ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რისთვის გვქირაობს სახელმწიფო ?

დიახ, სახელმწიფო მასწავლებლებს გვქირაობს – კონკრეტული მიზნით, კონკრეტული საქმიანობისათვის, კონკრეტული მოვალეობის შესასრულებლად და არა მხოლოდ იმისათვის, რომ გვიყვარდეს ბავშვები, არც მხოლოდ რომელიმე საგნის სწავლებაა ჩვენი დასაქმების მიზანი, მით უფრო, არ უნდა გვეგონოს, რომ მასწავლებლად დაგვიქირავეს ლამაზი თვალების, ბავშვებისათვის „დედიკოს“ ძახილისა და მოსწავლეებისათვის იმის მტკიცების გამო, რომ მათზე დარდით ღამეებს თეთრად ვათენებთ.

არა, მასწავლებლები სხვა რამის გამო დაგვიქირავეს – ჩვენ განათლების სფეროში სახელმწიფოს ეროვნული პოლიტიკის მიზნების გამტარებელი უკანასკნელი და უმთავრესი რგოლი ვართ. რაც გინდა წერონ კანონებში, რა მეტაფორებითაც არ უნდა ილაპარაკოს განათლების მინისტრმა, რა დადგენილებებიც არ უნდა მიიღოს მთავრობამ, პარლამენტმა, თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ, თუ ჩვენ არ გვესმის და, შესაბამისად, ვერც  მოსწავლეს ვაგებინებთ, მაშინ ამაოა იქ, ზემოთ, წერა-კითხვა, მსჯელობა, ფიქრი, კანონშემოქმედებითი საქმიანობა .

სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია, რომ განათლების სისტემის მოწყობა, კერძოდ, სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესი, სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: განათლების და სწავლების შინაარსი (რა ვასწავლოთ?), სწავლების მეთოდოლოგია (როგორ ვასწავლოთ?) და მასწავლებელი (ვინ ასწავლოს?). ამ სამი მიმართულების პრაქტიკული რეალიზაცია სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ  მეთოდოლოგიურ პრინციპებზე დაყრდნობით უნდა ხდებოდეს, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრული უნდა იყოს სახელმწიფოს პოლიტიკური პოზიციით – როგორი მოქალაქის აღზრდა სურს მას. ეს პოზიცია არის განათლების მიზანი (ვინ აღვზარდოთ?). როგორც მსჯელობიდან ვხვდებით, სწორედ ამ უკანასკნელით, განათლების პოლიტიკის განსაზღვრით, იწყება სახელმწიფოში ზოგადი განათლების სფეროში ყველანაირი მოქმედება, მათ შორის პედაგოგთა დასაქმებაც.

 ჩვენ, მასწავლებლებს, გვქირაობენ, რათა განათლების სფეროში არსებული უმთავრესი პოლიტიკის დოკუმენტი – „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები“ სასკოლო ცხოვრებაში განვახორციელოთ. აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ, სკოლა დაცლილი/დაცული უნდა იყოს პოლიტიკისგანო, ფაქტობრივად, სასაცილო მდგომარეობაში ვიგდებთ თავს. თუ დავუკვირდებით, პირიქითაა, სწორედ სკოლა წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ ერთ-ერთ მძლავრ, უმთავრეს სუბიექტს, რადგან იგი სახელმწიფოს მიერ სტრატეგიული ხედვის შესაბამისად შემუშავებულ პრინციპებს უშუალოდ საგაკვეთილო პროცესში ნერგავს და ავითარებს (აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეს მიზანი პოლიტიკურ-ეკონომიკური პლატფორმის ცვლილებასთან ერთად იცვლება და მოდერნიზდება). ამგვარად, მასწავლებლებიც ჩვენი საგნის ფარგლებში ვახორციელებთ სახელმწიფოს ხედვას – ვზრდით ისეთ ადამიანს, როგორსაც ქვეყნის პოლიტიკა გვკარნახობს. სწორედ ამაში ხედავს სახელმწიფო ჩვენს დანიშნულებასა და საღმრთო ვალს, სწორედ ამისთვის გვქირაობს.

როდესაც სახელმწიფო განსაზღვრავს, როგორი პროდუქტი უნდა მიიღოს ზოგადი განათლების საფეხურდამთავრებული მოქალაქისაგან, შემდეგ იწყებს მუშაობას განათლების პოლიტიკის მიზნის მისაღწევი შინარსის შექმნაზე. შესაბამისად, აღზრდის მიზანს ექვემდებარება განათლებისა და სწავლების  შინაარსიც (რა ვასწავლოთ?). ჩვენს შემთხვევაში განათლების შინაარსის დოკუმენტს წარმოადგენს ეროვნული სასწავლო გეგმა. მისი შემუშავება, ანუ იმ სასწავლო მასალის დადგენა, რომელსაც უნდა დაეუფლოს მოსწავლე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, მხოლოდ ,,ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების’’ საფუძველზეა  შესაძლებელი. თავის მხრივ, ესგ-ის დოკუმენტი წარმოადგენს ცოდნათა და უნარ-ჩვევათა კრებულს, რომლის მიზანი პატრიოტი, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი ადამიანის აღზრდაა. შესაბამისად, გამოდის, რომ სახელმწიფოს პედაგოგიური საზოგადოება სჭირდება განათლების სფეროში პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად, რისთვისაც ხელთ გვაძლევს დოკუმენტს და გვთხოვს, საგაკვეთილო პროცესი მას დავაფუძნოთ. ესეც მეორე მიზეზი ჩვენი დაქირავებისა.

 ცალკე აღნიშვნის ღირსია დამსაქმებლისგან დაკვეთილი განათლებისა და სწავლების მეთოდოლოგიის (როგორ აღვზარდოთ?) ფლობა, რომლის ხასიათიც, ასევე, აღზრდის მიზნითაა განპირობებული. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის სწავლების ეფექტურობა, ვფიქრობთ, დიდწილადაა დამოკიდებული მასწავლებლის მიერ არჩეულ ცოდნა-ჩვევების გადაცემის ხერხზე. მეთოდოლოგია, რომელსაც მასწავლებელი იყენებს სწავლებისას, ყველაზე მეტად განაპირობებს პიროვნების ამა თუ იმ სპეციფიკური უნარის ფორმირებას სწავლა- აღზრდის პროცესში. უნდა ითქვას, რომ თუ ადრე მეთოდიკის სახელმძღვანელოები მკაცრად უნიფიცირებულ და კონტროლირებად ხასიათს ატარებდა, ამჟამად მათი რაოდენობა უზღვავია და  სწორედ პედაგოგის დიდოსტატობაზეა დამოკიდებული სწორი არჩევანი. შესაბამისად, სახელმწიფოც ამ არჩევანის მართებულობისათვის გვქირაობს.

დაბოლოს, მასწავლებელი (ვინ ასწავლოს?) – ადამიანი, რომლის გარეშე ჩემ მიერ ზემოთ ნამსჯელს იოტისოდენა ფასიც არ აქვს. სკოლაში სწავლების ხარისხსა და ეფექტურობას განსაზღვრავს მასში მოღვაწე პედაგოგიური პოტენციალი – თავისი ცოდნით, უნარებითა და პიროვნული თვისებებით. სავსებით ნათელია, რომ როგორიც არ უნდა იყოს სახელმწიფოს მიზანი განათლების მიმართ, მის მიერ შემუშავებული დოკუმენტების ხარისხი და, ზოგადად, სახელმწიფოს დამოკიდებულება სასკოლო სისტემისადმი, სწორედ მასწავლებელია სასწავლო პროცესის წარმმართველი, ძალა, რომლის ხელითაც რეალიზდება ყველა სახელმწიფო დოკუმენტი. განათლების სისტემის საკანონმდებლო რეგულაციები, სტანდარტები და სხვა მისთანანი ჩვენს ხელში ან ქმედით ძალას იძენს ან სრულიად უფასურდება. სწორედაც ამიტომ, გაიაზრა რა  სამასწავლებლო კადრის მნიშვნელობა, სახელმწიფომ პედაგოგობა რეგულირებად, განსაკუთრებულად ყურადღებამისაქცევ პროფესიად დასახა და დაუწესა ნორმების წყება – კანონები, სტანდარტები, სქემები, კითხვარები, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებები და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ. და ეს ყველაფერი, ალბათ, იმისთვის, რომ არ მოვდუნდეთ, არ ჩაგვეძინოს, არ შევწყვიტოთ კითხვა, განვითარება და უმთავრეს მიზანს – ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალ პიროვნების ჩამოყალიბებას – ხინჯი რამ არ მოვსდოთ. ვინ ვინ და სახელმწიფომ ყველაზე კარგად იცის, რომ უმასწავლებლებოდ, უჩვენოდ, ისეთივე ავ დღეში ჩავარდება, როგორშიც ნაცარქექია ჭყინტი ყველისა და სადგისის გარეშე. ჰოდა,  თავს ზემოთ ძალა არაა  და  ამიტომაც გვქირაობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი