ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ექსცენტრიული და მომაჯადოებელი Liza (I ნაწილი)

„ხელოვნებაში საჭიროა საკუთარი გზით სიარული. ის შესაძლოა იყოს მოკლე ან  გრძელი, ფართო ან ვიწრო, მაგრამ უნდა იყოს მხოლოდ შენი“

                                                                                                                           რ. შჩედრინი

თეთრად შეპუდრული სახითა და ირონიული ღიმილით, ადამიანი ქვაბ-ქუდით და ხელჯოხით, რომელიც სრულიადაც არ არის ჩარლი ჩაპლინი, მის ვინაობას მოგვიანებით ვიგებთ: ჯოელ გრეი – ბროდვეის ნამდვილი ვარსკვლავი.

ეს ამოუცნობი სახე – კაბარეს კონფერანსიე მაყურებელს თავს დიდი ხნით დაამახსოვრებს. მიუხედავად გრეის მუდმივი ღიმილისა და ლაზღანდარობისა, თითქოს მაინც რაღაც ავს მოასწავებს. ეკრანიდან ორაზროვანი მზერითი მინიშნებებით „კლოუნი“ მაყურებლებისკენ მნიშვნელოვან მესიჯებს გზავნის. ჯოელ გრეის ეს უცნაური პერსონაჟი ერთგვარ ბედისწერას თუ შემთხვევითობას ჩამოჰგავს, რომელსაც მაცდუნებელი მხიარულებით მიწიერი ჯოჯოხეთისკენ მივყავართ.

მას ალბათ ვერავინ შეცვლიდა. ეკრანიდან უზარმაზარი თვალებისა და „კილომეტრიანი“ წამწამების ერთხელ დახამხამებით საკუთარი თავის შესახებ ყველაფერს ამბობს. იგი თავის გმირს არათუ შესანიშნავად განასახიერებს, ერთმნიშვნელოვნად ცხოვრობს ამ როლით და ჩვენ აღარ გვაინტერესებს რა ითამაშა მან „კაბარემდე“ და რას თამაშობს შემდეგ.

მაყურებელი ლაიზა მინელის ძირითადად იცნობს ფილმით „კაბარე“. ეს მიუზიკლიც საკმარისია იმისათვის, რომ შეიყვარო მსახიობი გასხივოსნებული ღიმილით, სევდიანი თვალებითა და ძლიერი მსუყე ხმით.

ლაიზა მინელიმ სალი ბოულზის უკვდავი სახე შექმნა – ექსცენტრიული, ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფლებისმოყვარე ქალის, რომელიც ოცნებების განხორციელებისათვის ყველაფერს სჩადის რაც მოესურვება. სინამდვილეში, ის იმ ცხოვრების წესის „მძევალია“, რომელიც კაბარემ „დაუწესა“.  ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია აღვფრთოვანდეთ ლაიზა მინელის მიერ განსახიერებული მომხიბლავი, უშუალო და ამასთან ერთად უზნეო სალი ბოულზის პერსონაჟით.

ლაიზა განასახიერებს კაბარეს წარუმატებელ თავქარიან მომღერალს მტკიცე რწმენით, რომ ოდესმე აუცილებლად გახდება უდიდესი მსახიობი. მის მომაჯადოებელ სახეში ჰარმონიულად იხლართება ახირებული, თამამი, გულუბრყვილო და ეგოისტი ქალის ბუნება.

ერთი სიტყვით, სალი ბოულზისა და კონფერანსიეს სახე მაყურებლის მეხსიერებაში, გარწმუნებთ, სამუდამოდ რჩება.

ბობი ფოსის ლეგენდარული ფილმი „კაბარე“ განუმეორებელი ლაიზა მინელით ეკრანზე 1972 წელს გამოვიდა. ამ ფილმით ლაიზამ ნამდვილი ფურორი მოახდინა, რამაც მსახიობსა და მომღერალს მსოფლიო დიდება მოუტანა. „კაბარეს“ უდიდესი წარმატება ხვდა წილად როგორც მაყურებელებში, ასევე კრიტიკოსებში და კინო-აკადემიის რვა ქანდაკებაც მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი – ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ლაიზას ერგო.

ლაიზა მინელის შესახებ კრიტიკოსები აღნიშნავდნენ: „სიმღერები (არასოდეს უმღერია ფონოგრამაზე), ცეკვები, პლასტიკურობა, ბუნებრიობა შეუძლებელია შეადარო ან აღწერო. უნდა იხილო ღმერთისგან მოვლენილი ეს მსახიობი.“

ბროდვეის ცნობილი მიუზიკლის „კაბარეს“ ეკრანიზაცია გამოკვეთილ ანტიფაშისტურ სატირას წარმოადგენს, რომელსაც ლაიტმოტივად სასიყვარულო ისტორია გასდევს. ერთი შეხედვით ფილმი თითქოს გასართობია თუ მხედველობაში არ მივიღებთ სხვადასხვა სახით ოსტატურად შეფუთულ მეტაფორებსა და ალუზიებს. დრამატული ისტორია გადმოგვცემს ომამდელ გერმანიას, სადაც კაბარე ცალკეული პიროვნებებისა და მთელი ნაციის დეგრადაციის მეტაფორაა. რეჟისორმა ეს საზარელი ისტორია ორ საათიან დაუსრულებელ მუსიკაში ჩაატია.

უხერხული იქნებოდა „კაბარეზე“ საუბრისას არ გვეხსენებინა უამრავი თეატრალური და კინო მუსიკის ავტორი, ამერიკელი კომპოზიტორი ჯონ კენდერი.

ცნობილი ბოჰემური წყვილის ქალიშვილი დაიბადა 1946 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში, შემოქმედთა ოჯახში. მამა – ვინსენტ მინელი ცნობილი რეჟისორი, მუსიკალური კომედიების, რევიუებისა და მიუზიკლების ავტორი იყო; დედა – იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინომსახიობი და მომღერალი, 40-50-იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯუდი გარლენდი. მას მიღებული აქვს „ოსკარი“ კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის. 2 ფილმისთვის მამაც „ოსკარი“-ს ქანდაკების მფლობელია.

ლაიზას ადრეული ბავშვობა უსაზღვროდ ბედნიერი იყო. ვინსენტი და ჯუდი თავიანთ ქალიშვილს მეტისმეტად ანებივრებდნენ. დასვენების დღეებში, ლოს-ანჯელესის გარეუბნის ერთ-ერთ დიდ განცალკევებულ სახლში საოჯახო წარმოდგენებს აწყობდნენ: იწვევდნენ ცირკის მსახიობებსა და ოინბაზებს, პატარა ლაიზასთვის ყველაზე ეგზოტიკურ გასართობებს იგონებდნენ… თითქოს მშობლები ერთმანეთს გონებამახვილობაში ეჯიბრებოდნენ.

ლაიზა

ლაიზა ყოველთვის განსაკუთრებული ადამიანებით იყო გარემოცული. მათ შორის იყვნენ ფრენკ სინატრა, ფრედ ასტერი და სხვა ცნობილი პიროვნებები. მაგალითად, ბიძია ფრენკი პატარა ლაიზას იავნანას უმღეროდა (უნდა ითქვას, რომ ფრენკ სინატრამ უდიდესი როლი შეასრულა ლაიზას ცხოვრებაში, რასაც ლაიზა მუდამ მადლიერებით იხსენებს). უკვე წამოზრდილ ლაიზას კი სტეპის დარტყმას თვით ფრედი ასწავლიდა.

დრო გავიდა და როდესაც ლაიზას ჰკითხეს როგორ გრძნობდა თავს ასეთ ლეგენდებთან ერთად კონცერტებზე გამოსვლისას, ასე პასუხობდა: „ეს იგივეა მეზობლებთან ერთად იმღერო – მე ხომ მათ გარემოცვაში გავიზარდე“.

ლაიზამ სახასიათო გარეგნობა მემკვიდრეობით მამისგან მიიღო, ხოლო დედისგან – დიდებული ხმა დამახასიათებელი ხრინწით, კატისებრი პლასტიკით და კიდევ – სპირტიანი სასმელებისადმი მიზიდულობით. „მე მჯერა, ალკოჰოლის ყველა მოყვარული სამოთხეში იმიტომ მოხვდება, რომ დედამიწაზე ჯოჯოხეთი გაიარეს, – ამბობს ლაიზა.

„დედამ მუშაობის სტიმული მისახსოვრა, მამამ – ოცნება. მისი წყალობით შევძელი დამენახა მომავალი“ – იხსენებდა ლაიზა მშობლების გარდაცვალების შემდეგ. მისი ცხოვრების მთავარ ადამიანად და ნომერ პირველ მრჩეველად მამა მიაჩნდა. სხვათა შორის, ლაიზას თმის ვარცხნილობის ავტორი ფილმისთვის „კაბარე“ სწორედ მამა გახლდათ.

მაგრამ უღრუბლო ბავშვობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ზღაპარი მაშინ დასრულდა, როდესაც ლაიზას მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მიზეზი ჯუდის ნარკოტიკებით გატაცება და პერიოდულად მძიმე ფსიქიკური აშლილობის გამო  კლინიკაში მკურნალობა იყო. „4 წლის ვიყავი, როდესაც მამა სახლიდან წავიდა, დედამ კი თვითმკვლელობა სცადა“ – იხსენებდა ლაიზა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ლაიზას ნახევარი წელი დედასთან, ხოლო მეორე ნახევარი – მამასთან უნდა გაეტარებინა. მაშინ, როდესაც მამა მთელ დროს ლაიზას უთმობდა – წიგნებს უკითხავდა, ზღაპრებს უყვებოდა, ამეცადინებდა, გადასაღებ მოედანზე დაჰყავდა, დედა თავის ნახევარ წელიწადს ლაიზასთვის მძიმე პირობებში ატარებდა.

მშობლების ქორწინება არასდროს ყოფილა მტკიცე, მაგრამ ვინსენტი გონიერი ადამიანი იყო და ყოველთვის ახერხებდა ლაიზასთვის ოჯახური უსიამოვნებების არიდებას. ახალა კი, როდესაც ვინსენტი ჯუდის გვერდით აღარ იყო, განებივრებული ლაიზას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი