შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პოეზიის აფთიაქი: ლექსის ა(მ)ბები აღელვებულთათვის

„და თუ გაქრობა არის ხვედრი ყოველი არსის,

თუ საწუთრომან ეს მარგუნა, ვითა წყალობა –
მოვიტან, ზღვაო, შენთან ჩემს გულს, თასივით ავსილს,
კაეშნით სავსეს, რომ ვისმინო შენი გალობა!“

კოლაუ ნადირაძე

 

შემთხვევითი არ არის გულისა და ზღვის (წყლის) მეტაფორული კავშირი, სწორედ ამ კავშირის შედეგია: გულის ღელვა… ავღელდი – ვამბობთ, თითქოს  გული ზღვაა, რომელსაც აღელვება შეუძლია, იტევს ყველა ემოციას, როგორც ზღვა… ამიტომ სევდიანები, აღელვებულები, შეყვარებულები, არაცნობიერად წყლისკენ, ზღვისკენ მიილტვიან,  რათა შეერიონ დიდ სტიქიას და გააყოლონ გულის დარდი, კაეშანი…

„კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,

და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას…“ (ნიკოლოზ ბარათაშვილი)

წყალს ყველაფერი მიაქვს და ეს არაცნობიერი რიტუალი, ლტოლვა წყლისკენ, ზღვისკენ, – სულის ერთგვარი თერაპიაა. რამდენი ფილმი, ლექსი,  რომანი, ნახატი, გაგახსენდებათ, როცა აღელვებული ადამიანი მიდის და წყლის (ზღვის) ნაპირზე ჯდება… შინაგანი დიალოგის წყალობით კი ის ცვლის თავის ემოციებს… ეს ერთგვარი „შელოცვის“ რიტუალია, რომელსაც ბუნება უტარებს ადამიანს. შელოცვის რიტუალიც ხომ წყლის გარეშე არ არსებობს.

წყალი თითქოს დიდი სიცარიელე, დიდი ენერგეტიკული ველია და მასთან თანაზიარობით და ენერგიის გაცვლით ერთგვარი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს სევდიანი, აღელვებული, გაბრაზებული, გაშმაგებული ადამიანის გულში.

ტატოს ამ ლექსსაც ხომ ხშირად მაშინ ვამბობთ, როცა სევდიანები ვართ:

„წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,

აქ ვეძიებდი ნაცნობ ადგილს განსასვენებლად,

აქ, ლბილს მდელოზედ, სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,

აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით.“

ეს კი პროექციაა: როდესაც შენი შინაგანი ემოციები გარემოზე ვრცელდება და მარტოობაც თითქოს ქრება, რადგან თქვენს სულს ეს წყალი ენათესავება… ის კი თქვენზე გაცილებით დიდია… ერთი მხრივ, ადამიანს გადააქვს თავისი ემოციები ბუნებაზე და, მეორე მხრივ, ბუნება, სამყარო იჭრება ადამიანის სულში, მას კი ყოველთვის ჰარმონია შემოაქვს, უბრალოდ, უნდა „გაიხსნათ“ ამისთვის….

„ხედავ სამყაროს და ყოველი ფერი და ნივთი
შემოდის შენში და პოულობს საკუთარ სახეს.
წამოწექ ზღვასთან, დაისვენე, იგრძენ და მიხვდი,
რომ ერთი წუთით სასწაული შენ მაინც ნახე“ (კოლაუ ნადირაძე)

დიახ, სევდას წყალი კურნავს… ცუდ სიზმრებსაც ხომ „წყალს უყვებიან“, რომ წაიღოს და გააქროს…

მე უკვე ჩემი დანიშნულების წერა დავიწყე:

სევდიანებო და აღელვებულებო, წაიკითხეთ ბარათაშვილი…

გადით წყლის პირას,

ესაუბრეთ წყალს, მას თქვენი დახმარება შეუძლია….

წაიკითხეთ არტურ რემბოს „მთვრალი ხომალდი“:

„მეც ჩამითრია ზღვის სიმღერამ, იქ ცის კამარა

და ვარსკვლავებით მოჭედილი მარადისობა

იმზირებოდა და ქცეული უძღებ სამარედ

ხანდახან ცხედარს, ჩაფიქრებულს, ზევით ესროდა.

უცებ დაირღვა ლილისფერი ზღვის მაქმანები,

დღის ნელი რიტმი და კაშკაში, და ვით უღვინოდ

დათრობა ანდა უსაზღვრობა ჩვენი ქნარების,

გამწარებული სიყვარულის ვიგრძენ დუღილი!“

(ფრანგულიდან თარგმნა გივი გეგეჭკორმა).

და თუ თქვენც სიყვარულმა აგადუღათ, წყალს მიმართეთ და ის გაგაგრილებთ… შეგიძლიათ „ცივი წყალი დალიოთ“ მაშინ, თუ თქვენს სიყვარულს „ცივი წყალი გადაასხეს“, მაგრამ არამც და არამც, არ გადახტეთ მტკვარში, ზღვაში და არ გახდეთ „წყალწაღებულები“, სანაპიროზე ხავსიც არ იქნება, რომ ჩაეჭიდოთ, ამიტომ არ ღირს… ესეც არ იყოს, დაგინახავენ და იტყვიან: „შეხედეთ, შეხედეთ, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო“ – და მიუხედავად იმისა, რომ წყალწაღებული იქნებით, ეს შეფასება მაინც არ მოგეწონებათ…

უბრალოდ, ესაუბრეთ წყალს… მოუყევით, რა გაწუხებთ… სიტყვების თავიც არ გაქვთ  და გგონიათ, რომ დიალოგი და ფიქრი მხოლოდ ვერბალური და ლინგვისტური შეიძლება იყოს…? არამც და არამც… შეგიძლიათ, წარმოსახვა, ფანტაზია ამუშაოთ, სცენარი თქვენვე დაწეროთ, პერსონაჟები უკვე გყავთ: თქვენ და ზღვა (წყალი, მდინარე…), დანარჩენსაც ადვილად წარმოისახავთ… არც ფანტაზიის თავი გაქვთ…? კარგი, დაგნებდით… მაშინ სხვა გზაც არსებობს: უბრალოდ, იგრძენით ემოციების დიალოგი, თქვენი შეგრძნებების შეხება ზღვასთან, მერე დაკარგვას იგრძნობთ… და თუ ეს მოხდა, სწორ გზაზე ხართ… დანარჩენი კი რაც მოხდება, უნდა მიამბოთ, რადგან მეც არ ვიცი, ეს ძალიან, ძალიან ინდივიდუალურია…

თუ დამშვიდება არ გინდათ, მაშინ სხვა რეცეპტს გამოგიწერთ, ეს აკაკი წერეთლის რეცეპტია:

„ზღვაო, აღელდი, აღელდი, ქარტეხილს დაემორჩილე!

აამთაგორე ტალღები, კიდეებს გადააცილე!

მარგალიტების სალარო შენი უფსკრული გულია,

მყუდროების დროს ის განძი ქვეყნისთვის დაფარულია.

მხოლოდ როდესაც მრისხანებ, გულს უხსნი მზეს და მთვარესა,

იმ მარგალიტებს შესტყორცნი შენ შემკვრელს არემარესა.

პოეტო! ნურც შენ ეკრძალვი მრისხანე გულის ღელვასა!..

ძილის დროს ქუხილს ნუ მოშლი და სიბნელის დროს ელვასა!“

მიხვდით, რატომ არის საინტერესო სევდა, აღელვება, სიბრაზე, შფოთი, ბრაზი, აგრესია…? არ გჯერათ ჩემი, მაგრამ აგერ აკაკის დაუჯერეთ. თურმე მაგ დროს რა ხდება: ადამიანის გული ხომ ზღვაა და თუ ადამიანის გული ზღვაა, მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ზღვის ფსკერზე განძი გაქვთ დამარხული… ვიცი, თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ აქ მე, პოეზიის და ადამიანთა გრძნობების დასტაქარს, უნდა მენდოთ, მე კი გეუბნებით, რომ თქვენი გული განძსაცავია და ამის შესახებ თქვენ არაფერი იცით და ამის შესახებ როდის გაიგებთ? როცა გაბრაზდებით, აღელდებით, როცა ტალღები თქვენი გულის ფსკერიდან მარგალიტებს ამოყრის… აი, მაშინ მიხვდებით, რომ ნებისმიერი ადამიანური ემოცია, მხოლოდ თქვენთვისაა და განძიც იმიტომ არსებობს, რომ აღმოაჩინოთ და როცა აღმოაჩენთ, კი არ უნდა შეინახოთ, უნდა დახარჯოთ… განძი უნდა დახარჯოთ, მაგრამ ახლა ალექსანდრე საჯაიას ლექსს წაგიკითხავთ (არ ვიცი, საიდან გამახსენდა… უფრო სწორად, ვიცი… „დაუხარჯავ ცრემლების ფასზეა“ აქ ლაპარაკი და არა მარტო…), ესეც აღელვებულთა დასამშვიდებელ წამლების კატეგორიაში მაქვს…

შეგიძლიათ, ზღვას ძებნა არ დაუწყოთ და არც მტკვრისკენ დაადოთ თავი, თუ შეყვარებული ხართ (თუ არ ხართ, სულ ამაოდ წაიკითხეთ ეს სტატია, „წყალში ჩაგეყარათ“ შრომა…), შეყვარებულს ჩახედეთ თვალებში და მისი თვალების სიღრმე ზღვად იქცევა….

ფინალისთვის იყოს ამ ლექსის აბი….

„თქვენი თვალები, ზღვას რომ ბაძავენ,
მე მზის ვიგრძენი გულში ისარი.
დღეს ყველა ქარი ფრენას მაძალებს,
და ეს ავდარიც ალბათ ზღვის არი.

ავგული იყოს და ჯავშნიანი
ფოლადი რეკდეს ქარიშხლის ხმაში,
ზღვის ღელვა – ლურჯი კაბის შრიალი,
ზღვის მსხვრევა – თეთრი ხელების ტაში. . .

ჩემი ხომალდი გადურჩა ავდარს
და საუნჯეთა მფლობელი არის,
მას ვარსკვლავები ტყვეებად ჰყავდა,
მან დაატყვევა ყოველი ქარი.

ჩემი ხომალდის გზა – სიყვარული,
თეთრი და ირმის ნახტომის მსგავსი…
ჩვენ ვიცით მარტო გულის ფარულის
და დაუხარჯავ ცრემლების ფასი.“

 (ალექსანდრე საჯაია, ავდარი)

(ბოლო სტრიქონთან მაქვს მცირე შენიშვნა: დახარჯეთ ცრემლებიც, ფასი არ დაეცემა, უფრო მოიმატებს! – მრავალგზის გამოცდილებიდან არის ეს მინიშნება).

ეს აბები შეგიძლიათ მიიღოთ თანმიმდევრობით, თუ რომელიმე მწარედ მოგეჩვენათ, დაეხსენით… გვერდითი მოვლენები არცერთს არა აქვს…

გამოჯანმრთელდით…. ღმერთიც თქვენი მ-წყალ-ობელია…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი