პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ტრანსნაციონალური კომპანიები და გლობალიზაცია

ტრანსნაციონალური კომპანია იგივე კორპორაცია (ტნკ) ეკონომიკური პროფილის დიდი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც კონტროლს უწევს მსოფლიო მეურნეობის ერთ ან რამდენიმე დარგს და საწარმოები რამდენიმე ქვეყანაშიაქვს. ზოგიერთ ვრცელ ტრანსნაციონალურ კომპანიას ბიუჯეტი ბევრ ქვეყანაზე მეტი აქვს. ამგვარ კომპანიებს ძლიერი გავლენა აქვთ საერთაშორისო ურთიერთობებზე და ადგილობრივ ეკონომიკაზე. კორპორაციის ძირითადი მიზანია მსოფლიო ბაზრებისთვის საქონლის მაქსიმალურად დაბალ ფასში წარმოება. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია პროდუქციის წარმოებისათვის ყველაზე წარმატებული ადგილის შერჩევით ან მასპინძელი სახელმწიფოსაგან საგადასახადო შეღავათების მიღებით. ტნკ-ს გააჩნია სათავო ოფისი ერთ სახელმწიფოში და ფილიალები სხვა სახელმწიფოებში. იმ ქვეყანას, რომელსაც ტრანსნაციონალური კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს, საბაზო ქვეყანას ჰქვია; ხოლო, რომელშიც ამ კომპანიებს განთვასებული აქვთ თავიანთი საწარმოები – მიმღები ქვეყანა.

როგორც წესი, მართველი კომპანიები და ცენტრები მსოფლიო მნიშვნელობის, ე.წ. გლობალურ ქალაქებში მდებარეობენ, მაშინ როცა წარმოება გატანილია პერიფიერიულ რაიონებში ან განვითრებად ქვეყნებში. შესაბამისად, ტრანსნაციონალური კომპანიები მაქსიმალურად იყენებენ გეოგრაფიული მდებარეობის ფაქტორს წარმოების დანახარჯების შესამცირებლად კონკრეტული ქვენაწილებისათვის.

პირველ ტრანსნაციონალურ ფინანსურ დაწესებულად 1118 წელს დაარსებული ტამპლიერების ორდენი შეიძლება ჩაითვალოს, როცა 1135 წელს მათ საბანკო საქმის წარმოება დაიწყეს. პირველი ტრანსნაციონალური კომპანია იყო ბრიტანული ოსტ-ინდოეთის კომპანია, რომელიც 1600 წელს დაარსდა. ორი წლის შემდეგ კი ჰოლანდიური ოსტ-ინდოეთის კომპანიაც გაჩნდა, რომელიც პირველი სააქციო კომპანია იყო და, ამავდროულად, ყველაზე მსხვილი საერთაშორისო კომპანიებს შორის. იგი, გარდა იმისა, რომ აზიის ბევრ ქვეყანასთან აწარმოებდა სავაჭრო ურთიერთობებს, ამავე დროს მსოფლიოში პირველი მეგაკომპანიაც იყო, რომელსაც გარკვეულწილად სახელმწიფოებრივი უფლებამოსილება ჰქონდა. მაგ. შეეძლო ომის დაწყება, პოლიტიკურ კამათში მონაწილეობის მიღება, მონეტების გამოშვება, და კოლონიების დაარსებაც კი.

თანამედროვე გაგებით პირველი ტრანსნაციონალური კომპანიები XIX ს-ის ბოლოს გაჩნდნენ. მათი წარმოშობა იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ დიდი მასშტაბებით წარმოება ბევრად ეფექტურია, რადგან გლობალური მასშტაბის საქმიანობა ამცირებს წარმოების დანახარჯებს და ზრდის მოგებას. ХХ ს-ის ბოლოს მომხადარი მოვლენების გამო ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ახალი რეგიონები, ახალი ბაზრები და დარგები. ამ მოვლენებს შორისაა საბჭოთა კავშირის დაშლა, ანტიკომუნისტური რეფორმები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ამ რეგიონებში სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია, ჩინეთის, როგორც ”მსოფლიოს ფაბრიკისა” და უდიდესი ბაზრის სწრაფი განვითარება. ამავე დროს ვითარდება რეგიონალური ინტეგრაცია, ქვეყნები დებენ ხელშეკრულებებს და წევრიანდებიან ეკონომიკურ კავშირებში, რაც ამცირებს სავაჭრო ბარიერებს და ზრდის ეროვნული ეკონომიკების ურთიერთკავშირებს. ტნკ-ები დღეს მეურნეობის თითქმის ყველა დარგშია. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან არა მხოლოდ იმით, თუ რას აწარმოებენ, არამედ იმითაც, თუ როგორ აწარმოებენ: ტექნოლოგიის დონით, მენეჯმენტის სტილით და მათი პროდუქციის ბაზრის სტრუქტურით. მენეჯმენტი და მარკეტინგი ასეთ კორპორაციებში ხშირად შერეულია. ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში მარკეტინგის შედეგად პროდუქცია იყიდება მთელ მსოფლიოში. უმეტეს შემთხვევაში, ტრანსნაციონალური კორპორაციები რამოდენიმე ქვეყნის იურისდიქციას ექვემდებარება, რაც აძნელებს მათ გაკონტროლებას ერთი კონკრეტული სახელმწიფოს მიერ.

ტრანსნაციონალური კორპორაციები შეიძლება დაიყოს შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: მათი სიდიდე, მათი ფილიალების რაოდენობა, საქმიანობის ტიპი (მოპოვებითი, სამრეწველო, მომსახურება/სერვისი, ტურიზმი, სასტუმროები, დაზღვევა, ფინანსები, ტრანსპორტი, შერეული, სასოფლო-სამეურნეო), უცხოურ ფილიალებთან კავშირის ტიპი, ანუ როგორ საკუთრებაშია – მთლიანი, ნაწილობრივი, ერთობლივი.

გლობალიზაცია უკავშირდება ბაზრების მიერ გლობალური სახის მიღების მზარდ ტენდენციას, ტნკ-ების სწრაფვას განალაგონ საქმიანობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მოახდინონ სტრატეგიებისა და ოპერაციების კოორდინაცია და ინტეგრაცია ეროვნულ საზღვრებს მიღმა. ამდენად, გლობალიზაციის პროცესი უკავშირდება გლობალური, ანუ მსოფლიო მასშტაბის მოგებაზე ორიენტირებულ საქმიანობას, რაც ეროვნული ეკონომიკების მზარდ ურთიერთდამოკიდებულებას განაპირობებს.

ტრანსნაციონალურ კორპორაციებს გააჩნიათ გამორჩეული მენეჯერული ნიჭი, ფინანსური საშუალებები და ტექნიკური რესურსები, და ისინი ეწევიან უდიდეს საქმიანობას კოორდინირებული გლობალური სტრატეგიის ფარგლებში. ეს კომპანიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გლობალიზაციის პროცესში: ზოგიერთის მტკიცებით გლობალიზაციის საპასუხოდ, ამჟამად, ტრანსნაციონალური კორპორაციის ახალი ფორმა, ე.წ. “გლობალურად ინტეგრირებული საწარმო” ვითარდება.

XXI ს-ის დასაწყისში მსოფლიოში 70 ათასზე მეტი ტრანსნაციონალური კომპანია და თითქმის 850 ათასი მათი ფილიალი არსებობდა. მსოფლიოს 500 უმსხვილესი ტნკ-დან 170 ევროპულია, 162 ამერიკული, 126 იაპონური, ხოლო 42 სხვა ქვეყნებიდანაა (სათავო ოფისის მიხედვით), მაგრამ ტნკ-ში დასაქმებულთა (სულ 75 მილიონ კაცზე მეტი) მხოლოდ 20% მოდის განვითარებულ ქვეყნებზე. ტრანსნაციონალური კომპანიები აწარმოებენ მსოფლიოს სამრეწველო წარმოების თითქმის ნახევარს, საგარეო ვაჭრობის 2/3-ს, გამოგონებების, ახალი ტექნოლოგიების, ნოუ-ჰაუს პატენტებისა და ლიცენზიების 80%-ს. ტრანსნაციონალური კომპანიების კონტროლის ქვეშაა ცალკეული სასაქონლო ბაზრები. მაგ. ხორბლის, ყავის, სიმინდის, ხე-ტყის მასალების, თამბაქოს, ჯუთის და რკინის მადნის მსოფლიო ბაზრის 90%, სპილენძისა და ბოქსიტების ბაზრის 85%, ტყვიისა და კალის 80%, ნედლი ნავთობის, ნატურალური კაუჩუკისა და ბანანების ბაზრის 75%.

ტრანსნაციონალური კომპანიების საწარმოებში 70 მლნ-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, ხოლო ინფრასტრუქტურისა და შერეული დარგების გათვალისწინებით 2-ჯერ მეტი. ისინი ყოველწლიურად ერთი ტრილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციას აწარმოებენ. ტარნსნაციონალური კომპანიების 60% დაკავებულია წარმოების სფეროში, 37% – მომსახურების სფეროში და 3^ – მოპოვებით მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში.

მსოფლიოს უმსხვილესი ტრანსნაციონალური კორპორაციის რეიტინგი (2014 წ).

 

რანგი კომპანია ქვეყანა ბრუნვა

(ბილიონი$)

მოგება

(ბილიონი$)

აქტივები

(ბილიონი$)

კაპიტალიზაცია

(ბილიონი $)

1 ICBC ჩინეთი 148,7 42,7 3 124,9 215,6
2 China Construction Bank ჩინეთი 121,3 34,2 2 449,5 174,4
3 Agricultural Bank of China ჩინეთი 136,4 27,0 2 405,4 141,1
4 JPMorgan Chase აშშ 105,7 17,3 2 435,3 229,7
5 Berkshire Hathaway აშშ 178,8 19,5 493,4 309,1
6 Exxon Mobil აშშ 394,0 32,6 346,8 422,3
7 General Electric აშშ 143,3 14,8 656,6 259,6
8 Wells Fargo აშშ 88,7 21,9 1 543,0 261,4
9 Bank of China ჩინეთი 105,1 25,5 2 291,8 124,2
10 Petro China ჩინეთი 328,5 21,1 386,9 202,0

 

ტნკ-ები წარმოადგენენ მთავარ ძალას, რომელიც ჩვენი პლანეტის ინტეგრირებას ახდენს. მსოფლიო მიზნებისაკენ სწრაფვის პროცესში ტნკ-ები ახერხებენ ეროვნული მთავრობების ძალაუფლების დაძლევას. ტნკ-ებს, მათი გლობალური წარმოებისა და ალიანსების ბუნებიდან გამომდინარე, აქვთ უზარმაზარი ძალაუფლება, რომლის დახმარებით შეუძლიათ გააკონტროლონ ან გვერდი აუარონ ტრადიციულ ეროვნულ ეკონომიკურ საზღვრებს, პოლიტიკურ სისტემებსა და ძალაუფლების სხვა ცენტრებს. წამყვანი კორპორაციების მოტივები და ინტერესები არის გლობალური, მაგრამ, ამავდროულად, ვიწროკორპორაციული. ამიტომ გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას, ამავდროულად, შეუძლია ბიძგი მისცეს პოლიტიკურ და სოციალურ დეზინტეგრაციას.

გლობალიზაციის პროცესმა არა მარტო ძალიან გაზარდა ტნკ-ების როლი მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაში და ისინი საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად აქცია, არამედ მნიშვნელოვნად შეცვალა მათი სტრუქტურა და შინაარსი. ამის მაგალითია „ფორდ მოტორის” რეკონსტრუქცია. მისი მართვა და კონტროლი აღარ ხორციელდება ერთი ცენტრიდან და განაწილებულია მთელ მსოფლიოში. ეს ცენტრები დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით. მოხდა პროდუქციის სტანდარტიზაცია და ყველა საწარმოში ერთი და იგივე პროდუქცია იწარმოება, ამ შემთხვევაში – ავტომანქანა. აღნიშნული პროდუქცია აღარ არის რომელიმე ქვეყნის ნაწარმი, არამედ წარმოადგენს „მსოფლიო ავტომობილს” და მნიშვნელობა აღარ აქვს, კონკრეტულად რომელ ქვეყანაშია იგი დამზადებული. მარკა „დამზადებულია აშშ–ში” იცვლება მარკით “დამზადებული ფორდ მოტორში”. ხოლო თვით „ფორდ მოტორიც” ვეღარ ჩაითვლება ამერიკულ კომპანიად, რადგან იგი სათავო ოფისის გარეშეა წარმოდგენილი. როგორც ვარაუდობენ, ამ გზას დაადგებიან სხვა ტნკ-ებიც, რადგან ეს გლობალიზაციის ეპოქის, XXI ს-ის მოთხოვნაა.

ამჟამად, არცერთი მნიშვნელოვანი პროცესი არ ხდება მსოფლიო ეკონომიკაში ტარნსნაციონალური კომპანიების მონაწილეობის გარეშე. ისინი პირდაპირ და ირიბად მონაწილეობენ მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში, და შეიძლება ითქვას, რომ ძირითად ძალას წარმოადგენენ, რომლებიც მსოფლიოს თანამედროვე და მომავალ იერსახეს აყალიბებენ. ისინი პირდაპირ მონაწილეობენ მსოფლიოს ეკონომიკური კავშირების მთელ სპექტრში და მსოფლიო მეურნეობის ”ლოკომოტივებს” წარმოადგენენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი