ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„ენობრივი პურიზმისა“ და ნასესხები სიტყვების შესახებ…

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლექსიკის სიმდიდრე განსაზღვრავს ენის სიმდიდრეს. რაც უფრო მდიდარი და მრავალფეროვანია ლექსიკური შემადგენლობა, მით უფრო მდიდარი და განვითარებულია ენა. ლექსიკური შემადგენლობა ცვალებადია და განუწყვეტლივ ივსება სხვადასხვა მოცემულობის თანახმად. „თუ ხალხი ცხოვრობს, განვითარებაში არის, ე.ი. აზრიანობა, გამსჯელობა ემატება, სიტყვაც მოემატება, ენაც გაუმდიდრდება“ – წერდა ილია ჭავჭავაძე და იქვე ასახელებდა ახალი სიტყვების შემოტანისა და ენაში დამკვიდრების რამდენიმე გზას, მიმოიხილავდა ახალი სიტყვების წარმოქმნა-მოგონების, თარგმნის, უცხო ენის სიტყვების ხმარების აუცილებლობას.

ილია განსაკუთრებით დიდი ყურადღებით ეკიდებოდა საერთაშორისო სიტყვების დანერგვას. მას ხშირად უკიჟინებდნენ და აკრიტიკებდნენ იმის გამო,  რომ პუბლიცისტიკაში იყენებდა ინტერნაციონალურ სიტყვებს – ორიგინალი, სენტიმენტალური, კრიტიკა და სხვა. ილია სწორად აღნიშნავდა, რომ ენაში აუცილებელია საერთაშორისო სიტყვების დამკვიდრება, ისეთებისა რომლის ეკვივალენტიც ჩვენს ენას არ აქვს. აი რას სწერს ბარბარე ჯორჯაძეს ერთ-ერთ წერილში:

„ორგინალი, სენტიმენტალური და სხვანი მაგგვარი სიტყვები, ხმარებული ჩემს აპრილის სტატიაში, თქვენ უცხო სიტყვებად მიგიღიათ. ეგ, მართალია, ქართული სიტყვები არ არი, მთელი კაცობრივობა კი ხმარობს. ყოველ ხალხსა, ცოტაოდენ განვითარებულს და ფეხშედგმულს ევროპიის განათლებაში, შემოუტანია და მიუღია ეგ სიტყვები, როგორც თავის ღვიძლი ენის ლექსნი; მაშასადამე, არც ჩვენთვის არის დასაძრახისი, რომ ჩვენც ვიხმაროთ. თუ კნ. ბ. ჯორჯაძისას არ ესმის ეგ სიტყვები, ჩემი რა ბრალია. მიბძანებს, აგვიხსენიო: მე არაფრის მასწავლებელი არა ვარ და ნამეტნავად ანბანისა, რომ ეგენი აგიხსნათ. თუ ამას იტყვით, რომ ვერ შესძლო ახსნაო, ეგ თქვენი ნებაა. უსაფუძვლო ლაპარაკი საშიში არ არი. თუ მე ვერ შევძელ, რუსული Объяснительный словарь иностранных слов ხომ  ხელთა მაქვს, იქიდამ მაინც გადმოგითარგმნიდით, რომ სხვა არა იყოს რა. მე ”ოსტროვები”, ”ლინიები” და სხვა გარმიანული სიტყვები (და არა გარმონიული, როგორც რედაქციას გადაუსხვაფერებია) ამისთვის დავძრახე, რომ მაგის თანასწორ მნიშვნელობის სიტყვები არიან ჩვენს ენაში და ისინი, რომელნიც ჩემს აპრილის სტატიაში მე მიხმარია, ვერ იპოვიან თავიანთ მნიშვნელობის სიტყვებს. მე რომ ახალი სიტყვები მომეგონა და შემედგინა მაგ სიტყვები…“

საკითხი დღესაც აქტუალურია. ინტერნეტსივრცესა და მედიაში ხშრად განიხილავენ ამა თუ იმ შესატყვისის, ახალი აღმნიშვნელის გამოყენების აუცილებლობას, აკრიტიკებენ ნასესხები სიტყვების ხშირად გამოყენების ტენდენციას, ითხოვენ ქართული შესატყვისების მოძიებასა და დამკვიდრებას. მაგალითად მოვიყვან ცოტა ხნის წინ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ადა მარშანიას გამოსვლას, როდესაც მან სიტყვა „ინკლუზიური“ გააპროტესტა:„მითხარით, როგორ არის ქართულად ინკლუზიური? არ ვიცი, რას ნიშნავს ინკლუზიური. არ შეიძლება ქართულად ჩაიწეროს? არ გვინდა ასეთი სიტყვების და ტერმინოლოგიის გამოყენება“ – მიმართა მარშანიამ სხდომაზე დასმული საკითხის წარმდგენს.

 წერილში სწორედ ამ საკითხის მიმოხილვას შევეცდები – რამდენად მიზანშეწონილია გადაჭარბებული „ენობრივი პურიზმი“, რამდენად მისაღებია ყოველი უცხო სიტყვის ნაცვლად მშობლიური ხელოვნური ტერმინის თხზვა.

ნასესხები სიტყვები მეტ-ნაკლები რაოდენობით ყველა ენაში მოიპოვება. არ არსებობს აბსოლუტურად წმინდა ენა, რომელშიც ნასესხები სიტყვა არ გვხვდება, თუმცა, ცხადია, უცხო სიტყვის მიღების დროს საჭიროა ზომიერება.

არნოლდ ჩიქობავა 1952 წელს გამოცემულ ნაშრომში „ენათმეცნიერების შესავალი“ წერდა:„ქართველი პურისტები ერთ დროს წინადადებას იძლეოდნენ „ლექსიკონი შეცვლილიყო „სიტყვარით“. პურისტები მათემატიკაში ცდილობდნენ „ცილინდრის“ ნაცვლად „გოდლედი“ ეხმარათ, „გრადუსის“ მაგიერ „მენაკი“, თერმომეტრის წილ „თბოდანდედი“…მეცნიერი იქვე ასკვნის „ ასეთ ქართულ ტერმინებს ქართველი კაცი ვერ გაიგებს უფრო ადვილად, ვინემ „გრადუსსა“ და „თერმომეტრს“, რომელნიც მთელ რიგ ენებში არიან დამკვიდრებული. პურიზმს სალიტერატურო ენათა ისტორია არ ამართლებს. ვერც ხალხურობაზე მითითება დაასაბუთებს პურიზმის საჭიროებას. საჭირო შემთხვევაში სიტყვების სესხება ენის ნორმალურ განვითარებას ეგუება“ ( არნოლდ ჩიქობავა, „ენათმეცნიერების შესავალი“, 1952, გვ.195);

დღესდღეობით ჩვენს ენაში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ენაში, დამკვიდრებულია არაერთი საერთაშორისო სიტყვა, რომელთა გამოყენების გარეშე, შეიძლება ითქვას, „ლექსიკოლოგიურ იზოლაციაში“ მოვექცევით. დავასახელებ რამდენიმეს, რაც ნაუცბათევად გამახსენდება: ვიზა, ლიბერალიზაცია, ტერიტორია, ოკუპაცია, ინტერაქტიური,  კონსტიტუცია, რესპუბლიკა, დელეგაცია, დეპუტატი, პარლამენტი, სტუდენტი, ინსტიტუტი, დირექტორი, რედაქტორი, ლიტერატურა, პოეზია, დიაგნოზი, კრიტიკა, კომპიუტერი, პროცესორი, კლავიატურა, პროგრამა და უამრავი სხვა. ეს სიტყვები ისეა საყოველთაოდ გავრცელებული, რომ მათი თარგმნა და შესატყვისის ძიება, პირდაპირ რომ ვთქვათ, უაზრობა და ფუჭი შრომა იქნება.

აქ ისევ შეუვალ ავტორიტეტს და ქვეყნისა და ენის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გულშემატკივარს, ილიას დავიმოწმებ. ის წერდა:

„კრიტიკა – ამის თანასწორ მნიშვნელობის სიტყვა არ არის ქართულ ენაზედ და არც ძალიან საჭიროა, რომ იყოს…ეგ სიტყვა ეხლა მთელ კაცობრიობას ეკუთვნის და ყოველი ხალხი, ცოტაოდენად განათლებული, ხმარობს თავის ენაში, მაშასადამე, არც ჩვენთვის არის დასაძრახისი, რომ ეგ სიტყვა ჩვენში იხმარებოდეს“ და იქვე „თუნდ რომ მე არ ვიხმარო ეგ სიტყვები, მაინც უთუოდ შემოგვეპარებიან, როგორც შემოგვეპარნენ:პოემა, პოეზია, ფილოსოფია, კრიტიკა, სტატია, ლოღიკა და სხვანი მრავალნი…ეგ არა ხალხს არ დაეძრახება. ის ცრუობს, რომელიცა ძრახავს მაგ-გვარ სიტყვების შემოტანას ენაში“…

რა თქმა უნდა, ნათქვამი ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ამ სტატიის „უხეირო დამწერი“ ენის სტიქიურ „დაბინძურებას“ და ნასესხები სიტყვების უპირატესობის წარმოჩენას ცდილობდეს. დღეს ქართულ ენას, მის ლექსიკურ ფონდს, ნამდვილად ემუქრება საფრთხე და ძირითადი ლექსიკური ფონდის სიმტკიცე, ენის გრამატიკული წყობა, ენისთვის არაბუნებრივი სინტაქსური კონსტრუქციების ხშირი ხმარება ნამდვილად საგულისხმო საკითხებია.

ბარბარიზმები, სინტაქსურ-სტილისტიკური დარღვევები, კალკი, ახალი ცნებების აღმნიშვნელი საერთაშორისო სიტყვებისა და გამოთქმების დამკვიდრების უკონტროლო ტენდენცია, კანცელარიზმები სალიტერატურო ენის სიწმინდის დაცვის საკითხს განსაკუთრებით აქტუალურს ხდის. ენობრივი და გრამატიკული ცვლილებები, რომლებსაც არავითარი სარგებლობა არ მოაქვს ენისთვის, არ აუმჯობესებს მის გამომხატველობით საშუალებებს, არ ამარტივებს გამოთქმას დასაძრახი და მიუღებელია, თუმცა „ენობრივი პურიზმი“, რაც გულისხმობს უკომპრომისო ბრძოლას სალიტერატურო ენის ყოველგვარ ცვლილებასთან, როგორც უცხოენოვან, ისე დიალექტურ მინარევებთან, ენის განვითარების შინაგან კანონზომიერებებს ეწინააღმდეგება და აფერხებს კიდეც ამ განვითარებას.

ამ ფონზე სასურველია საზოგადოების მეტი აქტიურობა,  სხვადასხვა დარგის სპეციალისტის ჩართვა,  მიზანმიმართული, შორსგამიზნული სახელმწიფოებრივი პოლიტიკა ენის ნორმირების მიმართულებით მუშაობის პროცესში და არა სუბიექტივიზმი – ვგულისხმობ პირადი დამოკიდებულების გამო, ამა თუ იმ ტერმინის არცოდნის მოტივით გარკვეული ცვლილებების შეტანის წინადადებებს, მითუმეტეს, საკანონმდებლო სფეროში (ზემოთ აღწერილ ეპიზოდში ადა მარშანიამ პასუხად ტერმინის განმარტებაც მიიღო და მომავალში მსგავსი ტერმინებისთვის სინონიმთა დაძებნის დაპირებაც?!).

სტატიას კი აკაკი წერეთლის ომახიანი და იმედიანი შეძახილით დავასრულებ და იმედს ვიტოვებ, რომ  ეს სიტყვები აქტუალობას არ დაკარგავს მომავალშიც:

„ვერც ერთს ენის ძალას ვერ დაურღვევია ჩვენი ენის კანონები, ვერ გადურევია, ვერ გადურჯულებია, დაუთმია ჩვენი ენისთვის და ჩვენსკენ თვითონ გადმორჯულებულა…იმ ძალაუნებურ შეტაკებაში მაინც ძლევამოსილი დარჩენილა დედა-ენა“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი