პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სკოლები ნიკო კეცხოველის გზაზე

დასრულდა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის პირველი ტური. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს 152 სკოლამ მიიღო.

ყველაზე მეტი, 4,485 ქულის დაგროვება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის წარმომადგენელმა, ლელოვანის საჯარო სკოლამ შეძლო.

მეორე ადგილზე სამეგრელო დან სოფელ ეწერის სკოლა 4440 ქულით გავიდა, მესამე ადგილის მფლობელი კი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ კურდღელაურის საჯარო სკოლა გახდა, რომელმაც 4160 ქულა დააგროვა. სულ კონკურსში მონაწილეობას მთელი საქართველოდან 160-მდე სკოლა იღებდა.

კონკურსს ორგანიზაცია CENN გარემოს დაცვის სამინისტროს პარტნიორობით ატარებს. კონკურსის ფარგლებში საქართველოს სკოლებში შეიქმნა გუნდები, რომლებიც პარტნიორ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ატარებენ დამოუკიდებელ მონიტორინგს, ახორციელებენ სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით აქტივობებს და აშუქებენ როგორც „ფეისბუკზე“ ჰეშთეგით: #cenn_greenwatch, ასევე გზავნიან ელექტრონულ ფოსტაზე: greenwatch@cenn.org და მობილურ აპლიკაციაზე greenwatch–ზე. ინფორმაციები შუქდება ბეჭდური და ელექტრონული მედიით, მზადდება ტელე და რადიორეპორტაჟები.

ბავშვების აქტივობები შესაბამისი ქულებით შემდეგი პრინციპით ფასდება:

მასალების „ფეისბუკზე“ ჰეშთეგით ატვირთვა – 5 ქულა;

მობილურის აპლიკაციის გამოყენება – 10 ქულა;

აქტივობებით მედიის დაინტერესება – 20 ქულა;

შესაბამისი უწყებების რეაგირება აქტივობებზე – –30 ქულა;

გარემოსდაცვითი ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება – 40 ქულა;

ნიკო კეცხოველის მიერ დაგეგმილი რომელიმე მარშრუტის გავლა და ფოტოგრაფირება – 50 ქულა.

კონკურსის ორგანიზატორ ორგანიზაციაში – კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (CENN) აცხადებენ, რომ შერჩევის კრიტერიუმი სწორედ დაგროვილი ქულების რაოდენობაა. გამონაკლისია მხოლოდ არაქართულენოვანი და სპეციალური სკოლები, რომელთა საბოლოო შედეგსაც კოეფიციენტი განსაზღვრავს.

ნახევარფინალისტები ერთმანეთს რეგიონულ ტურებში დაუპირისპირდებიან, ნიკო კეცხოველის პრემიის ფინალური ტური კი 21 მარტს, თბილში გაიმართება.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ნიკო კეცხოველის 2017 წლის პრემიის მოსაპოვებლად სასკოლო კონკურსი გასული წლის მაისში გამოცხადდა.

CENN–ის ინფორმაციით, კონკურსი არის უნიკალური შანსი სკოლებისათვის (მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის), წარმოაჩინონ საკუთარი თავი, დაგეგმონ და განახორციელონ „მწვანე აქტივობები“ და ამგვარად საგანმანათლებლო პროცესში გარემოსდაცვითი კომპონენტი შეიტანონ.

ნიკო კეცხოველის I, II და III პრემიასთან ერთად დაწესდება უამრავი პრიზი, როგორც ორგანიზატორებისგან, ასევე პარტნიორი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებისაგან.

„კონკურსში სკოლის გუნდები ჩაერთვებიან. ფინალური საგზურის მოპოვებას ისინი გარემოსდაცვითი პრობლემების გამოვლენით, მათი გაშუქებითა და გადაჭრით შეეცდებიან, რაშიც მათ CENN და სახელმწიფო სტრუქტურები დაეხმარებიან. მაღალი შეფასება ექნება გარემოსდაცვით აქტივობებს, რომელსაც სკოლები საკუთარი ინიციატივით განახორციელებენ, ქულათა მაქსიმუმი კი ნიკო კეცხოველის წიგნებში აღწერილი მარშრუტების გამეორებისა და განახლების შემთხვევაში დაიწერება”, – განაცხადეს CENN-ში.

მათივე ინფორმაციით, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს საკონკურსო თემატიკა გაფართოვდა და ტყეებთან ერთად, ნარჩენების, ბუნებრივი კატასტროფებისა და მინერალური რესურსების მოპოვების პრობლემატიკასაც მოიცავს. აღნიშნული მიმართულებით კონკურსში რამდენიმე საერთაშორისო პროექტია ჩართული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი