ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დისკუსია გეოგრაფიის გაკვეთილზე – გეოგრაფიული დეტერმინიზმი თუ …

პედაგოგიური მეცნიერება და პრაქტიკა გვთავაზობს ისეთი სასწავლო მოდელების გამოყენებას, რომლებიც ხელს უწყობს პიროვნების ჩამოყალიბებასა და თვითგანვითარებას. ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მეცნიერებებია, რომლებიც მოქალაქის ღირებულებებსა და კულტურას აყალიბებს.

გეოგრაფიული ცოდნის განმავითარებელი ღირებულებები იზრდება თუკი ის განიხილება ისტორიასთან ერთად. იგი ეხმარება შესასწავლი ობიექტებისა და მოვლენების, პირობებისა და მახასიათებლების გამოვლენაში, მათი ევოლუციის ეტაპებისა და სტადიების დადგენაში, მომავალი განვითარების პროგნოზირებაში.

ისტორიული ფაქტებისა და პროცესების გაანალიზება წარმოუდგენელია გეოგრაფიული არეალის ანალიზის გარეშე. ქვეყნის განვითარების ისტორია მის გეოგრაფიულ მდებარეობასთანაა დაკავშირებული.

ისტორიული და გეოგრაფიული ცოდნა ტრადიციულად განიხილება, როგორც მხოლოდ შემეცნებითი და მათი განმავითარებელი პოტენციალი ფაქტობრივად გამოუყენებელია.

ისტორიულ-გეოგრაფიული მასალა შეგვიძლია მივმართოთ ისე, რომ განათლების მთავარი იდეის რეალიზება მოახდინოს – ასწავლოს ბავშვს ფიქრი. აქედან გამომდინარე უნდა ვეცადოთ მოსწავლეს გადავცეთ ისტორიულ- გეოგრაფიული ცოდნა არა მარტო როგორც შემეცნებითი, არამედ როგორც დამოუკიდებელი აზროვნების განვითარების საშუალება, ჰიპოთეზებისა და პროგნოზირების, საკუთარი მოსაზრების დაცვის საშუალება.

ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში უამრავი თემაა, რომელთა განხილვა და შესწავლა ინტეგრაციას მოითხოვს. თემის შერჩევის დროს უნდა ვეცადოთ დავიცვათ ერთი პრინციპი, ისტორიულმა (ან პირიქით გეოგრაფიულმა) მასალამ მარტო კი არ უნდა გამოიყენოს გეოგრაფიული ცოდნა, არამედ იგი უნდა შეავსოს და გააღრმაოს.

გთავაზობთ თემას ისტორიისა და გეოგრაფიის ინტეგრირებული გაკვეთილისთვის: გეოგრაფიული დეტერმინიზმი თუ …

რატომ დისკუსია და დეტერმინიზმის თემა? სტრატეგიებიდან ინტეგრირებული სწავლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ალბათ მაინც დისკუსიაა, რომელიც მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში ეხმარება. ამავე დროს იგი შემეცნებითი ინტერესის სტიმულირებას ახდენს, ამ შემთხვევაში ისტორიისა და გეოგრაფიის საკითხებით დაინტერესებას ვგულისხმობ. დისკუსიის დროს მოსწავლეები ეჩვევიან ფიქრს, საკუთარი პოზიციის დასაბუთებას. ამ თემის განხილვისთვის ჯგუფური დისკუსიის ფორმად „მრგვალი მაგიდა” იქნება მისაღები.

გეოგრაფიული დეტერმინიზმის კონცეფციის განხილვა კი განაპირობა იმ მოსაზრებამ, რომ იგი მიჩნეულია გეოპოლიტიკის თეორიულ ერთ-ერთ წყაროდ. გეოპოლიტიკა, ყველაზე ზოგადი განსაზღვრების თანახმად, შეისწავლის იმ ურთიერთკავშირსა და ურთიერთდამოკიდებულებას, რაც არსებობს სახელმწიფოს პოლიტიკასა და იმ გეოგრაფიულ გარემოს შორის, რომლის ფარგლებშიც იგი ხორციელდება.

ინგლისელი გეოპოლიტიკოსი უოტკინ დევისი გეოპოლიტიკის ამოსავალ დებულებას შემდეგნაირად აყალიბებდა: „გეოგრაფია უმთავრესი ფაქტორია სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკისათვის, რადგანაც ის ყველაზე მუდმივ ფაქტორს წარმოადგენს”.

ისტორია მოძრაობაში მოყვანილი გეოგრაფიაა – აღნიშნავენ გეოპოლიტიკოსები.

დეტერმინიზმის თეორიის იდეა ჩვ.წ/აღ–მდე 460 წელს, ძველი დროის ბერძენმა სწავლულმა ჰიპოკრატემ მოგვაწოდა. ცნობილი ექიმი ამტკიცებდა, რომ ბუნებრივი პირობები გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, აგებულებაზე, ხასიათზე. ეს იდეა შემდგომში გეოგრაფიული დეტერმინიზმის სახელით განვითარდა. არისტოტელეს (ძვ.წ. 384-322 წწ.) ნაშრომში „პოლიტიკა” დახასიათებული აქვს კუნძულ კრეტას გეოპოლიტიკური მდებარეობის თავისებურებები. სახელმწიფოთა პირველი გეოპოლიტიკური აღწერა მოცემულია სტრაბონის (ძვ.წ. 64 – ახ.წ. 24 წწ) „გეოგრაფიაში”.

გეოგრაფიული დეტერმინიზმის იდეების აღორძინება დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში კვლავ აღორძინდა. ფრანგი მეცნიერის ჟან ბოდენის (1530-1596 წწ) ნაშრომმა „ექვსი წიგნი სახელმწიფოს შესახებ” კვლავ გაზარდა გეოგრაფიული დეტერმინიზმის იდეებისადმი ინტერესი.

გეოგრაფიული დეტერმინიზმი განსაკუთრებით განვითარდა XVIII –XIX საუკუნეებში, მისი მიმდევრები იყვნენ მონტესკიე, ჰენტინგტონი, მარკჰეიმი, XIX ს–ში: ბოკლი, რიტერი, რეკლიუ, ბრიუნი, მეჩნიკოვი. ფრანგი განმანათლებელი შარლ მონტესკიე (1689-1755 წწ) წიგნში „კანონთა გონი” სახელმწიფოთა საკანონმდებლო მოწყობის ხასიათის მთავარ ფაქტორად კლიმატის თავისებურებებს მიიჩნევდა.

იმპერიალიზმის განვითარების ეპოქაში გეოგრაფიულმა დეტერმინიზმმა საფუძველი დაუდო რეაქციულ გეოპოლიტიკას. რეაქციული გეოპოლიტიკის იდეის მამამთავარი გერმანელი მეცნიერი ფ.რატცელი (1844–1904 წწ) იყო.

XX საუკუნის I მეოთხედში ბევრი ინგლისურენოვანი გეოგრაფი მხარს უჭერდა გეოგრაფიული დეტერმინიზმის იდეას, რომელიც ფიზიკურ გარემოს, განსაკუთრებით კლიმატსა და რელიეფს ანიჭებდა გადამწყვეტ როლს სხვადასხვა კულტურის ჩამოყალიბებაში და თვლიდა, რომ კაცობრიობა არის ფიზიკური გარემოს პასიური პროდუქტი. მსგავსი ფიზიკური გარემო მსგავს კულტურებს წარმოშობდა. არსებითად გეოგრაფიული დეტერმინისტები კულტურულ ეკოლოგიას “ცალმხრივი მოძრაობის ქუჩად” მიიჩნევდნენ. დეტერმინისტებს სჯეროდათ, რომ მთიელები, დანაწევრებული რელიეფის წყალობით უნდა ყოფილიყვნენ ტლუები, ჩამორჩენილები, კონსერვატიულები, ფანტაზიას მოკლებულნი და თავისუფლების მოყვარულნი (მაგალითად, ელენ სემპლი 1911 წელს წერდა, რომ სწორედ ასეთები არიან შვეიცარიელები). უდაბნოს მცხოვრებნი აუცილებლად ერთ ღმერთს უნდა აღიარებდნენ, მაგრამ ტირანთა ხელისუფლების ქვეშ უნდა ცხოვრობდნენ. ზომიერი კლიმატი ხელს უწყობს გამომგონებლობას, შრომისმოყვარეობასა და დემოკრატიას, სანაპიროები დიდი ზღვაოსნებისა და მეთევზეების წარმოჩენას უწყობს ხელს. დეტერმინისტებს მაგალითად ინგლისი მოჰყავდათ, რომლის მოწინავე მდგომარეობა იმ ეპოქაში, მათი აზრით, განპირობებული იყო კუნძულოვანი მდებარეობით, როდესაც ზღვა მეზღვაურთა სიმრავლის საწინდარია, ხოლო ოპტიმალური (ზომიერი) კლიმატი – გენიოსებს წარმოშობს ხელისუფლებაში და შრომის მაღალ ეთიკას უწყობს ხელს. XX საუკუნის მიწურულის პოზიციიდან აშკარად ჩანს, რომ დეტერმინისტები შეფასებაში აჭარბებდნენ (მაგალითად, ინგლისელები საკმაოდ ცუდი ზღვაოსნები იყვნენ შუა საუკუნეებამდე, ხოლო XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მათი როლი მსოფლიოში მკვეთრად დაკნინდა; მთიელი შვეიცარელები აშკარად ვერ ჩაითვლებიან ჩამორჩენილებად). ეს არ ნიშნავს, რომ გარემოს როლი უმნიშვნელოა და კულტურის გეოგრაფებმა მისი გავლენა არ უნდა შეისწავლონ. უფრო იმაზე უნდა იყოს ლაპარაკი, რომ ფიზიკური გარემო ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ზემოქმედებს ადამიანის კულტურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე და ძალიან იშვიათად თუ არის ერთადერთი დეტერმინანტი ადამიანის საქმიანობისა და რწმენებისა.

1930-იანი წლებიდან კულტურის გეოგრაფებს შორის გეოგრაფიული დეტერმინიზმი შეცვალა პოსიბილიზმმა (შესაძლებლობა), რომელიც არ უარყოფს ფიზიკური გარემოს გავლენის როლს კულტურაზე. პოსიბილისტების მიხედვით, თვით ადამიანები არიან კულტურის ძირითადი არქიტექტორები, ხოლო ნებისმიერი ფიზიკური გარემო იძლევა მრავალ შესაძლებლობას სხვადასხვა კულტურების განვითარებისათვის. როგორ უყურებენ ადამიანები ტერიტორიას და როგორ სახლდებიან მასზე, დამოკიდებულია იმ არჩევანზე, რომელსაც ადამიანები აკეთებენ იმ შესაძლებლობებს შორის, რომელსაც მათ გარემო სთავაზობთ. ამ არჩევანს წარმართავს კულტურული მემკვიდრეობა, გარემო კი იძლევა როგორც შესაძლებლობას, ისე შეზღუდვასაც. მოკლედ რომ ვთქვათ, კულტურისა და ეკონომიკის ადგილობრივი თავისებურებები არის კულტურაზე დაფუძნებული იმ გადაწყვეტილებების პროდუქტი, რომლებიც მიღებულია გარემოს მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების ფარგლებში. ეს, პოსიბილისტური თვალსაზრისით საკმაოდ კარგადაა ასახული კულტურული ადაპტაციის კონცეფციაში, რაც ნიშნავს ფიზიკურ გარემოსთან და გარემოს ცვლილებებთან კულტურის გზით ადამიანების არაგენეტიკურ, ხანგრძლივვადიან შეგუებას. ეს შეგუება სხვადასხვა კულტურებში სხვადასხვანაირია, რაც იმას გვიჩვენებს, რომ სწორედ კულტურა ქმნის სივრცით მრავალფეროვნებას.

პოსიბილისტური მიდგომის მაგალითია მარკ ჯეფერსონის სტატია “გამომგონებლობის გეოგრაფიული განაწილება”, სადაც იგი წერს: “ყველა ევროპული საპატენტო განყოფილება იძლევა ინფორმაციას, რომ შვეიცარიელები გამოგონებათა რაოდენობით ბევრად წინ არიან …თვით შვეიცარიელები კი ამას მიაწერენ რელიგიურ დევნას მეზობელ ქვეყნებში XVI – XVII საუკუნეებში, რამაც ათასობით განათლებული ადამიანი აიძულა ეძებნა თავშესაფარი სხვაგან და იპოვა კიდეც ამ მთიან, მიუდგომელ ქვეყანაში… ნანტისედიქტის გაუქმებამ 1685 წელს 60 ათასი ჰუგენოტი მიიყვანა შვეიცარიაში; მათ დააარსეს აბრეშუმის წარმოება ციურიხსა და ბერნში, საათების წარმოება – ჟენევაში. ჰოლანდიაში ესპანელთა ინტოლერანტობამ და შვეიცარიის ნეიტრალიტეტმა 30-წლიან ომში კიდევ ბევრი ადამიანური რესურსი შესძინა შვეიცარიას”.

მაშინ, როცა პოსიბილიზმი ხედავსკაცობრიობას, როგორც ერთსა და იმავე გარემოში სხვადასხვა შესაძლებლობებში არჩევნის მქონეს, გარემოს პერცეფციონისტი მიიჩნევს, რომ ადამიანების არჩევანი უფრო იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ აღიქვამენ ისინი გარემოს, ვიდრე იმაზე, თუ როგორია ტერიტორიის რეალური მდგომარეობა. აღქმა (გარემოს პერცეფცია) კი, თავის მხრივ, დამოკიდებულია კულტურის თავისებურებებზე. პერცეპციონისტები ამტკიცებენ, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ აბსოლუტურად ზუსტად აღიქვან თავიანთი გარემო და ამდენად მათი გადაწყვეტილებები რეალობის დამახინჯებაზეა დამოკიდებული. იმისათვის, რომ დაადგინონ რატომ განვითარდა გარკვეული კულტურის მქონე ჯგუფი საკუთარ ფიზიკურ გარემოში სწორედ ასე, და არა სხვანაირად, გეოგრაფებმა უნდა იცოდნენ არამარტო ის, თუ რას წარმოადგენს გარემო, არამედ ისიც, თუ რას ფიქრობენ (როგორ აღიქვამენ) ამ გარემოს კულტურული ჯგუფის წევრები.

ყველაზე ნაყოფიერი კვლევა, რაც გარემოს პერცეფციონისტებს შეუსრულებიათ, განხორციელდა ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებით, როგორიცაა წყალდიდობები, გვალვა და სხვა. სხვადასხვა კულტურის ჯგუფები განსხვავებულად რეაგირებენ ერთსა და იმავე ბუნების მოვლენებთან დაკავშირებით. ზოგჯერ ჯგუფი თვლის, რომ ბუნების მოვლენები არის ღვთის გარდაუვალი ნების გამოხატულება; სხვები ცდილობენ თავიდან აიცილონეს მოვლენები ღმერთების გულისმოგებით (მაგ. მსხვერპლშეწირვით); სხვა ჯგუფები მიიჩნევენ, რომ ამ მოვლენების თავიდან აცილებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ყველა ეს მიდგომა (განსხვავებული აღქმა) დამახასიათებელი იყო უფრო ადრეული კულტურებისათვის. თანამედროვე დასავლურ კულტურებში ხალხს მიაჩნია, რომ ბუნების მოვლენები და ბუნებრივი კატასტროფები შეიძლება თავიდან აიცილონ, ან შეამცირონ ზარალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

პერცეფციონისტების იდეები განსაკუთრებით შთამბეჭდავია, როდესაც ისინი მიგრაციებთან დაკავშირებით გამოიყენება. მაგალითად, დადგინდა, რომ როდესაც ადამიანები გადადიან ერთი გარემოდან მეორეში, მათ ჩვეულებრივ წარმოუდგენიათ, ორივე – ძველი და ახალი – გარემო უფრო მსგავსია, ვიდრე ეს სინამდვილეშია. მაგალითად, როდესაც ამერიკელი ფერმერები აშშ-ის ტენიანი ახალი ინგლისიდან უფრო დასავლეთით, დიდ ვაკეებზე გადასახლდნენ, სადაც ჰავა უფრო მშრალია, ისინი ძალიან დიდხანს უშვებდნენ შეცდომებს სოფლის მეურნეობის გაძღოლისას და ვერ ეგუებოდნენ ახალ კლიმატურ პირობებს.

სხვადასხვა კულტურები, როდესაც თავიანთ გარემოს აფასებენ და იყენებენ, გამოდიან ძალიან განსხვავებული აღქმიდან: რაც ერთი ჯგუფისათვის მნიშვნელოვანი რესურსია, მეორე კულტურის ჯგუფისათვის შეიძლება უსარგებლო ან მავნეც კი იყოს. მაგალითად, ჩრდილოამერიკელი ინდიელებისათვის, რომლებიც მონადირეობასა და შემგროვებლობას მისდევდნენ, ტერიტორია ფასობდა, იყო თუ არა იქ ტყე სავსე კენკრით, ველური ხილით ან ნადირით და მოიპოვებოდა თუ არა კაჟი ქვის იარაღის დასამზადებლად. სასოფლო-სამეურნეო კულტურის მატარებელი ჯგუფები, რომლებიც იქვე დასახლდნენ XVII საუკუნეში, ტყეს უყურებდნენ როგორც მტერს (თუმცა ის ერთდროულად შეშის და საშენი მასალის წყარო იყო). მათთვის უფრო ფასობდა მოვაკებული ღია სივრცეები, კარგი ნიადაგი და წყალი. ინდუსტრიული საზოგადოების კულტურა, რომელიც იმავე ადგილზე წარმოიშვა XIX საუკუნეში, უფრო აფასებდა მიწის ქვეშ არსებულ სასარგებლო წიაღისეულს – ქვანახშირს, მადანს, ნავთობს, გაზს, რომელთაც ადრეული კულტურები საერთოდ არ იცნობდნენ და ამდენად არ აღიქვამდნენ გარემოს ნაწილად.

საზოგადოებრივ მეცნიერებებში გეოგრაფიული მიმართულების პრობლემატიკა ყოველმხრივ ამოწურული არ არის. მაშინ, როდესაც ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე უზომოდ გაიზარდა, მისი მნიშვნელობა ადამიანისთვის და მის საქმიანობასთან განუწყვეტელი კავშირი სულ უფრო მეტად ვლინდება. ცხადი ხდება, რომ ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედება მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს წარმატებული, როდესაც იგი მის კანონებს ემორჩილება. სხვაგვარად ნეგატიური შედეგები თვით ადამიანზე, როგორც ბუნების ნაწილზე, იმოქმედებენ. შეინიშნება მემკვიდრეობა გეოგრაფიულ მიმართულებასა და თანამედროვე “ადამიანურ ეკოლოგიას” შორის, რომელიც ადამიანისა და მისი გარემომცველი გარემოს ურთიერთკავშირებს, კერძოდ, ადამიანთა და სოციალურ ორგანიზაციათა სივრცობრივ-ვრცელ ურთიერთობებს სწავლობს.

ამ მასალაზე დაყრდნობით, რომელიც ინტერნეტიდან მოვიძიე, იმედი მაქვს დავაფიქრებთ და სადისკუსიოდ განვაწყობთ მოსწავლეებს და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ გაცდებიან სახელმძღვანელოს.
სტატია მინდა დავამთავრო სიტყვებით: ისტორია მოძრაობაში მოყვანილი გეოგრაფიაა.
გამოყენებული ინტერნეტსაიტები:
https://www.politscience.info/pictures/Geopolitika-1-chamokalib-2015.pdf
https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_social_political/kulturis%20geografia.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი