პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

„ჰეფი ენდის“ ახალი მოდელი

მორბიან, მაგრამ რას მორბიან, მოკივიან, მაგრამ რას მოკივიან – ასე ჯგუფად, ერთიანად, სახეარეულები, ვხვდები, ფინიშის ხაზი მე უნდა ვიყო და ვემზადები დარტყმის მისაღებად.

– მას, მას, მას, ელენემ თითი იტკინა, სანდრო სკამიდან ჩამოვარდა, სკამი გადავარდა და ელენეს თითი მოჰყვა.

– თითი კი არა ხელი, ხო, ასე, მაჯამდე – აზუსტებს პაციენტის ისტორიას მეორე.

– წამოდით ჩქარა. მეც კროსით მივყვები ჩემს მესამეებს და ელენეს გარდა სანდროც მაფიქრებს, რა იცი, იქნებ ისიც ვერაა მთლად ჯანზე. მივედი. ახლა დამხდურებისგან ვიგებ იმავე ამბის ახლებურ ინტერპრეტაციას, შფოთავენ, თავს დასტრიალებენ ელენეს. ეს კიდე, სანდრო, დამდგარა და ყველას სათითაოდ ეფიცება, დედა მომიკვდეს არ მინდოდა, ღმერთს ფიცავარ, შემთხვევით მომივიდაო. როგორც იქნა მიმიშვეს დაზარალებულთან, რომელსაც კლასელების უშუალო მეცადინეობით უკიდურესად აჩუყებოდა გული და ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. მთელი კლასის კვლევის ობიექტი ცერა კი საგანგებოდ აეშვირა. დავაკვირდი, ფრთხილად მოვსინჯე, ერთი შეხედვით მოტეხილს არ ჰგავდა. ასევე მთელ კლასთან ერთად ცივი წყალიც გადავავლეთ ნატკენზე და ნამკურნალევმა და კმაყოფილმა ელენემაც გამოიდარა. სანდრომაც კიდევ ერთხელ დაიფიცა, მოუბოდიშა და დააყოლა – „ ნუ გეშინია, ელენე, ქორწილამდე მოგირჩება.“

ენა ცოცხალი ორგანიზმია და ერის კულტურული წიაღი, რწმენა თუ ცრურწმენა, ეთნოფსიქოლოგიური მახასიათებლები,  სხვადასხვა სოციალური მოდელი და აზროვნების ნირი სწორედ ყველაზე უკეთ მასში რომ აისახება, ამას მტკიცება არ სჭირდება. სწორედ ერთგვარი სტერეოტიპული ხედვის წამოცდენაა ბავშვობის ყველა მარცხისა თუ ტკივილისათვის ქორწილის საზღვრად დადება. ამ მოვლენის საგანგებოობა, ათვლის წერტილად ქცევა ბავშვობიდან მოდის – ზღაპრები იქნება ეს თუ მულტიპლიკაციური ფილმები. თუ მთავარ პერსონაჟებად ვაჟი და ქალი იყვნენ, ფილმის ჰეფი ენდი მათი ქორწილის ტკბილი სურათით გვირგვინდებოდა. შესაბამისად, ვაჟები გულდაგულ ვაპრალებდით ფაფიან თეფშებს მზეთუნახავის, ხოლო გოგოები  თეთრტაიჭოსანი უფლისწულის მოლოდინში. ამ მოდელითაა ნაკარნახევი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „კონკია“ , „მძინარე მზეთუნახავი“და სხვა ზღაპრების ეკრანიზაციები. ბავშვობაში დიდი გულშემატკივარი ვიყავი მულტფილმების, თუ დრო და ელექტროენერგია ჩამივარდებოდა ხელთ, აუცილებლად ვუყურებდი. რომ მოვიზარდე, ვუღალატე ამ ჩვეულებას და მხოლოდ ბოლო პერიოდია, ახტაჯანა, მულტფილმმოყვარული ქალიშვილის წყალობით ისევ გავუერთგულდი. ჰოდა, ამ დაბრუნებამ მიკარნახა ეს სათქმელიც – თურმე მულტფილმებში ჩემი დროის ( და, ეჭვი მაქვს, მანამდელიც) ჰეფი ენდი შეცვლილა, ბოროტი პერსონაჟები მხოლოდ ქალ-ვაჟის სიყვარულს არ ემურმანეკლებიან, არც პერსონაჟი ყმაწვილი გოგონების ერთადერთ წარმატებად ითვლება უფლისწულის შეყვარება და ოქროსქოჩრიანი ქალ-ვაჟის გაჩენა. საერთოდაც, იგნორირებულია სასიყვარულო სამკუთხედი და შემქმნელები კოცნისა და თვალების მინაბვის გარეშეც ახერხებენ წარმატებული და, რაც მთავარია, ბედნიერი ქალი პერსონაჟების ძერწვას.  გოგონებისა, რომლებიც ბოროტებას წინ აღუდგებიან არა სიყვარულის დასაცავად და, თუგინდ, კოშკიდან თმების გადმოსაფენად, არამედ დასახული მიზნის მისაღწევად, საზღვრების დასარღვევად, უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ეს პერსონაჟები არ ითხოვენ გამარჯვებისთვის თეთრტაიჭოსან რაინდს და არც თეთრ კაბაში გამოწყობილებს უნდათ ბავშვობის ტკივილების ქორწილით დავიწყება. არაჩემდროინდელი, სხვა „ჰეფი ენდები“ სჭირდება, ალბათ, ახლა პატარა მაყურებელს, სხვა, გაცილებით დიდ ბედნიერებაზე მოლაპარაკე – დაისახო მიზანი, შეასრულო კეთილსინდისიერად და იყო შენი საქმიანობის ნაყოფით ბედნიერი. დაე, ნუ დაელოდებიან ფაიფურის ქოშს, სხვაგვარად ეძიონ თავი და ეს ქორწილიც მოვა, სად წავა …

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი