პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

უცვეთელობის პარადოქსი

,,ამიტომაც არასოდეს არ მითქვამს შენთვის,

რომ სინამდვილეში,
დიდი ხანია, გაცვდა ჩემი სამშობლოს ფირუზიცა და ზურმუხტიც…”

,,ამბავი უსამშობლოთასალომე ბენიძე

 

26 მაისი რომ იყო, ჩემი მოსწავლეების უმეტესობამ პროფილის სურათები საქართველოს დროშის ფონზე დადო და ბევრი მათგანი ერს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავდა…

ზოგადად, მჯერა, რომ სიყვარული ისწავლება, მაგრამ არ ვიცი, ვასწავლი თუ არა სამშობლოს სიყვარულს ჩემს მოსწავლეებს, ან თუ ვასწავლი, როგორ ვასწავლი…ან თუ არ ვასწავლი, რატომ არ ვაკეთებ ამას…თუ რაიმე ამის მაგვარი ხდება, ალბათ, უფრო ინსტინქტის დონეზე, განცდილის გაზიარების დონეზე.

ის ვიცი, რომ კარგა ხანს მეგონა, თემა ,, სამშობლო“ გაცვდა და რაც უფრო ხშირად ვახსენებდი ხაზგასმით, მით უფრო დავაშორებდი ბავშვებს ამ თემის ყველაზე სათუთ სიღრმეს.

ახლა ვზივარ და ვითვლი გონებში ძალდატანების გარეშე ამოტივტივებულ რამდენიმე ფრაზას:

 ,, გინახავთ თქვენ მთები დაბინდულ ქლიავის,

ეს ჩემი სამშობლოს მთებია…“

,, სჯობს,აღარ გქონდეს სულაც სამშობლო,

ანდა, არ იყოს ასე ლამაზი

ან

,,ხომ ლამაზია ეს საქართველო,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა …“ – და კიდევ რამდენიმე,თითებზე ჩამოსათვლელად.

ყველაზე ბევრს ლექსს დაწყებით და საბაზო საფეხურზე ვასწავლით, არც ერთი არ მახსენდება ახლა და ზუსტად ვიცი, ამ შემთხვევაში ჩემი ცუდი მეხსიერება ნამდვილად არაფერ შუაშია…დარწმუნებული ვარ, არც ჩემს მოსწავლეებს ახსოვთ…ან თუ ახსენდებათ, მხოლოდ სიტყვები, ყოველგვარი ემოციის გარეშე.

მაშინ, როცა უფროსებისთვის (პოეტებისა და ვითომ პოეტებისთვისაც, პოეზიის ან  პოეტთა მოყვარულთათვისაც) პატრიოტული ლირიკის ეპოქა ცალსახად დასრულდა, ამ ლირიკის მთელ თაიგულებს სწავლობენ ბავშვები და ვხვდები,რა საცოდაობაა, ლექსით ასწავლო სამშობლოს სიყვარული! მთლად უარესი – მერე გამოიყვანო და აუდიტორიის წინაშე ომახიანად ათქმევინო!  მურმან ჯინორიას ჩანაწერი მახსენდება: ,,სცენაზე გოგონა დიდი მონდომებით კითხულობდა ლექსს, გულით მოგინდებოდა, მისი მასწავლებლისთვის ყური აგეწია.“

სამშობლოს განცდა ადვილი არაა. დიდებსაც გვიჭირს. სამშობლოს სიყვარული პატარ-პატარა, მათ გვერდით აღმოჩენილი,მარტივი და ძალიან ჩვეულებრივი სიყვარულებით უნდა ისწავლონ პატარა ადამიანებმა. მაგალითად, მე მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი საკეთებლის (თუნდაც ძალიან მოკრძალებულის) სიყვარული სამშობლოს სიყვარულის პირდაპირპროპორციულია.

აი, პატრიოტული ლირიკის ეპოქა კი, მგონი, მაშინ დასრულდა, როცა  ერთმა ძალიან ჩუმმა და უბრალო გენიოსმა, ერლომ ახვლედიანმა,  დაწერა ამბავი კაცისა, რომელსაც სამშობლო ძალიან უყვარს“:

,, კაცი იყო, სამშობლო ძალიან უყვარდა.

ჰკითხეს: მაინც როგორ გიყვარს სამშობლოო?

უპასუხა: ძალიან მიყვარსო. მისთვის რას არ მოვიმოქმედებო.

ჰკითხეს: ვთქვათ, შეიტყვე, რომ შენს მოყვასს სამშობლო შენსავით არ უყვარს. რას უზამ?

უპასუხა: სულ ნაკუწნაკუწ ავქნი და ყვავყორნებს გადავუყრი საჯიჯგნადაო.

ჰკითხეს: მის ლამაზ ცოლს რას უზამ?

უპასუხა: ხარჭად დავისვამო.

ჰკითხეს: მის წვრილშვილს რაღას უზამ?

უპასუხა: სტამბულს მონებად დავყიდიო.

ჰკითხეს: მის ეზოკარს, ყანას, საქონელს და ყოველივეს, რაც მას ეკუთვნის, რას უზამ?

უპასუხა: გავუნაწილებ იმათ, რომელთაც სამშობლო ჩემსავით უყვართო.“

 

თანამედროვე პოეზიას რომ გადავხედე, მივხვდი, პატრიოტული ლექსების ანთოლოგიების გაქრობა სულაც არ ნიშნავს სამშობლოს სიყვარულის გაქრობასა და გაუფერულებას.

ახლა სხვანაირი სამშობლო გვაქვს, სხვანაირ სამშობლოს განვიცდით… ახლა სხვანაირად გვეფიქრება სამშობლო და გვტკივა:

,, სად გიპოვო,
რაში ხარ მეტად არეკლილი,
ჩემო სამშობლოვ?
პეიზაჟებში,
სიმღერებში
თუ ადამიანებში?
ღიმილიანი,
ლაღი,
გახარებული
რატომ არა ხარ არსად…“

              ირაკლი კაკაბაძე

მძიმე წლებში ვცდილობდით, დაგვევიწყებინა, გვეგონა, რომ გარდაცვლილ მამებს მივაჩეჩებდით ასე ძვირფასს:

,, …ჩვენი სიმართლე შეირყა.

ჩვენმა შეყვარებულებმა შხამისფრად გადაიღებეს თმები.

ჩვენი ბავშვობის საწოლები

უკაცრიელ ქუჩებში დაწვეს

შემცივნულმა ჯარისკაცებმა,

ხოლო სამშობლო გარდაცვლილ მამას ჩავაყოლეთ გულისჯიბეში,

როგორც ძვირფასი ნივთი.

მამა გიჟი იყო

                      ნაწყვეტი ,,რექვიემი ცოცხლებისათვის“  ზვიად რატიანი

 

სამშობლო ყველაზე ახლობელია, ადამიანია, შენ სამშობლო ხარ:

,,აი, ასეთი იყო მუდამ ჩემი სამშობლო,

შენნაირი,

მინის ნამსხვრევებით შეკოწიწებული,

ასკინკილით შემოსარბენი,

ფრთებით დასაფარი,

როცა არ გჯერა,

რომ მარტივი და სევდიანი

აწმყო ხარ მხოლოდ…“

                ნათია ნაცვლიშვილი

 

ახლა მისი დადანაშაულებაც შეიძლება და არ იქნება მისი უსიყვარულობა:

,, სამშობლო ხარ! — ამას აღარ ეშველება,

მაგრამ თუ არ მოგვიკითხავ დიდხანს,

მე წინდაწინ მებრალები იმ დღისათვის,

როცა მოგვიკითხავ.

პოეტი ვარ შენი სიოც გადამძალავს,

შენი ცერად შემოხედვაც დამჭრის;

ვმალავ ლექსებს საქაღალდის ფსკერზე, რადგან,

ფსევდონიმში დასამალი რა მჭირს!

სანამ ჩემი სიყვარულის გეშინია,

დგასჭკვიანი და აღლუმი მიჰყავს,

სანამ თვითონ არ მიმხვდარხარ, საქართველოვ,

მოსავლელი ვინ გყავს.

რა გვჭირს შვილებს ფსევდონიმში გასაქცევი

ვკეცავ ლექსებს და უჯრაში ვდებ.

ჩემი შიში შენი დიდი სირცხვილია,

მათქმევინე, დე!

სამშობლო ხარ! — ამას აღარ ეშველება,

მაგრამ თუ არ მოგვიკითხავ დიდხანს,

იმ დღისათვის მებრალები, საქართველოვ,

როცა მოგვიკითხავ

                       ,,მათქმევინე, დე!“ ელა გოჩიაშვილი

მახსოვს,სკოლაში ახალმისულებს როგორ გვაზეპირებინებდნენ სამშობლოს მრავალგვარ განმარტებას – ,,სამშობლო ის ადგილია,სადაც დავიბადეთ,გავიზარდეთ…“

ახლა ესაა სამშობლო და რომ ვკითხულობ, მე განვიცდი:

,, სამშობლო
იქ არის,
სადაც კარგად ვიცით,
გაზაფხულობით,
მიწის სიღრმიდან
ვისი გვამები
გვაწვდიან ხოლმე
მინდვრის ყვავილებს.“

თორნიკე ჭელიძე

 

ახლა სამშობლოსთვის მარტივად, გულწრფელად და გულში ვლოცულობთ:

,,დილით ავდექი ძალიან ადრე,

გამოვაღე ყველა ფანჯარა,

მზეს შევეგებე და

მხოლოდ ერთი ლოცვა ვთქვი გულში

ჩემი სამშობლო, ჩემი სამშობლო, სამშობლო ჩემი …“

                      იაკი კაბე

ასე რომ, ახლა სხვანაირად ვფიქრობ, მივხვდი, რომ ის, რაც ღრმა და გულწრფელია, არასოდეს ცვდება, უბრალოდ, ვისწავლეთ ( თუ არადა, უნდა ვისწავლოთ),რომ : ,,სამშობლოზე უნდა ილაპარაკო მოკლედ და გასაგებად, როგორც მომაკვდავები ლაპარაკობენ – ოთარ ჭილაძეს ჩაუწერია თავის უბის წიგნაკში. წერტილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი