ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბუნებრივი კატასტროფები

ბუნების სტიქიურ მოვლენათა სპექტრი მეტად მრავალფეროვანია, თუმცა მათ გეოგრაფიულ გავრცელებაში განსაზღვრული კანონზომიერება შეინიშნება. კაცობრიობის განვითარების ისტორიულ პერიოდში არაერთი ეკოლოგიური კატასტროფა მომხდარა, რომელსაც მილიონობით მსხვერპლი და უდიდესი ნგრევა მოჰყოლია. ბუნებრივი კატასტროფების დიდი ნაწილი (მიწისძვრები, ვულკანები, ცუნამი, ტროპიკული ციკლონები და სხვ.) ბუნებრივი წარმოშობისაა და ადამიანი, მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიებისა, მათ შეჩერებას ვერ ახერხებს. სტიქიური მოვლენების შედეგად კაცობრიობის ყოველწლიური მატერიალური ზარალი ასეულობით მილიარდ დოლარს აღწევს. ზარალის უდიდესი წილი მიწისძვრებზე მოდის. ნგრევითა და მსხვერპლის ოდენობით მას ტროპიკული ციკლონი მოსდევს.

ბუნებრივი სტიქიური მოვლენების კლასიფიკაცია

ტიპები წარმოშობის პირობები სტიქიურ-დამანგრეველი მოვლენის სახეობა
არაზედაპირული კოსმოსური მეტეორიტებისა და ასტეროიდების ვარდნა, კომეტებთან შეჯახება, მზის აქტივობა
დედამიწისეული მეტეოროლოგიურ-კლიმატური სიცხე, გვალვა, ელვა, ქარები (შტორმი, სმერჩი, ტორნადო, ქარბორბალა და ა.შ.), ლიპყინული, სეტყვა, ნისლი, წვიმა და სხვ.
ჰიდროლოგიური წყალდიდობა, წყალმოვარდნა, წყლის სმერჩი, ძლიერი ტალღები
ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური ღვარცოფი (სელი)
გლაციალურ-მეტეოროლოგიური კლდეზვავი, ზვავი, მყინვარის ჩამოწოლა
გეოლოგიურ-ტექტონიკური ვულკანის ამოფრქვევა, მიწისძვრა, ტალახის ვულკანი
ტექტონიკურ-ჰიდროლოგიური ცუნამი
გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური მეწყერი, ქვათაცვენა, ხრამების, უფსკრულების წარმოქმნა

გარეგან ძალებთან დაკავშირებული სტიქიური მოვლენებია წყალდიდობა, წყალმოვარდნა, ზვავი, მეწყერი და სხვ. მათი წარმოქმნა კლიმატურ პირობებთანაა დაკავშირებული, გავრცელება კი განსაზღვრულ კანონზომიერებას ემორჩილება.

წყალდიდობა განსაკუთრებით საშიშია მდინარის ან ზღვის დონეზე და მათ ახლომახლო მდებარე ტერიტორიებისთვის. მდინარეთა წყალდიდობა ოთხი ტიპისაა:

  1. უმნიშვნელო, რომელიც ვაკის მდინარეებს ახასიათებს და 5-10 წელიწადში ერთხელ მეორდება. იგი არ იწვევს დიდ მატერიალურ ზარალს.
  1. მნიშვნელოვანი, რომელიც ახასიათებს როგორც ვაკის, ისე მთის მდინარეებს და 20-25 წელიწადში ერთხელ მეორდება. ამ დროს წყლით იფარება მდინარის ხეობის დიდი ნაწილი; საჭირო ხდება მოსახლეობის ევაკუაცია; დიდია მატერიალური ზარალი.
  1. მასშტაბური, რომელიც მდინარის მთელ აუზს მოიცავს და 50-100 წელიწადში ერთხელ მეორდება. იწვევს დიდ მატერიალურ ზარალს და მსხვერპლს.
  1. კატასტროფული, რომლის დროსაც იტბორება უზარმაზარი ტერიტორიები. ასეთი წყალდიდობა 100-200 წელიწადში ერთხელ ხდება. იწვევს ძალიან დიდ მატერიალურ ზარალს და მსხვერპლს.

არსებობს კატასტროფული წყალდიდობისგან თავის დაცვის ორი ძირითადი მიმართულება: ორგანიზაციული და ტექნიკური. ორგანიზაციული მიმართულება ითვალისწინებს საინფორმაციო-გამაფრთხილებელი სისტემის ამოქმედებას და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს: მოსახლეობის ევაკუაციას, მატერიალური ფასეულობების გატანას, მზადყოფნისა და რეაგირების გეგმების წინასწარ შემუშავებას, ვარჯიშების ჩატარებას და სხვა. ტექნიკური ღონისძიებებია მდინარის კალაპოტში შენაკადებიდან წყლის რეგულირება; მომატებული წყლების „გადაგდება”; ზედაპირული წყლების რეგულირება წყალსაცავებში; მიწაყრილის მოწყობა; მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნება და ჩაღრმავება; ნაპირსამაგრი კონსტრუქციების მშენებლობა; ტერიტორიების მოზვინვა.

მთიან მხარეებში ხშირია მეწყერი და ღვარცოფი, რომლებიც უდიდეს ზარალს აყენებს მოსახლეობას. მეწყერი და ღვარცოფი საფრთხეს უქმნის დასახლებულ ადგილებს, კომუნიკაციებს და, რა თქმა უნდა, ადამიანის სიცოცხლეს. ეს სტიქიური მოვლენები უფრო და უფრო აქტიურად ვლინდება და ვრცელ ტერიტორიებს მოიცავს. მეწყერი ყველაზე ხშირად მცენარეულობას მოკლებულ დახრილ ფერდობებზე წვება, ამიტომ მათი გატყიანება, ისევე როგორც სპეციალური საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა, ერთ-ერთი ეფექტური მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებაა. ღვარცოფსაწინააღმდეგო ღონისძიებები რამდენიმე ჯგუფად იყოფა: საორგანიზაციო-სამეურნეო, აგროტექნიკურ, სატყეო-სამელიორაციო და ჰიდროტექნიკურ ღონისძიებებად.

მეწყრის დაწყების ნიშნებია შენობათა კარ-ფანჯრის გაჭედვა, გზებზე ბზარებისა და ნაპრალების გაჩენა, მეწყერსაშიშ ფერდობებზე წყლის გაჟონვა. თუ მეწყრის გადაადგილების სიჩქარე დღე-ღამეში 0,5-1 მეტრს აღემატება, ევაკუირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად. ევაკუაციის დროს თან უნდა წაიღოთ საბუთები, მატერიალური ფასეულობანი, ვითარებისა და ადმინისტრაციის მითითებისამებრ – თბილი ტანსაცმელი და საკვები. მეწყრისგან თავდასაცავი ღონისძიებებია: ვიბროფლოტაცია – გრუნტის გამკვრივება მისი გათხელების თვისებების შესამცირებლად (ვიბრაციული მოწყობილობების დახმარებით გრუნტს ლოკალურად ათხელებენ, მერე კი ტკეპნიან); მიწისქვეშა დრენაჟი – ნიადაგის ფენიდან წყლის ნამეტის მოცილება და შემდგომი გაშრობა; ნიადაგის იმ ფენის მოცილება, რომელიც გათხელებას განიცდის.

ზვავიც სტიქიური და, არცთუ იშვიათად, კატასტროფული მოვლენაა. მის გააქტიურებას ხშირად ადამიანის საქმიანობაც უწყობს ხელს. ზვავის ჩამოწოლის საფრთხე უმთავრესად ზამთრობით იმატებს, ყველაზე ხელსაყრელი პირობები კი მაშინ იქმნება, როცა უტყეო, 15-500-იან მთის ფერდობზე თოვლის საფარი 20 სმ-ს აღემატება. ზვავისგან თავდასაცავი ღონისძიებები მოიცავს თოვლის დაგროვების კონტროლს, პროგნოზირების მონაცემებზე დაყრდნობით ზვავის ხელოვნურ გამოწვევას, ზვავსაშიშ რაიონებში მცენარეული საფარის შექმნას, ზვავის წარმოშობის კერებში სპეციალური დამბების, ზვავმჭრელების, გალერეების, გვირაბების მშენებლობას. ზვავთან ბრძოლის საუკეთესო გზაა მთის ტყეების დაცვა და ფერდობების გატყიანება.

ამჟამად სტიქიური კატასტროფული მოვლენების შესასწავლად ფართოდ გამოიყენება გის-ისა და დისტანციური ზონდირების მეთოდები.

შესაძლებელია თუ არა ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა?

რისკი არის საფრთხის კატასტროფაში გადაზრდის ალბათობა და გამოისახება შემდეგი ფორმულით:

რისკი = საფრთხე * მოწყვლადობა

შესაძლებლობა (პოტენციალი)

შესაბამისად, რაც მეტია მზადყოფნა (პოტენციალი), მით მეტად მცირდება რისკი. ამდენად, მზადყოფნად შეგვიძლია მივიჩნიოთ საზოგადოების სათანადოდ ინფორმირება.

ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა შესაძლებელია, თუ ის სწორადაა ორგანიზებული და დაცულია მისი 4 მნიშვნელოვანი მომენტი: პრევენცია და მიტიგაცია, მზადყოფნა, რეაგირება და სასიცოცხლო უზრუნველყოფა და აღდგენა.

პრევენცია ეწოდება საფრთხისა და მასთან დაკავშირებული კატასტროფების უარყოფითი შედეგების სრულ აღმოფხვრასა და თავიდან აცილებას.

მიტიგაცია მზადყოფნის ამაღლებისა და მოწყვლადობის შემცირების მიზნით ბუნებრივი კატასტროფის შედეგების შემამცირებელი (შემარბილებელი) წინასწარ გასატარებელი ღონისძიებების კომპლექსია, რომელიც საკანონმდებლო და მეთოდურ-ინსტრუქციულ რეგულაციებსაც მოიცავს.

მზადყოფნაა ბუნებრივი კატასტროფების წინმსწრები მოვლენების მონიტორინგი, შესაძლო საგანგებო ვითარების პროგნოზირება და სცენარების შემუშავება მეცნიერული კვლევების საფუძველზე, მოსახლეობის მომზადება (სწავლება ტრენინგები), რეაგირებისა და მზადყოფნის ღონისძიებების დაგეგმვა.

რეაგირება ნიშნავს ბუნებრივი კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციას (დაზვერვას, საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენით სამუშაოებს); მოსახლეობის დასაცავი ღონისძიებების განხორციელებას; დაზიანების კერაში სასიცოცხლო უზრუნველყოფას.

სასიცოცხლო უზრუნველყოფა და აღდგენა საგანგებო სიტუაციების ზონაში გადარჩენილი მოსახლეობისა და მორეაგირე ძალების სასიცოცხლო უზრუნველყოფა და ამ მიზნით აღდგენითი ღონისძიებების გატარებაა.

უნდა ვასწავლოთ თუ არა ბუნებრივი კატასტროფები?

კატასტროფებთან დაკავშირებული რისკების შემცირების საკითხში მეტად დიდია განათლების სისტემის როლი, ამიტომ ეს საკითხები სკოლაში ფაკულტატიური თუ სადამრიგებლო საათის ფარგლებში უნდა ისწავლებოდეს, რადგან სკოლა დამოკიდებულებების, ცოდნისა და უნარ-ჩვევების მნიშვნელოვანი ცენტრია თემისა და საზოგადოების ცხოვრებაში. რაც უფრო ადრე დაიწყება კატასტროფების სწავლება, მით უფრო დაცული იქნება მოზარდი. ბუნებრივმა კატასტროფამ დროის შეთანხმება არ იცის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი