შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

…თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი (ერთი პროექტის შესახებ)

25 თებერვალს სოციალურ ქსელებში ქართველი მომხმარებელი, კოლაუ ნადირაძის ლექსის გაზიარებით, კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის დამოკიდებულებას 1921 წლის ზამთარში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების მიმართ.

რამდენიმე წლის წინ ერთ საინტერესო პროექტში ვმონაწილეობდი. პროექტში მონაწილე ფოლკლორისტებთან ერთად საქართველოს ათი რეგიონი უნდა შემომევლო და ანტისაბჭოური სიტყვიერება ჩამეწერა. ერთი ჩემი კურსელი, რომლის მამამაც სწორედ კოლაუ ნადირაძის ლექსის გამოქვეყნების გამო დაკარგა სამსახური 80-იან წლებში, შიშობდა, მასალას ვერ მოვიპოვებდით და ანტისაბჭოური სიტყვიერების ნაცვლად საბჭოეთის ხოტბა-დიდებას და ნოსტალგიით გაჟღენთილ ამბებს ჩავწერდით. მისი მოლოდინი არ გამართლდა, ათივე რეგიონში შევხვდით არაჩვეულებრივ რესპონდენტებს. ყოველი მათგანი სიამოვნებით გვთანხმდებოდა, გაეხსენებინა ის უსიამოვნო ამბები, რომლებმაც მათი ოჯახების ტრაგედია გამოიწვია. საბოლოო ჯამში შეგროვილი მასალა პერიოდების მიხედვით დავაჯგუფეთ და წიგნის სახე მივეცით. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სპეციფიკის გამო საყვედურებიც შეგვხვდა (ამდენმა ფილოლოგმა შეცდომები როგორ ვერ შენიშნეთო. არადა, პროექტს, როგორც აღვნიშნე, ფილოლოგები, მაგრამ ფოლკლორისტები ასრულებდნენ და ისინი ვალდებულები არიან, არ შეცვალონ და გრამატიკულად არ გაასწორონ მთქმელის ენა, რადგანაც მომავალი თაობის მკვლევართათვის ეს ტექსტები დიალექტურადაც მიმზიდველი იყოს), მე მაინც ძალიან ვამაყობ წიგნით, რომლის სათაურიცაა „ანტისაბჭოური სიტყვიერება“. მანამდე რეპრესიების მსხვერპლთა ამბები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს დიდმა თუ მცირე წმენდებმა მხოლოდ ელიტური ჯგუფები დააზარალა. ეს გასაკვირიც არაა, რადგან კულტურაში მოღვაწე დახვრეტილ-გადასახლებულთა შვილებმა ოჯახური ტრადიციები გააგრძელეს და თავისებურად „უპატრონეს“ მოგონებებს; ცხადია, ეს ადამიანები იდეალურად ფლობდნენ ხელოვნების ენას, მათ ემოციის ამოთქმაც ეხერხებოდათ და აუდიტორიის ემოციის გაღვიძებაც არაჩვეულებრივად გამოსდიოდათ; ამიტომაც ანტისაბჭოურ თემაზე რეპრესირებულთა შვილებიდან ზოგმა ნაწარმოები მიუძღვნა, ზოგმა დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდნობით ფილმი გადაიღო, ზოგმაც კი მოგონებების წიგნი დაწერა. რა თქმა უნდა, ამით მათ ვალი მოიხადეს როგორც წინა, ასევე მომავალი თაობის წინაშე და ნამდვილად ფასდაუდებელი შრომა გასწიეს. თუმცა ასეთმა მიდგომამ, მოვლენების მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან გაშუქებამ, შეიძლება დააზარალოს რეპრესიების მთლიანი სურათი, ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილს ეგონოს, რომ წმენდა მხოლოდ საზოგადოების ერთ ჯგუფს, მხოლოდ მწერლებს, პოეტებს, მუსიკოსებს, რეჟისორებს და სხვა სახელოვან ადამიანებს შეეხო, მეორე ჯგუფი კი, ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანებისგან რომ შედგებოდა, რომლებიც გამოჩენილები არ იყვნენ, ლაღად და უდარდელად ცხოვრობდა საბჭოების ქვეყანაში.

პროექტზე მუშაობისას რომელ სოფელშიც არ უნდა ჩავსულიყავით, ყველგან გვხვდებოდა უამრავი ოჯახი, რომელთაც რეპრესიები სხვადასხვა ფორმით შეეხო, ანდა რეპრესიები არ შეეხო, მაგრამ გვიყვებოდნენ, როგორ ენანებოდათ წლები, რომლებიც თავისუფლებაში ვერ გაატარეს და თურმე სულაც არ გრძნობდნენ თავს ბედნიერებად, იმ ეპოქაში რომ დაიბადნენ. უბრალოდ მათ, მეტად თუ ნაკლებად დაზარალებულებსაც, რეჟიმის კი არა, ახალგაზრდობის ნოსტალგია ჰქონდათ. შესაბამისად კრებულში, რომელიც პროექტის ფარგლებში გამოვეცით და შემდეგ ბიბლიოთეკებს და პრეზენტაციაზე მოსულ საზოგადოებას ვაჩუქეთ, უამრავი განსხვავებული მონათხრობი შევიტანეთ, ზოგიერთი ამბავი – რესპონდენტივით საინტერესო, ზოგიერთი კი – მშრალი და საკითხავად მოსაწყენი. თუმცა პროექტის ავტორებს მიგვაჩნდა, საერთო ობიექტური სურათის შესაქმნელად წიგნში მათი შეტანა მაინც აუცილებელი იყო. შენიშვნების მიუხედავად, გამოხმაურება დადებითი იყო და ამ საქმეს მიმდევრებიც გამოუჩნდნენ, რამაც მხოლოდ შემატა წამოწყებულ საქმეს და გაამდიდრა მომავალი თაობის ცოდნა. პრეზენტაციაზე ყველაზე მეტად კახა ჯამბურიას სიტყვები დამამახსოვრდა, აქ ისეთი ამბები წავიკითხე, გადაკეთებაც რომ არ უნდა, ისე გამოდგება კარგი სცენარის მასალადო.

ჩვენს სკოლაში მეათეკლასელები პერსონალურ პროექტზე მუშაობენ სექტემბრიდან პირველ აპრილამდე, რაც გულისხმობს საპროცესო ჟურნალის წარმოებას – პროცესის ავთენტურობის დასადგენად, პროდუქტის მომზადებას და 3500 სიტყვიანი რეპორტის დაწერას. მე მხოლოდ მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელებს ვასწავლი, მაგრამ იმის გამო, რომ მასწავლებლებს ისედაც ბევრი საქმე აქვთ და რამდენიმე მოსწავლის პროექტს ვერ უხელმძღვანელებენ, პროექტების კოორდინატორმა მთხოვა, ერთ მოსწავლეს დავხმარებოდი. როდესაც ქეთათო წურწუმიას შევხვდი, მითხრა, რომ ვერ გადაეწყვიტა, რომელ საგანში გაეკეთებინა პროექტი, ისტორიასა და დრამას შორის მერყეობდა. ქეთათოს შევთავაზე, ორივე საგანი გაეერთიანებინა და ისტორიულ თემაზე სცენარი თვითონვე დაეწერა. სცენარის ასაგებად ანტისაბჭოური სიტყვიერების კრებული ვათხოვე და დასაფიქრებლად დრო მივეცი. სანამ ქეთათო ფიქრობდა, ფეისბუქზე გადავაწყდი ანონსს, „ფრონტლაინ ჯორჯია“-ში ცნობილი სცენარისტი ჰიუ კოსტელო ორდღიან სემინარს ჩაატარებდა ჩვენთვის საინტერესო კუთხით. მე და ქეთათო სასწრაფოდ დავრეგისტრირდით სემინარზე და ორი დაუვიწყარი დღე გავატარეთ მყუდრო გარემოში სასიამოვნო ადამიანებთან ერთად ჩვენთვის სასურველ თემატიკაზე საუბრით. ჰიუ კოსტელომ დამსწრეებს შემოგვთავაზა წინასწარ შერჩეული რამდენიმე დოკუმენტური ფაქტი, რომელიც სცენარად უნდა გარდაგვექმნა. ამისთვის სასარგებლო რჩევებიც მოგვცა: აგვერჩია გარემო, სადაც მოქმედება განვითარდებოდა, შემოგვეყვანა გამოგონილი პერსონაჟი. მანამდე კი შეეხო ეთიკის საკითხებს, რადგან დოკუმენტური ფაქტები რეალურ ადამიანებზეა, მათი უფლებების დარღვევა კი გამოგონილი სიტუაციების შექმნითა და გამოგონილი პერსონაჟების შემოყვანით არ უნდა მოხდეს. მეორე დღის ბოლო ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაეთმო. ქეთათომ ისარგებლა შემთხვევით და რჩევები მარტო ჰიუ კოსტელოსგან კი არა, სხვა მონაწილეებისგანაც მიიღო კოსტუმების, დეკორაციების, მუსიკისა და სხვა დეტალების თაობაზე. გადაწყდა: სცენარი დოკუმენტურ ფაქტებს დაეყრდნობოდა საბჭოთა წარსულიდან, ქეთათო თვითონ დაწერდა სცენარს, თვითონ იქნებოდა მსახიობიც, დადგმას მინიმალური ხარჯებით განახორციელებდა და სპექტაკლს სკოლაში წარმოადგენდა, სავარაუდოდ, 25 თებერვალს. მარტში კი უკვე შესრულებულ სამუშაოზე რეპორტს დაწერდა. სცენარისთვის სამი ამბავი უნდა შეერჩია, ყველა ამბავი გამოგონილი ქალი პერსონაჟის მონოლოგი იქნებოდა, რომელიც მხატვრულად დამუშავებულ რეალურ ამბავს მოყვებოდა. დიდძალი მასალის გაცნობისა და დამუშავების შემდეგ ქეთათომ სცენარი დაწერა. მასში სამი პერსონაჟია, ერთი მთხრობელი და ორიც გამოგონილი. მთხრობელი იწყებს და მთხრობელი ამთავრებს სპექტაკლს, ის თავის ფიქრებს ხმამაღლა უყვება მაყურებელს, როგორ გაეცნო დოკუმენტურ მასალას, როგორ მოძებნა რესპონდენტები, როგორ წაიკითხა წიგნები და როგორ დაინტერესდა, რა განცდები ჰქონდათ მსხვერპლის ახლობელ ადამიანებს. ამიტომაც შექმნა მონოლოგები და ახლა სცენაზე დამდგარი თხოვს თავის მეგობრებს (აქ ქეთათოს ორ მეგობარს დაურიგებს წინასწარგამზადებულ ფურცლებს), ხმამაღლა წაიკითხონ ტექსტი, რომლებიც ქალი-პერსონაჟების ხმამაღალი ფიქრებია და ისე შეასრულონ, რომ მაყურებელს გაუადვილდეს წარმოიდგინოს, თითქოს მოქმედება ჯერ მონაზვნის სენაკში, მერე კი რუსთაველის გამზირზე მდებარე ბინაში ხდება.

მონაზვნის (ერობაში ტასო, ახლა კი აღათია) ამბავი ასეთია: მისი შეყვარებული სტუდენტი სერგო დააპატიმრეს იმის გამო, რომ მან დაფაზე ისარგაყრილი გული დახატა, შიგნით კი ასოები ს და ტ ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩაწერა. ს სერგოს, ტ კი ტასოს სახელის პირველი ასოა. მას დააბრალეს სტალინის მოკვლის სურვილი და ამ განზრახვისთვის დახვრიტეს. დოკუმენტური ფაქტი, რომელსაც ქეთათო დაეყრდნო, ასეთი იყო: უიმედოდ შეყვარებული სერგო ტოგონიძე იმერეთის სოფელი მესხეთიდან თავის დაჭრილ გულს ხატავდა დაფაზე და მასში თავის ინიციალებს წერდა, სტალინის მკვლელობის განზრახვაში ბრალდებული გადაასახლეს, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. ეს ამბავი მისმა დამ გვიამბო ანტისაბჭოური სიტყვიერების პროექტზე მუშაობისას.  ქეთათომ დოკუმენტური ფაქტი ოდნავ შეცვალა და სერგოს შეყვარებულის მონოლოგი შეთხზა, რომელიც აღარ გათხოვდა და მონაზვნად აღიკვეცა, სახელი შეიცვალა, რადგან მუდმივად სტანჯავდა იმაზე ფიქრი, რომ მისი სახელის გამო დაიღუპა სერგო. რომ არა სახელები, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, წყვილი დაქორწინდებოდა და დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდა, როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე.

მეორე, უსახელო გმირის ამბავი ასეთია: მოქმედება 1989 წლის 8 აპრილის ღამე ხდება. ქალი, რომელიც რუსთაველის გამზირზე ცხოვრობს, ყოველდღიურად აცილებს თვალებით დემონსტრანტებს. მას ეშინია ახალგაზრდების სიცოცხლის გამო, რადგან იცის, რომ საბჭოთა რეჟიმი სასტიკი და დაუნდობელია. ხმამაღლა იხსენებს თავის ცხოვრებას, როგორ დახვრიტეს მამამისი, როგორ გადაასახლეს დედამისი, როგორ დაბრუნდა დედა და, რადგან გადასახლებიდან დაბრუნებული მოტეხილი ქალი არ ჰგავდა ფოტოზე აღბეჭდილ ლამაზ ქალს, ატკინა გული, რადგან ვერ დაუძახა „დედა“. ღამე ორივემ, დედამაც და ქალიშვილმაც ფხიზლად გაატარეს, დილას კი დედამ აღარ გაიღვიძა. ამის შემდეგ პერსონაჟი მოგონებებს აგროვებს, ხვდება გადასახლებულებს და ისინიც უყვებიან უმძიმეს დღეებზე: თურმე საკნებში მორიგეობები ჰქონდათ ვირთხებზე, რადგან საჭმელი არავის ჰყოფნიდა; თურმე გაყინული მიწის გათხრა ძალიან ჭირდა და რომელიღაც გადასახლებულები გვამის დაკრძალვის ნაცვლად ცხედარს ჭამდნენ; თურმე გადასახლებაგამოვლილი დედები შვილებს სამედიცინოზე ჩაბარებას თხოვდნენ, რადგან ექიმი გადასახლებაშიც კი არ დაიკარგება… ქალს ხმამაღლა ფიქრს სროლისა და ყვირილის ხმა შეაწყვეტინებს და გადააწყვეტინებს, ქუჩაში გავიდეს. ეს ამბავიც დოკუმენტურ ფაქტებს ეფუძნება (ზოგს „ანტისაბჭოურ სიტყვიერებაში“ წააწყდა ავტორი, ზოგიც კი სხვა ლიტერატურაში მოიძია), მხოლოდ უსახელო ქალი მოგონილი პერსონაჟია, ისევე როგორც მოგონილია მისი ფიქრები. მაგრამ ამის შესახებ ქეთათო თავიდანვე აფრთხილებს მაყურებელს, თუმცა იმასაც უმხელს, რომ იმდენად მოეწონა ზოგიერთ წიგნში ამოკითხული ფრაზა, რომ ისინი უცვლელად ან მცირედი ცვლილებით გადმოიტანა თავის სცენარში.

სცენარის ბოლო ასეთია: სცენაზე გვიბრუნდება მთხრობელი და გვიყვება, რომ თურმე მარო მაყაშვილის მამას ლექსი დაუწერია, რომლის ორი სტრიქონიც ასე ჟღერს: „არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი, თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი“.  სწორედ ამ სტრიქონების და კოლაუ ნადირაძის ლექსის გამოძახილია ქეთათოს სცენარის პროლოგიც და ეპილოგიც. სცენარის ეს ორი მონაკვეთი სწორედ სამოცდაათი წლით გაყინულ საქართველოზე და ქათქათა თოვლით დაფარულ ჭუჭყსა და სიბინძურეს შეეხება. თოვლი დადნა, მის ქვეშ დაფარული სასტიკი სინამდვილე კი ახლა აშკარავდება და მოითხოვს ფრთხილ და მიუკერძოებელ ანალიზს.

თუკი დაგაინტერესებთ ქეთათო წურწუმიას სცენარი, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ლინკზე ( https://nestanratiani.blogspot.com/2017/01/blog-post.html ) და თქვენც წაახალისოთ თქვენი მოსწავლეები, გამოკითხონ ახლობლები, მეზობლები, ნათესავები, ბებია-ბაბუები და შეაგროვონ ზეპირი ისტორიები საბჭოთა წარსულის მკაცრ რეალობაზე. შეგროვილი ნარატივების ობიექტური ანალიზი კი შემდგომი ნაბიჯი იქნება ჩვენი საერთო საბჭოური წარსულის შეფასება-გადაფასების უმძიმეს გზაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი