებისა და ნახევრად დანგრეული ციხე-სიმაგრეების მონახულებისგან შედგებოდა, რომელთა საწინააღმდეგოც, ცხადია, არაფერი მაქვს, მაგრამ მგონია, რომ შინაარსობრივად უფრო მრავალფეროვანი მარშრუტები ბავშვებს ახალი ინტერესების აღმოჩენაში დაეხმარება და მეტად შთამბეჭდავი იქნება.

 

მეჩეთების ტური აჭარაში – მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში მცხოვრები მუსლიმები ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ითხოვენ მეჩეთის აშენების უფლებას (არსებული სამლოცველო მორწმუნეებს ვერ იტევს), აჭარაში საკმაოდ ბევრ არამოქმედ სამლოცველოს შევხვდებით. ისტორიული მონაცემებით მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს აჭარაში 200-მდე ჯამე იყო. საკუთარი სამლოცველოს ქონა სოფლისთვის პრესტიჟის საგანს წარმოადგენდა. აჭარაში არსებული მუსლიმური სამლოცველოების ნახვისას მოსწავლეების ყურადღება შეიძება გამახვილდეს კედლის მხატვრობაზე, ტიპოგრაფიაზე, ჩუქურთმებზე და, ზოგადად, არქიტექტურაზე, რომელიც ადგილობრივი და ისლამური ტრადიციების სინთეზს წარმოადგენს. ზოგიერთი მათგანი საერთოდაც სახლს უფრო ჰგავს, ვიდრე სამლოცველოს.

 

სოფელ ღორჯომის მეჩეთის ინტერიერი. ფოტო- გაზეთი ბათუმელები

 

მუზეუმების ტური – საქართველოში ასზე მეტი მუზეუმია. საინტერესო მომენტების ნახვა ყველა მათგანშია შესაძლებელი. ცალკეული ადამიანების შესახებ უფრო ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად შესაძლოა დაიგეგმოს ასევე ექსკურსიები კონკრეტულ სახლ-მუზეუმებში. დაკვირვებული მოსწავლეებისთვის, გარდა ძირითადი ექსპოზიციისა, საინტერესო იქნება არქივებში დაცული მასალების შესახებ ინფორმაცია, თავად ექსპოზიციების აგების ტექნიკა, მსგავსება-განსხვავებების დაჭერა მუზეუმებს შორის. მართალია, სასკოლო ცხოვრების განმავლობაში ყველა მუზეუმის მონახულება წარმოუდგენელია, მაგრამ გარკვეული ნიშნით მათი დალაგება და მონახულება, სავარაუდოდ, შესაძლებელია. მთავარი მაინც ინტერესის გაჩენაა ამ ტიპის დაწესებულებების მიმართ. თუ ბავშვი ერთხელ მაინც ჩათვლის, რომ იქ მისთვის მნიშვნელოვანი რამე შეიძლება იპოვოს, მერე შეეცდება განახლებებს ადევნოს თვალი, მოგზაურობისას გზად მდებარე მუზეუმებში შეიაროს და ა.შ.

თბილისში თუ დაგეგმავთ მუზეუმების მონახულებას, შემიძლია გიკარნახოთ, რამდენიმე ადგილი:

–           აბრეშუმის მუზეუმი;

–           ხელოვნების სასახლე;

–           ანიმაციურ თოჯინათა მუზეუმი;

–           მართლმსაჯულების მუზეუმი;

–           კინოს ისტორიის მუზეუმი.

 

მეტი ინფორმაცია მუზეუმების და იქ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ შეგიძლიათ ოფიციალურ ვებგვერდზე მოსწავლეებთან ერთად ნახოთ.

https://www.georgianmuseums.ge/

 

მუზეუმებში ტურების განხორციელების დაგეგმვისთვის შესაძლოა გამოგადგეთ კულტურის სამინისტროს ექსკურსიების პროექტი:

https://www.culture.gov.ge/eqskursiebi.aspx

 

 

აბრეშუმის მუზეუმი. ფოტო: – გოგა ჩანადირი

 

საბჭოთა მოზაიკების ტური – საბჭოთა კავშირის დროს მოზაიკა, როგორც ჩანს, საჯარო ხელოვნების ერთ-ერთი დაფასებული დარგი იყო და მასშტაბურ ნამუშევრებს არაერთი ინსტიტუციის (სკოლები, ფაბრიკები, ქარხნები, გაჩერებები, სატრანსპორტო დაწესებულებები, აუზები, საწყობები)  ფასადზე აკეთებდნენ. პატარა, ფერადი ნატეხებისგან შემდგარი კომპოზიციები საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში კეთდებოდა. იმპერია მათ ხშირად პროპაგანდის მიზნებისთვის იყენებდა. ბედნიერი ადამიანები სხვადასხვა სიტუაციაში, საბჭოთა სიმბოლიკა და ისტორიულ-მითოსური სცენები ნელ-ნელა ხუნდება, ნადგურდება და მათში ჩადებული შინაარსის წაკითხვა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაბადებული და გაზრდილი ადამიანებისთვის შესაძლოა შეუძლებელიც კი იყოს. თუმცა მათში ნარატივების ამოცნობა, პროპაგანდისტული გზავნილების წაკითხვის მცდელობა და სხვადასხვა ფასადების ერთმანეთთან შედარება შესაძლოა საბჭოთა პერიოდის მიმართ ინტერესის გაღვივების კარგი საშუალება იყოს.

 

ცხადია,  სხვადასხვა ქალაქში გაბნეული მოზაიკების ტური რთულად ორგანიზებადია და ბავშვებისთვის დამღლელიც იქნება, მაგრამ შესაძლოა არჩევანი რამდენიმე მოზაიკაზე გაკეთდეს, ან სხვა ტიპის ექსკურსიაში იყოს ინტეგრირებული მოზაიკიანი დაწესებულებები. ექსკურსიამდე, მოსწავლეების მოზაიკებით დაინტერესებისთვის შეგიძლიათ შემდეგი ვებრესურსი გამოიყენოთ: – https://soviet-mosaics.ge/ka

შეგიძლიათ ასევე გაეცნოთ სახელოვნებო ორგანიზაცია „გეოეარის“ მიერ ჩატარებულ კვლევას საბჭოთა მოზაიკების შესახებ – https://bit.ly/2kUBkYh.

მოზაიკა ყოფილი საწყობის შენობაზე რკინიგზასთან. ფოტო: – ნინო სირაძე

ისე კი, ბავშვების გართობისა და ახალი თავგადასავლებისთვის ზოგჯერ ბევრი ფიქრიც არ არის საჭირო. მთავარია, გვახსოვდეს, რომ გენიალურობა სიმარტივეშია და ასე დავგეგმოთ რამდენიმესაათიანი გასვლა ახლომდებარე მიტოვებულ შენობებში, სასაფლაოებზე, ფოსტებში და მეტეოროლოგიურ სადგურებში ან სულაც მწვანე სივრცეში. მიტოვებულ შენობებში აქ მცხოვრებ ადამიანებზე ისტორიების გამოგონებით მათი ფანტაზიის გამოგონება შეიძლება, სასაფლაოებზე შესაძლოა საფლავის ქვები იკვლიო, კალიგრაფიით დაინტერესდე, სხვადასხვა კულტურაში მიცვალებულებისადმი დამოკიდებულება გაიგო. თუკი თქვენს სკოლებთან ახლოს ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ძველი ფოსტები ან ფუნქციონირებს მეტეოროლოგიური სადგურები, მათი მუშაობის სისტემის სპეციალისტებისგან გაგება პატარებისთვის, სავარაუდოდ, საინტერესო იქნება. დღემდე მახსოვს, როგორ მიყვარდა ფოსტაში გაბმული კაბელების მწკრივების ყურება ბავშვობაში, ძველ, საბჭოთა პერიოდში აშენებული ფოსტის შენობაში.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი