ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

თავისუფალი გაკვეთილის შესახებ -საერთაშორისო გამოცდილება

ამ ბოლო დროს აქტიურად მიმდინარეობს საუბარი თავისუფალი გაკვეთილის შესახებ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივა ასეთი გაკვეთილების გრანტით დაფინანსების შესახებ ახალ პერსპექტივებს სთავაზობს სკოლებს. ამ იდეის განხორციელების მოსალოდნელი შედეგები მრავალმხრივ არის საინტერესო. ის, უპირველეს ყოვლისა,  მნიშვნელოვანია:

  • მოსწავლეთა ინტერესების დადგენისა და დაკმაყოფილების თვალსაზრისით;
  • საზოგადოების წარმომადგენელთა სკოლებთან დაახლოებისათვის;
  • პროფესიული ორიენტაციისათვის;
  • სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის;
  • სოფლის სკოლების განვითარებისა და კულტურულ ცენტრებად გადაქცევისათვის.

თავისუფალი გაკვეთილები მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვის ხელშეწყობისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა ხომ უპირველესად თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებების, მისი ინტერესებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გათვალისწინებას ნიშნავს.

თავისუფალი გაკვეთილის არსი თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში არის ის, რომ განუვითაროს მოსწავლეებს აკადემიურთან ერთად სოციალური უნარები, დააკმაყოფილოს მათი ინტერესები, მისცეს მოსწავლეებს თვითგამოხატვისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა და, ამავდროულად, არჩევანის თავისუფლება. არჩევანის თავისუფლების რა ხარისხს გულისხმობს ასეთი გაკვეთილი და მიეკუთვნება ის ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებას? ამ კითხვებზე პასუხი სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში სხვადასხვანაირია. გთავაზობთ თავისუფალი გაკვეთილის ჩატარების გამოცდილების მოკლე მიმოხილვას:

  • ამერიკული განათლების სისტემაში ეს არის არაფორმალური, კლასგარეშე განათლება, რომლის მიზანია პრაქტიკული უნარ-ჩვევების, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის უნარების განვითარება. თავისუფალ გაკვეთილზე მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება გამოიყენონ საკლასო და საოჯახო რესურსების ფართო სპექტრი, კლასში თუ კლასგარეთ მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ეს არის სწავლა-სწავლების ინტერაქტიური ფორმა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს CTEM-ის, ფინანსური წიგნიერების, ეკოლოგიური განათლების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხებს… ხელს უწყობდეს სასიცოცხლო უნარჩვევების განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მოსწავლეები ერთიანდებიან ჯგუფებად ინტერესების მიხედვით, თუმცა საკითხთა წრეს განსაზღვრავს მასწავლებელი (ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მოსწავლეებიდანაც წამოვიდეს  კონკრეტული საკითხის დამუშავების ინიციატივა). სფერო შეიძლება იყოს სხვადასხვა:
  • სოციალური (მაგალითად, ცნობილი ამერიკელები და მათი როლი სამოქალაქო ღირებულებების ჩამოყალიბებაში, მთავრობის იმიგრაციული პოლიტიკა და მოქალაქეობა, საპრეზიდენტო არჩევნების ტექნოლოგია ისტორიულ ჭრილში, როგორ იქმნება კარიერა, როგორ გავუმკლავდეთ ყოფითი ხასიათის პრობლემებს და სხვ.),
  • სამეცნიერო (მაგალითად, მთვარის ფაზები და მათი გავლენა ადამიანების ქცევასა თუ ჯანმრთელობაზე, სამკუთხედები და მათთან დაკავშირებული თეორემები, სტატისტიკის ძირითადი კონცეფციები და მათი გამოყენება ზაფხულის არდადეგების შესახებ მიღებული ინფორმაციის დასამუშავებლად და ა.შ.),
  • წაკითხულის გაგება-გააზრება (მაგალითად, ახალი ბეტსელერის ერთობლივი კითხვა და ანალიზი),
  • ხელოვნება (მაგალითად, მუსიკისა და სიტყვიერების კავშირი / ურთიერთგავლენა),
  • ისტ-ი (კომიქსების, ელექტრონული წიგნების შექმნა)

და სხვა.

თავისუფალი გაკვეთილის ფორმა შეიძლება იყოს დებატები, თავისუფალი დისკუსიები, ე.წ. TED-კონფერენციები / შეხვედრები.

  • რუსეთში თავისუფალია გაკვეთილი, რომლის ინიციატივაც მოდის თავად მოსწავლეებიდან და ის ფორმალური განათლების შემადგენელი ნაწილია. ეს არის საქმიანობა ინტერესების მიხედვით. ხშირად ხდება ისე, რომ გაკვეთილზე არ რჩებათ მოსწავლეებს დრო, დაკავდნენ იმით, რაც უნდათ და აინტერესებთ. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი მისცემს მოსწავლეებს ამის საშუალებას, მისი ამოცანაა, გარდაქმნას მოსწავლეთა ინტერესი სასწავლო სიტუაციად, ხელი შეუწყოს ინტერესების მიხედვით ჯგუფებად ჩამოყალიბებას. მას შემდეგ, რაც ამოიწურება დრო (იგულისხმება საგაკვეთილო დრო), მასწავლებელი იწყებს გაკვეთილის განხილვას. შეკითხვები ისეა ჩამოყალიბებული, რომ, ერთი მხრივ, მასწავლებელმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს მოსწავლეთა ინტერესების დაკმაყოფილების, მათი სწავლის სტილის, ემოციური მდგომარეობის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, გააზრებინოს მოსწავლეებს, აირჩიეს თუ არა სწორი მეთოდოლოგია (მეტაკოგნიტური უნარები). ასეთ გაკვეთილებზე მოსწავლეები დგებიან ექსპერტების როლში. ისინი პოულობენ პასუხებს შეკითხვებზე: რა მინდა გავაკეთო? რა მაინტერესებს? გავუმკლავდები თუ არა არჩეულ საქმეს მარტო და თუ – არა, ვისი დახმარება დამჭირდება? მეყოფა თუ არა ერთი გაკვეთილისათვის გამოყოფილი დრო? თუ – არა, როდის და სად გავარძელებ ამ საქმიანობას?  მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს დავეხმაროთ საჭირო რესურსებისა თუ ადამიანების მოძებნაში, შეხვედრების ორგანიზებაში. ასე რომ, საქმიანობა შეიძლება გადავიდეს გაკვეთილის ფორმატიდან არასაგაკვეთილო, კლასგარეშე ფორმატში. შეიძლება და სასურველიცაა მშობლების ჩართვა. თავისუფალი გაკვეთილისადმი მოსწავლეთა სერიოზული დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად მიზანშეწონილია ასეთი გაკვეთილების წინასწარ დაგეგმვა, სამუშაო გარემოს მოწყობა და წესებზე შეთანხმება.
  • გერმანიაში ასეთი გაკვეთილისათვის არსებობს ტერმინი „ღია გაკვეთილი (სწავლება)“. ის მოსწავლეს აძლევს სოციალური ფორმის, შინაარსისა და მეთოდოლოგიის არჩევის თავისუფლებას. გათვალისწინებულია მათი სურვილები და ინტერესები, თუმცა მხარდამჭერები არიან უფროსები (მასწავლებლები, ადმინისტრაცია, მშობელთა გაერთიანებები, თემი). ეს არის საქმიანობის კლასგარეშე ფორმა, თუმცა ის შეიძლება კლასში, გაკვეთილზეც, დაიწყოს. დროთა განმავლობაში ყალიბდება სტაბილური ჯგუფები, გაერთიანებული ერთი ინტერესით, და ისინი უკვე ნაკლებად არიან დამოკიდებული მასწავლებლებზე. ასეთ გაკვეთილებს ახასიათებს:
    • ორგანიზაციული თავისუფლება (მოსწავლეები თავად განსაზღვრავენ დროს / ვადებს, სივრცესა და იმას, ვისთან და რა ფორმით ითანამშრომლონ);
    • მეთოდოლოგიური თავისუფლება (როგორ იმუშავებენ, რა მეთოდოლოგიურ მიდგომას გამოიყენებენ);
    • შინაარსობრივი თავისუფლება (რა თემაზე სურთ მუშაობა);
    • სოციალური თავისუფლება (თავად ადგენენ წესებს, თავად განსაზღვრავენ პრიორიტეტულ ღირებულებებს).

გერმანიაში „ღია გაკვეთილის“ ფორმებია: პროექტები, აღმოჩენით სწავლა, სემინარები, თვითმიმართული / დამოუკიდებელი სწავლა.

  • საფრანგეთშიც, გერმანიის მსგავსად, ასეთი გაკვეთილისათვის არსებობს ტერმინი „ღია გაკვეთილი“. ეს არის გაკვეთილი, გამდიდრებული ინოვაციური შინაარსითა და ინოვაციური მეთოდოლოგიით. ასეთი გაკვეთილისათვის საჭიროა გამდიდრებული სასწავლო მასალები კონკრეტულ თემაზე, თემის შესაბამისად საკლასო ოთახის მოწყობის გეგმა, ტექნოლოგიების გამოყენების მოკლე გზამკვლევი. გაკვეთილის თემა წინასწარ ეგზავნება როგორც მოსწავლეებს, ისე ყველა სხვა დაინტერესებულ პირს (ეს შეიძლება იყვნენ სხვა მასწავლებლები, მშობლები), ასევე ეგზავნება წასაკითხი და ვიზუალური მასალის ჩამონათვალი. მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია კონკრეტულ თემაზე მათი ინტერესების შესაბამისად, აიღონ ინტერვიუები საზოგადოების წარმომადგენლებისაგან, იმ საკითხის ექსპერტებისაგან, რომელზეც მუშაობენ, გამოიკვლიონ საზოგადოებრივი აზრი დასამუშავებელი თემის ირგვლივ და ა.შ.

ყველგან თავისუფალი გაკვეთილის მიმართ მოთხოვნებში ერთ-ერთია მოსწავლეთა ჩართულობა. სფეროებისა და მეთოდოლოგიის არჩევის შესაძლებლობა, განმსაზღვრელი შეფასების არარსებობა და აქცენტი განმავითარებელ უკუკავშირზე, მხარდაჭერასა და ხელშეწყობაზე ორიენტირებული სასკოლო გარემო (არა მარტო ფიზიკური, არამედ ინტელექტუალური და მორალური) უზრუნველყოფს ყველა ინტერესისა და შესაძლებლობის მოსწავლის ჩართვას. მეორე კრიტერიუმი უკავშირდება იმას, თუ რამდენად უწყობს ხელს ასეთი გაკვეთილი მოსწავლის დამოუკიდებელ შემსწავლელად ჩამოყალიბებას. კრიტერიუმებს შორის არის აქცენტი სოციალური უნარების განვითარებაზეც.

ასე რომ, თავისუფალი გაკვეთილი მოსწავლეებს მრავალმხრივ პერსპექტივას უშლის. წარმატება ვუსურვოთ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ამ ინიციატივას…

   მაია ინასარიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი