პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მემარცხენეობა ნაკლი არ არის

ერთხელ, როცა სკოლაში სწავლის დასაწყებად გასაუბრებაზე მოსულ პატარა გიოს ფანქარი გავუწოდე დავალების შესასრულებლად, მან მარცხენა ხელი შემომაგება. თუმცა, დედის უკმაყოფილო სახის დანახვაზე გამოწვდილი ხელი უკან წაიღო და ფანქარი მარჯვენა ხელით გამომართვა. ბავშვი კარგა ხანს წვალობდა, ფანქარს ხან მარჯვენა ხელში ატრიალებდა, ხან მარცხენაში და ვერ გადაეწყვიტა, რომელი ხელით დაეწყო ხატვა. დედის დაჟინებულმა და უკმაყოფილო მზერამ მას არჩევანი მარჯვენა ხელზე გააკეთებინა. გიომ ხატვა დაიწყო, თუმცა ძალიან ნერვიულობდა და დაძაბულობა ეტყობოდა. შორიახლოს მდგარი ბავშვის მამა მეუღლეს მიუბრუნდა და გაოცებულმა ჰკითხა – „კი მაგრამ, ჩვენი შვილი ხომ ცაციაა, მარჯვენა ხელით რატომ ხატავს?“ „ვცემე და ვაიძულე მარჯვენა ხელით ეხატა!“ – მიღწეული შედეგით კმაყოფილება ვერ დამალა ბიჭუნას დედამ. მართალია, დღეს იშვიათად შევხვდებით ისეთ მშობლებს, რომლებიც ძალდატანებით და დაშინებით ცდილობენ ცაცია ბავშვი „მემარჯვენედ აქციონ“, მაგრამ, გიოს მდგომარეობას, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ბევრი ბავშვი იზიარებს. მემარცხენეობა, არცთუ ისე იშვიათად, მშობლების მიერ ნეგატიურად აღიქმება, უფრო მეტიც – ისინი ამას სასჯელად იღებენ.

მაინც რა არის მემარცხენეობა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ცაცია ბავშვის შეცვლის, გარდაქმნის მცდელობას. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მემარცხენეობა არც პათოლოგიაა და არც ნაკლი – ის მნიშვნელოვანი ინდივიდუალური თავისებურებაა. ყველაფერი ცოცხალისთვის დამახასიათებელია ასიმეტრიულობა და ჩვენი წყვილი ორგანოებიც გამონაკლისს არ წარმოადგენს.  ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად იღებს თავის თავზე მთავარ როლს, მეორე კი მას ექვემდებარება. ხელების, ისე როგორც სხეულის სხვა ნაწილების ასიმეტრია განპირობებულია თავის ტვინის ჰემისფეროების ფუნქციონალური ასიმეტრიის თავისებურებებით. მარჯვენა ჰემისფერო პასუხისმგებელია სხეულის მარცხენა ნაწილის მუშაობაზე, მარცხენა კი – სხეულის მარჯვენა ნაწილის მუშაობაზე. ჩვეულებრივ, დომინანტი ხელი დაკავშირებულია თავის ტვინის წამყვან ჰემისფეროსთან, რომელსაც მისი საწინააღმდეგო მდებარეობა უკავია – თუ დომინირებს მარჯვენა ჰემისფერო, წამყვანი მარცხენა ხელია და პირიქით – მარცხენა ჰემისფეროს დომინირების შემთხვევაში წამყვანი მარჯვენა ხელია.

ალბათ, საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ რა თავისებურებებით ხასიათდებიან მემარცხენეები:

  • ცაცია ბავშვები ფლობენ სივრცითი ორიენტაციისა და მოძრაობების კოორდინაციის შესანიშნავ უნარს, უფრო მოძრავი არიან, ვიდრე მემარჯვენეები. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან სივრცითი ორიენტაციისა და მოძრაობების კოორდინაციაზე პასუხისმგელობა მარჯვენა ჰემისფეროს აკისრია, რომელიც ცაციებთან დომინანტურია;
  • ისინი უფრო წარმატებული არიან გეომეტრიის შესწავლისას მისი სივრცითი ბუნების გამო. არითმეტიკულ გაანგარიშებებთან კი პრობლემები აქვთ, რადგან ეს მოქმედებები საჭიროებს ლოგიკას, თანმიმდევრულ აზროვნებას, რაც მარცხენა ჰემისფეროს ფუნქციაა;
  • ცაციებს უჭირთ ისეთი მოქმედებების შესრულება, რომელიც მუდმივ თვითკონტროლს საჭიროებს;
  • მემარცხენეები უფრო მეტად ემოციური, მგრძნობიარე და წყენიებია, ვიდრე მემარჯვენეები;
  • აქვთ მდიდარი წარმოსახვა, მიდრეკილება ფანტაზიორობისაკენ, რაც განპირობებულია მათში მარჯვენა ჰემისფეროს დომინირებით;
  • ცაციები განსაკუთრებულ სირთულეებს განიცდიან სკოლასთან ადაპტაციის და ასევე წერა-კითხვის დაუფლების პროცესში;
  • ცაცია ბავშვები ხშირად ერთმანეთში ურევენ მოხაზულობით მსგავს ასოებს, ციფრებს. უჭირთ ფორმით მსგავსი გეომეტრიული ფიგურების განსხვავება. უჭირთ კოპირება;
  • ახასიათებთ ასოების, ციფრების, გრაფიკული ელემენტების სარკისებური წერა. ეს იმის გამო, რომ მათ სერიოზული სირთულეები აქვთ მხედველობით-სივრცით აღქმაში და მხედველობით – მოტორულ კოორდინაციაში. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობაში, არა მხოლოდ მემარცხენეებში, არამედ მემარჯვენეებშიც ფიქსირდება სარკისებური წერა, რაც წერის დაუფლების ჩვეულებრივ ეტაპს წარმოადგენს;
  • კითხვის, წერის და საერთოდ მოქმედების ნელი ტემპი ცაციების ერთ-ერთ მახასიათებელი ნიშანია;
  • ცაციები, როგორც წესი, ცუდად წერენ და ამის მიზეზი მათი დაბნეულობა და ყურადღების გაფანტულობაა; როცა ცაცია ბავშვები თავის შინაგან სამყაროში იკეტებიან, არ ესმით მათკენ მომართული შეკითხვა, რაც ასევე აღიზიანებს მასწავლებლებსაც და მშობლებსაც;
  • ცაცია ბავშვებში იშვიათი არ არის სასკოლო შიშები. ეს შიშები, როგორც წესი, ბავშვებს იმ ოჯახებში უჩნდებათ, სადაც მშობლები ზედმეტად შფოთავენ შვილის მემარცხენეობის გამო და თვლიან, რომ ის შეიძლება დაბრკოლება გახდეს ბავშვისთვის სასწავლო საქმიანობაში წარმატების მისაღწევად;
  • ცაცია ბავშვების სამყარო ისეთი უცნაური და მრავალფეროვანია, რომ მისი ამოცნობა არც ისე ადვილია. ასეთ ბავშვებთან ურთიერთობა, მათი სწავლება შესაძლებელია მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით, მხოლოდ მათი თავისებურებების გაგებითა და პატივისცემით, მხოლოდ სურვილით ვიპოვოთ, აღმოვაჩინოთ და განვავითაროთ მათი ორიგინალური შესაძლებლობები. ეს ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან და დადებითი განმტკიცების გარეშე თავის შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ ავლენენ.

     რა შეიძლება მოჰყვეს ცაცია ბავშვის მემარჯვენედ გარდაქმნის მცდელობას. რეკომენდაციები მშობლებს:

  • ნურავითარ შემთხვევაში ნუ შეეცდებით ცაცია ბავშვის გარდაქმნას, ვინაიდან ეს პროცესი ნამდვილ ძალმომრეობას წარმოადგენს ბავშვის ტვინისთვის. შედეგად მივიღებთ შეფერხებას მეტყველების განვითარებაში, დავდგებით ლოგოპედიური პრობლემების წინაშე, თავს იჩენს ნევროტულობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები: ძილისა და მადის დარღვევა, თავისა და მუცლის ტკივილი, ენურეზი, ენის ბორძიკით ლაპარაკი და ა.შ.
  • მემარცხენესთვის მარჯვენა ხელით წერის დაძალება იგივეა, რაც მემარჯვენეს გარდაქმნა მემარცხენედ;
  • ნუ გავამახვილებთ ყურადღებას ბავშვის ცაციობაზე. არც თავად ბავშვმა და არც ჩვენ არ უნდა დავინახოთ ამაში რაიმე განსაკუთრებული. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ბავშვს ჩამოუყალიბდეს არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასება, სიმორცხვე, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა;
  • შევეცადოთ არ ვუყვიროთ ასეთ ბავშვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩაიკეტება საკუთარ თავში და დროთა განმავლობაში დაკარგავს კონტაქტს მშობლებთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ უნდა შევეცადოთ ცაცია ბავშვის შეცვლას ისე, როგორც ჩვენ გვსურს. ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი იქნება ის, რომ შევეგუოთ ჩვენ თვითონ ცაცია ბავშვის თავისებურებებს და დავეხმაროთ მას გარემოსთან ადაპტირებაში. მხოლოდ მშობლების მხრიდან გამოვლენილი სიყვარული, მოთმინება, გაგება დაეხმარება ბავშვს აღარ იგრძნოს თავი „თეთრ ყვავად“ და რეალიზება გაუკეთოს ბუნების მხრიდან მომადლებულ ნიჭს.

 

ქეთევან ოსიაშვილი

15.02.2017.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი