ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გაკვეთილები ბებიაჩემისგან, რომელიც მოკვდა

ბებიაჩემმა 90 წელზე ოდნავ მეტი იცხოვრა და ცოტა ხნის წინ, ზამთრის ერთ ჩვეულებრივ დღეს მოკვდა. მიუხედავად იმისა, რომ მოხუცი ადამიანის სიკვდილში საოცრება და მოსაყოლიც დიდი არაფერია, იმ დღეებში მაინც მინდოდა ყველასთვის მომეყოლა ბებიაჩემის ამბები და ეს ამბები  ყოფილიყო არა მისი სიკვდილის, არამედ მისი სიცოცხლის შესახებ.

ერთი შეხედვით, ბებიაჩემის ცხოვრებაში  დიდი არაფერი ხდებოდა ისეთი, რაც სხვა სოფლად მცხოვრები ქალებისგან გამოარჩევდა: სამი შვილი გაზარდა, 9 შვილიშვილი ყავდა და შვილთაშვილებსაც მოესწრო. სოფლად ცხოვრობდა, ძროხებს უვლიდა, წინდებს ქსოვდა, თამბაქოს ღეჭავდა, დურბინდით მეზობელ სოფლებში იყურებოდა და თუ ჩამოჯდებოდა, რაღაც ამბებს მოგიყვებოდა, შენსასაც იკითხავდა, მაგრამ ისე, თითქოს ზედაპირულად, მომდევნო საქმემდე დროის გასაყვანად. მზისგან და მუშაობისგან გაშავებული ხელები და სახე ჰქონდა, მაგრამ პერანგს ოდნავ თუ  გაიხსნიდა ან სახელოებს აიკაპიწებდა, თეთრი, ფითქინა, ჩვილი ბავშვივით კანი უჩანდა. ალბათ, პირველად სწორედ ამ კონტრასტის ნახვამ დამაფიქრა სოფლად მცხოვრები ადამიანების მძიმე ფიზიკურ შრომაზე.

არასოდეს უცდია ჩვენთვის რაიმე ესწავლებინა. შიგადაშიგ აღნიშნავდა ხოლმე, რომ მაგალითად, მეზობლის გოგოს უკვე კარგად შეუძლია ქსოვა, მეორე კი დედას სახლის საქმეებში ეხმარება, ალაგებს და საჭმელს აკეთებს და ეს აღნიშვნები იყო აქცენტი იმაზე, რომ ჩვენ ეს ყველაფერი არ გვეხებოდა, მაგრამ ვერ გაიგებდი, ეს მოსწონდა თუ არა.  რამეში დახმარებას თუ შევთავაზებდი, მეუბნებოდა, აბა შენ რა იცი, მე თვითონ მივხედავო. ერთხელ, როცა უკვე დასუსტებული იყო და მაინც მარტო ცხოვრობდა, შეშის ღუმელით გაჭვარტლული ფანჯრები გავუწმინდე და მეორე დღეს უკვე მთელმა სოფელმა იცოდა, რა ყოჩაღი ვიყავი, დადიოდა და ამვლელ-ჩამვლელს უყვებოდა, ჩამოვიდა, მომხედაო. მგონი, სულ ეგ არის, რაც კი მისთვის ოდესმე გამიკეთებია. სამაგიეროდ ჩვენი აქეთ-იქეთ მოგზაურობის ამბებით ინტერესდებოდა, ვისთან ვმეგობრობდით, სად ვსწავლობდით, რას ვმუშაობდით, ვინ გვიყვარდა, ბიძაშვილები ერთმანეთს რამდენად ხშირად ვნახულობდით, წვრილ-წვრილად გამოგვკითხავდა ხოლმე ქალი, რომელსაც არც არასოდეს უმუშავია, თავისი სოფლიდანაც სულ რამდენჯერმე იყო სადმე წასული, ისიც ნათესავებთან და მეგობრებადაც მეზობლებს თუ ჩათვლიდა. ეჭვი მაქვს, იმ მთის წვერზე შეფენილი სოფლის სახლიდან უფრო სწორად ხედავდა ადამიანის ბედნიერებისთვის საჭირო რამეებს.

ძირითადად არდადეგებზე ვხვდებოდით ერთმანეთს. მშობლები დასვენებისას წიგნებს თუ მოგვაჩეჩებდნენ ხელში, ჩუმად ეცინებოდა  და ყვებოდა ამბავს, როგორ ეზარებოდა სკოლაში სიარული, როცა ჩვენსავით პატარა გოგო იყო. სკოლის გზიდან ვუხვევდი ხოლმე, ტყეებში შევდიოდი, კენკრას ვკრეფდი, ვჭამდი, ვფიქრობდი, ცას ვუყურებდი და ისეთ დროს ვბრუნდებოდი სახლში, ყველა გაკვეთილზე დასწრების შემთხვევაში რომ მოვიდოდიო, ყვებოდა ხოლმე თვალებში ციმციმა სხივებით მომღიმარი. ეტყობოდა კიდეც, გაცდენილი გაკვეთილების კვალი: ძალიან ნელა კითხულობდა, დამარცვლით, პირველკლასელი ბავშვივით, თითს აყოლებდა  ნაწერს და ნელ-ნელა აბამდა სიტყვებს ერთმანეთზე. მერე სწყინდებოდა და  გვთხოვდა, ჩვენ წაგვეკითხა. განათლებაზე ნათელას საკუთარი, მკვეთრად ჩამოყალიბებული აზრი ჰქონდა. ერთი შეხედვით, სკოლას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, მაგრამ  ბედნიერი იყო, მისმა სამივე შვილმა უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, განათლებული გოგონები შეუყვარდათ და მათი სამსახურები სოფლისგან, ძროხებისგან, თივისგან და მძიმე ფიზიკური შრომისგან შორს იყო. აბა ჩემსავით ხომ არ იწვალებდნენო, კმაყოფილი ამბობდა.

ერთადერთი, რაც არ მოსწონდა, გოგო შვილის არყოლა იყო. მესამე შვილიც ბიჭი რომ გავაჩინე, გოგოს აყვანაც მინდოდა, მაგრამ ბაბუათქვენს ვერ შევატყვე დიდი სიხარული მაგ გეგმის გამო და გადავიფიქრეო. ალბათ, სხვა ამბებიც იყო, არ იყო ისეთი ქალი, მარტივად ეთქვა უარი საკუთარ სურვილებზე და არც ბაბუაჩვენის გადარწმუნება გაუჭირდებოდა დიდად.

ბაბუაჩვენი რომ მოკვდა, წლების განმავლობაში მარტო ცხოვრობდა დაცლილ სოფელში მდგარ იმ სახლში, სადაც ბევრი წელი ერთად იცხოვრეს, ხომ არ მივატოვებო. ბაბუა ბებოზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო და პირველი შვილი ქორწინებიდან 5 წლის მერე გააჩინა ნათელამ, “თვითონ იყო ბალღი, სხვა ბალღი რად უნდოდაო”, – მყარი არგუმენტი ჰქონდა.

ბოლოს, როცა შვილთან ცხოვრებას დასთანხმდა, მაინც საკუთარ ოთახში ატარებდა უმეტეს დროს, მაინც თესავდა სახლის წინ, ბოსტანში, მთელი წლისთვის საჭირო თამბაქოს, უვლიდა ძროხებს, ქსოვდა წინდებს და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა პენსიის განაწილებას. ამბობდა, შენი ფული უნდა გქონდეს, რა იცი, რა მოგინდეს, სხვას რატომ უნდა სთხოვოო.

ნათელას სწორი გზა ჰქონდა არჩეული: ბევრი ლაპარაკის ნაცვლად საკუთარი ცხოვრებით გაჩვენებდა, როგორ შეიძლება მშვიდად  და ბედნიერად ცხოვრება.

სწორედ მისი სიცოცხლის ამბებით ვისწავლე ის, რომ განათლება განყენებული ცნება არ არის, ის უკეთესი ცხოვრებისთვის გამოიყენება და ქალს დამოუკიდებლად ცხოვრება უნდა შეეძლოს, საკუთარი საქმით, საკუთარი ფულით, საკუთარი ძალით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი