ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

იყავი მასწავლებელი

გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი (ამ მონასტერთან არსებული ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი-თავშესაფარი ერთი კეთილი და ნათელი ადგილია მთელ დედამიწაზე), დედა მარიამ ჯაფარიძე, თავის საუბრებში გამუდმებით გვიმეორებდა ხოლმე: „დღეს მასწავლებლობა გმირობის ტოლფასია, წადით სკოლებში მასწავლებლებად!“..

დედა მარიამის სიტყვა ჩემთვისაც და, ვისაც მისთვის ერთხელ მაინც მოუსმენია, იმისთვისაც, ძვირფასია და რაც მთავარია _ საყურადღებო, მასწავლებლობა ბავშვობაში ჩემი დიდი ოცნებაც იყო და რა ფერადი კოშკები არ ამიგია, როცა ჩემს თავს ამ როლში წარმოვიდგენდი, მაგრამ როცა ისე მოხდა, რომ მართლა მომიწია საკლასო ოთახში შესვლა და პირადად შევეხე ამ დიდ, რთულ და გნებავთ, იდუმალ მდგომარეობას, მაშინ მივხვდი, რომ მხოლოდ ოცნება არა კმარა, არც ლაღი და ფერადი წარმოდგენები, რომ მასწავლებლობა დიდი ნიჭია და, ის ან გაქვს, ან არა.

მასწავლებლობა მადლიცაა და, რაც უნდა თანამედროვე შესატყვისები მოვუძებნოთ, ის მაინც გულისხმობს იმაზე მეტს, გაცილებით მეტს, ვიდრე მხოლოდ პროფესია, საქმე, სამსახური.

ამიტომაა ხოლმე, რომ ასეთ _ მადლიან მასწავლებელს როცა შეხვდები,  გინდ ქალაქის ან თუნდაც ყველაზე მიყრუებული სოფლის სკოლაში გადააწყდები, გული გინათდება და ზუსტად ისეთი განცდა გიჩნდება, აი, დაახლოებით, თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ რომაა _ ბორის წიფურიას გმირი (ქორია), წყაროზე დახრილ ლიკა ქავჟარაძის გმირს (მარიტას) რომ დაინახავს და უნებურად პირჯვარს გადაიწერს…

მე მინახავს ასეთი მასწავლებლები, მათ ერთ საქციელშიც კი იმხელა ძალა ყოფილა, იმხელა სათქმელი გამხელილა, რაც ხშირად ერთად აღებულ მთელ განათლების სისტემას უდრის ან აღემატება კიდეც.

ასეთი მასწავლებლების მხრებზე დგას კიდეც სახელმწიფოც და მომავალიც, რაც უნდა პათეტიკურად ისმოდეს, და ასეთ მასწავლებლობას გულისხმობს ხოლმე დედა მარიამი, როცა ყველა ჩვენგანს სკოლისკენ მიგვითითებს…

ორი წელი ვასწავლიდი ჩემს ყოფილ სკოლა-გიმნაზიაში, ჩემმა ყოფილმა დირექტორმა, არაჩვეულებრივმა პედაგოგმა მერი აფხაზავამ, სრული თავისუფლება მომცა, პროგრამის შედგენაც მე მომანდო,  სწავლის მეთოდის და ხერხის არჩევაც  და შემიშვა რამდენიმე კლასში „საზღვარგარეთის ლიტერატურის“ მასწავლებლად. სახელი კი მეტისმეტად ხმამაღლა ჟღერდა, მაგრამ სინამდვილეში, მთელი ჩემი ამოცანა იმ რამდენიმე მნიშვნელოვანი წიგნის ბავშვებისთვის გაცნობა და შეყვარება იყო, რომლებიც სკოლაში არ ისწავლება და ჩემი აზრით, ზუსტად იმიტომ დაიწერა, რომ გაცხოვრონ და გაგაუკეთესონ.

მიუხედავად იმისა, რომ კლასებში 15 მოსწავლეზე მეტი თითქმის არ იყო (გიმნაზიის პირობებიდან გამომდინარე), ჩემი ორწლიანი შრომა და ძალისხმევა მაინც იმას შეელია, რომ ორმოცდა ან სამოცდარამდენიღაც ბავშვიდან მხოლოდ სამი თუ ოთხი მიმიხვდა, რა გვინდოდა მე და წიგნებს მათგან, ეს სამი და ოთხი იყო მთელი ჩემი მომნუსხველი აუდიტორია და დღემდე არიან ჩემი საუკეთესო მეგობრები, რომლებთან ერთადაც უკვე დიდ და სერიოზულ ცხოვრებისეულ ამბებს ვიყოფ.

დასკვნა ცალსახა და მარტივი გამოვიდა: მე არ აღმომაჩნდა საკმარისი უნარი, ვყოფილიყავი ისეთი მაწავლებელი, რომელიც ორმოცდა ან სამოცდარამდენიღაც ბავშვში ერთდროულად გააღვივებდა წიგნების, ფიქრის სიყვარულს, ვიღაცები ამას ახერხებენ, ვიღაცებს ეს გამოსდით. ჰოდა, მასწავლებლობაც მათი მადლი და ხვედრია!

მე იმ ჩემი სამი-ოთხი კეთილი და ერთგული მსმენელ-მკითხველით ვიხეტიალებ ლიტერატურის და ფიქრის სამყაროში. ვინ იცის, სადმე, რომელიმე მეტაფიზიკურ სივრცეში ან მდგომარეობაში, ჩვენც გავმრავლდეთ და მთელი სამყარო მოვიცვათ!

მასწავლებლობა კი, ცოტათი ჯადოქრობაცაა და თუ პაწაწინა ფოკუსები არ იცი, დიდ სცენაზე არ უნდა გახვიდე _ იქ ისეთი „მაყურებელი“ გელოდება, ვერაფერს რომ ვერ გამოაპარებ  და თუ ძალიან მოინდომა, სიყალბეს და ხარვეზს არც გაპატიებს.

მე ვიცნობ ასეთ კეთილ ჯადოქრებს.

ერთი მათგანი, მაგალითად, დღესაც ასწავლის ერთ სკოლაში დაწყებით კლასებს. ერთხელ,  ზამთარში, შუა გაკვეთილზე, როცა  დაფასთან იდგა და რომელიღაც განტოლებას ხსნიდა, ერთი მოსწავლე, ჩუმი, წყნარი და უცნაური გოგონა, წამოდგა, უნებართვოდ მივიდა ფანჯარასთან, უნებართვოდ ჩამოეყრდნო რაფას, თავი ხელისგულს ჩამოადო და დაიწყო ფანჯარაში უნებართვოდ ცქერა… მოსწავლეებმა კლასელის საქციელი მაშინვე გააპროტესტეს და მასწავლებელი დაფიდან ფანჯრისკენ მოატრიალეს _ გოგონამ ხომ ქცევის წესები დაარღვია! მასწავლებელმა ჯერ გოგოს შეხედა, მერე ფანჯარას, მერე საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიდო და ოდნავ მკაცრად დაიჩურჩულა:

„ჩუ!.. ვერ ხედავთ, ის უსმენს, როგორ თოვს!“

ძვირფასო მასწავლებლებო, მე ვიცი, როგორი ძნელია დღეს მასწავლებლობა, რამდენი ტანჯვა, გაჭირვება, პრობლემა და წუხილი ახლავს თან, რამდენი გასამართლებელი მიზეზი არსებობს იმისა, ვინმემ ეგ ტვირთი ცოტათი მაინც რომ შეგიმსუბუქოთ, მაგრამ გაიხსენეთ, რომ ოდესღაც თქვენც იყავით ბავშვები და შესაძლოა ყველაფერს სხვაგვარად ხედავდით. ვინ იცის, რამდენი ოცნება ან რამდენი სათქმელი გქონდათ, მსმენელი და გამზიარებელი კი, ვინც იმ დროს, იმ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებოდათ, _ არ იყო; გაიხსენეთ,  როგორი გინდოდათ  თქვენი მასწავლებლები ყოფილიყვნენ, ან იქნებ სწორედ თქვენივე მასწავლებლის მიბაძვით აირჩიეთ  ეგ პროფესია, ხშირად გაიხსენეთ ისინი, თქვენი ოცნებები და სათქმელებიც ხშირად გაიხსენეთ და იგრძნობთ, როგორ შემოვა თქვენში სიმსუბუქე, ზოგი მადლს რომ ეძახის და ზოგიც წყალობას; ირწმუნეთ, რომ ახლა სწორედ თქვენ ხართ ის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ვინც აქ და ახლა, მომავალ თაობას სჭირდება.

ზამთრის თოვაში  ან გაზაფხულის ყვავილობისას, საკლასო ოთახის ფანჯარასთან, შუა გაკვეთილის დროს, ყოველთვის დგას ერთი მოსწავლე, რომელსაც მხოლოდ თქვენ ხედავთ, უფრო მეტიც _ სწორედ იმას ხედავთ, რასაც ის ასე დაჟინებით და საიდუმლოებით სავსე თვალებით გასცქერის…

ეს უწყინარი ჯადოქრობაა, ყველა თქვენგანში ცხოვრობს ეს კეთილი ჯადოქარი.

ცხოვრებაც ამის გამოა უფრო საინტერესო.  ცხოვრება _ ცოდნის გაცემა და  მიღება, სწავლა და მასწავლებლობა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი