სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

მე ის ვარ

გერმანულ და ავსტრიულ პრესაში საქართველოზე იშვიათად წერენ. ცენტრალური ევროპის გერმანულენოვანი გამოცემები საქართველოს ეგზოტიკურ პოსტსაბჭოთა  სახელმწიფოდ აღიქვამენ. ევროპელთა დიდი ნაწილისთვის კავკასია კვლავ მნიშვნელოვან, მაგრამ მაინც პერიფერიულ რეგიონად რჩება. დასავლური გაზეთების ფურცლებზე გაელვებას პოლიტიკური ფიგურები და ბანდიტურ დაჯგუფებათა წევრები თუ ახერხებენ.

რამდენიმე კვირის წინ „Die Presse“-ს (ერთ-ერთი მთავარი ავსტრიული გაზეთის) ვებგვერდზე მოულოდნელად რეცენზია აღმოვაჩინე. რეცენზიის ავტორი, მიმომხილველი იუტა ზომერბაუერი, ნაირა გელაშვილის ნაწარმოებს წარმტაც და იუმორით სავსე რომანად („ein entzückender und humorvoller Roman“) მოიხსენიებდა. ცხადია, დავინტერესდი. ცოტა შემრცხვა კიდეც. კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე, რომ მეც ჩვეულებრივი უმადური ვარ, რომელსაც საკუთარ ბაღში თურაშაულის დანახვა უჭირს და პანტის საშოვნელად აქეთ–იქით დაეხეტება. თუმცა ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. რომანის „მე ის ვარ“ რამდენიმე სიუჟეტი პირდაპირ უკავშირდება მასწავლებლებსა და მათ როლს მოსწავლეთა ცხოვრების გადამწყვეტ ეტაპებზე. ამიტომ მინდა, რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ ქართველი მწერლის ამ შესანიშნავი წიგნის შესახებ.

რომანის მთავარი გმირი თორმეტი წლის ნია ლელიშვილია. გოგონა ვაკის ერთ მშვიდ და წყნარ ქუჩაზე ცხოვრობს. ის მეოცე საუკუნის სამოციანი წლების – საბჭოთა კეთილდღეობის ეპოქის – ინტელიგენტურ ოჯახში იზრდება. ნიას ცხოვრება სრულიად იცვლება, როდესაც მისი ოთახის პირდაპირ მცხოვრები უცნობი ბიჭი, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი შეუყვარდება. ეს გრძნობა გოგონას შეცვლის, გაურთულებს ურთიერთობას მეგობრებთან, მასწავლებლებსა და ოჯახის წევრებთან. ის მარტოსულ მოზარდად იქცევა, რომელიც სხვებისთვის აუხსნელი მიზეზების გამო უცნაურად იქცევა ხოლმე. მოკლედ, რომანი ცალმხრივ სიყვარულზე, ქარიშხალსა და უდაბნოში მარტო დარჩენილ 12 წლის ადამიანის სულიერ მდგომარეობასა და ბავშვობასთან გამოთხოვებაზეა. გუბეებში მოთამაშე, ველოსიპედით მონავარდე, ინდიელთა ბელადის როლის შემსრულებელი, ბაყაყივით მოხტუნავე და მამალივით ხმაურიანი ბავშვი მკითხველის თვალწინ ბედნიერების შეუძლებლობის წინათგრძნობასთან მარტო დარჩენილ, საიდუმლოებით დახუნძლულ მოზარდად იქცევა.

ნია თავისი განწყობითა და მოქმედებით ძალზე ენათესავება „ვეფხისტყაოსნის“ პროტაგონისტს – ისიც მარტო ყოფნას ესწრაფვის, ხატოვნად თუ ვიტყვით, ველად გაჭრას ცდილობს. მასაც დაუკარგავს იმედი, რომ ოდესმე კვლავ მოახერხებს სულის სიმშვიდის დაბრუნებას. „ვეფხისტყაოსნის“ საზეპიროები ზუსტი და ამომწურავი პასუხია ყველა იმ კითხვაზე, რომლებიც გოგონას ძილს უფრთხობს და სიმშვიდეს აკარგვინებს, მაგრამ ამაზე მას არავინ ესაუბრება, მხოლოდ გენიალური სტრიქონების დაზეპირებას აიძულებენ, მისგან მხოლოდ დისციპლინასა და უტყვ მორჩილებას მოითხოვენ. ერთი მასწავლებელიც არ გამოჩნდება, რომ ნიას ეპოსის გმირებთან მისი კავშირის არსი აუხსნას. გოგონა განსაცდელის წინაშე მარტო რჩება.

დარწმუნებული ვარ, დღესაც ბევრი ნიას მსგავსი გოგო დადის ჩვენს სკოლებში. მათაც უწევთ განსაცდელთან სხვების დაუხმარებლად გამკლავება. მათ კითხვებზე პასუხი დღევანდელ სასწავლო პროგრამებშიც არის ნაგულისხმები. უბრალოდ, ამ საიდუმლოებათა აღმოსაჩენად შეგირდებს ოსტატების თანადგომა სჭირდებათ.

ნიას ცხოვრებისეულ გამოცდილებას მწერალი რაინერ მარია რილკეს პოეზიის შუქზეც აფასებს. ნაწარმოები „მე ის ვარ“ იმის ჩვენებას ცდილობს, რომ ადამიანი დიადი არსებაა. მის სიდიადეს მოგონების, წინათგრძნობის, სინანულის, აღტაცების უნარები განაპირობებს. ადამიანის მთავარი ღირსება კი ის არის, რომ შეუძლია, ტანჯვა სულიერი ზრდისთვის გამოიყენოს. ენერგიას, რომელსაც სიყვარულში ვერ გამოხატავს, ნია სხვა საქმისკენ მიმართავს და შესანიშნავ გერმანისტად ყალიბდება. მისი მაგალითი გვეუბნება, რომ ყველაზე უიღბლო სიყვარულიც კი უკვალოდ არ იკარგება და უტოვებს შანსს ადამიანს, საკუთარი ადგილი და თავისი წილი ბედნიერება მოიპოვოს.

ნაირა გელაშვილი თავისი რომანით მკითხველს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ადამიანი მხოლოდ სიამოვნებისთვის არ არის შექმნილი. ცხოვრება მას მხოლოდ ბედნიერებას არ ჰპირდება. ასაკთან ერთად დაბრკოლებები მხოლოდ იმატებს. მწერლის აზრით, მთავარია ვისწავლოთ, „როგორ გარდავქმნათ ცუდი, ანუ გამანადგურებელი მარტოობა კარგ, ნაყოფიერ მარტოობად და მარტოობის შიშით უაზრო და გამომფიტავ დროსტარებაში არ დავენარცხოთ, თორემ სიხარულს სამუდამოდ დავკარგავთ“.

ძალადობისა და სექსის მთავარ საბაზრო იარაღად ქცევის, კივილ-წივილისა და ეპატაჟის, კომერციალიზაციისა და მომხმარებლური ეთიკის ეპოქაში ნაირა გელაშვილის რომანი არის ნამდვილი მანიფესტი, რომელიც უპასუხო სიყვარულის, სასარგებლო მარტოობისა და მტანჯველი ენერგიის გადარჩენისთვის გარდაქმნის მნიშვნელობას შეგვახსენებს. ის გვაჩვენებს, რომ რეალობისგან გაქცევა და უშინაარსოდ ცხოვრება ან სიკვდილი გამოსავალი არ არის.

რაც მთავარია, რომანი სავსეა ურთიერთგანსხვავებული და ცოცხალი პერსონაჟებით, თითოეული ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობი ქუჩებითა და ხალასი იუმორით. მასწავლებელსაც და მოსწავლესაც, დედასაც და შვილსაც, დასაც და ძმასაც ეს ნაწარმოები ერთმანეთის მისწრაფებათა გამოაშკარავებაში დაეხმარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი