სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

ექსცენტრიული და მომაჯადოებელი Liza (II ნაწილი)

 

„დედის ჩრდილიდან გამოსვლა არცთუ ადვილი იყო“                    

                                               (ლ. მინელი)

 

ოჯახური ბედნიერების ძიებაში ჯუდი გარლენდი მეორედ დაქორწინდა. ამ კავშირიდან ქალ-ვაჟი შეეძინა. სამწუხაროდ, ნარკოტიკებისადმი მომაკვდინებელი ლტოლვა ვერც მეორე მეუღლემ დააძლევინა. ამ რთულ გარემოში პაწაწინებისთვის დედის როლის შესრულება პატარა ლაიზას მოუწია, რადგან ჯუდი ნარკოტიკების ზემოქმედებით არაადეკვატური ხდებოდა. მაგრამ ეს ჭირვეული და ახირებული მისის გარლენდი პერიოდულად კეთილიც იყო და ნაზიც: შობის დღესასწაულისთვის მზადების დროს ბავშვები დედასთან ერთად საშობაო სცენებს იგონებდნენ; ჯუდი მათ ცეკვასა და სიმღერას ასწავლიდა. მაგრამ ასეთი იდილიური მომენტები არცთუ ხშირი იყო და სამწუხაროდ, ზოგჯერ ერთი და იმავეთი მთავრდებოდა – დეპრესიაში ჩავარდნილს აბები და ალკოჰოლი, შედეგად კი კლინიკაში „დასვენება“ ესაჭიროებოდა. უარესიც ხდებოდა, ნარკოტიკებზე დამოკიდებული თვითმკვლელობის მცდელობამდე მიდიოდა (ცნობილია თვითმკვლელობის 23 მცდელობა). ამ დროს ბავშვებს საშინელი პანიკა იპყრობდა… რომ დედა საკუთარ თავს რაიმეს დაუშავებდა… მუდმივი შიში რომ დედა მათ მიატოვებდა. ამ ყველაფრის მომსწრე ლაიზა მშობლის მშველელად და და-ძმაზე მზრუნველად გვევლინება.

 

გასაკვირი სულაც არ არის, ლაიზა სცენით ადრევე რომ დაინტერესდა. მისმა ბავშვობამ ხომ კულისებში გაიარა. ლაიზამ დიდი ხნით ადრე შენიშნა, რომ დედა მხოლოდ სიმღერის და ფილმებში გადაღების დროს იყო ბედნიერი. მის ცნობიერებაში სცენა იმ ადგილს წარმოადგენდა, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ, სადაც სავსებით შესაძლებელია ყოველგვარი უბედურებისგან თავის დაღწევა. დიახ, დედის ვარსკვლავურმა ფაქტორმა საკმაო გავლენა მოახდინა ლაიზას ცხოვრებაზე; დედასთან ერთად ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში ჩნდებოდა ეკრანებსა და კონცერტებზე.

გაოცებას არც ის იწვევს, რომ თხუთმეტი წლის ლაიზა ლოს-ანჯელესს ტოვებს. მომავალში ცნობილი მომღერალი და მსახიობი სასწავლებლად ნიუ იორკის თეატრალური ხელოვნების უმაღლესი სკოლისკენ იღებს გეზს. ჩვენი გმირი შემოქმედებითი კარიერის შექმნას დამოუკიდებლად ცდილობს და ძალიან მალე  გამოჩნდება კიდეც ადგილობრივი თეატრების სცენებზე.

 

17 წლის ლაიზამ პარიზში ცნობილი შანსონიე შარლ აზნავური გაიცნო. მისი მცდელობით ლაიზა უდიდეს დარბაზ „ოლიმპია“-ში გამოვიდა. მისმა სცენურმა (სიტყვა, მოძრაობა, რიტმი, პლასტიკა), მხიარულმა ტემპერამენტმა აანთო ფრანგი მაყურებელი.

დედამ 18 წლის ლაიზა ლონდონში საკუთარ კონცერტზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ერთი წლის შემდეგ კი გამოვიდა მათი ერთობლივი ალბომი სახელწოდებით „ჯუდი გარლენდი და ლაიზა მინელი“.

ცხოვრება მოულოდნელობებით აღსავსეა და ერთ დილას სატელეფონო ზარი 23 წლის ლაიზას დედის გარდაცვალებას ამცნობს – „უბედური შემთხვევა“ – იყო ოფიციალური დასკვნა. ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯუდი გარლენდი 47 წლის ასაკში წამლების გადამეტებული დოზით გარდაიცვლება. ლაიზასთვის ეს შოკის მომგვრელი შეტყობინება სულიერი ტკივილის გასაქარვებლად ნარკოტიკის მიღების მიზეზი ხდება. დანაკარგის გადასატანად თანდათან აბებსა და დალევასაც მიეძალება და ამით „ჯუდის სრულ რეინკარნაციას“ მოახდენს. „მე არ შემეძლო ამის დაჯერება. დედა ჩემთვის იყო სამუდამო“ – იხსენებდა ლაიზა.

 

***

 

„ზედ გამოჭრილი დედაა“ – ჩურჩულებდა საზოგადოება. „ჯუდის ასლია“ – აღფრთოვანებით აღნიშნავდნენ კრიტიკოსები და ამით დამწყები მომღერლის ინდივიდუალობა უნებლიედ უარყოფილი იქნა. „დედის ჩრდილიდან გამოსვლა არცთუ ადვილი იყო“ – ამბობდა ლაიზა. მასზე ამბობდნენ, რომ ის ჰოლივუდის ვარსკვლავის ჯუდი გარლენდის ქალიშვილია, მაგრამ დადგა დრო, როდესაც მისი სახით სრულიად ახალი ვარსკვლავი დაიბადა – ლაიზა მინელი, და რომელიც დედის თავბრუდამხვევ წარმატებას დიდი მანძილით გასცდა.

ქარიშხალივით მქროლავი ლაიზა მსმენელებს სცენიდან მგრძნობიარე და ძლიერი ხმით აჯადოებდა და საზოგადოებამ დიდი ხნის ფავორიტს, საყვარელ მომღერალ ჯუდი გარლენდს (რომელზეც მზე და მთვარე ამოსდიოდა) „უღალატა“. ქალიშვილის ცეცხლისმფრქვეველი, ენერგიული სოლოს ფონზე დედის გულწრფელი ლირიკა თითქოს უსუსურადაც კი გამოიყურებოდა.

ბობ ფოსის ფილმში „კაბარეს მთავარი როლის შესრულების შემდეგ ლაიზას აღარავინ ადარებდა დედას და მაყურებლის მხურვალე სიყვარულმა ახლა ლაიზასკენ გადაინაცვლა. „კაბარეს“  ტრიუმფმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი ლაიზას დედასთან გაიგივებას. ლაიზა თავის გამოკვეთილ ინდივიდუალობას ხომ მთელი სულით და ხორცით შეიგრძნობდა და დედასთან შედარებაზე მწვავედ რეაგირებდა. თავისი მანიაკალური სურვილით არ დამსგავსებოდა დედას, სულ უფრო და უფრო წინ მიიწევდა. ფილმი „კაბარე“ ლეგენდარული გახდა, ლაიზამ კი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის „ოსკარის“ ქანდაკება დაიმსახურა.

მიუხედავად ჯოჯოხეთური მოგონებებისა… კითხვაზე როგორი იყო დედა, ლაიზა პასუხობს: – „საუკეთესოებს შორის საუკეთესო“.

 

გთავაზობთ 1989 წელს ლონდონის „ალბერტ ჰოლში“ ჩატარებული კონცერტიდან უდიდესი ამერიკელი მომღერლების, ნამდვილი მეგა-ვარსკვლავების – ფრენკის, ლაიზას და სემის შესანიშნავ ერთობლივ დასკვნით გამოსვლას სიმღერით „New YorkNew York“.

სიმღერა „ნიუ იორკი, ნიუ იორკი“, რომელიც ამავე სახელწოდების ფილმად 1977 წელს მარტინ სკორსეზეს მიერ იქნა გადაღებული, თავად ლაიზა მინელი მონაწილეობს. კომპოზიცია მუსიკალური ფილმისთვის სპეციალურად კომპოზიტორმა ჯონ კენდერმა („კაბარეს“ მუსიკის ავტორი) შექმნა და უნდა ითქვას, რომ ამ სიმღერამ მინელის მუსიკალური რეპერტუარი უდავოდ გაამდიდრა. 1979 წლიდან  New YorkNew York“-ს ახლებური არანჟირებით ფრენკ სინატრაც ასრულებდა. მას შემდეგ სიმღერა უწყვეტადაა დაკავშირებული ამ ორ შემსრულებელთან.

 

***

 

ამერიკული მუსიკალური თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ბრწყინვალე მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე, ჰოლივუდის ჭეშმარიტი ვარსკვლავი ლაიზა მინელი მფლობელია „ოსკარის“, „გრემის“, „ოქროს გლობუსის“, „ემის“ და უამრავი „ტონის“.

 

ლეგენდარული ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის ბედი თითქოს სხვა ვარსკვლავების ბედს წააგავს: ადრეული დიდება, წარმოუდგენელი წარმატება, აურაცხელი თაყვანისმცემელი, დიდი რაოდენობით ფული, მრავალი წარუმატებელი ქორწინება (მიუხედავად ოთხი ქორწინებისა ლაიზამ საოცნებო შვილის ყოლა ვერ შეძლო). შემდეგ მარტოობა. მშფოთვარე, მძაფრ პირად ცხოვრებას თან სდევდა ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით გატაცება და სხვადასხვა ფსიქიატრიულ კლინიკებში მკურნალობა. ჰოლივუდელი ვარსკვლავის ცხოვრებაში იყო სასიყვარულო იმედების გაცრუება, მძიმე ავადმყოფობები გამოწვეული ფიზიკური და სულიერი ტრავმებით – სიცოცხლისათვის სახიფათო მავნე ჩვევებით. მაგრამ დედისგან განსხვავებით ლაიზა სისუსტეების დაძლევისა და წინსვლისთვის ძალას ყოველთვის პოულობდა.

ლაიზა მინელი იმ უიშვიათეს ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც უზარმაზარ შინაგან ენერგიას ფლობენ და დასახული მიზნის მისაღწევად არც ასაკი და არც ავადმყოფობა აბრკოლებთ. და კიდევ, ასეთი ადამიანების მნიშვნელოვანი თვისებაა ფენიქსივით საკუთარი ფერფლიდან აღდგნენ.

 

ის, რომ სალი ეკრანზე უცვლელად 26 წლისაა, ხოლო ლაიზა კარგა ხანია ექვს ათეულს გასცდა, არ აქვს მნიშვნელობა. იგი კონცერტებზე 66 წლის ასაკშიც ძველებურად ბრწყინავდა. მიუხედავად დატვირთული საგასტროლო გრაფიკისა, სტუდენტებისთვის მდიდარი სამსახიობო გამოცდილების გაზიარებას მაინც ახერხებდა. ამის პარალელურად წერდა პიესებს, სცენარებს. ამ ქალბატონის ენთუზიაზმსა და შეუპოვრობას შეიძლება კეთილი შურით შევხედოთ ან უბრალოდ მისით აღვფრთოვანდეთ.

ვიხსენებთ, ვმსჯელობთ ლაიზა მინელის მავნე მიდრეკილებებზე ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი, ოთხჯერ ქორწინებასა თუ უამრავ გახმაურებულ კავშირზე, მაგრამ „კაბარეში“ შესრულებული როლის გვერდით ყოველივე ეს ისეთ წვრილმანად და უმნიშვნელოდ გვეჩვენება…

ბრწყინვალე მსახიობსა და მომღერალ ლაიზა მინელის 12 მარტს 71 წელი შეუსრულდება. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, დღეს იგი ცნობილია, როგორც ნარკოტიკების წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი და გულუხვი ქველმოქმედი.

 

ლაიზას შემოქმედებითი ცხოვრება დაფიქრების საკმაო საშუალებას გვაძლევს, რომ მივხვდეთ, მიმბაძველობა ცუდია და მას უნდა გავექცეთ. მიმბაძველობითა და გავლენით შეპყრობილი ერთმნიშვნელოვნად ვუხვევთ საკუთარი ბუნებიდან, ნებაზე ვძალადობთ და პიროვნულობას ვისახიჩრებთ.

დამახასიათებელი სტილი „გვაიძულებს გავიგონოთ“ და გამოვიცნოთ ავტორი. ადვილად ამოსაცნობი ხელწერა – ინდივიდუალური საავტორო სიტყვა, საკუთარი შემოქმედებითი მანერა უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენთაგანისთვის (ინდივიდუალურ სტილთან დაკავშირებულია ავტორის ფიზიოლოგიური და ფსიქიკური თავისებურებები, სოციალურ-პიროვნული თვისებები, პროფესიონალური წყობა, მხატვრული, ესთეტიკური, პრაქტიკული და სხვადასხვა ორიენტაციის მთელი სისტემა, მუსიკალური და ცხოვრებისეული გამოცდილება). ეს განმასხვავებელი ნიშანი – თვითმყოფადობა ყველაფერზე ფასეულია, ამიტომ ვეცადოთ თამამად დავიკავოთ სამყაროში საკუთარი სრულიად ახალი ნიშა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი