როგორ ვტყუვდებით ყალბი ინფორმაციით

უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ადამიანმა უფრო მეტი ინფორმაცია შექმნა, ვიდრე მანამდე კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე. სამწუხაროდ, სანდო ინფორმაციის გვერდით ხშირად უზარმაზარი მოცულობის ყალბი ინფორმაციაც გვხვდება – ვებგვერდებზე, ვიდეოებში, წიგნებსა და სოციალურ მედიაში. ეს პრობლემა დღეს არ წარმოშობილა, დეზინფორმაციას ბიბლიურ ეპოქაშიც იყენებდნენ და ანტიკური ხანის საბერძნეთშიც, მაგრამ თანამედროვე პრობლემა იმით არის უნიკალური, რომ დეზინფორმაცია არნახული მოცულობით ვრცელდება, ინტერნეტში გავრცელებულ ყველა სწორ ინფორმაციას კვალდაკვალ მიჰყვება და ხშირად მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა სრულიად შეუძლებელია. ამასთან, დეზინფორმაცია არ ექვემდებარება წესებს – ნებისმიერი სოციალური კლასისა და განათლების ადამიანი შეიძლება გააცუროს და სრულიად მოულოდნელ ადგილებში აღმოჩნდეს.

გაგაცნობთ ოთხ ხერხს, რომელთა დახმარებითაც დეზინფორმაცია იოლად გვემალება:

სიმართლეში შეპარული ტყუილი

ადამიანის გაცურების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია ბევრი სწორი ფაქტის მიყრა და მათ შორის ერთი-ორი ყალბი ინფორმაციის შეპარება. სწორი ფაქტები აღძრავს ნდობას და უმეტესობა აღარ გადაამოწმებს უკლებლივ ყველა პოსტულატს, ამიტომ ყალბ ინფორმაციასაც ენდობიან.

მაგალითად, განვიხილოთ შემდეგი ცხრაპუნქტიანი მსჯელობა:

  1. წყალი შედგება წყალბადისა და ჟანგბადისგან;
  2. წყლის მოლეკულაა H2O;
  3. ადამიანის სხეული 60%-ზე მეტით წყლისგან შედგება;
  4. ადამიანის სისხლის 92% წყალია;
  5. ტვინის 75% წყალია;
  6. მსოფლიოს ბევრ ნაწილში სასმელი წყალი დაბინძურებულია;
  7. დედამიწაზე ხელმისაწვდომი წყლის 1%-იც კი არ არის სასმელად ვარგისი;
  8. სასმელი წყლის ვარგისობაში მხოლოდ მაშინ შეიძლება იყო დარწმუნებული, თუ ბოთლებში ჩამოსხმულ წყალს იყიდი;
  9. ჯანდაცვის წამყვანი მკვლევარები რეკომენდაციას უწევენ ბოთლებში დაფასოებულ წყალს და უმეტესობა თავადაც ბოთლის წყალს სვამს.

მტკიცებულებები პირველიდან მეშვიდემდე სწორია. მერვე მტკიცებულება ლოგიკურად არ მტკიცდება, აი, მეცხრე კი… ვინ არიან წამყვანი მკვლევარები? და რას ნიშნავს, რომ თავადაც ბოთლის წყალს სვამენ? იქნებ მხოლოდ მაშინ სვამენ, როცა სტუმრად არიან და ვინმე მათ ბოთლის წყალს სთავაზობს. თუ ეს ნიშნავს, რომ ისინი პრინციპულად ერიდებიან ყველა სხვა ფორმით მიწოდებულ წყალს? ამ ორ მტკიცებულებას შორის უზარმაზარი განსხვავებაა.

ფაქტი კი ასეთია: განვითარებულ ქვეყნებში ბოთლის წყალი არ არის ონკანის წყალზე უსაფრთხო ან ჯანსაღი, ხოლო ზოგჯერ ნაკლებად უსაფრთხოც კია სუსტი რეგულაციების გამო. ეს დასკვნა ეფუძნება ბევრი სანდო წყაროს ანგარიშს, მათ შორის – აშშ–ის ბუნებრივი რესურსების დაცვის საბჭოს, მაიოს კლინიკისა და მომხმარებელთა ანგარიშების კვლევებს. ცხადია, არსებობს გამონაკლისები, როცა ონკანის წყალი განსაკუთრებული შემთხვევის გამო ბინძურდება, მაგრამ იგივე შეიძლება ბოთლის წყალსაც დაემართოს, ზოგადად კი ფსევდოსამეცნიერო ჯანდაცვის ეს მსჯელობა ვერ უძლებს კრიტიკას, თუმცა ზედაპირული წაკითხვით იოლი დასაჯერებელია.

 

ვებსაიტები მატყუარა სახელებით

2014 წელს ფლორიდის კონგრესის არჩევნების წინ ადგილობრივმა რესპუბლიკელებმა შექმნეს ვებსაიტი თავიანთი დემოკრატი ოპონენტის ალექს სინკის სახელით. საიტზე შესვლისას ალექს სინკის მხარდამჭერებს ეგონათ, რომ მის ფონდს უგზავნიდნენ ფულს, სინამდვილეში კი ფული მისი ოპონენტის დევიდ ჯოლის მხარდასაჭერად იგზავნებოდა. ვებსაიტი contribute.sinkforcongress2014.com იყენებდა სინკის რეალური ვებსაიტის ფერებს და მის მოღიმარ ფოტოს. მართალია, კუთხეში ეწერა, რომ ჩარიცხულ ფულს სინკის დასამარცხებლად გამოიყენებდნენ, მაგრამ ბევრი ამას არ აკვირდებოდა და ფიქრობდა, რომ სინკის მხარდასაჭერად გზავნიდა ფულს. ვებსაიტის ყველაზე თვალში საცემ ადგილებში იყო სინკის დიდი სურათი და წარწერა: „ალექს სინკი – კონგრესი“, ამიტომ პატარა წარწერას უმეტესობა ყურადღებას არ აქცევდა. სხვათა შორის, არც დემოკრატები ჩამორჩნენ და მალე ასეთივე ვებსაიტი შექმნეს რესპუბლიკელი დევიდ ჯოლის სახელით. http://www.JollyForCongress.com.

იგივე რამ განმეორდა მარტინ ლუთერ კინგთან დაკავშირებით. როცა კითხულობთ ვებსაიტის სახელს MartinLutherKing.org, სავარაუდოდ, ფიქრობთ, რომ მოცემულია ინფორმაცია სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლ ლიდერზე. ვინაიდან დომეინია .org, გეგონებათ, რომ ეს არ არის კომერციული ვებსაიტი და ფარული ინტერესები არ გააჩნია. თანაც ვებსაიტზე წერია, რომ მისი მიზანია მარტინ ლუთერ კინგის შესახებ „ნამდვილი ისტორიული კვლევა“. აბა, ერთი წუთით დავფიქრდეთ. ერთი ძველი ხუმრობისა არ იყოს, „როგორ უნდა გამოიცნო, რომ ვიღაც გატყუებს? – იმით, რომ ის იწყებს წინადადებას სიტყვებით: „გულწრფელი თუ ვიქნები“. როცა ადამიანი ან ვებსაიტი სიმართლეს ამბობს, ინფორმაციის სანდოობის ხაზგასმა არ სჭირდება.

თუ ამ საიტს უფრო მეტი ყურადღებით წაიკითხავთ, დაინახავთ, რომ ის შეიცავს ბევრ დამახინჯებულ ფაქტს, კონტექსტიდან ამოგლეჯილ გამონათქვამს და ტენდენციურ მსჯელობას. ვის ეკუთვნის ეს საიტი? სტორმფრონტს – რასისტულ, ნეო-~ნაცისტურ რადიკალურ ჯგუფს. როცა საიტი საეჭვო გეჩვენებათ, ყველა ბმული გადაამოწმეთ, სანამ არ გაარკვევთ, რომელ ორგანიზაციას ეკუთვნის. კიდევ ერთი სწრაფი გზა არსებობს შესამოწმებლად – მოძებნეთ, რომელი ვებსაიტები უკავშირდება მას. ამისთვის გუგლის საძიებო ზოლში აკრიფეთ “link:”, მერე კი ვებსაიტის URL და გუგლი გიჩვენებთ ყველა სხვა ვებგვერდს, რომლებიც ამ ვებსაიტს უკავშირდება.

 

რიცხვები კონტექსტის გარეშე

თვითმფრინავი მაინც ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია, რომელსაც ფეხდაფეხ მოსდევს რკინიგზა. კომერციულ თვითმფრინავში ან მატარებელში დაღუპვის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია. და მაინც, ბევრი ერიდება ფრენას ამ ტიპის სტატისტიკის გამო: „ავიაკატასტროფებში 2014 წელს უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 1960 წელს“.

ეს სრული სიმართლეა, მაგრამ არასწორად მოწოდებული. სინამდვილეში 2014 წელს უფრო მეტი ადამიანი იმიტომ დაიღუპა, რომ ამ წელს გაცილებით მეტი ფრენა განხორციელდა, ვიდრე 1960 წელს. თუ მართლა გინდათ იმის შემოწმება, რამდენად უსაფრთხოა თვითმფრინავით მგზავრობა, ამაში დაღუპულთა რაოდენობა ვერ დაგეხმარებათ. უნდა გამოთვალოთ დაღუპულთა ფარდობა – მაგალითად, შეფარდება ნაფრენ კილომეტრებთან, განხორციელებული რეისების რაოდენობასთან ან რამე ამდაგვარ სიდიდესთან, რომელიც სწორი შედარების საფუძველს შექმნის.

 

მტკიცებულება ყალბი წყაროებით

დეზინფორმატორი ავტორები ხშირად სარგებლობენ იმით, რომ ადამიანთა უმეტესობა თავს არ იწუხებს სტატიაში გამოყენებული ლიტერატურის დაკვირვებით წაკითხვით ან ციტატებისთვის მითითებული ბმულების გადამოწმებით. ვთქვათ, რომელიღაც კომპანიას სურს დაარწმუნოს მომხმარებლები, რომ მის მიერ წარმოებული სახის კრემი კანს ათი წლით აახალგაზრდავებს. ამ მიზნით კომპანიის წარმომადგენელი წერს სტატიას, რომელსაც ავსებს თითქოსდა სერიოზული ციტატებით და ბმულებით სხვადასხვა ვებსაიტებზე. სინამდვილეში ამ ვებსაიტებს არავითარი კავშირი არ აქვს ამ სახის კრემთან. შესაძლოა, ბმულები მიუთითებდეს სანდო ვებსაიტებზე განთავსებულ მაღალი დონის სამეცნიერო სტატიებზე, მაგალითად, დერმატოლოგიასთან ან დაბერებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევაზე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სახის კრემთან. ამ ტიპის ბმულებით მკითხველი ტყუვდება და უჩნდება ნდობა რეკლამირებული პროდუქტის მიმართ. ამიტომ, როცა პროდუქტს გადაჭარბებით აქებენ, უნდა დაეჭვდეთ და კარგად გადაამოწმოთ მასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

ინტერნეტი თავისი არსით დემოკრატიის უძლიერესი ინსტრუმენტია, რომელიც ნებისმიერს აძლევს საშუალებას, გაავრცელოს საკუთარი შეხედულებები და პირდაპირი კავშირი ჰქონდეს მთელი მსოფლიოს ინფორმაციასთან. მაგრამ ამ ორი პოსტულატის გაერთიანებით ვიღებთ ერთმანეთში ჩახლართული ინფორმაციისა და დეზინფორმაციის ვირტუალურ სამყაროს, რომლებიც იდენტური ტყუპებივით შემოგცქერიან, მაგრამ ერთი დაგეხმარება და მეორე გავნებს.

ყოველი ჩვენგანის მოვალეობაა, გაარჩიოს სიმართლე ყალბი ინფორმაციისგან. ამას სჭირდება დაკვირვებით აზროვნება და კიდევ რაღაც, რაც უმეტეს ჩვენგანს ცოტა აქვს – დრო. კრიტიკული აზროვნება არ ნიშნავს, რომ ერთხელ შევხედავთ მოვლენას და გავატარებთ. კრიტიკული აზროვნება მოითხოვს ცოდნის მუდმივ განახლებას ახალი ინფორმაციის მიღებისას. მტკიცებულებების გადამოწმებაზე დახარჯული დრო არ არის უბრალოდ კარგად დახარჯული დრო – ეს უნდა მივიჩნოთ საკუთარ ვალდებულებად იმის გამო, რაც თავად შევქმენით.

 

დანიელ ლევიტინი, ნეირომეცნიერი

კომენტარები

comments