რობერტი – კლარა – იოჰანი

მუსიკა უნივერსალური ხელოვნებაა. როდესაც რაიმეს გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელი ხდება, კომპოზიტორები თავიანთ ყველაზე ხელშეუხებელ და მძაფრ განცდებს ბგერების საშუალებით გადმოსცემენ.

 

შეუძლებელია რობერტ შუმანზე საუბრისას არ გაგვახსენდეს მისი მუზა, მეუღლე კლარა ვიკი და იქვე იოჰან ბრამსი. გამოვკვეთოთ რამდენიმე შტრიხი რობერტის არცთუ მარტივ ურთიერთობაზე 9 წლით უმცროს მეუღლესთან და კლარაზე 14 წლით უმცროს ახალგაზრდა კომპოზიტორ იოჰან ბრამსთან. სამი ადამიანის გულში ჩასახული მთრთოლვარე გრძნობები, ეს სასიყვარულო სამკუთხედი მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოებული ისტორიაა.

დასაწყისში რობერტისა და კლარას ცხოვრება იდეალურ შთაბეჭდილებას ქმნიდა. ამ უსაზღვროდ შეყვარებულ წყვილს ერთმანეთის მუდამ უსიტყვოდ ესმოდა. მათ ძალიან უყვარდათ იმ წუთს შექმნილი ნაწარმოებების ერთმანეთისთვის მიძღვნა საჩუქრის სახით. ოჯახის შექმნის შემდეგ, დროთა განმავლობაში უნიჭიერესი პიანისტი – კლარა ვერ ეგუებოდა აზრს სცენის დატოვების შესახებ. რობერტის თხოვნით მეუღლეს თავი მთლიანად ოჯახისთვის უნდა მიეძღვნა… კლარა ხომ მისთვის ისეც უდიდეს პიანისტად რჩებოდა. შეგახსენებთ, კლარა ვიკი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ქალი პიანისტი იყო. ღრმა და ქარიზმატული კლარას დაჩრდილვა ვერ შეძლეს უბრწყინვალესმა ლისტმა, პაგანინიმ. „აღწერა მიჭირს ეს განდგომა რა რთულად დასაძლევია. ბავშვები ვერც კი წარმოიდგენენ რამდენად ძლიერია ჩემი მათდამი სიყვარული, რისთვისაც სიტყვით აღუწერელი მსხვერპლის გაღება მიწევს“, – გულის ტკივილით წერდა კლარა თავის დღიურში.

ქორწინებიდან კლარას და შუმანს 8 შვილი შეეძინათ. უფრო მცირე რაოდენობაც საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ კლარას დაკვრის სურვილი დაეკარგა. იგი მხოლოდ ოჯახური ბედნიერებით ვერ კმაყოფილდებოდა. მაგრამ კლარა ის ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო, რომელიც მოღვაწეობას შეწყვეტდა. სულით ხორცამდე პიანისტი საკონცერტო ცხოვრებას ვერ ჩამოშორდა… მუსიკა მისთვის მეტისმეტად მნიშვნელოვანი იყო!

რობერტი, რომელიც მუსიკაში გრძნობებს წარმოუდგენელი გამომსახველობით გადმოსცემდა, ცხოვრებაში გულჩათხრობილი და ურთიერთობებში მოუქნელი იყო. კლარა კი პირიქით, გახსნილი და არტისტული. განსაკუთრებულად გამახვილებული შეგრძნებების კომპოზიტორი კლარას ხშირად უმეორებდა, როგორ გრძნობდა მის სულს დისტანციაზე, როგორ ხედავდა მის თვალებს ათასობით კილომეტრის დაშორებით. სიყვარულისა და შემოქმედებითი ბედნიერების მიუხედავად, გულის სიღრმეში ფარულ ტკივილს – გონების დაბინდვის მუდმივ შიშს ატარებდა.

1853 წელს, ოქტომბრის თვეში ცოლ-ქმრის ურთიერთობა სერიოზული გამოცდის წინაშე დადგა. მოსიყვარულე ოჯახში იოჰან ბრამსის სტუმრობით სამი მუსიკოსის ცხოვრების გზები სამუდამოდ გადაიკვეთა. „იგი ჩვენ წინ იდგა, როგორც ღმერთის დესპანი. იოჰანი გატაცებით უკრავდა საკუთარ ნაწარმოებებს აღსავსეს ფანტაზიებით, გულწრფელობითა და ოსტატობით. ახალგაზრდა კომპოზიტორის წარმოსაჩენად რობერტმა ბევრი რამ გააკეთა. მაგრამ ვინ იცის, რა ხდებოდა მის სულში?..“ – იხსენებდა კლარა.

რობერტ შუმანს არ გამოჰპარვია 20 წლის ბრამსის შეყვარებული მზერა მისი უმშვენიერესი 35 წლის მეუღლის მიმართ. ვინ იცის, გულის სიღრმეში რამდენჯერ უკითხავს კლარასთვის ფრანსუაზა საგანის რომანიდან გულის გამგმირავი ორი სიტყვა – „გიყვარს ბრამსი?“. მართლაც, უყვარდა კლარას ბრამსი? შეუძლებელი იყო რობერტს არ ეგრძნო იოჰანსა და კლარას შორის სიყვარულისა და ვნების მზარდი ვიბრაცია, რაც შეყვარებული მუსიკოსების სამჯერად ბგერაში რეზონირებდა. რობერტის ბგერა ყველაზე გულმოკლული ბგერა იყო.

მძიმე ნერვული დაავადების გამო რობერტი საზოგადოებისგან უფრო და უფრო იზოლირებული ხდებოდა. ეს განმარტოება – გარშემომყოფებთან საურთიერთობო უნარის დაკარგვა წარმოუდგენლად რთული იყო პირველ ყოვლისა მისთვის და შემდეგ საყვარელი ადამიანებისთვის. ჭეშმარიტად ტრაგიკულია გონების დაბინდვა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქა-იქ სიცხადის დაბრუნებისას ადამიანი თავად გრძნობს ჭკუიდან შეშლას, რაც მას საბოლოოდ გულს უკლავს და ანადგურებს.

როგორც არაერთხელ თქმულა, ხელოვანები ოსტატობის პიკში სიგიჟის ზღვარზე არცთუ იშვიათად აღმოჩენილან. კლარასთვის ყოველივე ეს – საყვარელი ადამიანის ჩრდილის ცქერა სრულიად გაუსაძლისი იყო.

კლარას დაკარგვის ცნობიერი თუ არაცნობიერი შიში მის მყიფე მენტალურ ბალანსს სუიციდის მხარეს გადაწონის. მაგრამ აქაც მარცხდება… წარუმატებელი თვითმკვლელობის გამო. რობერტმა ჩამოცილება არჩია, რომ მძიმე დეპრესიული შემოტევებით უსაყვარლესი კლარა არ აეღელვებინა. სულიერად დაავადებულთა ჰოსპიტალში საკუთარი სურვილით მოხვდა.

რობერტის გარდაცვალებამდე და განსაკუთრებით მის შემდეგ ბრამსი ბუნებრივად გახდა ამ ოჯახის განუყოფელი ნაწილი. იოჰანი კლარასთვის იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე უბრალოდ ოჯახის ახლობელი, მეგობარი თუ სულის ჩამდგმელი. ერთგული იოჰანი კლარასა და მის შვილებზე ზრუნავდა, მუსიკის გაკვეთილებით მოპოვებული ფულით ოჯახის სამეურნეო საკითხებს აგვარებდა. ცხადი იყო, იოჰან ბრამსი უგონოდ იყო შეყვარებული 14 წლით უფროს არაორდინარულ კლარაზე. იგი ქმნიდა მუსიკას, რომელიც სასიყვარულო ვნებებით სუნთქავდა. ამ სიყვარულით შექმნა უნგრული ცეკვები ოთხ ხელში. როგორც ჩანს, ნაწარმოების შესრულებისას საშუალება ეძლეოდა რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო საოცნებო ადამიანთან. შესაძლოა ეს შეყვარებული ადამიანის უწყინარი ფანდიც იყო.

როგორც ცნობილია მათ ფიზიკური სიახლოვე არ ჰქონიათ (ალბათ რობერტის დიდი პატივისცემის გამო), თუმცა მათი ცხოვრება აღსავსე იყო უმაღლესი სულიერი და შემოქმედებითი სიყვარულით.

კლ

კლარა შუმანისა და იოჰან ბრამსის წერილები მათ მღელვარე სიყვარულზე უტყუარად მეტყველებს. პედაგოგისა და კომპოზიტორისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, სიყვარულით „მომაკვდავმა“ იოჰანმა კლარას სიყვარულისგან თავის დაღწევა ვერ მოახერხა. ასეთი დიდი სიყვარულის მიუხედავად, რობერტის გარდაცვალების შემდეგ მათ ამ თავისუფლებით არ უსარგებლიათ. კლარა შუმანი არასდროს გამხდარა კლარა ბრამსი. ბრამსი არასდროს დაქორწინებულა.

კლარასა და იოჰანის ამაღელვებელი რომანტიკული სიყვარული დასრულდა, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა მთელი სიცოცხლე (40 წელი) გრძელდებოდა.

საინტერესოა, რომ კლარა საკონცერტო მოღვაწეობას 72 წლის ასაკამდე ეწეოდა. ის მხოლოდ შუმანისა და ბრამსის ნაწარმოებებს ასრულებდა. 1896 წელს კლარა ინსულტით დაავადდა. კლარას გარდაცვალებიდან 9 თვის შემდეგ კიბოთი დაავადებული იოჰანიც გარდაიცვალა.

მუსიკის ისტორიის მკვლევრები დღემდე კამათობენ კლარასა და იოჰანის ურთიერთობაზე. იყვნენ კი ისინი მხოლოდ მეგობრები? (კლარას თხოვნით ქალიშვილის მიერ განადგურდა სასიყვარულო მიმოწერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი). თვით ფაქტი წერილების განადგურებისა მეტყველებს: რა იყო ის, რისი გაზიარებაც უსულგულო სამყაროსთვის კლარას არ სურდა გარდაცვალების შემდეგაც კი.

როგორც მოსწრებულად აღინიშნა, კლარას გარეშე ევროპული მუსიკა საგრძნობლად ღარიბი და მოსაწყენი იქნებოდა, როგორც ის დღიური, საიდანაც ყველაზე საინტერესო ფურცლებია ამოგლეჯილი. ის იყო ქალბატონი, რომელიც რობერტ შუმანის უკვდავ ნაწარმოებებში საუკუნეები იცოცხლებს.

ცხოვრებისეული დრამის მიუხედავად, მაესტრო შუმანმა შეასრულა საკუთარი მისია… შთამომავლობას ულამაზესი იდუმალი მუსიკა დაუტოვა, რომლის ამოცნობას ყოველი მსმენელი დღემდე თავისებურად ცდილობს.

კომენტარები

comments