შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

თანამედროვე განმანათლებლები

ოთხი წლის წინ ჩვენი შვილისთვის სკოლის არჩევის დრო რომ დადგა, გაზაფხულზევე ჯერ ახლომახლო საჯარო სკოლები დავზვერე. ერთ-ერთში, ფეხით სავალ მანძილზე რომ არის, კარგი მასწავლებელიაო, მითხრეს. მივედით ამ კარგთან. ვთხოვე, მთელი ზაფხული რომ არ ვინერვიულოთ მე და ჩემმა შვილმა და თქვენც იცოდეთ, როგორი გეყოლებათ ერთ–ერთი მოსწავლე, კარგი იქნება გაიცნოთ ერთმანეთი–მეთქი. კეთილიო. მივედით დათქმულ დღესა და დროს… დაგვხვდა „ჩამოღვენთილი“ და „ჩამქრალი“ ეს კარგი მასწავლებელი, მეტად აღარ მივსულვართ… მართლა კარგი რომ დაგვხვედროდა, არად ჩავაგდებდი სასადილოში მიმავალ, იქაურობის არმცოდნესათვის კისრის მოტეხვის საფრთხის შემცველ ჩაბნელებულ დერეფანს, ზოგად უღიმღამობას… რადგან კარგები ანათებენ ნაცრისფერ გარემოს.

იმედია, არავის გავაბრაზებ, თუკი ვიტყვი, რომ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ზოგადად მასწავლებლები „ჩამოღვენთილები“ არიან. ცხადია, ამის მრავალი მიზეზი აქვთ და ახლა თავს აღარ შეგაწყენთ. რაც მახსოვს, ბოლო 35–40 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლება ცვლილებათა დიად ტალღას მასწავლებლებით იწყებს… იწყებს და სადღაც ჩერდება… ამასაც აქვს თავისი ცხადი და დაფარული მიზეზები…

ამასობაში თაობები იწყებენ და ამთავრებენ სკოლას. ამასობაში გარშემო ყველა წუხს არშემდგარი განათლების სისტემის გამო. ამასობაში სტუდენტი იტყვის, რომ სკოლის წლები მისთვის არარსებული წლებია, სკოლაში პრაქტიკაზე მისულ სტუდენტებს ეტყვიან, რომ პატრონი არ ჰყავთ, თორემ მასწავლებლობისთვის ვინ გაიმეტებდა…

ამასობაში გადის განათლების უდაბნოს 40 წელი და მძიმე დარდი გაწვება გულზე იმის გამო, რომ თითქმის არაფერი შეცვლილა…

https://www.facebook.com/100009165324722/videos/1732005950448232/

ჩემი ქართულის მასწავლებელი ცისანა კანკავა და გეოგრაფიისა ნორა ტარიელაშვილი უღიმღამო საბჭოთა სკოლას აფერადებდნენ. ახლა უკვე ვიცი, რის ხარჯზე აკეთებდნენ ამას… საკუთარი საქმისა და მოსწავლეების (ზოგადად, ადამიანების) სიყვარულის ხარჯზე. ცისანა კანკავა საუბარს რომ დაიწყებდა, რეალობა ქრებოდა და სხვა სამყაროში ხვდებოდი… ეს სხვა სამყარო ნორა მასწავლებლის შემთხვევაში გეოგრაფიის კაბინეტის ზღურბლიდანვე იწყებოდა. რას არ ნახავდით ამ ოთახში! მარტო თოკზე მოსრიალე ათობით სხვადასხვაგვარი რუკის გამოჩენა-დამალვა რად ღირდა… პირველად იქ ვიფიქრე, რომ ცოდნას რაღაც სრულიად სხვაგვარი, განუმეორებელი სიმშვიდე მოაქვს-მეთქი…

ერთ-ერთ რეგიონში დაწყებით კლასებში მასწავლებელი ბავშვებს მატყლს უხსნიდა. მატყლის ფთილა ხომ არ აჩვენა (იფიქრებთ, ადამიანია, დაავიწყდაო), მთელი გაკვეთილი ისე ისაუბრა, რომ ბავშვებს შალის ტანსაცმელზე არც კი მიუთითა და არ უთხრა, ეს მატყლისგან არის დამზადებულიო. არადა, ზამთარი იდგა და ამის გაკეთება სულ ადვილი იყო.

ასეთი სწავლება და სწავლა ყველაფერს აუფერულებს და, პირველ რიგში, პროცესის მონაწილე ადამიანებს. არ შეიძლება ასეთი გულგამოჭმული განათლებისთვის ან თავი გაიმეტო, ან ბავშვები. ჩემი აზრით, სწავლა-სწავლება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვაგვარი ურთიერთობა, ჭურჭლის ავსება-დაცლას ჰგავს – თუ არ დაიცალე, ვერც აივსები. ვეღარ აივსები… აქ ისეთი მიზეზები, როგორიცაა, ამ ხელფასად, ამ პირობებში, ასეთი უმადურებისთვის თავი როგორ გავიმეტო, ცოდო არ ვარ… არ გამოდგება. არ გამოდგება, რადგან როგორი წონიანიც უნდა იყოს მიზეზი, „თავის არგამეტების“ შედეგი – ჩამქრალთვალებიანი მოსწავლეები – უზომოდ დამთრგუნველია. თავის შეცოდებას და არგამეტებას შედეგად საშიშად ერთფეროვანი და უსურვილო ყოველდღიურობა მოსდევს.

ჩემი აზრით, დღევანდელი მასწავლებელი ნამდვილი განმანათლებელია, რომლისთვისაც მოსწავლის სხეულის, გონებისა და გულის ჰარმონიის მიღწევა უპირველესი საზრუნავია.

თავისუფალი ლექსიკონის განმარტებით, მასწავლებელი, ზოგიერთ კონტექსტში განმანათლებელი, განათლების თეორიისა და პრაქტიკის სპეციალისტია, რომელიც სხვებს ცოდნის, კომპეტენციისა და ღირებულებების დაუფლებაში ეხმარება[1].

ის ნათლის მომფენი და ყველასათვის სინათლის მიმწვდენია[2]. ის ცდილობს უმწიფრობის კომფორტულობა არაკომფორტული გახადოს მოსწავლეებისთვის. მშვენივრად იცის, რომ „უმწიფრობაში ყოფნა ძალზე კომფორტულია. თუ მაქვს წიგნი, რომელიც განსჯას შემიცვლის; მოძღვარი, რომელიც სინდისის მაგივრობას გამიწევს; ექიმი, რომელიც დიეტას ჩემ მაგივრად განსაზღვრავს და ა. შ. – მაშინ საკუთარი ძალისხმევა აღარ მჭირდება. არ მჭირდება აზროვნება, თუ შემიძლია ფულის გადახდა – სხვები ჩემ ნაცვლად შეასრულებენ მოსაბეზრებელ სამუშაოს“[3].

ასეთ ყოფად არ ღირს სიცოცხლე… უნდა დაეხმარო უმწიფრობიდან თავდაღწევაში, გაადამიანებაში, უნდა გააბედინო საკუთარი გადაწყვეტილების, განსჯის ქონა… კანტისეული Sapere Aude!

P.S. ნორა ტარიელაშვილი შეუძლოდ არის, სახლიდან ვეღარ გამოდის და სკოლიდან გაცილებას დამპირდნენო… დღესაც ელოდება…

[1] https://www.thefreedictionary.com/educator

[2] https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=14046

[3] https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/kanti.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი