ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორი ამინდი იქნება ხვალ?

ამინდი ატმოსფეროს ქვედა ფენების მდგომარეობაა მოცემულ ადგილზე დროის შედარებით ხანმოკლე შუალედში. ამინდს მეტეოროლოგიურ ელემენტთა ერთობლიობა ქმნის. ამინდის ძირითადი მახასიათებლებია ტემპერატურა, ტენიანობა და ატმოსფერული წნევა. ეს სამი ძირითადი ელემენტი წარმოქმნის ქარს, ღრუბლებსა და ატმოსფერულ ნალექს. ამინდზე მოქმედებს ციკლონები და ანტიციკლონები. მეცნიერებას ამინდის პროგნოზის შესახებ სინოპტიკა ჰქვია.

თანამედროვე ამინდის პროგნოზი მსოფლიოში მილიონობით მეტეოროლოგიური ელემენტის ერთობლიობას ემყარება. მოპოვებული მონაცემები ანალიზდება და შემდეგ სხვადასხვა ფორმით ვრცელდება. მეცნიერული პროგნოზი მსოფლიოში არსებული მეტეოსადგურებიდან შეგროვებულ ინფორმაციაზეა დამოკიდებული. ეს კი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 1844 წელს სემუელ მორზემ ელექტროტელეგრაფი გამოიგონა. ამჟამად, დეადმიწაზე 7000-მდე მეტეოსადგურია. ს სადგურები ქალაქებში, აეროპორტებში, ზღვაში გასულ გემებზე მდებარეობს. იქ მეტეოროლოგები განუწყვეტლივ აკვირდებიან ამინდს და მეტეოროლოგიურ მონაცემებს – ტემპერატურას, ატმოსფერულ წნევას, ტენიანობას, ქარს, ნალექებს, ღრუბლებს – აკონტროლებენ. ამინდის ავტომატურ ბიუროებში კი ეს მონაცემები მაგნიტურ ფირზე ფიქსირდება და ამინდის პროგნოზის ცენტრებს გადაეცემა. მონაცემები ყოველთვის დედამიწის ზედაპირზე იღება, თუმცა ატმოსფეროს მაღალი ფენების შესახებ ინფორმაციაც მეტად მნიშვნელოვანია. მის მოსაპოვებლად საჰაერო ბუშტს იყენებენ, რომელზეც რადიოზონდია დამაგრებული.

ზოგიერთ სადგურში დაკვირვება ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ხდება, თუმცა უფრო 2- ან 3-საათიანი ინტერვალით დაკვირვებაა გავრცელებული.
1960 წლიდან ატმოსფეროს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში კოსმოსში გაშვებული მეტეოროლოგიური თანამგზავრები გვეხმარება.

თანამგზავრი ორგვარია. გეოსტაციონარული თანაგზავრები ორბიტაზე, დედამიწასთან უნისონში მოძრაობენ და ამიტომ ყოველთვის დედამიწის ერთსა და იმავე ანუ განსაზღვრულ ადგილს ხედავენ. დედამიწიდან ისინი საკმაოდ შორს არიან – ეკვატორიდან 3600 კმ-ზე, ამიტომ ჩვენი პლანეტის მოზრდილი ტერიტორიის დანახვა შეუძლიათ და ნახევარ საათში ერთხელ მთელი ნახევარსფეროს ფოტოებს გზავნიან, ამ ფოტოებზე დაკვირვებისა და მათი გაშიფვრის შედეგად კი მეტეოროლოგები ღრუბლების გადაადგილებას ადგენენ და ქარის სიჩქარესც კი გამოთვლიან.

მეორე ტიპის, პოლარულ-ორბიტალური თანამგზავრები შედარებით დაბლაა. დედამიწის ზედაპირს მათ დაახლოებით 850 კმ აშორებს, ამიტომ ზედაპირის მხოლოდ 2%-ს აკონტროლებენ. სამაგიეროდ, ეს თანამგზავრები ჩრდილო-სამხრეთ ორბიტაზე არიან განლაგებულნი და ამიტომ მთლიანად ხედავენ მათ ქვეშ მბრუნავ დედამიწას. ეს თანამგზავრები მხოლოდ დედამიწის ფოტოებს კი არ აგზავნიან, არამედ სპეციალური აპარატებითაც არიან აღჭურვილნი, რომლებიც ხმელეთისა და ატმოსფეროს სხვადასხვა ფენაში ტემპერატურისა და სინოტივის გაზომვის საშუალებასაც იძლევა.
ღრუბლების დინამიკა და ატმოსფერული ნალექების ველები მეტეოროლოგიური თანამგზავრიდან
ჰაერის ტემპერატურის პროგნოზი ამინდის რიცხვითი მოდელიდან
მსოფლიოს ყველა ქვეყანა მეტეოროლოგიურ ინფორმაციას მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (World Meteorological Organization – WMO (www.wmo.int)) საშუალებით იღებს. მთელი ინფორმაცია მეტეოსადგურებში გროვდება, სადაც შემდეგ ამინდის პროგნოზი მუშავდება. ყველაზე დიდი მეტეოცენტრები მდებარეობს დიდ ბრიტანეთში (ბრეკნელის მეტეოოფისი) და აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში (ნაციონალური მეტეოსამსახური). ამ ცენტრებს ინფორმაცია მთელი მსოფლიოდან მიეწოდებათ და მათზე დაყრდნობით ამინდის გლობალური პროგნოზი დგება. აქვე აკეთებენ ატმოსფეროს ზედა ფენების ამინდის პროგნოზსაც, რაც მეტად მნიშვნელოვანია ავიაციისთვის.
სინოპტიკურ რუკებზე პირობითი ნიშნებითა და ციფრებით ამინდზე დაკვირვების შედეგებია გამოსახული
კომპიუტერების ეპოქამდე მეტეოროლოგები ბოლო სინოპტიკურ სქემებს ამოწმებდნენ და წინა მონაცემებთან შედარებისა და ანალიზის გზით ახალ რუკებს ადგენდნენ მომდევნო 24, 36 ან 48 საათის განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის შესახებ. ამინდის პროგნოზის მთავარი პრობლემა კი სწორედ დროსთანაა დაკავშირებული. მეტეოპროგნოზის მოსამზადებლად კომპიუტერების გამოყენებამ, რომლებიც წამში მილიონობით გამოთვლას აწარმოებს, საგრძნობლად დააჩქარა მონაცემთა გადამუშავების პროცესი. ამასთან, ისინი მხოლოდ მონაცემებს კი არ ამუშავებენ, არამედ სინოპტიკურ რუკებსაც ქმნიან და წნევასა და ქარის მიმართულებას წინასწარ განსაზღვრავენ.

დიდი კომპიუტერები ჩვენი პლანეტის ზედაპირს 150 კვ. კმ ფართობის ერთეულებად ყოფენ და თითოეულ მათგანს კიდევ 15 ერთეულად ანაწევრებენ. ამ ერთეულების ამინდის მონაცემები კომპიუტერში მუშავდება და თითოეული მათგანისთვის 140-საათიან წინასწარი პროგნოზი დგება.
ამინდის პროგნოზზე ბევრადაა დამოკიდებული მეურნეობის სხვადასხვა დარგი. მაგალითად, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ტურიზმი. ამინდს დიდი მნიშვნელობა აქვს მეზღვაურებისთვის, პილოტებისა და მძღოლებისთვის, მესაზღვრეებისთვის, ფერმერებისთვის, სპორტსმენებისთვის, რომლებიც ღია ცის ქვეშ ასპარეზობენ და სხვ.
თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად, პროგნოზი ზოგჯერ მაინც მცდარია. 24 საათში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და ყველაფრის გაკონტროლება და წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი