ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბედნიერების გეოგრაფია

თანაავტორები მე-9 კლასის მოსწავლეები – სალომე ბოჭორიშვილი და ქეთი ვარსიმაშვილი.

რა არის ბედნიერება? როდის არიან ადამიანები ბედნიერები? რატომ? რომელ ქვეყანაშია ყველაზე მეტი ბედნიერი ადამიანი? რამდენად არის ქვეყნის განვითარების დონე დაკავშირებული ბედნიერებასთან? მე-9 კლასელებთან ერთად გადავწყვიტე კვლევა ჩამეტარებინა. პირველი, რაც გავაკეთე ეს იყო ბედნიერებაზე ესეს დაწერა. როგორც წესი სენსიტიური თემების განხილვისას მოსწავლეები ყველაზე მეტად იხსნებიან. ესეს განხილვამ კამათი გამოიწვია. ბედნიერების გაგების განსხვავებული ვარიანტების არსებობამ კვლევის იდეა გაამყარა.

მეორე ნაბიჯი ინტერნეტში არსებული მასალის მოძიება და დამუშავება იყო. მეორადი ინფორმაცია დაგვეხმარა კითხვარის შედგენაში.

გამოვიყენეთ გამოკითხვის რაოდენობრივი შემთხვევითი შერჩევის მეთოდი. ჯამში გამოვკითხეთ 100 სხვადასხვა ასაკის ადამიანი. სულ 5 ასაკობრივი ჯგუფი.
კითხვარების შედგენასა და გამოკითხვის პროცესში მონაწილეობა 10 მოსწავლემ მიიღო. შემდეგ გავაკეთეთ კითხვარების თვისებრივი ანალიზი. კვლევის ანგარიში წარმოადგინა ყველა მოსწავლემ. ორი საუკეთესო ანგარიშის ავტორი სკოლის წინაშე პრეზენტაციით წარდგა და სტატიის თანაავტორებიც გახდა.
ბედნიერების საერთაშორისო ინდექსი ეფექტურობის საზომია. ის აჩვენებს რამდენად წარმატებულად ახერხებენ ქვეყნები ბედნიერების მიღწევას ისე, რომ პლანეტის ბედნიერებაც შეინარჩუნონ. ბედნიერი პლანეტის ინდექსი დაანგარიშებულია სამკომპონენტიანი ფორმულით, რომელშიც შედის: კეთილდღეობის დონე, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ეკოლოგიური ნაკვალევი.


ყველაზე ბედნიერი ქვეყნები აღნიშნულია ღია მწვანეთი, ხოლო ყავისფრით – ნაკლებად ბედნიერი ქვეყნები.
პლანეტის ყველაზე ბედნიერი ადამიანები ლათინური ამერიკის და კარიბის აუზის ქვეყნებში ცხოვრობენ. ამას ამტკიცებს Jetpac–ი – სტარტაპი, რომელიც სოციალური ქსელების ანალიტიკითაა ცნობილი. ორგანიზაციამ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სია ბოლო პერიოდში Instagram–ზე გამოქვეყნებული 150 მილიონი ფოტოს გაანალიზების შედეგად შექმნა. ბედნიერების კრიტერიუმად კი ანალიტიკოსებმა ფოტოებზე გამოსახული ადამიანების ღიმილი და ფოტოების „ლაიქების” რაოდენობა აიღეს.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მსოფლიოში ყველაზე ხშირად ბრაზილიის მოქალაქეები იღიმიან, მეორე ადგილზე ამ კრიტერიუმით ნიკარაგუაა, რომელსაც კოლუმბია, ბოლივია და კოსტა–რიკა მოსდევს.
ამ კვლევის შედეგები საერთოდ არ ემთხვევა სულ ახლახან გაეროს მიერ ჩატარებულ კვლევას World Happiness Report- ს, რომელიც Jetpac-ის მონაცემებისგან განსხვავებით, უფრო ობიექტურ კრიტერიუმებს ეყრდნობა, ვიდრე უბრალოდ ღიმილია. ეს კრიტერიუმებია: სიცოცხლის ხანგრძლივობა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობა, სოციალური დახმარება, ცხოვრების წესის შერჩევის შესაძლებლობა, კორუფციის დონე და ა.შ.
130 ქვეყანას შორის ანალიტიკოსებმა ყველაზე ბედნიერ ქვეყნებად სკანდინავიის სახელმწიფოები დაასახელეს. თუმცა გაეროში, ისევე როგორც Jetpac-ში, აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ლათინურ ამერიკაში ბედნიერების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მცხოვრებნი გაცილებით ნაკლებად ბედნიერად გრძნობენ თავს. გაეროს რეიტინგი:

1. დანია: იგი პირველად არ სახელდება მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად, ის ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული სახელმწიფოა. აქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მშპ-ია ერთ სულ მოსახლეზე.
2. ნორვეგია: ნავთობისა და გაზის მარაგებით მდიდარი ქვეყანა ასევე გამოირჩევა ერთ სულ მოსახლეზე მაღალი შემოსავლებით და მსოფლიოში ცხოვრების ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტით.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ბედნიერების განცდას მატებს ნორვეგიის შესანიშნავი ბუნება.
3. შვეიცარია თითოეული ზრდასრული მოქალაქის სიმდიდრის დონის მიხედვით მსოფლიოს ლიდერ ქვეყნად მიიჩნევა. ქვეყნის თითქმის ყველა მცხოვრებს აქვს შესაძლებლობა ისიამოვნოს მთელ მსოფლიოში ცნობილი სამთო კურორტებით, შვეიცარიის რივიერას სილამაზითა და ჟენევის ტბის კურორტებით. საყოველთაო კეთილდღეობას ისიც განაპირობებს, რომ შვეიცარიის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები 1815 წლის შემდეგ არ ყოფილა და ქვეყანა ყველა ომის დროს თავის საფირმო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ შვეიცარიელები მსოფლიოში ყველაზე ბევრ შოკოლადს მიირთმევენ.
4. ჰოლანდიელთა ბედნიერებას მხოლოდ ტიტები არ განსაზღვრავს. ეს პატარა ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მოცულობით იმ სახელმწიფოების ათეულში შედის, რომლებიც საქონლისა და მომსახურების უმსხვილეს ექსპორტიორებს წარმოადგენენ.
5. შვედეთი მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად კორუფციული ქვეყნების რეიტინგში შედის. ის ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და მდიდარი სახელმწიფოა. შვედურ ბედნიერებას ადგილობრივი ტრადიციები განაპირობებს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შვედური მოვლენაა lagom-ი, რაც ზომიერებას ნიშნავს – ესაა საკმარისობის განცდის ქონა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი შვედური ტრადიცია – fika, რაც ყავაზე შესვენებას ნიშნავს. შვედეთში ითვლება, რომ კოლეგებთან ჭიქა ყავაზე ურთიერთობისთვის ყოველ საათში ერთხელ აუცილებელია 15 წუთის გამოყოფა.
Jetpac-ის რეიტინგის მიხედვით კი, მსოფლიოში ყველაზე ხშირად ბრაზილიელები იღიმებიან და, შესაბამისად, სწორედ ბრაზილიაა პლანეტის უბედნიერესი ქვეყანა.

1. Instagram-ის ფოტოებზე აღბეჭდილ ბრაზილიელებს ბედნიერების საფუძველი აქვთ – მათი ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია, იზრდება მოქალაქეების კეთილდღეობაც. ბრაზილიელებს ბედნიერების განცდას მატებს ყოველწლიური კარნავალები, რომლებიც თებერვალში იმართება.
2. „ღიმილის რეიტინგში” მეორე ადგილზეა ნიკარაგუა, რომელიც კარიბის აუზის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფოა. თუმცა მის მცხოვრებლებს ღიმილის არცთუ ბევრი საფუძველი აქვთ: მათი ქვეყანა რეგიონში ერთ-ერთი უღარიბესია, მოსახლეობის 80%-ზე მეტის დღიური შემოსავალი კი 2 დოლარსაც ვერ აღწევს.
3. კოლუმბია: ათწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ კოლუმბია ბოლოსდაბოლოს გაჯანსაღების გზაზეა, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპებით იზრდება. ყოველწლიურად მას სულ უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს.
4. ბოლივია – Instagram-ში მოღიმარი ბოლივიელები, ალბათ, დარწმუნებულნი არიან, რომ ბედნიერება ფულში არ არის. ბოლივიაში მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს, ეკონომიკა ნელა იზრდება, საგარეო ვალები კი – სწრაფად. ამ ფონზე სტაბილურ ზრდას მხოლოდ ტურიზმი აჩვენებს და ქვეყნის ბიუჯეტის შევსების უმნიშვნელოვანესი წყაროა.
5. კოსტა-რიკის მცხოვრებლებს ბედნიერებისთვის არაერთი მიზეზი აქვთ – მათი ქვეყანა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მდიდარია. კოსტა-რიკა ასევე ითვლება მსოფლიოს ყველაზე მწვანე ქვეყნად – აქ კარგად იცავენ ბუნებას, ახლახან კი ნადირობა აკრძალეს.

გაეროს მიერ ჩატარებულ კვლევაში ყველაზე ბედნიერი ქვეყნები საქართველო 134-ე ადგილზე აღმოჩნდა. სულ რეიტინგში ქ150 ქვეყანაა. რეიტინგში ლიდერობენ: დანია, ნორვეგია, შვეიცარია, ნიდერლანდები და შვედეთი.
კვლევაში მონაწილეობდა ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, სტატისტიკისა და სხვა მეცნიერების სპეციალისტები. ექსპერტებმა შეფასების კრიტერიუმებად აირჩიეს: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა. ახლობლების მხარდაჭერის იმედი, თავისუფლება გადაწყვეტილების მიღებისას, კორუფციის დონე და დიდსულოვნება.
ბედნიერი ქვეყნების პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ: კანადა, ავსტრია, ისლანდია და ავსტრალია. მეორე ათეულში -აშშ და ახალი ზელანდიაა, ათეულს ვენესუელა ასრულებს.
ჩვენი კვლევა
პირველი ჯგუფი: მოზარდები 13-დან 18 წლამდე, რომელთა რიცხვი მთელი რაოდენობის 56%-ია. მათი 39% მდედრობითია, ხოლო დანარჩენი 17% მამრობითი. აქედან 41%-ს არასრული საშუალო განათლება აქვს, დარჩენილ 15%-ს კი საშუალო. როგორც ჩანს უმეტესი ნაწილი 24% ბედნიერია, 17% – ნაწილობრივ, ხოლო 15% არ არის ბედნიერი. ირგვლივ გაღიმებულ ხალხს ხშირად ამ რაოდენობის 36% ხედავს, 15% იშვიათად ხედავს ხოლო 5% საერთოდ ვერ ხედავს. 26%-ის სასურველ და რეალურ ცხოვრებას შორის არის განსხვავება, ხოლო დარჩენილი 13%-ის ცხოვრებას შორის არ არის განსხვავება, მეორე 13%-ის ცხოვრებას შორის არც ისე დიდი განსხვავებაა. 44%-ის ბედნიერება ჯანმრთელობაა, 55%-თვის ოჯახი, 39%-თვის სიყვარული, 19%-სთვის ქვეყნის განვითარების დონე, მოგზაურობა, გართობა, 12%-სთვის განათლება, სამსახური, მაღალი ხელფასი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო.

მეორე ჯგუფი: ახალგზარდა სრულწლოვანები 19-დან 25წლამდე. მათი რაოდენობა მთელი რაოდენობის 17%-ია. 9% მდედრობითია, 8% მამრობითი. მათგან 5%-ს საშუალო განათლება აქვს, 2%-ს პროფესიული, ხოლო 10%-ს უმაღლესი. 9% ბედნიერია, 2% არ არის ბედნიერი, ხოლო 6% ნაწილობრივ ბედნიერია. გაღიმებულ ხალხს ხშირად 7% ხედავს, 5% კი გაღიმებულ ხალხს იშვიათად ხედავს. 10%-ის რეალურ და სასურველ ცხოვრებას შორის დიდი განსხვავებაა, დარჩენილი 7%-ისთვის კი არც ისე დიდი განსხვავებაა. ბედნიერების ფაქტორებს 10%-ისთვის ჯანმრთელობა, ოჯახი, სიყვარული და მაღალი ხელფასი განაპირობებს. 3%-ისთვის ქვეყნის განვითარების დონე და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. დანარჩენი 4%-ისთვის კი სამსახური და მოგზაურობა.
მესამე ჯგუფში თავს იყრიან ასევე ახალგაზრდა სრულწლოვანები ოღონდ 26-დან 30 წლამდე. მათი რიცხვი მთელი რაოდენობის 5%-ია. 3% მდედრობითია და პროფესიული განათლება აქვთ, ხოლო 2% მამრობითი უმაღლესი განათლებით. 1,5% ბედნიერია, მეორე 1,5% არ არის ბედნიერი, ხოლო ბოლო მესამე 1,5% ნაწილობრივ ბედნიერია. 3% გაღიმებულ ხალხს ირგვლივ იშვიათად ხედავს და მათ რეალურ და სასურველ ცხოვრებას შორის არც ისე დიდი განსხვავებაა, დარჩენილი 2% კი თვლის, რომ არ არის დიდი განსხვავება. 1,5% – ისთვის ბედნიერებას განაპირობებს სიყვარული, სამსახური, წარმატებული კარიერა, მაღალი ხელფასი, ქვეყნის განვითარების დონე, მოგზაურობა და გართობა. 3,5%-ისთვის კი – ჯანმრთელობა, ოჯახი, განათლება და ეკოლოგიურად სუფთა გარემო.

მეოთხე კატეგორიაში შედიან ზრდასრული ადამიანები 31-დან 50 წლამდე. მათი რაოდენობა მთელი რაოდენობის 8%-ს შეადგენს. 5% მდედრობითია და უმაღლესი განათლება აქვთ, ხოლო 3% მამრობითია და პროფესიული განათლება აქვთ. 6% ბედნიერია, ხოლო დანარჩენი 2% ნაწილობრივ. 2% ირგვლივ გაღიმებულ ხალხს იშვიათად ხედავს, 3% – ხშირად, ხოლო დარჩენილი 3% საერთოდ არ ხედავს. 6%-ისთვის ბედნიერება ჯანმრთელობა, ოჯახი, სიყვარული და განათლებაა. 2%-სთვის კი წარმატებული კარიერა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოგზაურობა და სამსახური.
მეხუთე, ბოლო კატეგორია შეადგენს ადამიანებს 51 წლიდან მაღლა. მათი რიცხვი მთელი რაოდენობის 14%-ია. 8% მდედრობითია, ხოლო 7% მამრობითი. 11%-ს აქვს პროფესიული განათლება, ხოლო დარჩენილ 3%-ს უმაღლესი. 8% ბედნიერია, 2% არ არის ბედნიერი, დანარჩენი 4% კი თვლის, რომ ნაწილობრივ ბედნიერია. გაღიმებულ ხალხს ხშირად 4% ხედავს, საერთოდ ვერ ხედავს 7% ,ხოლო იშვიათად – 3%. 7%-ის რეალურ და სასურველ ცხოვრებას შორის დიდი განსხვავებაა, 4%-ს ცხოვრებას შორის არ არის დიდი განსხვავება, დარჩენილი 3%-ის რეალურ და სასურველ ცხოვრებას შორის კი არც ისე დიდი განსხვავებაა. ბედნიერებას 7%-ს ანიჭებს ჯანმრთელობა, ოჯახი და გართობა. 3%-ს წარმატებული კარიერა, ხოლო დარჩენილ 4%-ს სიყვარული, განათლება, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და მოგზაურობა.

დასკვნა:
ყველაზე ბედნიერი კატეგორია 31-50 წლამდე ჯგუფი აღმოჩნდა, სადაც 75%-მა აბსოლუტურად დადებითი პასუხი გასცა, ხოლო დანარჩენმა 25% ნაწილობრივ დადებითი. ამ კუთხით მეორე ადგილზე 51 წელს ზევით კატეგორიაა. რაც შეეხება ნეგატიურ პასუხს, ბედნიერად თავს არ გრძნობს 13-18 წლამდე და 26-30 წლამდე ჯგუფების 33%. ბედნიერების შეგრძნება ყველაზე დაბალი აღმოჩნდა 26-30 წლის ასაკის კატეგორიაში (33%).
ამბობენ, გაღიმებული ადამიანი თავის გარშემოც გაღიმებულ ადამიანებს ხედავს. ამ კითხვაზე ყველაზე მეტი დადებითი პასუხი გასცა 13-18 წ კატეგორიამ (56%). მეორე ადგილზე 19-25 წ კატეგორია გავიდა 40%. ყველაზე მეტი ნეგატიური პასუხი გასცა 26-30 წ კატეგორიამ (67% ხშირად ვერ ხედავს გაღიმებულ სახეებს) და 51-ზე ზევით ჯგუფმა.
რეალურ და სასურველ ცხოვრებას შორის ყველაზე დიდ განსხვავებას 51 წლის ასაკის ჯგუფი ხედავს, შემდეგ ადგილებზე თითქმის თანაბრად 13-18 და 19-26 კატეგორიებია. პატარა განსხვავებას ხედავს 31-50 ასაკის კატეგორია.
ბედნიერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები ჯამურად ოჯახი, ჯანმრთელობა, სიყვარული და განათლება აღმოჩნდა. მხოლოდ შემდეგ მოდის მაღალი ხელფასი, ქვეყნის განვითარების დონე, ეკოლოგია და სხვა კრიტერიუმები. ყველაზე დაბალი რაოდენობა სამსახურმა და კარიერულმა განვითარებამ მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურმა ანალიზმა არ აჩვენა მაღალი კორელაციის მაჩვენებელი ბედნიერების შეგრძნებასთან ამ კრიტერიუმების განხილვისას, ბედნიერების შეგრძნება, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად იმ ადამიანებს აქვთ, რომლებისთვისაც ბედნიერების განმსაზღვრელი სიყვარული და ქვეყნის განვითარების დონე აღმოჩნდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი