ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024
17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ჩუნ-გო, ჩან-გო, ნამდვილი და წარმოსახვითი თამაშები

ჯერ შეშას ამოვზიდავდით დილით, მერე ვდგებოდით და იწყებოდა ლოცვა. უკან მდგომები წინ მდგომებს ამ დროს პანღურს ურტყამდნენ ან თმას ქაჩავდნენ, წინ კი ისინი იდგნენ, ვინც განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა დოდოს. იდგა თვითონაც პირველი ქრისტიანის სიმშვიდით და ხმამაღლა კითხულობდა ლოცვებს, ჩვენ კი უნდა გაგვემეორებინა.

დოდო რელიგიის მასწავლებელი იყო. დაფაზე გვიხატავდა, სად დაიბადა ქრისტე, იქიდან სად წავიდა, სად იყო გოლგოთა, როგორ მიიკლაკნებოდა იქამდე ვია დოლოროსა, სად იდგა დიდი ბიბლიური წინამძღოლი, როცა თავის ხალხს ათი მცნება გადასცა და სხვა რამეებს. ჩვენც ვიწერდით რვეულებში, ვიხატავდით, ზოგი – მონდომებით, ზოგიც – მოვალეობის მოსახდელად. მთავარი იყო, დოდოს არ შეემჩნა შენი გულგრილობა, თორემ მისი პირველ ქრისტიანთან სიმშვიდე უცებ შუა საუკუნეების კათოლიკე პაპთა და კარდინალთა მრისხანებად იქცეოდა და პატარ-პატარა ინკვიზიტორული სპექტაკლებიც იდგმებოდა კლასში, ყურის ახევით, თმის მოჩეჩვით, კუთხეში დაყენებით და გარეთ გაპანღურებით გამოხატული.

მოსწავლეების ღმერთი და რელიგია კი იმ დროს სულ სხვა რამ იყო, უფრო ხელშესახები და შესაგრძნობი, ვიდრე დოდოს ჯვარცმული და მეთევზეთა მეგობარი უფალი. პოკემონების მრგვალი სათამაშო კარტები და ფეხბურთელთა გამოსახულებიანი ოთხკუთხა ბარათები, რომლებსაც, მერხზე დაწყობილს, დარტყმით ვატრიალებდით და ვეუფლებოდით. ეს იყო ნამდვილი ბრძოლა, რაღაცის დაუფლების ჟინი და რელიგიურ პერსონაჟთაგან თუ, მაქსიმუმ, იესო და მარიამი ვიცოდით, აქ ყველა პოკემონს სახელებით ვიხსენიებდით, ფეხბურთელებს ერთმანეთს ვაჯიბრებდით. მაგალითად, ღირსეული მოწინააღმდეგე შენს თამაშში ფსონად ჩამოსულ ფერნანდო იეროსთან დევიდ ბექჰემს არ გამოიყვანდა, იმიტომ, რომ სად იერო და სად ბექჰემი. შესაძლოა, მორიენტესი და კანავარო, ან კანავარო და ედმონდო შეგეჯიბრებინა. იყო მეორე ჯგუფიც, რომელიც ფეხბურთელთა პროფესიონალიზმის მიხედვით კი არა, თავისი კარტის ხარისხის მიხედვით გეთამაშებოდა. თუ ცოტა შელახულს ჩამოვიდოდა, შენც ისეთივეს გაიტანდი სათამაშოდ, თუ ახალს და გაპრიალებულს -შენც ეს ვალდებულება გეკისრა. მოკლედ, მთელი წესები იყო, მთელი დიდი ათი მცნება, რომელიც მთაზე კი არ ეკარნახა ვინმეს, იქვე, გარეუბნების ცივ და ნესტიან კორპუსებში შექმნილიყო ჩვენთვის.

ერთხელ, მახსოვს, პირველივე გაკვეთილზე გაჩაღდა თამაში. ყველა მერხთან საოცარი ყიჟინა იდგა. როგორც კაზინოებშია ხოლმე რომანებსა და მოთხრობებში. ამ დროს შემოვიდა დოდო მასწავლებელი და საშიში პოზა მიიღო, რაც იმას მოასწავებდა, რომ სადაცაა, რომელიმე მოსწავლეს მიეჭრებოდა, წაართმევდა სულიერ საგანძურს, ღუმელში შეუძახებდა და ჟურნალს გადაშლიდა…

თუმცა იმ დღეს დოდო ასე არ მოქცეულა. დაჯდა და იმის ახსნა დაიწყო, რომ ეს სათამაშოები ეშმაკის მოგონილი იყო, რომ თუ დაწვავდი, დაინახავდი, კვამლისგან როგორ გამოისახებოდა ჰაერში დემონის რიცხვი – სამი ექვსიანი, რომ ამ ჟინით შეპყრობა მის მონობას ნიშნავდა… ახლაც მახსოვს, როგორ თვალებგაფართოებულები ვუსმენდით ჩვენ, ბავშვები, რომლებსაც ომის დროს მოგვიწია ცხოვრება, რომლებისთვისაც დენი თვეში სამ-ოთხ ღამეს თუ არსებობდა, რომლებსაც არ გვქონდა ახალი წიგნები და ტანთ უფროსი ნათესავების გამონაცვალი გვეცვა, შინაც და სკოლაშიც შეშის ღუმლებით ვთბებოდით, ძველ კასეტებზე ვუსმენდით 2 pac-ს და ბობ მარლის, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტის შინაარსი არ გვესმოდა…

შარშან სოფელში მთელი დასტა პოკემონები და ფეხბურთელები ვიპოვე. ალბათ, როცა ცოტა წამოვიზარდეთ და მოდიდანაც გადავიდა, მაშინ წავიღე იქ. თან დავსევდიანდი, თან გამეცინა. გამახსენდა, როგორი შიშით ვთამაშობდით დოდოს იმ გაკვეთილების შემდეგ. რაღაც ისეთის შიშით, რაც ჩუმად ითქმოდა მარტო, როგორც რამე დიდი საშინელების ისტორია.

დღესაც ასეა, უბრალოდ, სხვა ადამიანები სხვა ბავშვებს უშლიან სხვა სათამაშოებს, სხვა ოცნებებს, სხვა სამყაროებს. სოციალურ ქსელში ყოველწლიურად მხვდება იმ მასწავლებელთა ათეულობით პოსტი, რომლებიც ჰელოუინს მაგიურ საბურველში ხვევენ და ცუდად მოიხსენიებენ ბავშვებს, რომლებიც ამ დღესასწაულში ერთვებიან. რატომ არაფერს ამბობენ სხვა კოსტიუმირებულ ღონისძიებაზე – ბერიკაობაზე? მხოლოდ ეთნოკულტურული სენტიმენტების გამო?

მინდა, ამ წერილით რაც შეიძლება მეტ მოზარდს მივაწვდინო ხმა: ნურავის მისცემთ უფლებას, დაგინგრიონ საკუთარი სამყარო, წაგართვან ნამდვილი თუ წარმოსახვითი თამაშები, ლეგო თუ ქსელური სტრატეგიების მიღწევები. შექმენით ეს ყველაფერი და დაიცავით, რადგან რეალურ ცხოვრებაში არაფერია ისეთი, რაც მათ შეგიცვლით, ხოლო თუ თქვენს უფროს დას ან ძმას ჯერაც აქვთ შემორჩენილი სათამაშო ქაღალდები, სთხოვეთ, გაჩუქონ, მერე მომწერეთ, შევხვდეთ და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვითამაშოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

სიტყვამწარე

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი