ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რატომ არ უნდა გვეშინოდეს მასწავლებლობის

წერის დაწყება საკმაოდ რთულია, მით უმეტეს ისეთ თემაზე, რომელთანაც აქამდე შეხება არ გქონია და მხოლოდ შენს მეგობრებთან ერთად თუ გაგახსენდებოდა, ისიც ძალიან იშვიათად. პროცესს კიდევ უფრო საშიშს და საპასუხისმგებლოს ხდის ის, რომ ზუსტად იცი, რასაც ახლა დაწერ, აუცილებლად წაიკითხავენ შენი მასწავლებლები, რომლებსაც სულ რაღაც ხუთი წლის წინ სისხლს უშრობდი, ახლა კი ზიხარ და წერ იმაზე, თუ  რატომ არ უნდა შეგვეშინდეს ვიყოთ მასწავლებლები.

მიმზიდველი და მაცდურია ვინმეს რამე ასწავლო, მაგრამ იზრუნო მომავალი თაობის განათლებაზე და გერქვას მასწავლებელი, სერიოზული გამოწვევაა, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს და უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული.

ითვლება, რომ საქართველოში განათლების დონე არც ისე მაღალია, თუმცა მიიღო ძირფესვიანი და ამომწურავი ცოდნა რომელიმე სპეციალობაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ეს ნებისმიერ მონდომებულ და სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდას გამოუვა, მით უმეტეს კარგი მასწავლებლის ხელში, რადგან საბაზისო ცოდნა და ღირებულებები, რომელსაც სკოლაში ვიღებთ მუდმივად თან გვდევს.

შარშან ერთ-ერთმა სკოლამ კინოს გაკვეთილების ჩატარება შემომთავაზა. ვაღიარებ, სატელეფონო ზარმა ერთდროულად გამახარა და ძალიან შემაშინა კიდეც, საბოლოოდ გასაუბრებაზე მისვლას მაინც დავთანხმდი. დირექტორს სამასწავლებლოში ველოდი და პირველი, რამაც ჩემი შიში კიდევ უფრო გაამძაფრა მასწავლებლების მზერა იყო, რომელსაც გამუდმებით ვგრძნობდი, თითქოს ისინი უთქმელად აკრიტიკებდნენ ჩემს გრძელ, შეკრულ თმას, ვიწრო შარვალს და ფერად მაისურს. სწორედ ამ დროს გავიფიქრე, რომ სკოლის გამოცდილ პედაგოგებს შესაძლოა არ უყვართ ახალგაზრდა კადრი და მათში კონკურენტს თუ არა იმ მეამბოხე ახალგაზრდას ხედავენ, რომელიც წლების წინ საკლასო ოთახში იჯდა და ელოდა, მათი კოლეგა შეცდომას როდის დაუშვებდა, რათა შემდეგ მისთვის დაეცინა და საკუთარი უპირატესობებით ეზეიმა. საბედნიეროდ ეს შიში ნანა მასწავლებელმა გამიქარწყლა, რომელმაც სიამაყით მითხრა 40 წელზე მეტია სკოლაში ვასწავლი და ახალგაზრდის დანახვა ჩვენს პროფესიაში ძალიან მიხარია, ჩემი იმედი გქონდესო.  ეს იყო ჩემი არარსებული სამასწავლებლო გამოცდილების პირველი შემთხვევა, როცა ვიგრძენი, როგორ ცდილობდა ჩემს დახმარებას სკოლის ძველი,  გამოცდილი პედაგოგი თავისივე სურვილით და გამოცდილების გაზიარებასაც დამპირდა.

დირექტორთან გასაუბრებამაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. თითქოს გახარებულიც უნდა ვყოფილიყავი ახალი ამბით,  საკმაოდ საპასუხისმგებლო სამსახური ვიშოვე, ვის არ გააბედნიერებდა ეს? თუმცა  სკოლიდან გამოსულს დიდი დრო არ დამჭირდა დასკვნისთვის, რომ ჩემგან კარგი მასწავლებელი ვერ გამოვიდოდა, არ ვიცოდი რატომ, მაგრამ ერთადერთი რაც თავში მიტრიალებდა, შიში იყო, რომელსაც დროდადრო უამრავი კითხვა ანაცვლებდა. რა უნდა ვასწავლო მე ბავშვებს? ვფიქრობდი და ამ კითხვას თავადვე ვცემდი პასუხს.
რას ქვია, რა უნდა ასწავლო? საგანი კინოზეა, ყველაზე ამოუწურავი და მრავალფეროვანი თემები შენ გექნება, თან ადვილად დაუმეგობრდები ბავშვებს, სკოლა არც ისე დიდი ხნის წინ დაამთავრე და ხომ გახსოვს, ყველაზე მეტად ის მასწავლებელი გიყვარდა, ვისთანაც ქიმია-ბიოლოგიის გარდა სხვა თემებზე საუბარიც შეგეძლო – ვუმტკიცებდი საკუთარ თავს, მაგრამ შიში მაინც არ მტოვებდა, მახსენდებოდა ჩემი კლასი და მასწავლებელი, რომელსაც 25 ბავშვი გამუდმებით აკვირდება და ერთი სული აქვს, რამე შეცდომა დაუშვას, რომ აფთრებივით ჩასაფრებულებმა კბილი გაჰკრან და მიწასთან გაასწორონ. გულწრფელად ვნანობ და ვაღიარებ, რომ ერთ-ერთი ჩასაფრებული მეც ვიყავი, რომელმაც ისიც კი გაბედა, მასწავლებელი კლასიდან ატირებული გაეშვა. დარწმუნებული ვარ, ახლა ჩემი მასწავლებელი კითხულობს რასაც ვწერ. ჩვენი კონფლიქტის შემდეგ კიდევ ორი წელი მასწავლეთ და ერთმანეთი ძალიან შეგვიყვარდა, ბოდიში არასდროს მომიხდია ჩემი უგუნური საქციელის გამო, ახლა ზუსტად ამის დროა, მიიღეთ ჩემი გულწრფელი ბოდიში, რადგან იმან რამაც თქვენ აგატირათ, უარი მათქმევინა მასწავლებლობაზე და ვინ იცის, იქნებ  მომავალში ჩემი ტირილის მიზეზიც კი გამხდარიყო.  დიდი დრო დამჭირდა ამის მისახვედრად, მაგრამ უკვე ვიცი, რომ მასწავლებლებს ყველაზე მეტად დაუცველობა აწუხებთ. განსაკუთრებით დამწყებ, გამოუცდელ პედაგოგებს, რადგან კლასის მიერ არამიმღებლური დამოკიდებულება დიდი სასოწარკვეთის მიზეზი ხდება.

გამოუცდელობის შიშმა მასწავლებლობაზე უარი მათქმევინა, თუმცა მალევე მივხვდი, რომ არ უნდა შემშინებოდა სასწავლო პროცესში დაშვებული შეცდომების, რადგან უშეცდომო არავინ არის და ის ფაქტი, რომ მე-9 კლასელმა მოსწავლემ შესაძლოა უკეთესი ანალიზი გაუკეთოს რომელიმე ისტორიულ მოვლენას, არ უნდა გვბოჭავდეს და გვაკომპლექსებდეს, პირიქით, ამისგან სიამოვნების მიღებაც კი არის შესაძლებელი. ამიტომ მგონია, რომ მასწავლებლების მომზადების დონე სულაც არ არის მთავარი გამოწვევა. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ბევრ მათგანს უჭირს იყოს მეტად შემოქმედებითი, იაზროვნოს პროგრესულად და აჰყვეს თანამედროვე სამყაროში არსებულ ძვრებს, რომელიც ცვლილებებთან, სიახლეებთან არის დაკავშირებული და მუდმივად განიცდის  ტრანსფორმირებას.

კარგად გაიხსენეთ, კლასში რომელიმე გაკვეთილზე ყოფნისას ერთხელ მაინც ისურვებდით  მასწავლებლობას,  თუნდაც  იმისთვის , ცალი თვალით რომ  ჩაგეჭყიტათ ნიშნების ჟურნალში, რომელთან მიახლოებაც სასტიკად გეკრძალებოდათ და გქონოდათ შანსი, თავად შეგეფასებინათ თქვენი თანაკლასელები, რადგან ზოგჯერ მასწავლებლის გადაწყვეტილება ბავშვების შეფასებისას უსამართლო, დაუმსახურებელი ან მკაცრი გეჩვენებოდათ.  მასწავლებლის პროფესიაში კი ერთ-ერთი მთავარი ბავშვის ტყავში შეძრომა და იმის გახსენებაა, რაც თავადვე გვაქვს გამოცდილი და განცდილი, მხოლოდ ამის შემდეგ ნაკლებად  დავუშვებთ იმ შეცდომებს, რომელიც ზოგმა დიდი ხნის წინ, ზოგმაც კი ჩემსავით რამდენიმე წლის წინ გამოსცადა.

სანამ წერას დავიწყებდი, ჩემი მეგობრის 14 წლის ძმას ვკითხე, მოეწონებოდა თუ არა კლასში მის მასწავლებლად შესული 23-24 წლის მასწავლებელი, არც დაფიქრებულა ისე მიპასუხა, რომ ეს ფაქტი გააბედნიერებდა. მთავარ მიზეზად კი თავისუფლება დაასახელა, რომელსაც თითქმის მისი თანატოლისგან ისწავლის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგივეს ვერ მიიღებს 45-50 წლის პედაგოგისგან, მაგრამ სამწუხაროდ  ხშირად  საკლასო ოთახში შესულებს ავიწყდებათ, რომ ცივი, უემოციო ადამიანის იმიჯი, რომელსაც ბავშვებისგან თავდასაცავად ირგებენ, თავისთავად ჩანასახშივე განწირული იდეაა, რადგან ამით კლავენ მთავარს, რაც მოსწავლესთან ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია.

რატომ არ უნდა შეგვეშინდეს მასწავლებლობის? ამის უამრავი მიზეზი არსებობს. გარდა იმისა, რომ ბავშვებთან ურთიერთობა სასიამოვნოა და მათგან უამრავი რამის სწავლა შეიძლება, მათთან ურთიერთობა გეხმარება კიდევ უფრო განიმტკიცო ცოდნა და საკუთარი თავის რწმენა, გაძლევს საშუალებას ასწავლო ის რაც შენ იცი,  ასევე გიადვილებს ახლებურად, ასობით მოსწავლის თვალით შეხედო ერთი და იგივე მოვლენასა თუ ამბავს, რაც კიდევ უფრო აფართოვებს შენი, როგორც მასწავლებლის გამოცდილებას და წლებთან ერთად უფრო და უფრო თავდაჯერებულსაც გხდის. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგვეშინდეს სიახლეების და გამოწვევების, სხვანაირად არათუ საკუთარ თავს, არამედ იმ ადამიანებსაც ვავნებთ, ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ გთხოვთ, როგორც თქვენი ყოფილი მოსწავლე და შეშინებული, არშემდგარი მასწავლებელი, ადგეთ, თავები ასწიოთ და თქვენი შიშებით, შეცდომებით, იმედებით, გამოწვევებით, ურთიერთობისა და სწავლის წყურვილით შეხვიდეთ საკლასო ოთახში და შეასრულოთ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული მისია – მასწავლებლობა, რომელიც არც ზარის დარეკვით იწყება და არც ზარის დარეკვით  სრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი