ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

იონა, იონაობები და შეწყვეტილი საქმე

 

იონა მეუნარგიას თხზულებათა ხუთტომეული ჩემი პირველი საგამომცემლო პროექტი იყო. საშუალება მეძლეოდა სტუდენტობის დროიდან ნაგროვები მასალები (ზოგი წიგნად გამოცემული და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული, ზოგიც – XIX-XX საუკუნეების პრესაში გამოქვეყნებული, ზოგიც – სამუზეუმო არქივებში დაცული) დაბეჭდილი სახით მენახა.

პირველი ტომის გამოცემას მკითხველი ინტერესით შეხვდა. ბევრი საქებარი სიტყვა და პროფესიული შენიშვნა მოვისმინე, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეყენებინა მომდევნო ტომების შედგენისას.

წიგნის წარდგენა ანდრო ბედუკაძის ინიციატივითა და მხარდაჭერით ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა, სადაც როსტომ ჩხეიძემ განსაკუთრებულად აღნიშნა იონა მეუნარგიას ღვაწლი და დამსახურება იმ ჟანრის დამკვიდრებისთვის, რომელიც დღეს დასავლეთში ძალიან პოპულარულია. ბატონი როსტომის შესავალ წერილში, რომელიც პირველ ტომს დაერთო, კარგად იყო გააზრებული ქართული ნონ-ფიქშენის (დოკუმენტური პროზა და ბიოგრაფიული რომანი) თავგადასავალი და იონა მეუნარგიას როლი ამ ჟანრისთვის „ნამდვილი მოქალაქეობის“ მისანიჭებლად.

იონა მეუნარგია, ტომი 1

მხარდაჭერით ფრთაშესხმულმა ორ თვეში მოვამზადე მეორე ტომი, სადაც ბევრი უცნობი და გამოუქვეყნებელი მასალა შევიდა. მათ შორის იონა მეუნარგიას ევროპაში განსწავლისდროინდელი დღიურები, რომელიც აკაკი ჭანტურიას პირად არქივში ინახებოდა და მისმა ვაჟმა, პროფესორმა არიანე ჭანტურიამ გადმომცა (მასალა ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში).

პარალელურად ვმუშაობდი მეორე და შემდგომი ტომების დაფინანსების მოპოვებაზე. სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელს შევხვდი თბილისსა და ზუგდიდში, რომლებმაც ჯერ დახმარება აღმითქვეს, შემდგომ კი, როგორც ხდება ხოლმე, მწირი ბიუჯეტი და საკითხის არაპრიორიტეტულობა მოიმიზეზეს. მეც ეტყობა ბოლომდე, მიზანმიმართულად ვერ მივსდიე ამ საკითხს, თან ამასობაში უამრავი სხვა საქმეც მომეწია და დღითიდღე, სულ უფრო ნაკლებად ვახერხებდი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების შეწუხებას, შეწუხების გარეშე კი, მოგეხსენებათ, საქმე ძნელად გამოდის ჩვენში. მით უმეტეს, კულტურისა და ხელოვნების საქმე.

გამომცემლობაში რამდენიმე წლის განმავლობაში არ წყდებოდა სატელეფონო ზარები. ჯერ მთხოვდნენ, გამეგრძელებინა ხუთტომეულის გამოცემა, შემდეგ მთხოვდნენ პასუხს „უახლოეს ხანებში“ დასაბეჭდად დაანონსებული მეორე ტომის გაჩერებაზე და ბოლოს, ისე მოხდა, რომ ერთმა აქტიურმა მკითხველმა თბილისის წიგნის ფესტივალზე, ჩვენს სტენდთან, თანამშრომლების თვალწინ გამომლანძღა, – რას იჯგიმებოდით, თუ საქმის ბოლომდე მიყვანა არ შეგეძლოთო. ამის პასუხად მხოლოდ ის შევძელი, რომ მალევე მოვამზადე მესამე ტომის ტექსტი და სამეცნიერო აპარატი. და კიდევ რამდენიმე ადამიანი შევაწუხე: არჩევნები მოდიოდა და გულუბრყვილოდ ვიფიქრე, ეგებ რამე გამოვიდეს-მეთქი. თან ვუხსნიდი, სრულად არ მოგიწევთ ხარჯის დაფარვა, ნაწილს გამომცემლობა გაიღებს-მეთქი. მეგობრების არაერთი მიპატიჟების მიუხედავად, არც ერთხელ არ ჩავსულვარ ყოველწლიურ იონაობაზე ზუგდიდში, რადგან მიმაჩნია, რომ მწერალი, პირველ ყოვლისა, მისი წიგნებია და როცა ეს წიგნები არ ჩანს, მხოლოდ სანახაობა და საიუბილეო სუფრები თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. სახლ-მუზეუმის მიხედვაც კი მეორეხარისხოვანია, როცა მწერლის შემოქმედებაა დაუფასებელ-აუღიარებელი.

მოკლედ, ასეა. ვიცი და ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას იონა მეუნარგიას პოპულარიზაციისა და მისი ნაშრომების სრულყოფილად გამოცემის საქმეში, და თუ საჭირო გახდა, დღეიდან კიდევ ათას კაცს შევაწუხებ და ვეტყვი, რომ –

იონა მეუნარგია

იონა მეუნარგია მიეკუთვნება იმ თაობას, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. პარიზიდან საქართველოში დაბრუნებული მეუნარგია აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში: იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი; ინიციატორი და თანამონაწილე საერო სკოლების გახსნისა აჭარაში, იმერეთსა და კახეთში; იონა მეუნარგიას, რაფიელ ერისთავისა და იაკობ გოგებაშვილის მოწოდებით შეიქმნა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისია (ილია ჭავჭავაძე, იონა მეუნარგია, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, პეტრე უმიკაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე), დაიწყო ძველი ხელნაწერების შეგროვება, მათი ერთმანეთთან შეჯერება, დაარსდა ბეჭდვის კომიტეტი, რომელმაც ითავა ქართველი ერის ნაციონალური სიმდიდრის უნაკლოდ გამოცემა.

იმასაც ვეტყვი, რომ იონა მეუნარგიამ, ცნობილი ავსტრიელი მწერლების – არტურ და ბერტა ფონ-ზუტნერების დახმარებით, ფრანგულ და გერმანულ ენაზე თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ და საილუსტრაციოდ წარუდგინა ცნობილ უნგრელ მხატვარს მიხაი ზიჩის, რომელმაც შექმნა გენიალური პოემის უნიკალური ილუსტრაციები.

იონა მეუნარგია წლების განმავლობაში თანამშრომლობდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებთან („დროება“, „ივერია“, „კავკაზ“, „ტიფლისსკი ვესტნიკ“, „ნოვოე ობოზრენიე“, „კვალი“, „მოამბე“), ხშირად ასრულებდა გაზეთ „დროების“ რედაქტორის მოვალეობასაც.

რაც ყველაზე მთავარია: იონა მეუნარგია გამორჩეულია, როგორც ბიოგრაფი. მას ეკუთვნის ევროპული რანგის ბიოგრაფიული რომანი – „ცხოვრება და ღვაწლი გრიგოლ ორბელიანისა“, და რომ არა „წვრილმანების მომქუჩავებელი“ „ქართველი პლუტარქეს“ მონდომება, ალბათ ბევრი რამ სამუდამოდ უცნობი იქნებოდა ჩვენთვის ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის და სხვათა ცხოვრებიდანაც; ავტორია ისტორიული მონოგრაფიებისა: „დავით დადიანი და მისი დრო“, „ნიკო დადიანი“, „ეკატერინე ჭავჭავაძე“, ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილების, შრომებისა სვანეთისა და აჭარა-ქობულეთის შესახებ.

მაგრამ არც იმას დავმალავ, რომ, სამწუხაროდ, იონა მეუნარგიას ღვაწლი შესაფერისად არ არის დაფასებული. თუ არ ჩავთვლით სოლომონ ცაიშვილის მიერ 1954 და 1957 წლებში გამოცემულ იონა მეუნარგიას თხზულებათა ორტომეულს და ორიოდე მეცნიერულ ნარკვევს, მასშტაბური კვლევა ამ გამორჩეული ქართველი მოღვაწის შესახებ არ განხორციელებულა. ფართო საზოგადოებისთვის თითქმის უცნობია იონა მეუნარგიას სახელი და შემოქმედება, XIX საუკუნის პრესასა და სამუზეუმო არქივებში ჩარჩენილია მისი ფასეული ნაშრომები – კრიტიკული წერილები, ესეები, ასევე პირადი მიმოწერა ქართველ მწერლებთან, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწებთან…

ერთი სიტყვით, უკან არაფერზე დავიხევ, თავს არ დავზოგავ, ოღონდ ვინმემ გაიგოს, ვინმემ მოისმინოს, ვინმემ შეგვაშველოს ხელი და მხოლოდ იმას არ დასჯერდეს, 2017 საიუბილეო წელია და ერთი კარგი იონაობა მივცხოთო. მხოლოდ ზეიმს და სანახაობას არ დასჯერდნენ, რადგან ნამდვილი მწერალი, პირველ ყოვლისა, მისი წიგნებია, რომლითაც იგი ყოფითობას აღემატება და მარადიულ ფასეულობაში შეაქვს თავისი წილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი